prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დავითიანი („ქართლის ჭირი")

დავით გურამიშვილი · პოეზია

სწავლა მოსწავლეთა ათთა სახმართა საქმეთა ჩაგონება ყრმათათვის

ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,

ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;

თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, -

ჭირს მყოფი ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.

31

დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა,

ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა;

მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,

ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.

32

სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;

მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.

სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;

თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.

33

ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,

აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;

არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,

ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!

34

ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია.

ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.

მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია.

ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!

35

ვით უსაჭურლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,

გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,

ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს, -

ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს.

36

ვსძებნე დ ავერა ჰვპოე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა:

ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა;

ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა:

ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!

37

ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,

ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა,

მოლაშქრე სისხლის ქცევითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,

გლახა კარის-კარ თხოვნითა, - შენა გწადს აწ რომელითა?

38

ზოგი ხომ ძოღან გაჩვენე შვიდიოდ სარჩოს ძირობა;

მერვე - ხელმწიფე დარჩების, ვისაც აქვს ქვეყნის მჭირობა.

მეცხრეა - არჩენთ მწყემსობა, უქნიათ მენახირობა,

მეათე - მიჯნურთ სურვილი, ტრფიალთა შენამზირობა.

39

მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, გლახაკი, გინა მხვნელია,

მოლაშქრე, ვაჭარ, ხუცესი, ოსტატი, ბრძენ-მსიტყველია.

ათისავ თვითო მოგითხრა, რომელი რისაც მქნელია.

რომელიც გინდა, იქონე, ერთ-ერთს მოჰკიდე ხელია!

40

მიჯნურმან უნდა ტრფიალი გულ-მართლა შეიყვაროსა,

მუდამ გვერთ ახლდეს სურვილით, აროდეს გაეყაროსა;

უმისოდ ჭირად სახევდეს ყოველსა გასახაროსა,

ტკბილად სჩნდეს მისთვის სიკვდილი, სიცოცხლე გაიმწაროსა.

41

მწყემსობა უნდა სიფრთხილით, აქვნდეს მცირედი ძილია:

მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს, დღე ყინელი თუ თბილია;

“მწყემსმან კეთილმან ცხვართათვის დადვისო სული ტკბილია”.

ვინც ბრძანა, მან მე მარიდოს უხილავთ მხეცთა კბილია!

42

ხელმწიფე უნდა მართალი, ვით ბრძენთა დაუწერია,

ბრძენი, უხვი და მოწყალი, მრისხველი ზომიერია;

სჯულმტკიცედ, სწორეს სამართლით იყოს და ყვანდეს ერია,

მწყსიდეს, მწყემსობის ნიშანი-ხელთ სკიპტრა-მას უჭერია.

43

გლახაკი უნდა მდაბალი, ტკბილისა ენა-პირისა,

მლოცველი ყოვლის სულისა, სულ დიდისა და მცირისა;

უყვარს, ვით იობ, უფალსა გლახა მომთმენი ჭირისა;

სძულს ღმერთსა ამპარტავნობა მეტადრე გლახა მწირისა.

44

უნდა მხვნელთა და მთესველთა, მწიდვნელთა, გინა მბარავთა,

მზის აღმოსვლითგან ჩასვლამდე შიგ არ შეხედონ კარავთა,

ცხელის ოფლითა დამწვართა ჩირდილთ ქვეშ მიუკარავთა,

რაც იმუშაკონ, ჭამონ და აჭამონ ქვეყნის მფარავთა.

45

მოლაშქრე უნდა ჭაბუკი, თამამი, თავ-მდაბლოვანი,

მეპატრონეთა ერთგული, მორჩილი, სამართლოვანი,

მხნე, ამხანაგთა მოყვარე, მამაცი, ძალგულოვანი,

გულ-სრულად მებრძოლთ მებრძოლი, არ სუსტი, მაგარ-მკლოვანი.

46

ვაჭარი უნდა სარფისა, სამთვრალოს არას სვემდესა,

ყომარბაზობას ერიდოს, სიწმინდით თავსა სცევდესა,

მეტად უზომოდ არამსა ალალში არა რევდესა

სწორეს ადლსა და სასწორსა ხელში არ ამრუდებდესა.

47

ხუცესი უნდა მამაცი, არ თუ ჯაბანი, მხრდალია.

ხუცესს არ ეთქმის: “ჭირშიგან ვერ შევალ, სარიდალია”.

ხუცესმან უნდა დამარხოს, თუ კაცმან სული დალია,

ხუცესიც ბევრს რიგს დანაკლებს, თუ მეტი ღვინო დალია.

48

ოსტატი, უფლის მოშიში, დავითმან ქებით შამოსი:

ნეტარ არს, ვინცა ნაშრომი ნაყოფთა თვისთა ჭამოსა!

ცოლით არს ვით მსხმო ვენახი კიდესა სახლ-მიდამოსა,

შვილნი ხედ ზეთისხილადა ურგს ტაბლის გარეშამოსა.

49

აწ ბრძენი უნდა სოფელში ეგრეთ, ვით წმინდა ბერია.

ცხოვრებდეს, ერთ ასწავლიდეს, გახადოს მეცნიერია;

ბრძენმან არ უნდა იკადროს, ურიგო რაც რამ ფერია,

ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია.

50

ათივ ეგ იყო, მოგითხარ, სხვა არა მისგან კიდია.

რომელიც გინდა, ირჩიე, აიღე, ხელი ჰკიდია:

გერჩიოს, გლახათ იარე, გერჩიოს, ყანას მკიდია,

მე შენთვის აღარ მცალიან, ყმაწვილის ვალი მკიდია.

51

ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების წნელადა,

ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა,

ვით ახალ მორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,

ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს-გასაწვრთნელადა.

52

ერთს სიტყვას გეტყვი, მისმინე, ყმაწვილო, შენს მორჩენასა!

თვალს ნუ ახეხებ ბნელთათვის, ნუ ჰკარგავ ნათლით ჩენასა;

ნუ ეშურები ფეხითა უკეთურთაყე რბენასა,

ხმა მოუდაბლე ორღანოს, აშიყ-მაშიყად სტვენასა.

53

იქმოდე გულის თქმისასა გემოვნებისა თმენასა,

თავს თაფლი, ბოლოს ძირმწარე ნუ გეტკბილების ენასა;

გულით უფრთხოდე, ყურითა, სასაფრხოს სიტყვის სმენასა,

მით შაეყრები საყვარელს, შენს ლამაზს სულის ლხენასა.

54

ალაბულათი ნუ ავსებ წმინდად გარცხილსა მენასა,

გაგიჭირდების გარეცხა, შეიქ ოხვრას და ქშენასა;

იტყვი: "რა უყავ ჩემს თავსა”, - დაიწყებ კბილთა ღრჭენასა,

"დავით რომ კარგათ მასწავლა, მე იგი რასთვის მენასა!”

55

ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:

ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?

ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო?

ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო?

56

უნდა ქალმან და ყმაწვილმან დაჰხუროს ბაგე კბილოსა,

ფეხი არ ახსნას საბლითა და ენა შებორკილოსა:

არ მისცეს ნება შეძვრისა წარბს, წამწამს, თვალის კილოსა,

არცავინ თვით სხვა გაკილოს, არც სხვისგან გაიკილოსა.

57

ნუ მეტყვით: ჩვენ რად გვასწავლე, რაც თვით არ გაქვნდა ზრდილობა?

რად გვიქე კაცმან ჯაბანმა მამაცთა ხმალ-მოწვდილობა?

