prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — ტარიელის გამოჩენა — I

შოთა რუსთაველი · პოეზია

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

დაწერა, თუ: „ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოხდილნო!

მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა: თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს, შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.

თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი, ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი“.

ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა, ბრძანა: „მინდორს შევჯდებიო“, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

ბრძანა: „წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა“. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ-ა.

იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახვილი ვერას ავნებს, იმას ვინმცა წაეკიდა? მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა. -

რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს, მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს, მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს: „ღმერთო, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!“

შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

ყოვლთა ჰკადრეს: „თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!“ იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.

ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა

ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაერთვილოს, და-ცა-ეზროს. ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქვა: „თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა“.

ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა; მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა; თქვის: „ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა, მოვჰშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!“

ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა, გულსა უთხრის, თუ: „დათმეო“, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.

მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად. უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვის: „საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა, ვისად? შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად“.

ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არე არა, მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა. ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა, იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა, გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს; „ვაჲთუ საქმე გამიმჟღავნდეს! - კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, - ავსა კარგად ვერვინ შესცვლიხ, თავსა ახლად ვერვინ იშობს“.

საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად, თქვა: „თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?

თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!

უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული, მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული, მერმე მივიდე ცოცხალი მე, სხვაგან სადმე რებული!“ ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

იტყვის: „ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ? მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ, გულით ჩემით სიხარულნი აჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ? დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ ოდეს დავიყუდენ“.

თავს უთხრა: „მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა; მიხვალ, დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა. გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?“ იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა, შამბნარ-წყლიანსა.

კვლაცა იტყვის: „დათმობა სჯობს“, და თავსავე ეუბნების: „დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების“.

„ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგიან; უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან. აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?“

მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია, მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟრენით მონაწყენია. გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

მობრუნება დააპირა, სულთქვნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა, შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოვიდოდეს; თქვა, თუ: „ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს“.

ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული, თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული, ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

უყივლა, თუ: „ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!“ მათ მიუგეს: „დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ, ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ“.

ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა: „ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით, გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით, სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.

ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით, მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით: „მე უკეთ მოვკალ, მე გჯობო“, სიტყვანი ვავაქილენით, ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: „გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა, თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა“.

ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნი მეაბჯარენია, ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია, მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია, ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე შავია, - თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია, ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით, ვთქვით, თუ: „მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!“ მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისაცა დენით.

მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვთხოვა, ვუალლეთ ჩვენ ნებით, მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა: არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსნი დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, „დადეგო!“, ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოაწიწა, თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!

აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად, აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად“. შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა, რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა. კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა, მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

უთხრა, თუ: „ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა, აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!“ უჩვენა მისი სადგომი: „მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი, მიეცით მოსვენებასა“.

ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა, ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა. დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: „საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

რათგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად“.

ავთანდილ იტყვის: „ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი? რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი, მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი“.

წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი, არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი. მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრონი, თვალ-უწვდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

ყმამან უთხრა: „დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს: ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლი გვწვიდეს“. ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს. ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს.

იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა, ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა; იზახდიან, მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა. ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

ავთანდილს უკვირს: „ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!“ გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა, შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა, შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა; ასმათ, ისრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, „ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?“ ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა; ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა - ვაცისა.

მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა, თქვა, თუ: „ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, და მას ყრმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო“.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.