თავი 6
რა უცნაური თვისება აქვს ადამიანის ორგანიზმს — უსიამოვნო შეხვედრის წინ თითქოს გეძინება. მაგრამ მაინც არ ვნებდები, ფეხზე ვდგები და ვამბობ: „წუხელ დიდხანს ვიმუშავე, გათენებამდე წიგნებს ვკითხულობდი...“ „დაბრძანდით, დაბრძანდით, მხატვრულ ლიტერატურას ხომ არა?“ — მეკითხება რესპონდენტი. ისევ თავისას აგრძელებს, თუმცა ამით ხომ ჩემს საქმეს აადვილებს. ხელმძღვანელის დარიგება მახსენდება, საბოლოოდ გამოვფხიზლდი და ვამბობ: „გავაგრძელოთ შეკითხვები...“ ის მაშინვე მპასუხობს: „რასაკვირველია, რასაკვირველია...“ — და ვიწრო კარისკენ ატრიალებს თავს, იძახის: „შენ მანამდე ხსნარი დაამზადე, კლიმ.“ ვფიქრობ, ეს კლიმი ვინ არის, და ის მაშინვე მიხსნის: „ჩემი ასისტენტია...“ პორტფელს ვხსნი, ანკეტას მაგიდაზე ვდებ, კალამს ფრთხილად ვიჭერ თითებში — ცოტა მელანი გასდის — და ვეკითხები:
— ბევრ თავისუფალ დროს კარგავთ?
მპასუხობს:
— სულაც არა.
მიკვირს:
— ეს როგორ?!
იმასაც უკვირს:
— აბა, რატომ უნდა დავკარგო?!
„აა, ვერ გამიგეთ, — თავაზიანად ვუხსნი, — რა თქმა უნდა, თქვენ არ გინდათ დროის დაკარგვა, მაგრამ ხომ მგზავრობთ ტრანსპორტით, ხომ უნდა შეხვიდეთ სასურსათო მაღაზიაში, ხომ უნდა მოამზადოთ ვახშამი, ანდა სასადილოში ისაუ...“ და მაწყვეტინებს: „პირიქით, პირიქით, თქვენ ვერ გამიგეთ — მე ნამდვილად არ დავკარგავ დროს, თუკი რიგში დავდგები, ან თუ ერბო-კვერცხს შევიწვავ, ანდა ტრამვაით თუ ვიმგზავრებ...“
ვღიზიანდები:
— რატომ?
„იმიტომ რომ, — ამბობს, — თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ წიგნის კითხვა გგონიათ? და ყველაფერს, რასაც წაიკითხავ, გააზრება არ უნდა? დიდი ამბავი, ტრამვაიში თუ დაჯდები ან დადგები, თავდაყირა დგომისასაც კი შეიძლება ფიქრი.“ „კი მაგრამ, რაზე?“ „რაზე და რასაც წაიკითხავ, იმაზე... ან, რაც გაგახსენდება...“
ოოხ, ხელმძღვანელი... მაინც ვაგრძელებ:
— და თუ ხასიათზე არ ბრძანდებით?
— ჰეე, — ეღიმება, — სწორედ მაშინ უფროა საჭირო, როცა ხასიათზე არ ხარ.
— რატომ?
— ხასიათზე რომ მოხვიდე.
გიჟია, ვიღაცაა, ოხერი... თანაც მიყურებს და გაკვირვებული ამბობს: „ღმერთო, როგორ ჰგავხართ აურელიანო სქელს, სანამ გასუქდებოდა... ხომ არ გეწყინებათ აურელიანო რომ დაგიძახოთ?“
რაებს მიბედავს!
— თუ შეიძლება ეტიკეტი დაიცავით, — ამაყად ვამბობ, — თამაზი მქვია მე!
ხელისგულს მაჩვენებს, თავით ფეხებამდე მორჩილებაა:
— კარგი, თამაზი, კარგი, გენაცვალე.
მზერას ვარიდებ.
„ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს“, — ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩაფიქრებული იწყებს და ვამჩნევ, იცვლება — თვალები ისე ეშმაკურად აღარ უციმციმებს, სულ სხვა კაცია ჩემს წინ, რაღაცნაირად ღრმად მოწყენილი, დაფიქრებული, ჩემს მიღმა იყურება, და რაღაც უცნაურ ამბავს მიყვება, წარმოგიდგენიათ? — გომბეშოზე. თურმე გომბეშო უმოძრაო მწერს ვერ ხედავს, და მხოლოდ მაშინ ამჩნევს, თუ თვალწინ ჩაუფრენს და მაშინვე გადაყლაპავს. და თუ ახლოს მწერი არ არის, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს, და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს. და თურმე ასე იმიტომ არის, რომ ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივად აქვს მოწყობილი...
