თავი I
თავი I
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ უფროსმა დამიბარა და მითხრა:
– თქვენს მომავალ ნაშრომში უნდა აჩვენოთ, როგორ იქცევიან ყოველდღიურად ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრები მუშები და მოსამსახურეები. ასევე უნდა გამოავლინოთ ის წესები, რომლებიც განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებას ცხოვრების პირობების მიმართ. საზოგადოების მუშაობისა და განვითარების იმ სფეროებში, რომლებსაც ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ადრე, ყოფა-ცხოვრება და ის, რასაც ადამიანი სამსახურის გარეთ აკეთებს, დიდ ადგილს იკავებს. ასანთი ხომ არა გაქვს?
მე კი ჩემი ბედი... ასანთი არ მქონდა.
– ერთის მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, – განაგრძო მერე უფროსმა, – და ამასთანავე, დღევანდელ ეტაპზე ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესება...
– გავალ, გიშოვნით...
– არა, არა, მაინც ვაპირებ გადაგდებას და... ადამიანის ცხოვრებაში, სამსახურის გარეთ, მისი ყოველდღიური საქციელი თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის თავისუფალ დროს. ეს სფერო განისაზღვრება, ჯერ ერთი, იმით, რომ ის არის ადამიანის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორი და მისი ცხოვრებისა და მოქმედების განუყოფელი ნაწილია.
მეორე – ასეთი კვლევა გვეხმარება, გამოვავლინოთ მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებითაც შეგვიძლია ადამიანზე სასარგებლოდ ვიმოქმედოთ. და მესამე – ეს სფერო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე ეკონომიკური და სოციალური განვითარების სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილები.
ცოტა ხანს შეჩერდა და მე ვთქვი:
– დიახ.
– თავისუფალი დროის გამოყენების შესწავლა ამ კუთხით, – განაგრძო მერე უფროსმა, – ძალიან აქტუალურია. მისი დამუშავება არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ინტერესსაც წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ერთი წლიური თემისთვის ეს საკითხი საკმარისზე მეტად ფართოა. ამიტომ საკითხი ასე უნდა დავაყენოთ: თქვენ უნდა შეისწავლოთ ყოველდღიური საქციელი სამსახურის გარეთ და მისი დამოკიდებულება ცხოვრების პირობებზე. უნდა შემოვიფარგლოთ გარკვეული პროფესიის ადამიანების კონკრეტიზაციით, ხოლო პროფესიის არჩევა თქვენთვის მომინდია. იმედია, გამიგეთ.
– როგორ არა.
– ხოლო რაც შეეხება იმ კითხვებს, რომლებიც თქვენ უნდა დაუსვათ თქვენს მიერ არჩეული პროფესიის ადამიანებს, ანუ რესპონდენტებს, აი ამ ხუთ გვერდზეა მოცემული. მათი პასუხები უნდა იყოს მკაფიო, მოკლე და ამომწურავი.
– ერთდროულად?
– რა თქმა უნდა. ხოლო თუ წააწყდებით რაიმე გაუგებრობას, გართულებას, ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ... სამსახურის საათებში. გუშინ დაცვაზე იყავი?
– კი.
– როგორ ჩაიარა?
– ისე, ჩვეულებრივად.
– ბევრი ხალხი იყო?
– არა უშავს, კი.
– შენიშვნები ბლომად ჰქონდათ?
– არა, არც ისე... ხანდახან.
– ჰო, კინაღამ დამავიწყდა, – გაახსენდა უფროსს – აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს მატერიალურ-ეკონომიკურ ფაქტორს რესპონდენტთა კეთილდღეობისა თუ საქმიანობის გამოვლენაში მთლიანად.
თავი 2
თავი 2
– 2 –
იმავე საღამოს ანკეტა გადავათვალიერე. ყოველი შეკითხვა გასაგები, მარტივი და ამასთანავე საინტერესო იყო – მე მიყვარს ჩემი დარგი. უფრო სწორად, მომწონს – უცნობი ადამიანებისთვის შეკითხვების დასმა, ახალი განწყობები, ხანდახან ფარული იუმორი, მაგრამ, რაც მთავარია, ენერგია, ენერგია, მიზანდასახულობა, ყველაფერია ერთად.
ვის რა მოსწონს, ანდა პირიქით, ესე იგი – რა არ მოსწონს, ერთი ერთს ამბობს, სხვა – მეორეს, მესამე – მეოთხეს და შენ კი იწერ, იწერ, საქმე მიდის. მაგრამ მეორე დღეს, დილით, რესპონდენტთა პროფესიის შერჩევა გამიჭირდა. ქარხნები – ხმაურიანია და თანაც დაღლილი ადამიანები ამომწურავად არ გპასუხობენ. გამყიდველებს სად სცალიათ – ათასგვარ სურსათს წონიან. სახლებში კი ვერ ჩამოუვლი, რა თქმა უნდა. მძღოლები შენთვის ვერ დაკარგავენ ძვირფას დროს. ექთან-ექიმთა რესპონდენტობა გამორიცხულია, რადგან ისინი ხანდახან დილიდან საღამომდე მორიგეობენ. მე კი მაინტერესებს ისეთი პროფესიის ხალხი, რომლებიც მუდამ ერთსა და იმავე დროს იწყებენ და ამთავრებენ სამუშაოს.
