ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, და დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა; ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.
ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა; დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ-ა, დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.
დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით; ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსეთ და ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით, კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.
ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა, გავიტანე ხათუნები, - მათი ჭმევა ჩემგან ხამსა; მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა, და ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.
იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი, მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემ თანა ხლებულნი, კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.
ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდ, დურად; სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად, რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად, მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.
უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა, შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მე-მცა რასა!
მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი; ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი; იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, გამოიღეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.
გამოზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედნეს, მოიხედნეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინ-ა, ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.
მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა, აჰხადეს, ქალი გარდმოხდა უცხოთა რათმე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა, მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.
რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა, ზესა; დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიხაშ კარი, ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.
მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, ვუჩვენე: „ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩაედით წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მნდომელნი.
თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით, მოყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!“ ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.
მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, მევუზახენ: „დახოცენით!“ დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.
რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა! ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინ-მცა ვით ქმნა ნახაზობა! მე თუ დამწვავს, აჰა მზად ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!“
ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი, ღვარმან, ზედათ მოდენილმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.
მოიტირეს.ყმამან უთხრა: „ნუღარ გასწყვედ, გაასრულე“. ფატმან იტყვის: „მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.
ვჰკადრე: „მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა? იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?“ მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა, ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისგან მონაწთომთა.
რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რათმე ხმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა; მისი მწვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.
მითხრა: „შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; თუ რაცა მკითხო, ძალი-მცა გიგმია არსთა მხედისა!“
ვთქვი: „უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა; მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა. რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?“
ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ-სუბუქი; ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.
მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით, მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით; არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე; მე შევიდი, ვნახი ხალვით.
ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი: „დადუმდიო“, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!
შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა ჭვირს მარგალიტი ტყუბები.
ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა: „ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?“ მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!
არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა, ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.
სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა; ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა: სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე - ნაჭედისა.
მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი. ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვი: „თუ ვუთხრობ, ვიცი, დარბაზს გაამჟღავნებს ისი ფლიდი“. ესე მეყო საგონებლად, შევიდი თუ გამოვიდი.
ვთქვი: „თუ არ ვუთხრა, რა ვუყო ჩემგან რა მოეგვარების? არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარა მომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!
მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა! მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა! არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.
მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე ვუთხარ: „გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე“. ფიცი ფიცა საშინელი: „თავიცაო კლდესა ვიცე!
რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა“. მერმე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: „მოდი, მომყევ აქა სადმე, მე, გიჩვენებ მზისა ფერსა“.
ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი. უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი; თქვა: „რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?! თუ ხორციელი არის-მცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!“
ვთქვი, თუ: „არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა“.
მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვჰკადრეთ, თუ: „მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა? რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?“
რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რე-შენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!
ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა. კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, „არა ვიციო, მიმიშვით!“ - ეს ოდენ გვითხრა ენითა.
დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ! ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, ჩეენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.
უსენ იტყვის: „ბევრ-ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს; ესე ღაწვნი მზისად ხმანან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!“
მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით; შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით; ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.
რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი, უსენ მითხრა: „არ მინახავს ძოღანდლითგან მეფე ჩვენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი“. მოვახსენე: „დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!“
უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები. დავჰვედრე: „დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები; ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები“. კვლა შემომფიცა: „არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!“
უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ არიფი მეფისა, მეფეა მისი მნდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი. აწ ჰნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი მწთომელი.
რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი, კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწედა იგი ფიცი, რა მუსაფი, რა მაქანი! მართლად თქმულა: „არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი“.