prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დავითიანი („ქართლის ჭირი") — დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი

დავით გურამიშვილი · პოეზია

ნუ მიენდობი, საწუთრო მტყუვანი არს და უპირო!

არ დაიჭირვის ხელშია, რაგინდ რომ ბჭალი უჭირო;

დღეს რომე ლხინი მოგაგოს, ხვალ ვერ მოურჩე უჭირო,

ამად სჯობს, ხორცი უვარჰყო, სულსა ულოცო, უწირო.

549

ნათობს და ბინდობს საწუთრო, ქცევადი, მობრუნავია!

წამს მყუდრო ქარი აქროლის, წუთზე დამუსრის ნავია,

ყოველი ლხინი მუხთლისა კვლავ ისევ საჭმუნავია,

ერთი დრო გრძლად არ შეგრჩების, კარგი სთქვა, გინა ავია.

550

ვიცნობ, მეც ვიყავ სოფელსა განცხრომასა და შვებასა;

მიყვარდა, კარგად მიმაჩნდა, ვცდილობდი არ გაშვებასა.

ახლა თქვენც ხედავთ აწ ჩემსა მის გამო პირქუშებასა,

გული დაუწვავს სახმილით სულთქვნასა და უშებასა.

551

მოკლეა ესე სოფელი, კაცს არ შერჩების წამ ერთო,

რაც მომებოძა თავიდგან, ბოლო-ჟამ ისევ წამერთო!

მან დამიკვანძა, მუხთალმა, მე რაცა მეხვეწა-მერთო,

მის გამო სევდით მე გული, ვით შეშა, ცეცხლზე წამერთო.

552

წყეულმან, ცრუვმან, მაცდურმან, ფეხთ ქვეშ ილინჭა მომიგო:

პირველად მოყვრად მეჩვენა, ტკბილი რამ სიტყვა მომიგო,

გამეთამაშა, მაცდინა, საცხოვრებელი მომიგო,

რა წამახდინა, გამკიცხა, "რად ჰქენო", ნიშნიც მომიგო!

553

ამად ვემდური საწუთროს, თორემ სხვა რა მაქვს სადაო?

სად მომიყვანა სად მყოფი, კიდევ მივყევარ სადაო!

მამა, დედა, ძმა თვალითა ვეღარა მხედავს, ა დაო,

ძეთა და ასულთაგანაც გამხადა უღირსადაო.

554

მე საწუთრომან მიმიღო, რაც საბადისი მებადა,

მისგან დარწყმული მახენი თავსა ზე გარდმომებადა.

ორ-გზით კრულ შემქნა მტერთაგან, ხელთა საბელი მებადა,

მით ვსტირ, თვალთ ცრემლი მიბნელებს, დღენი მჩანს მე ღამებადა.

555

მშვილდს მომიწივა მუხთალმა, ისარი გულში მამასო,

არ მომცა ძე, არც ასული, არვინ მიძახის "მამასო".

მან დამიჩაგრა გონება და მტერი თავსა მამასო.

დავჯექ და ლექსვა დავიწყე, ვსთქვი, თუ: ვიშვილებ ამასო.

556

ამაზედ არის ჩემი და ცრუის საწუთროს ჩხუბია,

სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია;

მისთვის ვსტირ ცხელის ცრემლითა, სველი მაქვს კალთა-უბია.

მე მსურდა ერთი, არ მომცა; ვის არ სურს, მისცა ტყუბია.

557

სამ-ოთხ რიგად მუხანათმან გულს ლახვარი მამაღერა.

სულ მატირა ჩემი დღენი, არაოდეს არ მამღერა.

ვით ბოლოკი მქნა ავრე[ხ]ი, ამაყოჩა, ამაღერა.

თესლ-აშრეტით გამახმო და უნაყოფოდ დამაბერა.

558

შემქნა უშრტო, უნაყოფო, ვით ხმელის ხისა გალია;

გულს დამასვა სამჭედურად, ლახვრად სევდის საგალია;

ზდიან ცრემლნი თვალთა ჩემთა, სწვავს, ვით თევზთა საგალია.

ასე მიჩანს სრა სამყოფლად, ვითა მფრინველსა გალია.

559

ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს, ხან კი გვალავს;

დღეს რომ კარგი წინ გიმძღვაროს, უკან მოგადევნებს ხვალ ავს.

ნუ ენდობი, მოგატყუებს, ისარს ისვრის, მშვილდს კი მალავს.

მას დავნატრი, ვინცა სწორედ სვლად საწუთროს გზას გაჰკვალავს.

560

ორს მიაგებს კაცს საწუთრო, არა ერთსა დანაჯერებს:

ხან მოაწყენს, აატირებს, ხან მოალხენს, ანამღერებს.

ერთნაირად განატაროს, ასე არვის დანაბერებს.

ვით უქმნია მიწა ჭურჭლად, ისევ მიწად განამტვერებს.

561

მიდის-მოდის ეს სოფელი, ქარტეხილთა ზღვისებრ ღელავს!

უკან დასდევს დრო და ჟამი, მის ნაქსელავს ქსოვს და სთელავს.

ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს, რასა სთიბავს, რასა სცელავს?

ამად ვსწუნობ საწუთროსა, სულ ბნელია, რასაც ელავს!

562

ამისთვისა ვარ ფაციცად, ვითა თავს მტერდანასხამი,

მისის ცეცხლით გული ჩემი ვალს ჭირისოფლდანასხამი.

მოწყვეტილა მოსაგრილად წყლურზე წყალი დანასხამი:

გული ასე დაუკუწავს, ვით გალესილს დანას ხამი.

563

ნაღვლით დრენი შემიმოკლდა, აღარა მაქვს, დამელია;

ყველა მწარედ გარდამექცა, რაც რამ ტკბილად დამელია.

მძორთა ჩემთა შესაჭმელად მზას არს ტურა და მელია.

აწ წამოვალ მეც თქვენთანა, სად ძმა მიცდი, და მელია.

564

ვით თავს მივსცე მოსვენება, ვით მივაგო ამო მრბოლსა?

სასიკვდილოდ მივსწურვილვარ, ყელში სული ამობოლსა.

ახალდაბას ნუღარ ხარო, მეძახიან, ამო ბოლსა!

აწ რომ მე იქ წამიყვანონ, ვინ გამიზრდის ამ ობოლსა?

565

მითხარ, მტერო, დავის თხოვნით დავითისგან მოიგე რა?

რად უყვედრე უშობელსა, ბერწობ, ვერა მოიგე-რა?

იმას შვილად ვერვინა სჯობს, დავით ვინც ძედ მოიგერა,

ვინც გამოთქვა, ის იშვილა, მტერი იმით მოიგერა.

566

მე რაც ვშობე, შვილად ვსჯერვარ, ეს თუ მზრდელმან გამიზარდა,

ვზრდი მომღერლად, მე თუ ჩემი სიმღერა არ გამიზარდა.

თუმცა ენა გასარეკლდა, გული მისთვის გამიზარდა,

მაგრამ მეფეთ სამსახურით ეს საზრდელად გამიზარდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — დავით გურამიშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.