კარგა ხანს ვიწვალე და გონებას ისევ მზერამ აჯობა – ერთ წყნარ ქუჩაზე ფოტოვიტრინას მოვკარი თვალი. ოო, სწორედ ეს გამომადგებოდა – ფოტოგრაფები უმთავრესად ხალისიანი, მოლაპარაკე ხალხია. თმადავარცხნილი მუშტრის მოლოდინში დროც საკმარისი აქვთ, ანკეტა რომ საფუძვლიანად შეავსონ. ამასთანავე, ისინი რეალურად უყურებენ ცხოვრებას, ყველაფერს ზუსტად აფიქსირებენ ფოტოობიექტივის საშუალებით. მე მხნედ შევაღე კარი, შევაბიჯე, ვთქვი: „გამარჯობათ“. მომესმა სასურველი „გაგიმარჯოს“. ვკითხე: „გცალიათ?“ – იმან კი მითხრა: „მა რისთვისა ვარ“. მაგრამ ჩემი მისვლის მიზეზი რომ ავუხსენი, ცოტათი შეცბა. თავით-ფეხამდე შემათვალიერა. მე კი ვცდილობდი, ვყოფილიყავი მის თვალში გულღია, სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი. ჰალსტუხი გავისწორე და გავუღიმე გულწრფელი ადამიანის ღიმილით. იმას კი გვერდზე გადაეხარა თავი და შემომცქეროდა მე, სრულიად უცხოს, ვისაც მისი თავისუფალი დრო აინტერესებდა.
და სანამ მდგომარეობას გაამწვავებდა ბუნებრივი შეკითხვით „რა თქვენი საქმეა“, სწრაფად ავუხსენი, რომ ვარ ისეთი კომპეტენტური დაწესებულებიდან, როგორიცაა ჩვენი, და რომ უნდა ჩამოვუარო მისი პროფესიის ადამიანებს, რათა გავიგო, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, უყვართ თუ არა კინო, სპორტი, ან ტელევიზია, როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა, კომუნალური პირობები და სხვა. მხოლოდ ორჯერ რაღაც შეუტოკდა სახეზე, როცა ვახსენე გამოთქმა „სხვადასხვა ორგანოები“ და სიტყვა „ინსტანცია“. მაგრამ მაშინვე შევცვალე ლექსიკა, რაც ასეთ შემთხვევაში ძალიან საჭიროა, და უბრალო, ჩვეულებრივი სიტყვებით ავუხსენი, რომ ანკეტები დაგვეხმარება ჩვენ, მკვლევარებს, გავიგოთ მისი სურვილები თუ შენიშვნები. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათი შემდგომი ცხოვრების შეძლებისდაგვარად უკეთესად მოწყობას, წინსვლას. და იგი მაშინვე შეიცვალა, რადგან ამოისუნთქა და თქვა: „აგაშენა ღმერთმა“.
ჩვენ კარგად, გულწრფელად ვსაუბრობდით, კმაყოფილი ლამაზმანების სურათების გარემოცვაში. რესპონდენტი მპასუხობდა მკაფიოდ, სწრაფად. მე დროდადრო ვხუმრობდი და ის რომ იცინოდა, ჰალსტუხს ვისწორებდი. რატომღაც მიყვარს ჰალსტუხის წვალება, ალბათ იმიტომ, რომ ისიც მაწვალებს. მაგრამ ჩვენს საქმეში ჰალსტუხი – აუცილებელია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მწამს. რესპონდენტს კი სწამდა, რომ მსუბუქი მუსიკა სჯობს კლასიკურს, ხოლო სპორტული გადაცემა – ინტერვიუს სოფლის მეურნეობის მუშაკთან. რომ გრძელ რიგში დგომა არ არის მაინცდამაინც სასურველი და გაჭედილ ტრამვაიში ფეხისწვერებზე დგომას გაცილებით ურჩევნია ნახევრადცარიელ ტრანსპორტში ფანჯარასთან მიყუჟვა და კერძო ავტომანქანების ნომრების თვალიერება – რომელია უფრო ბედნიერი. სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში ანკეტა შევსებული იყო წესითა და რიგით. გზადაგზა ერთმანეთს ვუამბეთ ორიოდე მხიარული ანეკდოტი, ოღონდ ჩემები – სჯობდა. კიდევ უფრო გამიადვილდა მეორე ანკეტის შევსება სამიოდე კვარტლით მაღლა, ბაღთან, რადგან იმ ფოტოგრაფთან ჩემით მოხიბლულმა პირველმა რესპონდენტმა მოკლე ბარათი გამატანა – „მიშა, ამ ბარათის მომტანი ჩვენი კაცია“. სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო მესამე ანკეტაც, რომელიც უზომოდ მოწყენილი ფოტოგრაფის მოკლე პასუხების მიხედვით შევავსე.
