prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — ავთანდილის გამგზავრება — VI

შოთა რუსთაველი · პოეზია

ტარიელისაგან და ავთანდილისგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკე თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახნა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

ასმათ თქვა: „ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!“

ტარიელ ეტყვის: „ჰე, დაო, მით ცრემლი აქამდინია, საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდეს გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვა შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!

სწყუროდეს, წყალსა ვით დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი. ვა, წახდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!“

ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი; იტყვის: „ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი, გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!

ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დაჰლეო“.

სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს: „ჭამეო“, ძალი არ ჰქონდა ჭამისა, გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს! მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი; ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

ტარიელ ეტყვის: „რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა? რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა, არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა; მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა. ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა, წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა.

ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად; რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხდომია, მით ვარ ხელად“.

ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა? შენვე თქვი, ეგეა სიტყვა კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით! სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით, თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!

ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია, რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: „რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, არას ვარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნა რაღა მრავლად?“

მან მიბრძანა: „მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად“. მისით კითხვით წამოსრულ ვარ, არ მთრვალი და არ მახმურად, აწ შევიქცე, რა ვუამბო? რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?

მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი. შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს - გულითა ბრძენითა, გწადდეს - ცნობითა შმაგითა; მაგა ქცეეითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა აქავ ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა, ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითა-მცა ძაღლი ყეფსა.

ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე, მაშინ გწადდეს - იხარებდი, გწადდეს - ჭმუნვა გაიდიდე.

აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი! მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგ-ა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი“.

მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს, არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს; თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა, უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!“

საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი, ხვალ გაყრისა გონებამან სხვა მიჰმატა ჭირსა ჭირი.

ლექსთა მკითხველნო, თქვენნიმცა თვალნი ცრემლისა მღვრელია! გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?! მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია!

დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს, მოსთქვამს: „ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!“

მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამით, კვლა ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

ტარიელს ეტყვის ავთანდილ: „რუ გახმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა“.

ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: „აღმოსავლითკე წადიო, პირსა იარე ზღვისასა, თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა“.

თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა. ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს; მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინნეს; თვალთათ, ვითა წყაროს თვალნი, ცრემლნი ველთა მოადინნეს, დიდხან დგანან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით; ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა

ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ხმა ასწვდების, ა-,ცამდის! იტყვის, თუ: „ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის. კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“.

ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა; ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კვლა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა; ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა; გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ-ა; იტყვის, თუ: „ბნელი რას მიკვირს, რათგან დამაგდე, მზეო, და-!“

მზესა ეტყვის: „მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-დამცთარად, მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად, გაუმთბარად?

თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს, მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს? მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს; წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს“.

მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: „აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობისა მისცემ სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, მას უთხარ, თუ: „ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა“.

ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?

მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა.

მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა: მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.

მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები, მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან. მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან“.

აწ გულსა ეტყვის: „ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია, რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია; მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, - სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა“. მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ გასწყვეტდის ცრემლთა რუსა, მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი: კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი, ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი, რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.