— ადამიანი კი, — ამბობს, — ადამიანის ტვინი პირიქითაა, თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა და არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება. და რიგში დგომა რა ისეთი გაჭირვება და დროის დაკარგვაა — იდექი და იფიქრე შენთვის, ფიქრს ვინ დაგიშლის... უნებურად ყოველთვის გაიგებ ან დაინახავ რაიმეს. თუ არ გჯერათ, თვალები დახუჭეთ, ასე... რაიმეს თუ გრძნობთ?...
— არა.
— არც არაფერი გესმით?
— არა.
— აბა, დაიძაბეთ.
საიდანღაც წვეთავდა და შორიდან მანქანის ხმაური აღწევდა.
— ხომ გესმით?
— კი.
— და ყურებზედაც რომ მიიფაროთ ხელები, მაინც წარმოიდგენთ რაიმეს — ადამიანი ასეა მოწყობილი. აბა, სცადეთ...
დავინტერესდი, ხომ იცი, და თვალები დავხუჭე, ყურებზედაც მაგრად მივიკარი ხელისგულები. ცოტა ხანს ასე ვიყავი, ერთხანს მხოლოდ აჭრელებულ სიშავეს ვგრძნობდი, და რესპონდენტის ჯინაზე ვცდილობდი, არაფერი წარმომედგინა, მაგრამ უეცრად ცხადად დავინახე გაშლილი სამფეხა ფოტოაპარატი და თვალი რომ გავახილე, შევკრთი: ვიღაც ძალიან პატარა, ახალგაზრდა, ალბათ თვრამეტი-ოცი წლის, თმა გვერდზე გადაევარცხნა, წარმოუდგენლად დაბალი იყო და ცქვიტი, გამწარებული ისვამდა ჯაგრისს დასვრილ სახელოზე. და აი, მაშინ კი მართლაც ძალიან გამიკვირდა, საიდან გაჩნდა-მეთქი, დავიბენი და, კიდევ კარგი, რესპონდენტმა მითხრა: „ეს ჩემი თანაშემწეა, კლიმი.“
გულზე მომეშვა: ის ვიწრო კარიც ღია იყო და მაშინვე ყველაფერს მივხვდი — აბა, როგორ გავიგებდი იმის შემოსვლას, თვალდახუჭული, და ყურებზედაც ხელისგულები მქონდა მიტყაპნილი...
— სასიამოვნოა, — ყოჩაღად თქვა კლიმმა და პატარა მარჯვენა ხელი გამომიწოდა. მეც გავუწოდე ხელი, ჩამომართვა, თითებზე დამხედა, „კალამს გასდის? მაჩვენეთ...“ ვაჩვენე, გამომართვა, ზემოდან წარბშეკრული დააცქერდა, მერე სინათლეზე გახედა, უჯრიდან სწრაფად ამოიღო რაღაც, მოარგო, მოყვითალო სითხეც წაუსვა ფუნჯით, სული შეუბერა, ატრიალა, ატრიალა და დამიბრუნა:
— ინებეთ, წესრიგშია.
რესპონდენტმა კი სიამოვნებით აღნიშნა:
— ცეცხლია, ცეცხლი... — და ისევ მე, მე მომიბრუნდა, — დაინახეთ რამე?
— როდის?
— თვალდახუჭულმა...
— კი — აპარატი.
— ჰოო, აი, ხომ ხედავთ, აპარატიც კი ჩაგრჩათ გულში და... — ისევ დაფიქრებული მიმზერს. — და ქვეყნად რამდენი რომანია ისეთი, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყოველნაირი აპარატი დედამიწის ზურგზე. აი, მაგალითად, თუ წაგიკითხავთ... რომელი ერთი გკითხოთ, უცებ დავიბენი... რომელი ვკითხოთ, კლიმ?
— მადამ ბოვარი, — მოწიწებით წარმოთქვამს კლიმი.
— ჰო, აუ თუნდაც, ქალბატონი მადამ ბოვარი თუ წაგიკითხავთ?
— ეეე... არა, — ვეუბნები, მაგრამ ვაი ამ პასუხს, ისე შემომცქერის და მეკითხება, — მაგ პასუხისთვის რომ შეგაქოთ, ხომ არ ვიქნები გულწრფელი?
— არა.
— ჰოდა, მაშინ, არაფერს გეტყვით.
ის ციცქნა კლიმიც კი დამანამუსებლად მიმზერს, ლაწირაკი, და თუმცა იშვიათად მეცვლება ფერი, ვწითლდები:
— აუცილებლად წავიკითხავ.
— ოო, — ამბობს და მხარზე მადებს ხელს, ახლა სულ სხვა კაცია, ალერსით მიყურებს, შემომღიმის, მოკლედ, თავი შემაყვარა.