მერე ავედი სამსახურში, უფროსთან. „როგორაა საქმეები, ა?“ მკითხა მან. „მშვენივრად, – ვუპასუხე მე, – უკვე შევუდექი“. „კაი, კაცო“, გაუკვირდა და მხარზე მეგობრულად დამკრა ხელი. ძალიან კარგია, როცა უფროსი არის ასეთი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი, ათლეტი, როგორც იტყვიან, და ამასთანავე ზომიერადაა აყოლილი მოდას – ოდნავ, ძალიან ოდნავ ჩამოგრძელებული ბაკენბარდებით, ასევე წელში ოდნავ გამოყვანილი პიჯაკითა და ოთხკუთხაცხვირიანი ფეხსაცმელებით. გულის გარეთა ჯიბეში კი – ჰალსტუხის ფერის იდენტური ცხვირსახოცი. ანკეტებს ათვალიერებდა. „კარგად გიმუშავია, კარგად, – თქვა უფროსმა, – ოღონდ კომუნალური პირობები ორ ჯგუფად კი არ უნდა დაგეყო, როგორც ეს შენა გაქვს აღნიშნული – კარგ და ცუდ ქვეჯგუფებად, არამედ სამად: პირველი – უზრუნველყოფილნი ყველა კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალური გათბობა, გაზი, აბაზანა ან შხაპი და ცხელი წყალი; მეორე – უზრუნველყოფილნი ძირითადი კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალური გათბობა; და მესამე – უკანალიზაციოები. ისე კი, კარგად გიმუშავია. ასე თუ განაგრძობ, ძალიან კარგი იქნება. აბა, შენ იცი, როგორ არიან თქვენები?..“ ასე გულთბილად მესაუბრებოდა, გადასწვდა სხვადასხვა ამბებს, მშვენიერ გუნებაზე იყო. მაგრამ მერე, არ ვიცი, რა გაახსენდა, ცოტა ხანს ჩაფიქრდა, მზის საწინააღმდეგო სათვალე გაიკეთა, მკერდზე დაიბჯინა ნიკაპი და მკაცრად თქვა:
თავი 3
თავი 3
როგორც უკვე გითხარით, თავისუფალი დროის გატარება ორნაირად შეიძლება შეფასდეს: პირველი - იმით, თუ რას აკეთებს ადამიანი, რა საქმიანობით არის დაკავებული, და მეორე - იმით, თუ რამდენ ხანს, რა ინტენსივობით და რა რაოდენობით აკეთებს ამას.
– 3 –
ასე იყო თუ ისე, საქმე მშვენივრად აეწყო. მაგრამ მეორე დღეს, ხუთშაბათს, დილით ადრე, სწორედ იმ ადამიანს შევხვდი, ვინც გამამწარა. უფრო სწორად, ჩემი ფეხით შევედი იმ საშინელ ფოტოკაბინეტში. ჩემი შესვლა არც გაუგია. სადღაც შორს, თავისთვის ფიქრობდა. თვალები უელავდა, მინის მაგიდას დაყრდნობოდა და წინ გადახრილი, ისე დაჟინებით იყურებოდა ჩემი სხეულის გავლით სადღაც, ძალიან, ძალიან შორს, თითქოს მეც მინისგან ვიყავი გაკეთებული. მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. მაგრამ მაინც ჩავახველე. როცა გამოერკვა, დაბნეულმა გამიღიმა და მითხრა: „მობრძანდით, მობრძანდით, პასპორტისთვის თუ...“
მაშინ მე დავიწყე გეგმის მიხედვით ახსნა, რისთვისაც მივედი. ყურადღებით მისმენდა და ეტყობოდა, რომ ყველაფერს მაშინვე ხვდებოდა, მაგრამ მაინც გამაწყვეტინა:
„ბოდიში, თქვენ თავად გადაწყვიტეთ თუ...“ – და დაამატა: „ღმერთო, როგორ მაგონებთ ვიღაცას...“
„არა, ხელმძღვანელმა გამომგზავნა.“
„მაპატიეთ, მაგრამ... უნდა ვიცოდე, ვინაა ის ხელმძღვანელი, როგორი კაცია... ნეტავ ვის ჰგავხართ...“
„რა, ხელმძღვანელი აქ მოვიყვანო?“ – ხუმრობით ვკითხე, თუმცა უკვე ოდნავ გაღიზიანებულიც ვიყავი.
