prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — ტარიელის ამბავი — I

შოთა რუსთაველი · პოეზია

ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო

„ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა; საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა, იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

„ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: „წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები“; ბრძანა: „წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები“;

ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა, შესთვალა: „შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა“.

ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა: „ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან. აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა მამამან მშობელმან“.

ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა. თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა. მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა; სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: „ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!“ ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა. ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემ ბრძანა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“.

მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა. ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა; ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა; არა ჰგაოდის ფარსადანს ყოლა არა-სმა შვილისა.

მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი“. ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: „შობა ქალი“. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი; თქვა: „მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

წიგნი წიგნსა ეცემოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული - მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთვარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა; ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!“

ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა. თქვა: „ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა.

მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი!

იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა; ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემნი მნახავნი: „მსგავსია ედემს ზრდილისა“. აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

მეფემან სახლი ააგო, შიგან საყოფი ქალისა: ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა თვალისა, პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დაჰლევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.

მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, და ებრძანა: „შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა“. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: „შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა“.

ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრობელთა; უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა-მდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა, შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად, მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად.

თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა, ვნაპირობდი, თუ ვინ იყვის მავნებელად ჩემთა სპათა, ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევქმნი მღერა-სმათა, სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქმნათა.

აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუც არ დიადი წელია; გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია! ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია“.

ამბავი ტარიელის გამიჯნურების

კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა: დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: „ქალი ვნახოთ“, ხელი ხელსა დამიჭირა. მის ჟამიხა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?

მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა, გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა. ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა. მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!“ მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქვნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი, ჭმუნვით თქვეს: „მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვა, გმირთა მემუქარენი!“

ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია; დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია, თქვა: „ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.

დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა, რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა: გარე მომრტყმოდა ჯალაბი, ვითა ჩამსხდომი ნავისა.

შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა, მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია, ცრემლით მითხრა: „შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!“ მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი შევკრთი დია, კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

„აქიმნიცა იკვირვებდეს: „ესე სენი რაგვარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია“. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია. დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.

„სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი, არცა მკვდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი, თუ: „ჰაი, რაშიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!“ თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

ვთქვი, თუ: „ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!“ მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.

ზე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: „წამოჯდაო“, დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: „პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია“. ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემ თანა მვლელია.

გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მოვე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: „მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირს-ა“.

ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან. საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან; ვთქვი, თუ: „რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?“

„მონააო ასმათისი“. - „რა იცისო, - ვარქვი, - ვჰკითხე!“ შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე? მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.

მე გამიკვირდა: „სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა“. დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

დღენი გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა; დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

„მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა. გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა. „მონააო ასმათისი“. შემოყვანა ვუთხარ შინა. გულსა შინა დავუზრახე: „რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!“

მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყევ, ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: „ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა“.

გულსა ვარქვი, თუ: „ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულნი ინდონი მმონებენ; აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ“.

კაცი მოვიდა მეფისა: „სწადსო ამბისა სმინება“. მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: „ქმნაცა სისხლისა დინება?“ მე ვჰკადრე: „ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება“.

დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: „ამის მეტსა ნუ იქმ აბა!“ ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა, შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა, მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: „შაბა, შაბა!“

შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად, შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: „ქალი ვინმე იკითხავსო: „ინახვისცა ამირბარი?“ ზეწარითა მოუხურავს პირი, ბრძენთა საქებარი“; ვარქვი: „საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი“.

ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად; შართი ვუთხარ: „ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად“; გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარსა მცველად. გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა; მითხრა: „მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!“ გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქვი: „არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა“.

შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა, ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა; ვარქვი: „მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?“ და მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

მითხრა: „დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდის არღა მალობა. ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა“.

ადგა, მითხრა: „თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უქმნევია“.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.