თათბირი ავთანდილისა
ავთანდილ უთხრა: „ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან: ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერთა ივაგლახ-ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან?!
რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება; წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, ეგე თათბირი არ ვარგა, სხვებრ ვქმნათ თავისა ტერება.
სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა, სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.
სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები; მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!
შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვითკირი სად. თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად“.
თათბირი ტარიელისა
ტარიელ უთხრა: „მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა, კაცი-მცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.
მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა, თქვენ გქონდეს ოყი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.
მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლავ დავსხლიტოთ ცხენები; მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალთა ეივსცეთ მძლე ნები.
ფიცხლავ შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა“
ფრიდონ უთხრა: „შემიგნია, გაგიგია, ვიცი მე რა: მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა“.
ფრიდონ ლაღი ამხნაგობს საუბართა ესოდენთა. ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა, გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.
კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.
იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა; დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.
ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვასა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.
თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწვდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია, მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია. აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია!
სამთავე სამად გაიყვეს - თვითომან თვითო - კარები; თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცთურო, არ ნაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.
პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.
ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი. რა ნახნეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.
მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა, მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.
კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახნეს კაფისა, რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.
ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთგან შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, თქვეს: „ტარიელ რა იქმნაო?“ მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.
ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა. ციხისა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.
ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი - სრეული, ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: „საქმე არს მისეული“.
გზანი დაჰხვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.
ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს. მზე რა ვარდთა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს, აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.
მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.
მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.
ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს. არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.
სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა; მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დაჰრჩომოდა, რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა!
მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები; სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები, იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.
სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია, წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია; ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია, თქვეს: „ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია“.