ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია, მას თანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია, ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.
დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირსა მზისა მსგავსისა.
იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები. მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: „ნუ აეხსნები, იქ ები!“
მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა; მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.
არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი; მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი. სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.
ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია; ტარიელს უთხრა: „შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.
აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად“. სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად. ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად. პირველ ძღეენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.
არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა, ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თვით მეფობასა.
მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა; რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, - თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.
კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა, ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა, კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა, ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.
ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული, ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული. ინდოთ მეფე თაყვანსა სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული, მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.
რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი. თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი. ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი, მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.
ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მოველად, ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად, შესთვალა: „შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.
უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან. ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან; წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან, და ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან“.
როსტევან ჰკადრა: „მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა? რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა, თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა“.
ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები. მან უთხრა: „აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახალ შერთულსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?“ ავთანდილ უთხრა: „მაგითა შენგან არ მოვიღორები“.
არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად! „ცოლი უყვარსო, გამწირა“, იყო ამიხად მსახავად; მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად? კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!“
ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქვევასა; უბრძანა: „ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა; რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა“. ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა.
შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია, კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.
ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი, ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი, ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნიმცა ესხნეს წრთობილნი.
მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ხამს, თავი იქედგოროსა.
მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან. მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.
ნესტან-დარეჯან თქვა: „ნეტამც ყოლა არ შემოგმცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი. ამბავსა სცნობდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის დნებოდი“.
თინათინ უთხრა: „ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო, აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!“
კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი; იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი. რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.
როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების; ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.
ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყვის, თუ: „თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით; რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, და შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით“.
ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: „მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე“. უბრძანა: „თქვენთვის მტირალსა ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!“
გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.
სამ თვე ვლეს, - ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა! მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა, ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.
ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი, კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი; გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი; მეფე ბრძანებს: „მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი“.
მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია; უბრძანა: „ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?“ მათ მოახსენეს: „სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია, ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია“.
უბრძანეს: „გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა“. მათ ჰკადრეს: „ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა; დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა“.
თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი: „ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი, მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი, კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბალახშ, ყორან-თმიანი.
მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა. ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა; იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა, ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.
მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა, მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა; თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა; იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.
ცნა ამირბარმან წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად, იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად; ორნივე გადაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად; მეფემან ბრძანა: „ჰე ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?“
მეფე გაშმაგდა მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა; ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა; ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა, აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა“.
რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა, ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა; ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა; ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.
ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია, თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია, ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია, მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.
იხოჭს და იგლეჯს, ზახილით ტირს სიტყვა-ხაფი უარე; სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე: „მოვკვე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე, ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუა-რე.
ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო, ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო! მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათებ თემთაო? რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო?“
ტარიელ მოთქვამს: „გამზრდელო, ჰაი, რა საქმე მსმენია! მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?! მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი არღა შენია, ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია“.
კვლა უბრძანებდეს: „გვიამბეთ ამბავი დანარჩომია“. მათ მოახსენეს: „პატრონო, ინდოეთს დიდი ომია, მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია, რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.
„ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია, იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია, გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია, მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!
რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა, ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა; დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა, აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!