„არა, არა, მოყვანა რა საჭიროა. ორიოდე სიტყვით დაახასიათეთ, რომ წარმოდგენა მქონდეს, ფაქტობრივად ვისთან მაქვს საქმე...“
„აბა, როგორ გითხრათ... ახალგაზრდა კაცია, მაღალი, ენერგიული, თანამედროვე... ახალგაზრდობის მიუხედავად, რამდენიმე თანამშრომელი მიგვაბარეს და ჩვენთან მუშაობა ძალიან კარგად დაიწყო.“
„ძალიან კარგად დაიწყო?“ – გამაწყვეტინა.
„დიახ!“ – და გაბრაზებულმა გავუმეორე, – „ძა-ალიან კარგად დაიწყო.“
„ეჰ,“ – თქვა კაცმა და მოიწყინა, – „მარშალმა ედმონდო ბეტანკურმაც ძა-ალიან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე როგორც დაამთავრა, მშვენივრად ვიცით...“
„ვინ მარშალი, რას ამბობთ...“ – შევკრთი მე.
„ვინ და ბეტანკური, აბა აურელიანო-სქელს ხომ არ...“ – და შუბლზე შემოირტყა ხელი, – „უჰ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი – თქვენ ძალიანა ჰგავხართ აურელიანო-სქელს, სანამ გასუქდებოდა,“ – და გაოცდა: – „ბიჭო, ბიჭო, როგორა ჰგავს?!“
„ვინ სქელს, რა სქელს...“ – ავღელდი მე.
„ვის და მარშალის ბიძაშვილს, აი, დიეგომ რომ გამოიჭირა... ვერ გაიხსენეთ?.. ეულალიას ქმარი! ჰმ!.. ზუსტად ისეთივედ წარმომედგინა ახალგაზრდობაში, როგორიც ახლა თქვენა ხართ, სანამ ძალიან გასუქდებოდა... რა უცნაური დამთხვევაა... მეც არა ვთქვი, სად შემხვედრია-მეთქი?“
„და, წარმოგიდგენიათ?“ – მკითხა: – „თქვენ ახსნით ამას?“
თვალები აუციმციმდა. „გიჟია თუ რა?“ – ერთი კი გავიფიქრე, მაგრამ გიჟები ხომ არ მუშაობენ, რასაკვირველია. და მკაცრად დავეკითხე:
„როგორ ბედავთ სამსახურში... ნასვამ მდგომარეობაში, ჰა!“
„მე? მე და ნასვამი?!“ – გაოცდა და უცებ საყვედურით შემომხედა, – „ააა, მივხვდი, თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?“
„არა,“ – მივუგე, – „ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ, პასუხი გამცეთ კითხვებზე?“
„სიამოვნებით, სიამოვნებით... ბოდიში, და არც ანსელმოიანი რომანი? ლჲოსასი, მარიო ვარგასის...“
„ა... არა.“
„და... კორტასარი?“
„ეეე... არა.“
მეგონა, გამკიცხავდა, მაგრამ შურით ამათვალიერა:
„ბედნიერი კაცი ყოფილხართ!“
„რატომ?“
„რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ...“
„რა ბედნიერება?“
„პირველად წაკითხვის. ესე იგი, თქვენ სამხრეთ...“
„ბოდიშს ვიხდი, მაგრამ,“ – ვეღარ მოვითმინე, – „თუ არ ვცდები, რესპონდენტი თქვენა ბრძანდებით და არა მე.“
„რესპონდენტი რა არის?“ – მსუბუქად დაინტერესდა.