უცოდინრობა ავია, მაქვს მისი გამოცდილობა,

ჩემსავით სიცხით ნუ იწვით, მონახეთ ნიავ-ჩრდილობა.

58

სოლომან ბრძენი სიბრძნითა თავი არს ყოვლის ბრძნებისა;

ბევრი რამ კარგი დასწერა წიგნები ღვთის ბრძანებისა;

ერთი იმასაც მოუხდა გატეხა რამე მცნებისა,

თუ გიჯობთ ნურცა მას უსმენთ, სიტყვა დამირთავს ნებისა.

59

მრუდი ხომ არა მითქვამს რა, ამასაც ვიტყვი სწორსაო,

საქმესა თვალით ნახულსა, არ მოგონილსა, ჭორსაო:

მინახავს ერთი პირუტყვი გორსა თუ ახალგორსაო,

თავისთვის მუტრუკს აკეთებს, სხვათ გაუკეთებს ჯორსაო.

60

რაგინდ ბრძენ იყოს მკურნალი, კარგად ატყობდეს მაჯასა,

სხვისას შეიტყობს, თავისას ვერას გაიგებს ხვანჯასა;

თვით სხვას უწამლებს, თავისთვის სხვაზე მიჰყუდებს ბარჯასა, -

მე ვერ ვირგე და თქვენ გარგე ამად რად მიზამთ ჯაჯასა?

61

თუმცა ბრმა ვარ, კიდევ ვხედავ ქვეყნად ჩემგან უფრო ბრმათა;

ბერს გამოცდილთ არა ვჰკადრებ, მოგახსენებ ახალ ყრმათა:

თუ ცურვასა არ ისწავლით, ვერ გაუხვალთ წყალთა ღრმათა,

წკეპლის ცემით დაშუშხვა სჯობს საუკუნოდ ცეცხლში ბმათა!

ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავი

ღმერთო, რომელსა გაქონან არსის საყდართა ჯდომანი,

რომელმან მოეც მიჯნურთა ტრფიალთ სურვილის ნდომანი,

რიტორთა-ლექსი გულისა სიღრმე სიბრძნისა ზომანი,

შენ მიმახვდინე წადილსა, არ მაქვნდეს ცუდად ცდომანი.

2

დავიწყო სიტყვა სიბრძნისა, პირველ ბრძენთაგან ბრძნობილი,

მის მგრძნობელისა დიდისა სულისა მიერ გრძნობილი,

შევამკო ერთი უფალი ღვთივ ზეცით ქნვყნად მკობილი,

ქართველთ სპა-ჯართა, ყოველთა ერთა მსაჯულად ცნობილი.

3

ვსთქვა უფალთ მეგვარტომობა, არ შორად მისხი მისხისა,

ვინ მთქვის მე კაცი ხის დარად, დამრგის, ქვე წყალი მისხისა,

ზედან გამომცის ნაყოფი, ფურცელი მკვიდრად მისხისა,

დარგულად ჩვენად საჩრდილად შრტოდ მონაბამნი მის ხისა.

4

ნერგად მას ვსახავ, იგ რაც ხე ისახა იესესითა;

ვინცა გამოსცა ნაყოფი თვისთა ნათქვამთა, ხეს ვითა;

შურდულ-ქვით სძლია მებრძოლთა დამბადებელის ესვითა,

შტო-მორჩად ქართველთ უფალთა, ვინც მაზე ბმულ ჩანს ფესვითა.

5

თუმცა მიჯობდა შრტოდ თქმასა, სწორედ სახელი მეწოდა,

მეხარა, მე მით მეხარა, საჩრდილად იგ ქვე მეწოდა,

მით დამეშრიტა სახმილი, რისგანაც გული მეწოდა;

მაგრამ ვერ მივხვდი სალბუნთა, რომ წყლური მეხო, მეწო და.

6

ვერა ვსთქვი, მე ვერ შევიძელ მის ხის სახელის წოდება,

სოფელს ერგო და სოფლელთ თქვეს: ,,მრუდია, არა სწორდება’’;

აღიძრენ ერნი, იზრახეს ცუდისა მიდებ-მოდება,

გაყიდეს, მოსჭრეს, გამსყიდველს მიხვდა მით ცეცხლის მოდება.

7

სახით მისებრივ სხვა მორჩი ქვეყნად არ დაიბადება,

მე მისის ხილის ჭამითა პირი არ გამიმწარდება,

მაგრამ ჯერ ძირთა სახელთა მწადიან გამოცხადება;

წესია საშენთ აღმშენთა პირველ საფუძვლის დადება.

8

საფუძველი არს ყოველთა დაუსაბამო პირველი,

მამა ყოვლისა მპყრობელი, ცათა და ქვეყნის მჭირველი;

მიუწდომელი, უზომო, გამოუთქმელი, მბრწყინველი,

ღმერთი, აბელის მსხვერპლისა კეთილად შემაწირველი.

9

არავინა ფლობს ხელმწიფედ ღვთის უდიდესი ძლიერი!

ღვთის გამო ქმნილ არს ყოველი, არსმყოფობს რაც ნივთიერი.

მას მორჩილებენ სულნი და ურიცხვი სპა-ჯარი, ერი;

მან შეიწიროს მცირედი მსხვერპლი ეს ჩემაგიერი.

10

ერთი ვჰთქვა ქვეყნად უფალი, ღვთისებრ მსაჯულად მქცეველი

მასწავლებელი უსწავლელთ, უსჯულოთ მომაქცეველი,

აღმმართებელი დაცემულთ, აღმართულთ გარდამქცეველი;

თვისთა სამწყსოსა ცხვართათვის სისხლისა დამაქცეველი.

11

თქმულა სიბრძნესთან სიგიჟე, ვითა ცოცხალთან მკვდარია;

ამა უფლისა საქებრად ბრძენიც ჭკუვაზედ მცდარია;

მე ვით შევმართო უცებმან, რადგან ის მიუმხვდარია?

მაგრამ დავით თქვა: "აქებდით გლახაკი და მდიდარია!’’

12

მდიდარი ეგრეთ ძნელ ცხონდეს, ეგოდენ შესაწირითა,

ვით ერთი მწირი მხეველი ედემს ზის ორის მწვლილითა.

სარწმუნოება მცირედი მთას გარდასცვლისო ძირითა,

ამად არ ვდუმებ, ვრიტორობ გონება-სიბრძნემცირითა.

13

მისი ქება და გამოთქმა ბრძენთაცა უძნელდებიან:

ჰქექენ, სჩხრეკენ და ეძებენ, და კვალსაც ვერ მიხვდებიან;

რაზომცა აღვლენ მაღლამდე, კვლავ ისევ ქვე ბრუნდებიან.

მე რომ ვერ მივხვდე უცები, მაგაზე რად შემწრფებიან.

14

მე სიბრძნისაებრ ჩემთასა არ დავადუმებ ბრძნობასა,

რასაცა მომცემს მომცემი შეტყობასა და გრძნობასა,

დიდად მიიჩნევს უფალი მწირთაგან მცირეს ძღვნობასა,

მით შევეცნევი უცნაურ, რასაც მივსწვდილვარ ცნობასა.

15

თუ ვისმე ჩემი ნათქვამი შაირი ენასებიან,

მეც უთხრა მისი პასუხი, თუ გული ენას ებმიან;

ყოველი წული მშობელთა, მზგავსი მზგავსს ემზგავსებინ,

გინდ იყო კოჭლ-ბრმა, ქაჩალი, დედ-მამათ ეთავსებიან.

16

მომხსენებელი არ მრჩების, მაშფოთებს, ეს მაღონებსა;

ცოდვის მუხრუჭით შეკრულსა, ვამე, ვინ მამიფონებსა?

