prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — ქაჯეთის ციხე — III

შოთა რუსთაველი · პოეზია

ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა (გაგრძელება)

უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა: „დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა, მარგალიტსა დიდროანსა, უმსგავსოსა ჰპოვებ ლალსა? ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა“.

თაყვანის-სცა უსენ, ჰკადრა: „ჰე მაღალო ხელმწიფეო, ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო! რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო, თუნდა საჭურჭლეო? დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.

ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა; მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ჰნახოთ მსგავსი მზისა, მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა“.

რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა, უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია. შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია, მოვიდეს; დია გავჰკვირდი, ვთქვი: „რამე საქმე ზესია“.

მისალამეს, „ფატმან! - მითხრეს - ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა, აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა“. ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: „რა ქალი გინდა, რომელი?“ მათ მითხრეს: „უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი“. არა მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი, ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, ვჰკადრე: „მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად! ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად, შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად“.

მან მითხრა: „დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვა-და-სხვა ჭირი ჩემ ზედა არ ახალია, ძველია“.

თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი, ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი. მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა, მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.

ვარქვი: „ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი“. მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი. ცნა მეფემან, მოეგება; ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი; იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები, ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ-სიწყნარები; იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები, გაკრთომით უთხრა: „ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?“

ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად; მეფემან ბრძანა: „გამხადა ნახული მე უნახველად, ღმრთისაგან კიდე ვინ-მც იყო კაცი ამისად მსახველად! ჰმართებს ამისთა მიჯნურთა, ხელნი თუ რბოდენ, გლახ, ველად!“

გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა: „მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისით გვარითა?“ მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა, სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასა-მცა ვინ იაზრებდა!

მეფე ბრძანებს: „რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების? ამა ორთა კიდეგანი აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების, მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების.

ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედას-ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.

ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავა ხედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული“.

ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

მეფემან ბრძანა: „მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა!“ დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომად მცველად კარისად; ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად. სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: „რა ბედი მიც ჩემი მკლველი! სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი, რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!“

კვლაცა იტყვის: „ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა, ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა! სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!“

ხადუმნი უხმნა, უბრძანა: „ისმინეთ“, მოდით ცნობასა! მოღორებულ ხართ, დამცთარ ხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა, ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია! სხვასა რად მნუკევთ საქმესა? ჩემნი საქმენი სხვანია! თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა“.

შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა: „გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი“.

მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა. ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

ვა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა: შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლა აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი. დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩაუნთქმელი.

მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა! შინა ყოლა არ შემომყვა: „რად მაწვეო?“, შემანანა.

მიბრძანა: „თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა, მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლავ გამგზავნე ცხენითა, სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა“.

შევე ფიცხლავ საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი; ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი. წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.

დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: „თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!“

მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი. დაჰხედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი: „მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.

მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი; აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

ესე ამბავი მას თანა ვთქვი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად, აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვისსენ მე რულად!

დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა. ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; მოსრულიყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა, ამად გკადრე: „ნუ მოხვალო“, მოგაგებე მონა წინა.

აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით; შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! - მადლსა გკადრებდე მე რასა- რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვჰნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაი, ჩავიჭერ ქვე რასა!“

ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია; არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს“. კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთათ ცრემლი სდენოდეს: „წახდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!“

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.