„ვისაც ეკითხებიან.“
„აა, და თქვენ კი გემატებათ „კო“? ოღონდ თავში – კორესპონდენტი...“
„არა, არა, მე – ინტერვიუერი ვარ.“
„კი ბატონო, მკითხეთ.“
მაგრამ აქ კაბინეტში ვიღაც მორცხვი კლიენტი შემოვიდა. რესპონდენტმა ბოდიში მომიხადა, კლიენტს – პალტო გაახდევინა, დასვა, თავი აუწია, გაახედა, გამოახედა, ჰალსტუხი შემიხსნა, იმას მოარგო კისერზე, ოთახი ძალიან გაანათა, უზარმაზარ აპარატში შეჰყო თავი, კლიენტს ნიკაპი ააწევინა, ობიექტივს რაღაცა მოარგო, მერე მოხსნა, თქვა: „ჰოპ!“ – და ჰალსტუხი ისე მოუხერხებლად შეხსნა, რომ კვანძი დაშალა. უღრმესი მადლობით დამიბრუნა, მაგრამ ვეღარ გავიკეთე, რადგან ჰალსტუხის შეკვრა არ ვიცი, დილაობით ძმას ვთხოვ ხოლმე. რესპონდენტმა კი მოწყენილად თქვა: „მეც რომ არ ვიცი?“ პალტოს ცალ სახელოში ხელი გაყრილ, გვერდზე გადახრილ კლიენტს უთხრა: „ხვალ არა, ზეგ“, ქვითარი გამოწერა, მიაჩეჩა, გადაახდევინა „ბ“ – ოთხმოცი კაპიკი, გაუღიმა – „კარგად იყავი, გენაცვალე“, და მომიბრუნდა, თავით ფეხებამდე მზადყოფნაში:
„ბოდიში, მაგრამ სამსახურის საათებია და... აბა, შევუდგეთ.“
ანკეტიდან ხელის ზურგით გვერდზე გადავწიე ჰალსტუხი და შევუდექი:
„გვარი!“
„კეჟერაძე.“
„სახელი!“
„ვასიკო.“
„ვასილი?“
„დიახ, დიახ,“ – შეცბა, – „მაპატიეთ, „კო“ – ეს ხომ თქვენია – კორესპონ...“
„კორესპონდენტი არა ვარ-მეთქი!“ – მკაფიოდ გავუმეორე, – „არამედ ინტერვიუერი, გასაგებია? დაბადების წელი!“
„ოცდაცხრა.“
„ათას ცხრაას... არა?“ – ხუმრობით ვკითხე.
„რასაკვირველია.“
„სქესი!“
„ვასილი მქვია,“ – იმანაც ხუმრობით მომიგო.
ჩავწერე, „მამრობითი...“
„პროფესია...“
„მხატვრული ფოტოგრაფი.“
და პირდაპირ საქმეზე გადავედით, ასე დავეკითხე:
„გიყვართ თუ არა თქვენი საქმე?“
აქ კი უგულოდ მიპასუხა:
„ისე, რა...“
„რატომ?“
იმან კი დაკვირვებით, ოდნავ ნაღვლიანად შემომხედა, მიყურა, მიყურა და თქვა:
„მე ძალიან მიყვარს ლიტერატურა.“
პატარა ხანს ჩუმად ვიყავით. მერე ვკითხე:
„სპეციალური?“
გაეღიმა და თქვა:
„არა, მხატვრული ლიტერატურა.“
უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ მაინც არ დავნებდი:
„კი ბატონო, მაგაზედაც მივალთ, ეგეთი შეკითხვაც შედის ანკეტაში...“
„აარა, არა,“ – ისევ გაეღიმა, – „მაგაზე კი არ „მივალთ“, არამედ მაგითი იწყება და მაგითი მთავრდება.“
„რა?“
„რა და თქვენი შეკითხვები – ჩემისთანა რესპონდენტისათვის.“
„რა იცით, ჯერ ეს ერთი, თქვენ?!“ – სერიოზულად გავბრაზდი, – „აგერ, მე ახლა უნდა გკითხოთ, როგორია თქვენი ბინის კომუნალური მომსახურების პირობები – ძალიან კარგი, ცუდი თუ საშუალო, და რა შუაში იქნება აქ ლიტერატურა, და ისიც ვიწრო გაგებით – მხოლოდ მხატვრული?“
„ჰეე,“ – ჩაეცინა და ანკეტაში მოურიდებლად ჩაიხედა, – „მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს ცენტრალური გათბობა, მე მაინც მაქვს ძალიან კარგი პირობები, თუ გნებავთ კომუნალური უწოდეთ და რაც გინდათ, სხვა.“
„ეს როგორ?“
„როგორ და მაქვს წიგნების ორი უზარმაზარი კარადა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი – მხარს ზემოთ, ნათურა...“
„და ეგ ხომ კომუნალური პირობები არაა?“
„გააჩნია ვისთვის...“ – და უცებ ამპარტავნულად შემომხედა, – „ესე იგი, მხატვრული – ეს ვიწრო გაგებითაა, არა?“
„დიახ. იმიტომ, რომ არსებობს ლიტერატურა დოკუმენტური, მეცნიერული, პოპულარული, სახელმძღვანელო...“
„ბროშურა გამოგრჩა, კარგო...“
„თუნდაც, თუნდაც,“ – არ დავიხიე, შეუპოვრობა – მთავარია – განვაგრძე, – „კინოფილმები თუ გიყვართ?“
„არა.“
„რატომ?!“ – გავვოცდი.
„დაფინანსებული კონკურენტია.“
„ვისი?..“
„არ მომწონს-მეთქი – გონებაზე მეტად თვალს ახარებს და იმიტომ.“
ჩავწერე „არა“, და მომდევნო შეკითხვა წინა პასუხის გამო შეუფერებელი აღმოჩნდა, – როგორი ფილმები მოგწონთ განსაკუთრებით?