თუ არ შევკრებ და არ უძღვნი ყრმათ ია-ვარდის კონებსა,

ცოცხალიც არვის ვახსონვარ, მკვდარს ვინღა მამიგონებსა?!

17

ერთბამად ფრინველთ უწოდენ შავარდენსა და ძერასა:

არ სჩხრეკენ ყვავთა ჩხავილსა, ბულბულთა ტკბილად მღერასა,

ფარშამაგისა შვენებას, ბუკიოტისა ბღვერასა:

აწ რომ არ მიხმონ მელექსედ, მემართლებიან მე რასა?

18

შოთა მღერს, მეფე თემურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება,

მეფე ვახტანგ და იაკობ დაბლა ზილს მიეტკბურება;

ბეგთაბეგ, ნოდარ, ოთარი, ონანა ბანს ეშურება,

დვრინვენ ყარან და მამუკა, მე მსურის მათი ყურება.

19

ბევრთა და ცოტას მწველელნი სწორეთ გავლიან ბერასა,

განაყენებენ მშრალს ცალკე, ამად მოიწველს ვერასა;

სჯობს ქვემო ბოლოს შინ დგომა შიგნით გარედამ მზერასა,

მღერენ და მეც ბანს შევაწყობ, დამგმობენ ამაზე რასა?

20

კარგ საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია!

სმენა, თქმა, სწავლის ძიება მოძებართაგან ახია.

ცუდის, ტყუილის მოზღაპრე სიცრუის კანანახია,

სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია.

21

ეს სიტყვა მაშინ მოხსენდეს უწვრთელსა, უცოდინარსა,

გაჰგრძელებოდეს რა ღამე ძილგამკრთალს, დაუძინარსა,

ეძებდეს, ვერას პოებდეს საქმესა სამჯობინარსა,

თავს იწყევლიდეს, ამბობდეს დედ-მამის შესაგინარსა.

22

საღმრთოს რომ ვერას გალობდეს, იმღერდეს "ხართა ლალასა’’,

ჯავრობდეს, თავზედ იყრიდეს ქოქოლას და ვალალასა;

ძვირს უხსენებდეს მშობელთა, ლანძღევდეს თავის ლალასა,

რომ არ ვსწავლობდი, რად არა მცემდიან ტაჯგანალასა.

23

ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი,

მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლურების ტკივილი

რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ შექნას ყივილი, -

უფრთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექნა ჩივილი.

24

რაც არა ჰხამდეს ჩიორას, ნუ უყრი ასაკენკლადა,

დანაბი თავს ნუ ანებებ ვარიათ დასაპეპლადა!

რადგან აბრამ ძე საკლავად გამოიმეტა მსხვერპლადა,

შენ გემეტების რად არა ძე წვრთაზე გასაწკეპლადა?

25

უწვრთელი ძაღლი მიხვდების გარეთ სიცივით თრთოლასა,

საჭმლითაც არვინ განაძღებს, პილწად დაიწყებს წრწოლასა;

გასწავლებული პატივით შტაქუნზე შეიქს წოლასა,

სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელის შვილის ყოლასა.

26

ძაღლი უწვრთელი პატრონსა ასეთს რას დაუშავებსა,

რომ შვილი ბრიყვი, უცები, დედ-მამას განათავებსა?

უცოდინრობით ასეთსა საქმეებსა იქს ავებსა,

გვარსა და ნათესავებსა სირცხვილი სჭრიდეს თავებსა.

27

პატრონსა ძაღლი უწვრთელი მეტს ვერსა ჰკადრებს წყენასა:

ან პურს მოსტაცებს, ან ხორცსა, ან წყალს ამოჰკრავს ენასა;

მშობელთა შვილი უწვრთელი აროდეს მისცემს ლხენასა,

სულთა წარწყმენდას და ხორცთა მიუთხრობს მით შერცხვენასა.

28

უსწავლელი ძაღლი კარში ყეფს და გარეშამოს ჰფარავს,

ნადირს აფრთხობს, ქურდს აშინებს, ძნელად რასმე მას მოპარავს;

ბრიყვი კაცი წამოწვების, ღამით კარსაც არ მისჯარავს!

თვით იქნების გასაკმარი, ვინც ამ სწავლას გამიკმარავს.

29

ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების,

უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების;

რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების,

სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების!

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

117

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,

ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი დანაბნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

118

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;

მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა უფალო, იესო!

119

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;

ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა უფალო, იესო!

120

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,

ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა, გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

121

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბრალი ვერ გპოეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო;

ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

122

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპლს სისხლი შეურიესო;

დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

123

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!

ჯვარზედ გაგაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

124

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგაჩნიესო!

წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;

წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

125

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

მოგკლეს უბრალო, ბრალითა ქვეყანა შეარყიესო;

მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

თავს კეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

126

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:

დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.

ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

127

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგაჩნიესო?

მკვდარს აღუდგენდი, კურნევდი კეთროანს, წყალ-მანკიერსო;

ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

128

უტყვს ენას ძღვნიდა, ყრუს - სმენას, საპყართა - სვლას შვენიერსო,

პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.

ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!

მშვიდად ცხოვრებდით, ნუ იზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

129

გაიკითხევდეთ გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;

რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებსთ მის მაგიერსო!

ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.

ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება

ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად უხსენე გვარია.

თუმცა ძირთაგან შორს იყვნენ, შრტოდ ახლოს მონაგვარია;

ერთი დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია,

მეორე ვახტანგ მეხუთე, ქართველთა მეფედ მჯდარია.

144

იყო ის ერთი უფალი გლახაკთ ნუგეშის-მცემელი,

მეფსალმუნე და მეტყველი, ღვთის ქებით ბობღნთა მცემელი,

შრტო ძირისაებრ თვისისა ნაყოფის გამომცემელი,

მწყემსი ცხოვართა დამხსნელი და მგელთა არ მიმცემელი.

145

მას მორჩილებდენ ქართველნი, ვით წესი იყო მონისა,

უმისოდ ჭირად მიაჩნდათ ცხოვრება სიამოვნისა;

მაგრამ კვლავ შესცდენ მის გზითა, რა ცოდვის ბურმან მონისა.

ჩაცვივდნენ ცოდვის მორევთა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა.

146

გულ-მანკიერად შეიქმნენ, ქმნეს სამსახურზედ კლებანი,

დაცაივიწყეს მათ მისი ურიცხვი მოწყალებანი.

ზოგიერთს ვისმე შეუხდა ეშმაკის მანქანებანი,

დავით მამისა მისისა დამუსრეს ფსალმუნთ ებანი.

147

გაუორგულდა სპა-ჯარი, ერი მიმცემი ხარკისა,

ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუვარი ზაკვისა;

უარყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა ეშმაკისა,

რაც თესეს, ბოლოს მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა.

148

ასწავლიდიან რჩეულნი თავიანთ ქვეყნის მეფისა.

წაუკითხიან ბრძანება გამოთარგმნილი კეფისა:

იქმენით ხარკის მიმცემნი, აღმსრულებელნი სეფისა.

მოვიდა დიდი ძვირობა, დრო წახდა სიიეფისა.

149

ღვთისმშობელმან ჰრქვა: იწამეთ, ვინ ცით გვიწვიმა მანანა.

ქვეყნად უმამოდ ქალწულსა ძე მარწებინა, მანანა,

პაპად, ბებიად ითნია იოკიმე და მან ანა,

შესანდობელად ყოველთა მით ცოდვა თქვენი მანანა.

