prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — ავთანდილის გამგზავრება — VIII

შოთა რუსთაველი · პოეზია

წასლვა ავთანდილისგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა

ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა. არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა; იტყვის: „მოგშორდი, სიცრუე, ვა, საწუთროსა კრულისა! შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა“.

რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირთა სამს ალებისა? რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა? არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა“.

ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა.

სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, შეჭირვებულნი.

მუნ ქარავანი ურიცხვი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა. შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა, ჰკითხა, თუ: „ვინ ხართ, ვაჭარნო?“ - მათ საუბარი ჰკიდესა.

უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: „ხმელთა სინათლეო, შენ ამოხვე ჩვენი მლხენი, ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი“.

გარდახდა. ჰკადრეს: „ჩვენ ვართო მობაღდადელნი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი, ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი, საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.

ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე, ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე; ვჰკითხეთ, თუ: „ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მდებარე?“ გვითხრა: „თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!“

თქვა: „ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელით, სახნისის წვერითა; ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!“

ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა; შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა, ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა“.

ყმამან უთხრა: „ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების! რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების; მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების, ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების“.

მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა, თქვეს: „ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა, აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა“. შევიდეს, ჩასხდეს ხვამალდსა, გაჰმართეს ზღვისა კიდითა.

სიამოვნესა დარითა იარეს, არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: „ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, ანუ დავჰხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.

„უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი, ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი! მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი“.

ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა; ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავ-დაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი; ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი; არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: „ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!“ არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.

კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი! არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი! დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.

მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარული, - გაეხარნეს, არ იახნა, ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა ენდა! ვერმცა მათ თქვეს, ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, თქვეს: „უფალო, მადლი შენდა! მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა“.

მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა: - მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა: „შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა“.

ყმამან უთხრა: „მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა; ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნია სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი? აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი; ნავი სრულად საქონლითა მომიღია, ვითა ძღვენი“.

ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს, ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს. მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს.

იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: „შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენცა გვაქვს ამის ზრდილობა; რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქმნია აქა ყრილობა“.

ყმამან შესთვალა: „ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია! რა გინდა მომცეთ, რას ვაქმნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქმნევ თქვენსა? რად მინდა? ოდენ ვარ თქვენი მხლებელი; სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი: საქმე რამე მიც თქვენ შიგან თავისა დასამალავი.

ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა, თქვით: „თავადია ჩვენი“-თქო, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!“

ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია; მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: „ჩვენი იმედია, რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია, მას ვჰმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია“.

მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან, მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა

ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა. მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!

მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა, მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა; ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა: „ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

წვრილად მითხარ ყველაკაი, - ყმა მას კაცსა ეუბნების, - რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?“ ჰკადრა: „ვხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშარო ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა; მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არნ სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები; ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.

დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა: თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა; პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

თქვენებრთა საპატიოთა მათ ჰმართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება! გამოგებვა და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცთა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი“.

ავთანდილ უთხრა: „წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან“. მებაღე მირბის, ახარებს, ოფლი ქვე მკრდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: „მე ესე დამიქადიან: ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა“.

ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა-სათი; მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა - თათი.

ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით-აქათ იჯრებოდეს: „ვუჭვრიტოთო ამას რულად!“ ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე-ვით-ვატყვე, არ ეწყინა.

ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი; დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: „ვარგა“. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა-.

დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: „წაიღეთ, - აჰკიდა, გააწევინა, თქენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამაცხადებთ, მე ვინა“.

ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერიუხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბნარსა არა მქისსა; ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.

ფატმანისგან ავთანდილის გამიჯნურება

სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის.

ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: „რა ვქმნა, რა მერგების?“, აწვიმებდა, ცრემლთა ჰღვრიდა.

„მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს! თუ არა ვთქვა, ვეღარ გავსძლებ, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს“.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.