იმან კი მითხრა:
„ტიტრებიანი. გასაგებია?“
ჩემზე ნაკლებად არც იმას სცოდნია გაბრაზება. გული მომივიდა, მაგრამ აქ კვლავ შემოვიდა მუშტარი. კაცი კი, რომელმაც თქვა, რომ ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, გაბრაზებული ჩანდა და უნებურად მუშტარზე იყარა მცირეოდენი ჯავრი – „დაჯექ, დაჯეო“, ასე უთხრა. და ისეთი ძლიერი სინათლე ჩართო, ნათურები გაბმით აზმუვლდნენ. მერე ნიკაპი მკაცრად აუწია და უცებ მოლბა, თავზე გადაუსვა ხელი, „თქვენ რა შუაში ხართ, ბოდიში, თმა აგწეწიათ ცოტა...“ იმანაც, ერთხანს შეშინებულმა, გულიანად გაუღიმა, შეხმატკბილდნენ. ერთი – გაქვავებული იჯდა, მეორე – აპარატს უტრიალებდა. „ჰოპ“, თქვა რესპონდენტმა, პალტოს ჩაცმაში დაეხმარა, მაგრამ მუშტარი იძახდა: „არა, არა, ჩემით...“ ღიმილითვე გაუწოდა ქვითარი და მუშტარმა ფრთხილად რომ მიიხურა კარი, შევცბი – სულ სხვა კაცი შემომცქეროდა, გამომწვევი, უნდო...
„თუ გნებავთ, ხვალ განვაგრძოთ, ხვალაც ამ კვირისაა,“ – იუმორი მოვიშველიე მე.
„არა, არა, მკითხეთ.“
და აქ შევურჩიე კითხვა, რომელსაც არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონოდა მის გატაცებასთან – ასე დავეკითხე:
„მოდაზე რა აზრის ბრძანდებით? როგორი ტანსაცმელი მოგწონთ...“
მაგრამ იმან თქვა:
„ფართოჯიბიანი. ისე კი სულ ერთია...“
„როგორ თუ ფართოჯიბიანი? რისთვის...“
„ნებისმიერი წიგნი რომ ჩაეტიოს.“
არა, ეს სულელი იყო, ვიღაცა, და წამოვდექი.
„ბოდიში, მაგრამ... ხელმძღვანელი მიცდის.“
„მაღალი და ენერგიული? რა გაეწყობა, კარგად ბრძანდებოდეთ...“
ის კაცი ზიზღით მათვალიერებდა, სანამ მე კალამს გულის ჯიბეში ჩავიდებდი, ანკეტას კი პორტფელში ჩავდებდი. სწრაფად წავედი კარისკენ, მაგრამ მან გამაჩერა და მომაძახა:
— აი, ეს დაგრჩათ.
ეს ჩემი ჰალსტუხი იყო.
— მშვიდობით, მშვიდობით... — ვუთხარი და ფრთხილად ჩავიდე პალტოს ჯიბეში, რომ არ დაჭმუჭნულიყო.
— იცით რა? — მითხრა მან, — თქვენ ისევ მოხვალთ...
— არასოდეს! — გავბრაზდი, რადგან მთელი საათი დამაკარგინა.
— ვნახოთ, მოხვალთ თუ არა...
— რა იცით!
— არ შეიძლება, ასე უსახელოდ დავშორდეთ ერთმანეთს, — ამ მომენტისთვის ჩვენი საუბარი იუმორისტულ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიას ჰგავდა.
— ჩვენ უკეთესი საუბარი არც გამოგვივა! — პირდაპირ ვუთხარი.
— რატომ, რატომ, ჯერ სად ხართ... აი ნახავთ, უკეთესად თუ არ ავლაპარაკდები.
— მე კი აქ ფეხის დამდგმელი აღარ ვარ და...
— ვნახოთ, — გაეღიმა.
გამწარებული გამოვედი, შუბლზე ოფლი მასხამდა. ოფლის შესამშრალებლად ცხვირსახოცის ასაღებად ჯიბეში ჩავიყავი ხელი, ამოვიღე, მოვისვი კიდეც, მაგრამ სხვა ნივთი აღმოჩნდა...
თავი 4
თავი 4
ეს ჰალსტუხი იყო.
— 4 —
ხელმძღვანელს სვიტერი ეცვა, რომელიც ძალიან კარგად იყო ნაქსოვი. მისი ძლიერი სხეული გამოკვეთილი იყო. ქალები გიჟდებიან ასეთ კაცებზე — ყოველ შემთხვევაში, მათი გარკვეული ნაწილი მაინც. უცხო ადამიანი რომ შეხედოს, იფიქრებს, რომ ნამდვილი ათლეტია. მეცნიერი და ასეთი აღნაგობა? საუბარიც დამაჯერებელი აქვს — სავსეა ტერმინებით, რთული და ზუსტი. რა გამოთქმა გინდა, რომ მან არ იცოდეს, ნამდვილი უცხო სიტყვების ლექსიკონია.