150

არ დაიჯერეს, არა ქნეს სარწმუნო დასაჯერები;

დაყრუვდენ, ბრმანი შეიქმნენ, საქმე ქნეს გასასტერები!

თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები, მათაც კარგი ქნეს ვერები,

დამცირდენ მადლით მოყვრები, ცოდვით განმრავლდენ მტერები.

151

დაჯაბდნენ გულად მამაცნი მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი,

ნებით შეიქნენ უბრძოლლად თავისა მტერთა მძლეველნი;

ციხე განუღეს, შეუშვეს დამქცევი, დამამძლეველნი,

მტერი სამკვიდროთ მომშლელნი, ტრფიალთა წამართმეველნი.

152

განუცვდათ შმაგთა ხელობა, ტრფიალთა მიჯნურობაო,

ვერ სძლივეს მძლეთა მებრძოლთა, ვერა ქნეს გულ მაგრობაო,

შეშინდნენ, ტრფიალთ გაექცნენ, შეჰკადრეს უარობაო,

წუთს მოყვარესა დამოყვრდნენ, მკვიდრსა დაუწყეს მტრობაო.

153

ვერ გაუმაგრდნენ, ოდესაც მტერთა დაუწყეს ბრძოლანი,

ნება ყვეს თვისთა მერჩოლთა, არვინ ინება რჩოლანი!

გვირგვინის ცოლი გაუშვეს, ხაჭასთან შექნეს რბოლანი,

ყმად წაუვიდნენ ისასა, იქმნენ მამადის ქოლანი!

154

შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,

ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა;

ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა,

ტყვეობა, მოკვლა, ტაცება - ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.

155

მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა, ბრძანა აღება ხელისა,

რისხვით გაშვება მის თემთა, გარდახდა საფარველისა.

მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო ახალისა და ძველისა!

თქვენცა იხილოთ ამიერ მოსპოლვა საფუძველისა!

საწყაულის მოწყვა ღვთისაგან

მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა;

ცა რისხვით შუვა განიპის, ქვეყანა შეიძროდისა;

ვენახთ უწვიმის სეტყვანი, მზგავსი ნახეთქი ლოდისა.

მკალია დასცის ყანებსა, ქარი უქროლის ოდისა!

157

მოუგის დიდი სიყმილი, შემუსრის ძალი პურისა;

აღარვინ იყვის ღვინითა აღმავსებელი ჭურისა.

შემცირდის ხართა ნახნავი, მოსწყდის ნაწველი ფურისა,

ყვნის სასწაული, არ იყვის კაცი მიმგდები ყურისა!

158

უეცრად მეხთა დაცემა, იყვის ელვა და ქუხილი;

ნამი არ გასტყვრის; გოლვამან მოწვის ბალახი, თუ ხილი.

ჭმუნვიდენ, არად შესწევდათ ცოდვის უნანლად წუხილი,

ასე ჰხედევდენ ნიშებსა, ვით ნათელს თვალ-დაწუხვილი.

159

გამოუვლინის ნადირნი, მჭამელნი კაცთა ხორცისა.

მოთხარის მკვდარნი საფლავით, ცოცხალიც ბევრი ხოცისა:

ხმალ-კაპარჭთ რიდი არ აქვნდის, არცა ხელმეხას ტყორცისა,

დედ-მამათ შვილი სალხინო წამზე საჭიროდ მოსცისა!

160

უცხო რამ აქვნდის მას მხეცსა ხერხი და მეცნიერება,

საცხოვარს არას აწყენდის, ვერ ვსცნი რა აქვნდის ფერობა,

საცა რომ კაცსა შემოხვდის, მედგრად იხმაროს მტერობა,

ანაზდად ეცის, დაფლითის, მოკლის და შექმნის სერობა.

161

არც მით მოიქცნენ! შეჰყარა უცხო, უწყალო სენები;

ხოცა კაცნი და პირუტყვნი, ცხვარნი, ძროხა და ცხენები,

კვლავ შეაყენა, მახვილთა სისხლით აღივსო ხევნები,

სრულად აღსრულდა მათზეთა დავითის მონახსენები.

162

ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას-შვიდას-ოც-და ერთსა

ცოდვა მათი უმეტესად ესმა, მოეხსენა ღმერთსა;

აღმოსავლით მტერი აღძრა, მოუწოდა კვლავ სამხრეთსა,

ღმერთმან მტერსა მოუვლინოს, რაც ქართლს უყვეს, ან კახეთსა!

163

ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!

იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.

ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,

მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი.

164

თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,

სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!

მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;

თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვერდრეს ხიშტი!

165

ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,

მას ცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,

რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, -

ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!

166

ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,

ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება.

მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება.

რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება.

167

ტყუილი ვჰთქვა, ჩემი თქმული შეიქმნების რა სავარგი?

მართალი ვჰთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!

კაცს მის მეტი არა აქვს-რა სიკვდილს უკან თან საბარგი,

სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი.

168

აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?

ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქვო?

კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?

ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?

169

პირს- ფერობა, უკან ძრახვა არა თქმულა საფარსაგო.

სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო;

ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო,

მაზე სული არ წარსწყმინდო, რა გინდ ხორცით დავიკარგო.

170

მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?

ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.

მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.

171

ამისთანას მკურნალს ვაქებ, მილესევდეს ფაზარ-ხუთოს,

არ თუ მასა, უწამლობით პირში სული ამამხუთოს.

ამისთანას ბატონს ვაქებ, მან ერთი ყმა განახუთოს,

არ თუ ხუთი აღარც ერთ-ქმნას, ასე საქმე თავს მოურთოს.

172

მართალია, მძრახველს ძრახნა თვით კი ავად მოუხდების,

მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!

წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების;

ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფთხვების.

173

ამად სძრახვენ ვინც ავს ჩადის, კულავ აღარ ჩაიდინოს;

სხვა გაფრთხილდეს, მისებრ ცრემლი თვალთა არვინ ჩაიდინოს.

კაცმან უნდა თავითგანვე საქმე კარგა მაიხდინოს,

თორემ ბოლოს ვით იქნების, ავზედ ძრახვა დაიცდინოს?

174

ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქს საძრახავსა:

თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა.

ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა,

მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა!

175

ამას ვსწყინობ: ავნი ავსა თვით იქმენ და სხვას კი სძრახვენ;

ბაძით მორცხვიც გაურცხვდების, უსირცხვილოს თუ არ არცხვენ.

ვინ დაჰფარავს მათ ნათესსა, თვით უმიწოდ ქვიშას ფარცხვენ,

ქვე საწუთროს ქვიტკირსა ზდგმენ, ზე სამკვიდროს ფიჩხით ფაცხვენ.

176

რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს,

ვერ გაუძლებს რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს.

სხვის არ მკრძალავს რად ემდურის, ვინც თავის თავს არა ჰკრძალავს,

თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტად, თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს?

177

მე კი ვჰფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს;

მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!

ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო, აღმა მხვნელსა, დაღმა მბარავს,

ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს ამამთხვრელს, ამამბზარავს!

178

ერთი კაცი უკუღმართად ვნახე ერქვანთ ასხამს ფთებსა;

კვლავ მეორე მისებრ მრუდსა მისთვის კაბდოს აკეთებსა.

მხვნელსა ვკითხე:რად ეგრეთ იქ? თქვა: ძალა ხნავს აღმართებსა,

მფარცხვნელმა თქვა: დაღმა ვფარცხავ, აღმა-ხნულსა ეს მართებსა.

