prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დავითიანი („ქართლის ჭირი") — ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება

დავით გურამიშვილი · პოეზია

ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად უხსენე გვარია.

თუმცა ძირთაგან შორს იყვნენ, შრტოდ ახლოს მონაგვარია;

ერთი დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია,

მეორე ვახტანგ მეხუთე, ქართველთა მეფედ მჯდარია.

144

იყო ის ერთი უფალი გლახაკთ ნუგეშის-მცემელი,

მეფსალმუნე და მეტყველი, ღვთის ქებით ბობღნთა მცემელი,

შრტო ძირისაებრ თვისისა ნაყოფის გამომცემელი,

მწყემსი ცხოვართა დამხსნელი და მგელთა არ მიმცემელი.

145

მას მორჩილებდენ ქართველნი, ვით წესი იყო მონისა,

უმისოდ ჭირად მიაჩნდათ ცხოვრება სიამოვნისა;

მაგრამ კვლავ შესცდენ მის გზითა, რა ცოდვის ბურმან მონისა.

ჩაცვივდნენ ცოდვის მორევთა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა.

146

გულ-მანკიერად შეიქმნენ, ქმნეს სამსახურზედ კლებანი,

დაცაივიწყეს მათ მისი ურიცხვი მოწყალებანი.

ზოგიერთს ვისმე შეუხდა ეშმაკის მანქანებანი,

დავით მამისა მისისა დამუსრეს ფსალმუნთ ებანი.

147

გაუორგულდა სპა-ჯარი, ერი მიმცემი ხარკისა,

ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუვარი ზაკვისა;

უარყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა ეშმაკისა,

რაც თესეს, ბოლოს მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა.

148

ასწავლიდიან რჩეულნი თავიანთ ქვეყნის მეფისა.

წაუკითხიან ბრძანება გამოთარგმნილი კეფისა:

იქმენით ხარკის მიმცემნი, აღმსრულებელნი სეფისა.

მოვიდა დიდი ძვირობა, დრო წახდა სიიეფისა.

149

ღვთისმშობელმან ჰრქვა: იწამეთ, ვინ ცით გვიწვიმა მანანა.

ქვეყნად უმამოდ ქალწულსა ძე მარწებინა, მანანა,

პაპად, ბებიად ითნია იოკიმე და მან ანა,

შესანდობელად ყოველთა მით ცოდვა თქვენი მანანა.

150

არ დაიჯერეს, არა ქნეს სარწმუნო დასაჯერები;

დაყრუვდენ, ბრმანი შეიქმნენ, საქმე ქნეს გასასტერები!

თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები, მათაც კარგი ქნეს ვერები,

დამცირდენ მადლით მოყვრები, ცოდვით განმრავლდენ მტერები.

151

დაჯაბდნენ გულად მამაცნი მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი,

ნებით შეიქნენ უბრძოლლად თავისა მტერთა მძლეველნი;

ციხე განუღეს, შეუშვეს დამქცევი, დამამძლეველნი,

მტერი სამკვიდროთ მომშლელნი, ტრფიალთა წამართმეველნი.

152

განუცვდათ შმაგთა ხელობა, ტრფიალთა მიჯნურობაო,

ვერ სძლივეს მძლეთა მებრძოლთა, ვერა ქნეს გულ მაგრობაო,

შეშინდნენ, ტრფიალთ გაექცნენ, შეჰკადრეს უარობაო,

წუთს მოყვარესა დამოყვრდნენ, მკვიდრსა დაუწყეს მტრობაო.

153

ვერ გაუმაგრდნენ, ოდესაც მტერთა დაუწყეს ბრძოლანი,

ნება ყვეს თვისთა მერჩოლთა, არვინ ინება რჩოლანი!

გვირგვინის ცოლი გაუშვეს, ხაჭასთან შექნეს რბოლანი,

ყმად წაუვიდნენ ისასა, იქმნენ მამადის ქოლანი!

154

შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,

ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა;

ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა,

ტყვეობა, მოკვლა, ტაცება - ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.

155

მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა, ბრძანა აღება ხელისა,

რისხვით გაშვება მის თემთა, გარდახდა საფარველისა.

მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო ახალისა და ძველისა!

თქვენცა იხილოთ ამიერ მოსპოლვა საფუძველისა!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — დავით გურამიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.