ერთი რამ ვერ გამიგია — მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი თვალ-წარბი აქვს, მაინც ძალიან უყვარს მზის საწინააღმდეგო სათვალის ტარება. ახლაც უკეთია. სავარძელში ზის, ჩემს მიერ მიწოდებულ ანკეტას კითხულობს და დროდადრო ამბობს: „საინტერესოა, საინტერესოა...“ მე, გახარებული, ადგილზე ვხტუნავ, ბოლო ანკეტაზეა, საცაა — შემაქებს. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს, ძალიან გასაკვირი — თუ ძალიან ვღელავ, მეძინება ხოლმე. ერთი-ორჯერ გაუგებრობას მივაწერე ეს შემთხვევა, მაგრამ მერე, როცა გახშირდა, ექიმს ვეჩვენე. მან წერილი გადაიკითხა, გულდასმით გამსინჯა და თქვა, რომ საგანგაშო არაფერია. მსგავსი შემთხვევები ცნობილია მედიცინის ისტორიაში. განსაკუთრებით ისაა საინტერესო, რომ ეძინებათ მხოლოდ უსიამოვნო ამბის მოლოდინში. სხეული თურმე მექანიკურად გამოირთვება, მაგრამ სასიამოვნო მღელვარების დროს კი არა, როგორც, მაგალითად — ახლა — სულაც არ მერევა თვლემა შექების წინ.
რა თქმა უნდა, თანამშრომლებისთვის არ გამიმხელია ჩემი ეს ჩვევა. ისინი რას გაიგებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სხეული თავისთავად, მექანიკურად გამოითიშება ხოლმე მოსალოდნელი საფრთხის წინ. ისინი მაშინვე დაასკვნიან — ბოთეა — და მორჩა... ხელმძღვანელი ღიმილით მიყურებს, ამბობს: „კარგად გიმუშავია, ყოჩაღ...“ სამი სიტყვა მითხრა, სამივე კარგი — „ყოჩაღ“, „კარგად“ და „გიმუშავია“, — ამდენი როდის მოასწარი, ა?“ მე ვიღიმი, მორცხვად ვხრი თავს, ხელმძღვანელი კი მხარზე მადებს ხელს და ამბობს: „ძალიან კარგად დაგიწყია...“ რაღაც უცნაური ფრაზა მახსენდება, სადღაც გაგონილი, ვიღაცამ მითხრა ახლა, ახლახანს. ენის წვერზე მიტრიალებს, არ მსიამოვნებს კი, და — ჰო, მახსენდება, ის სულელი — ედმონდო რაღაც გვარმაც კარგად დაიწყო, მაგრამ... „ანკეტათა საერთო რიცხვი შესაძლოა ერთით მეტიც ყოფილიყო, — ვეუბნები ხელმძღვანელს, — მაგრამ იმ ერთთან შეუძლებელი იყო მუშაობა...“ „და თავი გაანებე?“ „დიახ“, — გაუბედავად ვპასუხობ, მაგრამ ხელმძღვანელი ამბობს: „კარგად მოქცეულხარ. თუკი რესპონდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას, შენც მაშინვე თავი უნდა გაანებო და სხვაზე გადახვიდე...
რესპონდენტების მეტი რაა?!“ „ძალიან უცნაური კაცი იყო, — სახე მეჭმუხნება, მაგრამ მაინც ვუღიმი, — ყველაფერს, ყოველივეს, ერთი კუთხით უდგებოდა, შეუძლებელი იყო მასთან მუშაობა...“ „რომელი კუთხით?“ — მეკითხება ხელმძღვანელი, მხიარულება დასთამაშებს ტუჩებზე. „ლიტერატურულით, და ისიც ვიწრო გაგებით, ყველაფერს მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კუთხით უდგებოდა...“ „ლიტერატურული კუთხითო, შენ ამბობ? — ოდნავ დაინტერესებული მეკითხება, — ეს როგორ?“ „როგორ და... — ვიხსენებ, — აი, მაგალითად, თქვა, ძალიან კარგ კომუნალურ პირობებში ვიმყოფები, რადგან მაქვს წიგნის კარადები, თაროები და ნათურაო...“
