prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — დასასრული — IV

შოთა რუსთაველი · პოეზია

ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება

ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია; აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია. ტარიელ ბრძანა: „მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია? და ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!

იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი; ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი“. ავთანდილ ჰკადრა: „რად უნდან თქმანი სიტყვათა მძლეთანი? მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდეს ფერხითა ცვეთანი“.

დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს, ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს, ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.

წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს; ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს, აიზიდნეს; „ვისნი ხართო?“ - ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.

მათ მოხსენეს: „ტურფაო, ჩვენ - ცუდად დაღორებულნი, რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი“. უბრძანა: „წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი, აცნობეთ თქვენსა პატრონსა: „მოვლენ გულითა ქებულნი“.

უთხარით: „ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია, იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია: ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია, შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!

დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო! ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო? აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო, ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.

აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან; შემები, რაზმი დააწყევ, პირველვე გამიცხადიან; პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?! მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან“.

დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს. რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს: „მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს, ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!“

ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია, დროშა არაბთა მეფისა მას თანა შენატყუბია; არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია; ფრიდონ - მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.

ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი; შეტევებასა ჰლამოდეს ყმანი არაბთა თანანი; ტარიელ ეტყვის: „ნუ იქმთო“, მისცა სიტყვისა ნანანი; მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი.

ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა: „ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა!“ ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა. ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა!

ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა, მოახსენა: „ შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა! ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა-! გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.

დაიკარგენით, წახვედით თქვენ, წელნი მეათენია, გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია; ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია, ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია.

ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, ყველაი ჩემი ბრალია; მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია, თავები დასჭერ, ადინე სისხლი, მართ ვითა ღვარია, სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია“.

კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მისთანაც არსა. ვით ნინეველნი, ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა, ამით დაეხსნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა ნაცარსა. და წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუნაცარსა.

ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია: „აღარ დაგხოცო“, უბრძანა, - ძლეული შიშმან თუ ლია, - წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია; „ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია“.

თაყვანის-სცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს, ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს, თავები დახსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამით მიერეს. ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.

მათ ლომთა ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია; რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია; მოვიდეს, ნახეს: რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია; ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.

ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა: „არ დაგხოცსო, შეგიწყალნა“, - ყველაკაი დალოცვიდა; ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა: „მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა“.

მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან. ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: „ღალატსა ლამიან“, - და არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

ტარიელ მიდგა, უყივლა: „მე მოველ, მეფე თქვენიო, თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო, ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო, გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო“.

მაშინ იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია, სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია; ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: „მოგვშორდეს სალმობანია, აქამდის რისხვა-მაღალმან აწ მოგვცნა წყალობანია“.

კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია; ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია; ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია, და ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.

ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია; რომე სდის ცრემლი თვალთაგან, ცეცხლთაგან უფრო ცხელია; თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია. გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა, ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა, მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი გაცინებით მოღიმართა.

დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად, უბრძანებდა: „რად ვინ სტირთო, - ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, - ღმერთმან რისხვა მოქცია წყალობისა გამოსახვად, გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად“.

ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან; იტყვის, თუ: „ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან, თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან“.

ქალმან დედასა შესტირნა: „ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო! წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დაცალა, აღარსადა ზის ზედაო!“ დედამან ცრემლნი მოსწურნა: „ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო“.

გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები, ნესტანჯარს ეტყვის: „რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები? ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები“.

რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად, დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად. აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქვა: „დედოფალო, გჭირს ამათი არ-მეცნება, ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება, ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება“.

ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა: „ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა, ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა“.

უბრძანა: „გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო, დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო; ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო“.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა, ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა, გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა, დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა, ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა, ბრძანა: „ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა“.

ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი; გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი! ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!

ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი - შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმათა დაატკბობდეს; მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს. „ესეაო მეფე ჩვენი“, - იზახდიან, ამას ხმობდეს.

ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს; ღმრთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან: „თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი“, - მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, და სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა: „რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, - ერთსა წილსა, - ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსასურებდი, თავი შენი დაგვამონე!“ ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: „შენგან არის ჩემი ღონე, მონებისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?“

ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია: რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა. უბრძანებდა: „გული შენი, განაღამცა მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა“.

კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: „წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედას-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა, თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“.

მასცა უბოძა ფარმანი: „წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო“. ავთანდილს უთხრა: „უშენოდ რა-მცაღა გავიხარეო? და რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა. მიგელის ლომსა მთვარეო!“

როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები: „ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები“. ავთანდილ თქვა: „არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!“

ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი - წამღებელსა, ვერა თქვას, თუ: „ცუდად ვზიდე“, - ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: „მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“.

ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი; ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან; მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს.

დასასრული

გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა. გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა. ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა ამისა.

ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად მოსახმარებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, და ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია - შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ - სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, დატარიელ - მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.