prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — დასასრული — I

შოთა რუსთაველი · პოეზია

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა

ზღვათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი, შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი; ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი; მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.

აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია; ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.

მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა; მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასა-მცა სხვადღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!“

რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, - წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, - მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.

ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არ-სიდიადე სათისა; ფატმან ჰყავს თანა, იარა სავალი დღისა ათისა; უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა, ქალი რა ნახა, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი; იტყვის: „ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი! ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი“.

ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი: „ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი, აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი“.

ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა; უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა.

მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ-დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა, მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი, თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი, მოახსენეს: „მადლი რა ვთქვათ, სვიანმცა-ა დავლა თქვენი!“

ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა: „დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა, მერმე, აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა, ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგა ვქმენითა“.

ზღვათა მეფე მოახსენებს: „ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო, მსგავსი თქვენი რა-მცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო! რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!“

ტარიელ ფატმანს უბრძანა: „მე თავი შენი მიდია; დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, და მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“.

ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა: „მე მეფეო ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა. ახ, ნეტარძი მოხლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!“

ზღვათა მეფესა ეტყვიან სამნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი: „უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი, საჩანგ-დაფენი, მაგრა გაგვიშვენ, ჟამია, წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი.

შენ იყავ ჩვენი მშობელი, ჩვენგან ღმრთად საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო“. მეფემან ბრძანა: „არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რათგან ისწრაფით, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!“

მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უვიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედა ბროლისა ფიცართა.

მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა - ნაომართა მათთა მთხრობლად: „მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი, აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად“.

იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომ ვეღარ გაჰხსნის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: „ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ-სიძვირით-ა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!“

ასმათ ჰკადრა: „მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდენ გნახენ მხიარულნი“. სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.

დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება: „რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება“.

მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის: „ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ - დიდებანი იასოცნეს.

თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია“. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.

მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: „რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვის-მცა ივაგლახეს!“

ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა“. კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: „ნურათ იქმთ გამწარებასა, ღმერთი-მცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!“

ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: „თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა, რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა“.

მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია, მოტყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

შუკათათ მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია; შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია; მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან

მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული, წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული; ავთანდილისთვის - ყვითელი და შავი ერთგან რეული; მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.

მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა; ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა; ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა, ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა, კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა, მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.

კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა, მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა; კვლა მოქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა, ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა. ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა. აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა, ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა; ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა; დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა. აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა: „არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება, აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება: შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება, ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

უთხარ: „ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა! ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა! თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა, არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რათ მოგეხმარები? ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები; ტკბილის სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა - საომარები: თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები“.

რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა, მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა; თქვა, თუ: „მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა! ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.

ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის, მორჭმული ღმრთისა ნებითა, საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა, არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა, მას ზედა შველა რად მინდა? რად მეჭვ რასაცა თნებითა?

რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი, ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი; მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი, უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი.

მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი: „მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი? ვარ მუცლითგანვე დედისათ თქვენად სამონოდ შობილი, ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

გებრძანა: „შეყრა მწადიან საყვარელისა შენიხა“. ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა; მუნა მე ხრმალი არ მიკეეთს, არცა სივრცელე ენისა, მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე: ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე, მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი; ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი. სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი“.

რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი, მან ბრძანა: „მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი! ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!

მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები: „მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები. ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები, ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები“.

ესე უთხარ: „ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო, ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო; მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო, ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო“.

უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა: არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა“. მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა. ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!

ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად, ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეჰხედავს ზე წელად, ეტყვის: „კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.

რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია! ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!

ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს, ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს, შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს“.

ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან, ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან: „მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან, და მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა; თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა, თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.

მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა. რად-მცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა! ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით, რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით“.

რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაჰშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა; ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა, თანა წაჰყვა, განაღა-მცა მათ თანავე გზასა ვლიდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.