179

ვინც რომ ისე უკუღმართად, მრუდათ ხნას და თესოს, ფარცხოს,

ის მე პურსა ნუღარ მაჭმევს, რაც იმ ფქვილით გამოაცხოს.

ვინც ძმის სისხლი გამოიცხოს, ან თვით ძმასა გამოაცხოს,

მისი სული სატანამა, თუ არ კუპრში, რაში გარცხოს?

180

რად გეშინის მართლის თქმისა, ფუ, შენ ჩემო ულვაშ-ბიღო!

ვინც არ გჯერა, ასე უთხრა: მიბძანდი და ნახე თიღო,

მე წილს ნუღარას დამიდებ, რაც შენ მუნით წამოიღო.

თუ გავმტყუვნდე ამაზედა, მე შენ შვიდეულად გიზღო.

181

აწ დავიწყო თქმა მართლისა, მომსმენელნო შემოკრებით,

ზოგნი შინა აქ ბძანდებით, ზოგნი გარეთ, შემო კრებით,

მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო თავში ხელის შემოკრებით,

ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა ჩვენდა გარეშემო მტრებით.

182

კახელების აღმა ხნული ქართველებმა დაღმა ფარცხეს,

უწინდელი გათხუნვილი დარჩა კაბდო, აღარ გარცხეს;

ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს,

ორნივ ერთად შეხრინკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს!

183

უკუღმართად ხვნა და ფარცხვამ ეს ნაყოფი გამოიღო:

მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო!

თარჯ-თომრიან ჯიღოანნი გაგვიხადა, ქმნა უჯიღო!

მხამს გიტყებდე მეფის ბიღით, ვარსამისა სავსე მჯიღო.

დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება

ვაი იმ დღისა დამსწრებსა! აწ სათქმელადაც ძნელია,

კაცთაგან თვისი აუგი საზარლად საუბნელია!

ცოდვამ მოგვიცვა, ნათელსა გარს მოეხვია ბნელია,

ხელში ნაჭერი კეთილი შეგვექნა საძებნელია.

319

ქართველთ მადლს ცოდვამ დასძლია, რა აღმწონელმან აწონა;

წუნებულ იქმნენ ღვაწლითა, თავი ვეღარვინ აწონა;

მის გამო მტერთა მათზედა დანაცემინა აწ ონა,

აღარ სცა მტვერი მარილი, არც ლუკმა პური აწონა.

320

წაღმა მბრუნავმა დრო-ჟამმა უკუღმა შექნა ტრიალი,

ფრთა მოჰკრა ქართლსა, კახეთსა, შეაქნევინა ხრტიალი:

მამლები ტურამ დაჭამა, დედლები დარჩა ტიალი,

მიდგა ყოვი და ყორანი დანაწყებინა წკრტიალი.

321

მოისრა ხშირი ქვეყანა, გახდა ვერანად, ტრამლადა!

სულ წარიტაცეს, თუ ვინმე შამბში მოურჩა წამლადა;

დადედლებულნი შიშითგან აღარ ვარგოდენ მამლადა,

აღარვინ დარჩა ფარსაგი პატრონად, ქვეყნის მამლადა.

322

კახს-ბატონს კონსტანტილესა საქმე მოუხდა ყალათი,

ტანთ ხვანთქრის ქურქი ჩაიცვა, დასთმო ყეენის ხალათი;

მტერს დამორჩილდა ნებითა, ვეღარა ქნა რა ძალათი,

მიენდო, თავის თავზედა ახმარებინა ჯალათი.

323

რაც მოგახსენე, მოგგვარა ჩვენ ერთმანერთის ბრძოლამა!

ქართლი ოსმალომ დაიპყრა, კახეთი ლეკთა მოლამა;

მით ჩვენმა სისხლმან ნაღვარმან ხევნები სულ ამოლამა.

სუნით მოიცვა მთა-ბარი ჩვენის მკვდრის მძორთა ყროლამა!

324

მე ვიყავ ერთი თავადი, მოსახლე გორისუბანსა;

ჯვარობას ჩვენი ქალ-რძალნი იცვამდენ არ ავს ჯუბასა;

მუნით გამტყორცნა საწუთრომ, გარდამაცილვა ყუბანსა,

ვაი, რა კარგა მოვსთქვემდი, მეტყოდეს ვინმე თუ ბანსა!

325

მო, ყური მიგდე, მოგითხრობ ტყვედ ჩემსა წამოყვანასა.

ქვეყნის წახდენის მიზეზით ვსცხოვრობდი სხვის ქვეყანასა,

სადაც უხმობენ სახელად, ქსნის ხევზე, ლამისყანასა,

მუნ მოყვრის მუშას თავს ვადექ, მკას უპირებდით ყანასა.

326

დილაზე ავდექ, წინაწინ წაველ კაცითა ორითა,

ვსთქვი, მუშას სადილს უმზადებთ ძროხით, ცხვრითა და ღორითა;

არ შეყრილიყო ჯერ მუშა, იყვნენ მოსასვლელ შორითა,

ჩვენ თურმე გვნახეს, მოგვამართეს ლეკთა ირტოზის გორითა.

327

მუნ ახლოს წყარო დიოდა, მასთან ტყე იყო ხშირადო,

იქ მოგვეპარნენ, დაგვისხდენ თხუთმეტი კაცი მზირადო;

ავიხსენ თოფი და ხმალი, მივყუდე მუხის ძირადო;

იმ წყალზე პირის საბანად მე მიველ თავის ჭირადო.

328

შემიპყრეს, წამომიყვანეს, ხელ-ფეხს მომიდვეს გენია,

გარდმომატარეს ასი მთა, მინდორი ცხრა იმდენია;

მუდამად თვალთა ნაკადი მდუღარე ცრემლი მდენია,

მაჭამეს დუმა და ხალი, მახვრიტეს ხინკლის წვენია.

329

მე დუმის ჭამას არ ვჩივი, ნეტავი მაძღრივ მქონოდა;

არ ვინაღვლიდი, ცხიმითა რომ ტუჩი გარდამქონოდა;

მე ეს მიმძიმდა, მხარ-შეკვრით მოვყვანდი ოსოქოლოდა.

ვაი, რად დარჩი ცოცხალი, შენ, თაო, ჩასაქოლადა!

330

მამიყვანეს, არა-ღირსთა ღირსეულად მიმსახურეს.

არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს, არც დამხურეს.

უსასყიდლოდ მიღებული გასასყიდლად დამაშურეს.

გავეპარე, დამიჭირეს, რად წახველო, დამპაღურეს.

331

მარტო ვიყავ, არვინ მყვანდა მე ღვთის მეტი სხვა პატრონი,

არცა მაქვნდა საიმედოდ საჭურველი სამხედრონი;

ღმერთს მივენდევ, მან ისმინა იგი ჩემი სავედრონი,

ხელმეორედ გავიპარე, რაკი ჰვპოე ჟამი, დრონი.

ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარ ნახა, იმისი მოთქმა დავითისაგან

სახით სიტყვა-შვენიერო, სხიო, მზეთა-მზის სახეო,

ვეძებე და შენი მზგავსი მე აქ ვერცადა ვნახეო;

გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო,

ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეო!

333

ვამე ჩემო საესავო, ტკბილო ცხოვრებისა წყარო,

გავეყარე შენს სახესა, ვა, თუ ვეღარ შავეყარო!

აწ შენვე გთხოვ, შენ შემყარო, ვინც გარდასთენ ცა-სამყარო,

მასაც გვედრებ, ვინც გამყარა, მისი ჯავრიც ამამყარო!

