prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — ნესტან-დარეჯანის ამბავი — I

შოთა რუსთაველი · პოეზია

ტარიელის ტირილი და დაბნედა

აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქვა: „მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!“ იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; თქვა: „ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!“

ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

ავთანდილს უთხრა: „ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა: ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

„ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა“.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად

„მივუწერე: „მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი; ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!

„მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

„განაღამცა ვიწინაშე: აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე; სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!“

„ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა, მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა“.

რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

„დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა; ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

„გვიბრძანეს, თუ: „ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ-სმა არა გვგავა, ამათ ზედა წაგვითვლია.

„აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ“.

ვთქვით: „თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების“.

დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: „ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!“ მეფემან ბრძანა: „ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრი არ-რომელია“.

რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.

დედოფალმან თქვა: „ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!“ შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი; შესთვალეს: „გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი“.

კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: „მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა! თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!“

კვლა გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დაავედრეს: „ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად“. მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად, გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად“.

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მომართვა, ეწერა: „ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად“.

შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით! ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე: „ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა. ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა, გულსა შუქნი შემომადგნა, მაგრა გული არ დამიდნა.

იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი, მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული; მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

მიბრძანა: „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი-, ცისა!“ ვჰკადრე: „რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?“

ვთქვი: „პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?“ კვლაცა მითხრა: „რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა? დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა.

შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!

გახსოვს, ოდეს „ჰაის“ ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალთა-ყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუეთა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს! რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!

ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“ ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო.

თქვა: „რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად. აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად? ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?

შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვჰკადრე, თუ: „მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე, რათგან არ მომკლავ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.

რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქმნია“. მან მიბრძანა: „რაცა იცი, თქვიო!“, თავი დამიქნია.

კვლაცა ვჰკადრე: „მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს, მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!

მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ: „მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულმაგრობა“.

მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა! არ იტყვის, თუ: „ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა? ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არვის არა! ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?

ვთქვი: „ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო“; თავსა ვუთხარ: „ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!“ მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?!“

სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა, თუ: „ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა! მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“.

მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული, ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული; ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული; მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.

მიბრძანა, თუ: „გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!

კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“.

მე ვჰკადრე: „ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა! რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა, ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარას, არ, სახმარობა!“

მიბრძანა, თუ: „ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო, მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა ვითა, ვირთაო, დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?

იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა, ჰკადრე, თუ: „სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!“

ჩემი ყოლა ნურა გინდა - სიყვარული, ნუცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა, ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა“.

ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა, მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.

ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი“.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.