გულზედ მქონდა მოხაზული ცხოვრებისა წყაროს ღარი,
ვიტირე და გარდვადინე მე იმაზე ცრემლთა ღვარი.
ღმერთსა ვსთხოვე: მიწყალობე შენ ასეთი წინამძღვარი,
უვნებელად გარდმატარო ქრისტიანთა მტერთ სამძღვარი.
406
ვახსენე ღმერთი, წამოველ სითაც ხსნა მეგულებოდა,
გული ტიროდა, ცრემლითა თვალები მეგულებოდა,
აღარ მეგონა, მე თუ-ღა გული-ღა მეგულებოდა,
ვიტყოდი, ვაი, მოყვასნო ჩემთვის დაკარგულებო, და!
407
დღისით წიმანძღვრად მზე მყვანდის, ღამით უჭვრეტდი მთვარესა,
მივენდევ შვიდთა ვარსკვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა;
ღამით შიშველს მთას მოვადექ შუვა დაღისტნის არესა,
მუნ ჟამსა რასმე შევესწარ სიცოცხლის დასამწარესა.
408
ასტყდა ქარი და დაიწყო სეტყვა, ელვა და ქუხილი,
წამ-და-წუთ ელვის ზარითა თვალებმა შექნეს წუხილი;
არცად ჩნდა თავის საფარი, მაზედ შემექნა წუხილი,
თავს დავიხვივე სარტყელი, წავსწევ, ტანს არას უფთხილი.
409
სეტყვისა თავში დაცემის შიშითა პირქვე მხობილსა,
გულმან მთქვა: ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქობილსა.
ავდექ; იელა, მივადეგ კარს მთა-ხვრელს ლოდ-გაძრობილსა,
მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი მხოლოდ-შობილსა.
410
დამედვა დიდი იმედი, ვთქვი, თურმე ღმერთი მფარავსა;
თუ ჩემთვის კარგი არ სწადდეს, არ დამადგამდა კარავსა;
დამიხსნა წვიმა-სეტყვასა, ქარსა სასტიკად მბზარავსა,
რაც კაცი ღმერთსა ენდობის, ღმერთი კარგს უზამს, არ ავსა.
411
ვსთქვი, თუ: ეჰ, ღმერთო, შენა ხარ ჩემებრ ცდომილთა მხსნელია;
თუ არ შენგნითა, წინასწარ საქმის შეტყობა ძნელია;
თვალებ-დახუჭვილს მწოლარეს გარს მერტყა ღამე ბნელია,
გულით მაცნობე წინა-გზა და ვპოე საძებნელია.
412
სეტყვამ გარდიღო, გამოველ. უფალსა მსხვერპლი შევსწირე:
არ მყვანდა საღმთოდ ზვარაკი, მხურვალეს გულით შევსტირე;
არც მაქვნდა სამღთო წერილი, ცოდნაცა მაქვნდა მე მცირე,
"ღმერთო, დამიხსენ მტერთაგან!" ეს ლოცვა გავიზეპირე.