334

საყვარელო, სახით თქმულო, უსასყიდლო მარგალიტო!

ვის გადარო, ჩემთვის მკვდარო, მზევ, მზეთა-მზის მაგალითო!

გევედრები შემიბრალო, თავს მომჭრიან მანგალითო,

ოდეს სული ამომგლიჯონ, შენკე მისწი მანგანითო!

335

მტანჯვენ, სთმეო: აწ ვით დაგთმო, ვით უმანკოვ ტრედო, გვრიტო?

შენ, შარბათი, ვით დაგღვარო და ძიმწარის წვენი ვხვრიტო;

ბნელსა ვზივარ, გეაჯები სასინათლო ამიხვრიტო,

ამოვსძვრე და გამოვიქცე, მოვიდე და შენა გჭვრიტო.

336

შენ იესო, წყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო!

ვით ცხოვარი ვარ წყმენდილი, ნუ დამკარგავ, მომნახეო;

ჩემზედ მხეცთა უხილავთა ნუ მოუშვებ შერისხეო,

მარცხნივ თიკანთ განმარიდე, მარჯვნივ კრავთან შემრაცხეო!

337

სამკურნალოს ცვარ-ცხებულო, სნეულთ წყლურების შემხვეო!

სნეულება განმიკურნე, მო, სალბუნი მომაცხეო;

გამაგონე ხმა საყვირთა, ამოიღე ხმა მჭახეო,

ვით ლაზარეს დამარხულსა "აღდექ" - თავსა დამძახეო!

338

ჩვენ ცხოვართა, წყემსის კვერთხო, ძელო ცხოვრებისა ხეო,

შენზედ ბმულით შეიმუსვრის ჩემი წარწყმენდის მახეო;

შენს ჩრდილთ ქვეშ დავჯდომილვარ, ჩემო სამოთხის დამრხეო,

განმაშორე მავნეთაგან, ავსა ნურას შემამთხვეო!

ტყვეობითგან გაპარვა დავითისა

გულზედ მქონდა მოხაზული ცხოვრებისა წყაროს ღარი,

ვიტირე და გარდვადინე მე იმაზე ცრემლთა ღვარი.

ღმერთსა ვსთხოვე: მიწყალობე შენ ასეთი წინამძღვარი,

უვნებელად გარდმატარო ქრისტიანთა მტერთ სამძღვარი.

406

ვახსენე ღმერთი, წამოველ სითაც ხსნა მეგულებოდა,

გული ტიროდა, ცრემლითა თვალები მეგულებოდა,

აღარ მეგონა, მე თუ-ღა გული-ღა მეგულებოდა,

ვიტყოდი, ვაი, მოყვასნო ჩემთვის დაკარგულებო, და!

407

დღისით წიმანძღვრად მზე მყვანდის, ღამით უჭვრეტდი მთვარესა,

მივენდევ შვიდთა ვარსკვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა;

ღამით შიშველს მთას მოვადექ შუვა დაღისტნის არესა,

მუნ ჟამსა რასმე შევესწარ სიცოცხლის დასამწარესა.

408

ასტყდა ქარი და დაიწყო სეტყვა, ელვა და ქუხილი,

წამ-და-წუთ ელვის ზარითა თვალებმა შექნეს წუხილი;

არცად ჩნდა თავის საფარი, მაზედ შემექნა წუხილი,

თავს დავიხვივე სარტყელი, წავსწევ, ტანს არას უფთხილი.

409

სეტყვისა თავში დაცემის შიშითა პირქვე მხობილსა,

გულმან მთქვა: ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქობილსა.

ავდექ; იელა, მივადეგ კარს მთა-ხვრელს ლოდ-გაძრობილსა,

მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი მხოლოდ-შობილსა.

410

დამედვა დიდი იმედი, ვთქვი, თურმე ღმერთი მფარავსა;

თუ ჩემთვის კარგი არ სწადდეს, არ დამადგამდა კარავსა;

დამიხსნა წვიმა-სეტყვასა, ქარსა სასტიკად მბზარავსა,

რაც კაცი ღმერთსა ენდობის, ღმერთი კარგს უზამს, არ ავსა.

411

ვსთქვი, თუ: ეჰ, ღმერთო, შენა ხარ ჩემებრ ცდომილთა მხსნელია;

თუ არ შენგნითა, წინასწარ საქმის შეტყობა ძნელია;

თვალებ-დახუჭვილს მწოლარეს გარს მერტყა ღამე ბნელია,

გულით მაცნობე წინა-გზა და ვპოე საძებნელია.

412

სეტყვამ გარდიღო, გამოველ. უფალსა მსხვერპლი შევსწირე:

არ მყვანდა საღმთოდ ზვარაკი, მხურვალეს გულით შევსტირე;

არც მაქვნდა სამღთო წერილი, ცოდნაცა მაქვნდა მე მცირე,

"ღმერთო, დამიხსენ მტერთაგან!" ეს ლოცვა გავიზეპირე.

შველა ღვთისაგან დავითისა, ტყვეობიდამ გამოსვლა სარუსეთოში

დაღამდა, სხვა დღე გათენდა, არვინ ჩნდა ჩემი მდევარი,

დილაზე ადრე წამოვსდეგ უძილო, ღამის მთევარი;

წამოველ, გზაზედ უფალმან მიბოძა საზდო მდღევარი,

ორი კიტრი და საზამთროს ნაჭერი მე ნახევარი.

450

საზამთრო სიცხით დამჭკნარი ხელში მეჩვენა მე ცხლადა

წყალი ახლოს მხვდა მდინარე, ვიკაკვე გასარეცხლადა;

კიტრი უბიდამ გამცვივდა, გულზე მამედვა ცეცხლადა,

რომ მომეყიდა მიღირდა ას ოქროდ, ათას ვერცხლადა.

451

წყალმან წაიღო, მივდივე, ვეცადე, ვერ დავიჭირე;

ბეწვი მწყდა მისის დევნითა, მეც წყალში არ დავიძირე,

ღვთისაგან გულსა შემაკლდა, ვაყვედრე, ასე ვიტირე:

თუ მომეც, რაღათ წამართვი, აწ ასე რად გავიწირე?

452

შენის წყალობით იზდების ყოველი დაბადებული,

აწ მე შევქნილვარ რასათვის მე შენგნით გარდაგებული?

თუ არ გინდოდა ჩემთვისა, რად დამხვდა განმზადებული;

თუ არა, რასთვის წამართვი საზდო უბეში დებული?

453

მერმე რა მოველ გონებას, მასვე დაუწყე ვედრება,

შემინდვე ესევითარი უმეცრებითა ყვედრება;

რაც ავი მიყო, დაგითმო, აწ იმას რა შაედრება,

მაგრამე ასე მშიერსა არ ძალმიც გრძლად გზაზედ რება.

454

თავს დავგმე, უთხარ შიმშილით რა გული დაგიყმედია?

მარხულობა და სასჯელი გონების გასაწმენდია;

მემთვრალეთათვის მაცდურნი მახეთა დაარწყმენ დია,

ნებიერობა ხორცისა სულისა წარსაწყმენდია.

455

მოვიდოდი და ვსტიროდი, მოვსთქვემდი ჩემსა ზიანსა,

ღვთის საბოდიშოს სიტყვებსა ვიტყოდი თავაზიანსა;

უეცრად ალაგს მოვადექ ტურფასა, ლამაზიანსა,

მსხმოიარესა ბაღნარსა, ატმიანს და ვაზიანსა.

456

დავღუნე თავი, უკუვსძვერ ვაზნარსა შინა ბურვილსა,

აღმოვირეხვე ყურძნითა, მოვრჩი შიმშილსა, მწყურვილსა;

მაგრამ ღვთისა კი მრცხვენოდა მე ცოდვით პირ-შემურვილსა,

ვეტყოდი, რად არ მივენდევ შენის საყვარლის სურვილსა?

457

კიტრი მომეც და წამართვი, ვერ მოვითმინე თმენითა;

შევსწუხდი, მაზე გაყვედრე, გცოდე პირითა, ენითა.

შენ, ღმერთმან, იგი დამითმე სულგრძელებითა შენითა.

აწ უმჯობესიც მომაგე პილპილად სავსე ტენითა.

458

რით გარდვიხადო მე, ღმერთო, ეგევითარი ვალობა,

რაც შენ მომაგე სავსებით ურიცხვი შენი წყალობა?

უწვრთნელ ვარ, არა ვიცი რა დავითის ფსალმუნთ გალობა.

გთხოვ, უმეცარსა შემინდო ჩემი ცოდვა და ბრალობა!

459

თურმე წინასწარ ხედევდი შენ ჩემსა გზასა, კვალებსა;

შვების წყალობას უზემდი ჩემსა ხორცსა და ძვალებსა;

მე ვერ ვხედევდი, გცოდევდი, ლიბრი დამკროდა თვალებსა,

აწ ხორცმან გცოდა, ხორცს ჰკითხე, სულს ნურასა სთხოვ ვალებსა.

460

ხორცსა აქვს დანაშაული, სულისა არა ბრალია;

სულია ღვინო კეთილი, ხორცი ჭურჭელი მყრალია;

ხორცი ამ სოფლის გემოთი ნებიერობით მთვრალია,

სული იმ სოფელს დასჯისთვის, შიშითა სულ გამქრალია.

461

ეს სიტყვა ჩემთვის სხვას უთქვამს, ახლა მიუთხრობ მეც სხოსა;

უნდა მეღვინემ საღვინე კარგვარად გამორეცხოსა,

განეყრევინოს, გაწმინდოს, რაც შიგნით მწიკვლი ეცხოსა,

თუ მისგან წახდეს ღვინო-ღა, მე თავში კეტი მეცხოსა.

462

ეჰ, ღმერთო, შენა ამღერე ეს ჩემი სატყებ-სატირი,

ჭურსა ზნოვანსა მახმარე საძელ-მაწაწურ-ხაპირი;

აღმომიწმინდე მწიკვლთაგან გული, გონება და პირი.

ცოდვით ნამტვრევთა ნაბძარნი მადლით გახიზი, შაკირი.

463

აწ შეისმინა უფალმან ხმა ვედრებისა ჩემისა,

დაღონებულსა მომაგო ჟამი ნუგეშის ცემისა;

ხმა სამღერალთა მასმინა, არა თუ ზართ დაცემისა.

საყდარს დარეკეს, გამოხდა ზრიალი ზართა ცემისა.

464

რა შემომესმა ზარის ხმა, გულმან დამიწყო ძგერანი,

ზეზედ წამოვდეგ, დავიწყე ბურვილით გამომზერანი;

შევხედე, საყდრის კარზედა პირჯვარს დაიწყეს წერანი.

ვთქვი, თუ: უცილოდ აქ არის ჩემი ბედი და წერანი.

465

გარდაიხადა უფალმან, ჩემი ემართა რაც ვალი,

მკრა სიხარული გულისა, ანაზდათ ჭკვაზედ შამცვალი,

ასე მიამა, პირიდამ გავყარე ყურძნის მარცვალი;

საჩქაროდ წასვლა მომინდა, არ ვიყავ ხანის დამცალი.

466

კიდევ შევხედე, გავშინჯე, გარჩევით დავინახეო;

თავთ იალქანნი ქალთანი დევთა რქად გამოვსახეო;

ვთქვი, თუ: ვაი, თუ მაცდურმან დამირწყო რამე მახეო,

მუნ მისვლა ვეღარ გავბედე, შორს წასვლა განვიძრახეო.

467

მას ბაღში ხილი დავკრიფე, საგრძალი მოვიმზადეო;

ზოგი უბეში ჩავიწყევ, ზოგი კალთაში ჩავდეო.

კვლავ სვინიდისმან მამხილა: ბინდამდის მოიცადეო,

დღისით ნუ წახვალ, არამცა მოგიდგას ვინმე ბადეო.

468

წაველ, უკუვსწევ ჩალასა, სად უფრო იყო ხშირია,

ღმერთმან თქვენს მტერთა შეყაროს, რაც მე ამიტყდა ჭირია,

წამოდგა კოღოს ლაშქარი, რა შევსძარ ჩალის ძირია,

მე დამარჩობდენ უცილოდ, თუ არ დამეცო პირია.

469

რა შემაწუხეს მეტადრე, ვიტყოდი გაჯავრებული:

ვინც უნდა იყოს, მივიდე სიცოცხლე გამწარებული.

აღარ დავდივე, წამოვხტი, წამოველ გაჩქარებული,

მუნ ახლოს კალოს ლეწევდენ, მიველ ვით დაბარებული.

470

მიუცხოეს და შემოკრბენ მუნ ჩემი გამშინჯვარები,

შემომეხვივნენ გარშამო კაცთა და ქალთა ჯარები;

მარტო პერანგით მოსილთა ყელზედ ეკიდათ ჯვარები;

მიველ და ჯვარსა ვემთხვივე, ვიწერე ზედ პირჯვარები.

471

ერთმან მიუთხრა მეორეს: "დაი ხლებაო, ლაზარი!"

"ხლება" რა მესმა, დამეცა მე სიხარულით თავზარი;

მუხლებმა რყევა დამიწყეს, ზე ტანმა შექნა ზანზარი,

ვეღარ დაიგნეს სვეტებმა და გარდაიქცა ტაზარი.

472

რუსულად "ხლება" პურს ერქვა, უწინვე გამეგონაო;

სანამდის ის არ ახსენეს, მე რუსი არ მეგონაო,

რა რომ თქვეს პურის სახელი, მე იმან მომიფონაო;

ამ სიხარულმან დამშალა ჯავრით შეკრული კონაო.

473

როგორც რომ ერთმან ყაზახმან მე მაშინ მამიარაო,

როცა რომ მყვანდა, მივლიდა მეტს მამაჩემი არაო;

შევბრალდი, გულზედ მიმიქვა, მკოცნა და ცრემლი ღვარაო,

სწრაფად მოენედ მომგვარა ფხოვლელი იანვარაო.

474

წყალს გამიყვანეს ნავითა, საყდარში შემიყვანესო,

დამაწერინეს პირჯვარი, ხატებსა მათაყვანესო;

კვლავ მიხმეს სამდივნოშია, მაყვირეს, მაყაყანესო,

მკითხეს: `ვინა ხარ, სად მიხვალ, რად იყავ ლამისყანესო?

475

შევამოკლო აწ, რა მერგო, რაც ვიუბენ ამდენს ხანსა?

თერგიდამე სოლაღს წაველ, სოლაღიდამ აშტრახანსა;

მუნით მოსკოს მეფე ვახტანგს, ბაქარს - შანა ოზსა ხანსა -

ვიახელ და თაყვანსა ვეც; ბრძანეს: "სჭვრიტე ჯაბახანსა".

476

მიწყალობეს მათ სახელო, მომცეს ჯაბადარბაშობა,

ღმერთამან ბევრჯელ გაგითენოსთ ხარებობა, ქრისტეს შობა!

კარგი იყვის აღდგომასა მეფეთაგან მეჯლიშობა:

ზმა, შაირი, გალობანი, ჩანგთ კვრა, მღერა, თამაშობა.

477

ჯავახიშვილს გამალექსეს, მოშაირეს ჩემებრ ცუდსა,

პირად მჭლესა, ტანად ხმელსა ვით ნუჟრიანს ხესა მრუდსა;

რაც მე უთხრი, მას მიაჩნდის ვით ნარცეცხლა უკან კუდსა,

ბევრჯელ ასე იმწვიტინის, კოტვით ძირს დასცემდის ქუდსა.

დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი

ნუ მიენდობი, საწუთრო მტყუვანი არს და უპირო!

არ დაიჭირვის ხელშია, რაგინდ რომ ბჭალი უჭირო;

დღეს რომე ლხინი მოგაგოს, ხვალ ვერ მოურჩე უჭირო,

ამად სჯობს, ხორცი უვარჰყო, სულსა ულოცო, უწირო.

549

ნათობს და ბინდობს საწუთრო, ქცევადი, მობრუნავია!

წამს მყუდრო ქარი აქროლის, წუთზე დამუსრის ნავია,

ყოველი ლხინი მუხთლისა კვლავ ისევ საჭმუნავია,

ერთი დრო გრძლად არ შეგრჩების, კარგი სთქვა, გინა ავია.

550

ვიცნობ, მეც ვიყავ სოფელსა განცხრომასა და შვებასა;

მიყვარდა, კარგად მიმაჩნდა, ვცდილობდი არ გაშვებასა.

ახლა თქვენც ხედავთ აწ ჩემსა მის გამო პირქუშებასა,

გული დაუწვავს სახმილით სულთქვნასა და უშებასა.

551

მოკლეა ესე სოფელი, კაცს არ შერჩების წამ ერთო,

რაც მომებოძა თავიდგან, ბოლო-ჟამ ისევ წამერთო!

მან დამიკვანძა, მუხთალმა, მე რაცა მეხვეწა-მერთო,

მის გამო სევდით მე გული, ვით შეშა, ცეცხლზე წამერთო.

552

წყეულმან, ცრუვმან, მაცდურმან, ფეხთ ქვეშ ილინჭა მომიგო:

პირველად მოყვრად მეჩვენა, ტკბილი რამ სიტყვა მომიგო,

გამეთამაშა, მაცდინა, საცხოვრებელი მომიგო,

რა წამახდინა, გამკიცხა, "რად ჰქენო", ნიშნიც მომიგო!

553

ამად ვემდური საწუთროს, თორემ სხვა რა მაქვს სადაო?

სად მომიყვანა სად მყოფი, კიდევ მივყევარ სადაო!

მამა, დედა, ძმა თვალითა ვეღარა მხედავს, ა დაო,

ძეთა და ასულთაგანაც გამხადა უღირსადაო.

554

მე საწუთრომან მიმიღო, რაც საბადისი მებადა,

მისგან დარწყმული მახენი თავსა ზე გარდმომებადა.

ორ-გზით კრულ შემქნა მტერთაგან, ხელთა საბელი მებადა,

მით ვსტირ, თვალთ ცრემლი მიბნელებს, დღენი მჩანს მე ღამებადა.

555

მშვილდს მომიწივა მუხთალმა, ისარი გულში მამასო,

არ მომცა ძე, არც ასული, არვინ მიძახის "მამასო".

მან დამიჩაგრა გონება და მტერი თავსა მამასო.

დავჯექ და ლექსვა დავიწყე, ვსთქვი, თუ: ვიშვილებ ამასო.

556

ამაზედ არის ჩემი და ცრუის საწუთროს ჩხუბია,

სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია;

მისთვის ვსტირ ცხელის ცრემლითა, სველი მაქვს კალთა-უბია.

მე მსურდა ერთი, არ მომცა; ვის არ სურს, მისცა ტყუბია.

557

სამ-ოთხ რიგად მუხანათმან გულს ლახვარი მამაღერა.

სულ მატირა ჩემი დღენი, არაოდეს არ მამღერა.

ვით ბოლოკი მქნა ავრე[ხ]ი, ამაყოჩა, ამაღერა.

თესლ-აშრეტით გამახმო და უნაყოფოდ დამაბერა.

558

შემქნა უშრტო, უნაყოფო, ვით ხმელის ხისა გალია;

გულს დამასვა სამჭედურად, ლახვრად სევდის საგალია;

ზდიან ცრემლნი თვალთა ჩემთა, სწვავს, ვით თევზთა საგალია.

ასე მიჩანს სრა სამყოფლად, ვითა მფრინველსა გალია.

559

ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს, ხან კი გვალავს;

დღეს რომ კარგი წინ გიმძღვაროს, უკან მოგადევნებს ხვალ ავს.

ნუ ენდობი, მოგატყუებს, ისარს ისვრის, მშვილდს კი მალავს.

მას დავნატრი, ვინცა სწორედ სვლად საწუთროს გზას გაჰკვალავს.

560

ორს მიაგებს კაცს საწუთრო, არა ერთსა დანაჯერებს:

ხან მოაწყენს, აატირებს, ხან მოალხენს, ანამღერებს.

ერთნაირად განატაროს, ასე არვის დანაბერებს.

ვით უქმნია მიწა ჭურჭლად, ისევ მიწად განამტვერებს.

561

მიდის-მოდის ეს სოფელი, ქარტეხილთა ზღვისებრ ღელავს!

უკან დასდევს დრო და ჟამი, მის ნაქსელავს ქსოვს და სთელავს.

ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს, რასა სთიბავს, რასა სცელავს?

ამად ვსწუნობ საწუთროსა, სულ ბნელია, რასაც ელავს!

562

ამისთვისა ვარ ფაციცად, ვითა თავს მტერდანასხამი,

მისის ცეცხლით გული ჩემი ვალს ჭირისოფლდანასხამი.

მოწყვეტილა მოსაგრილად წყლურზე წყალი დანასხამი:

გული ასე დაუკუწავს, ვით გალესილს დანას ხამი.

563

ნაღვლით დრენი შემიმოკლდა, აღარა მაქვს, დამელია;

ყველა მწარედ გარდამექცა, რაც რამ ტკბილად დამელია.

მძორთა ჩემთა შესაჭმელად მზას არს ტურა და მელია.

აწ წამოვალ მეც თქვენთანა, სად ძმა მიცდი, და მელია.

564

ვით თავს მივსცე მოსვენება, ვით მივაგო ამო მრბოლსა?

სასიკვდილოდ მივსწურვილვარ, ყელში სული ამობოლსა.

ახალდაბას ნუღარ ხარო, მეძახიან, ამო ბოლსა!

აწ რომ მე იქ წამიყვანონ, ვინ გამიზრდის ამ ობოლსა?

565

მითხარ, მტერო, დავის თხოვნით დავითისგან მოიგე რა?

რად უყვედრე უშობელსა, ბერწობ, ვერა მოიგე-რა?

იმას შვილად ვერვინა სჯობს, დავით ვინც ძედ მოიგერა,

ვინც გამოთქვა, ის იშვილა, მტერი იმით მოიგერა.

566

მე რაც ვშობე, შვილად ვსჯერვარ, ეს თუ მზრდელმან გამიზარდა,

ვზრდი მომღერლად, მე თუ ჩემი სიმღერა არ გამიზარდა.

თუმცა ენა გასარეკლდა, გული მისთვის გამიზარდა,

მაგრამ მეფეთ სამსახურით ეს საზრდელად გამიზარდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — დავით გურამიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.