„აჰაჰა, — მოხდენილად იცინის ხელმძღვანელი, — არა სცოდნია, კომუნალური მომსახურება რასაც ნიშნავს... კიდევ?“ „კიდევ... — ვიხსენებ, — ჰო! მოდაზე ვკითხე, როგორი მოგწონთ-თქო, იმან კი — ფართოჯიბიანი, წიგნი რომ ჩაეტიოსო. აბა?!“ „ნუთუ?“ — ამბობს ხელმძღვანელი, — და მე ახლავე აგიხსნით, თუ რატომ“. ოთახში დადის, ბოლთას სცემს. მე ფეხზე ვდგავარ და თვალს ვაყოლებ — „სწორად უთქვამსო!..“ აჰ, ეს რა მითხრა, რაღაც უსიამოვნოს მოლოდინში თვლემა მერევა და უცებ მახსენდება: „დიახ, დიახ, როგორი ფილმები მოგწონთ-მეთქი და ტიტრებიანიო!“ „რატომ...“ „ალბათ იმიტომ, რომ ტიტრებია წასაკითხი...“ და ასე უყვარს ლიტერატურა? ოჰო! — ხელებს იფშვნეტს ხელმძღვანელი, — ეს კაცი არ უნდა დავკარგოთ...“ ისევ ბოლთას სცემს, „უყურე შენ, — დაფიქრებული მიმზერს, და უცებ კითხვას კითხვაზე მაყრის, — და თქვენ გგონიათ, რომ მასიურ, შაბლონურ პასუხებს გაცილებით არ სჯობს ინდივიდის არსებობა? რომელიც მთელ ამ კომპლექსს პასუხობს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სურვილისდა მიხედვით ამორჩეული საქმიანობის კუთხით? და თქვენ გგონიათ, რომ მხატვრული ლიტერატურა ხელწამოსაკრავია, როგორც ასეთი? რა სჯობია ხანდახან, სიგრილეში, მაგალითად, დიკენსის კითხვას? და განა ლიტერატურა კულტურული დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არ არის?“
აქ კი ხელმძღვანელი ჩერდება და აშკარად ეტყობა, რომ თავის საკუთარ, მომავალ ნაშრომზე ფიქრობს, რადგან ასეთ დროს თავს სწორედ ასე, ოდნავ გვერდულად და ზემოთკენ სწევს ხოლმე, და ხდება ჯიუტი, შეუდარებელი. მუქი სათვალიდან მის გამჭოლ, ცივ მზერას ვგრძნობ, და, წარმოგიდგენიათ? — მკაცრად მეუბნება: „დღესვე მიბრძანდით ხსენებულ რესპონდენტთან და შეავსეთ ანკეტა მისი პასუხისა და სურვილის მიხედვით და გახსოვდეთ, რომ ხანდახან საინტერესო ინდივიდის ჩვენებები შესაძლოა მეტ ინტერესს მოიცავდეს, ვიდრე ათობით ადამიანის სტანდარტული პასუხი. მაგრამ მე ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ იმ კაცს მართლაცდა ზედმიწევნით უყვარს ლიტერატურა, ესე იგი, კულტურული დასვენების ესა თუ ის დარგი და შემდგომ, თუკი მხატვრული ლიტერატურა მართლაცდა მუქ წითელ ხაზად გასდევს მთელ მის ცხოვრებას, უნდა გამოვარკვიოთ — რატომ, — და ოდნავ მოლბა, — აბა, შენ იცი, წადი...“
თავი 5
თავი 5
— 5 —
ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ რა მექნა, ასე იყო საჭირო — მივდიოდი კაცთან, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. დაღმართებში ჩავდიოდი, ქუჩა მოყინული იყო და, კიდევ კარგი, ნახერხი მოეყარათ და ისე ძალიან აღარ მისრიალებდა ფეხი. მაინც ფრთხილად ჩავდიოდი, და ხანდახან ისე უეცრად წამომივლიდა: „ვისთან მივდივარ! რა ჯანდაბა მინდა!..“ უგუნებოდ ვიყავი, რა სათქმელია — გაამწარებული ვიყავი... და ვიღაც ქალი რომ წაიქცა, ცოტათი გამომიკეთდა გუნება — გავიღიმე. მაგრამ ნაცნობ ფოტოკაბინეტს რომ მივადექი, ისევ ავწრიალდი, გავნერვიულდი, მთქნარება ამიტყდა. ოთახში სინათლე ენთო, ღონე მოვიკრიბე, ენერგიულად შევაღე კარი და შევცბი — არავინ იყო.
პატარა ხანს გაოცებული ვიდექი, სანამ მოგუდული ხმა არ შემომესმა: „ახლავე გამოვალ, სურათებს ვბეჭდავ...“ მივაყურე და ვიწრო კარი დავინახე, სწორედ იქიდან მომესმა ხმა. სავარძელზე ჩამოვჯექი, ვიცდიდი. ცუდია, როცა იმას ელოდები, ვისი დანახვაც არ გსიამოვნებს. კედლებს მოვავლე თვალი, სურათებიდან უმთავრესად მე მიმზერდნენ, ზოგს კი განზე ექცია პირი, ანდა თავი ნაზად დაეხარა. ყველაზე მეტად სათვალიანი ბავშვის დაჟინებული მზერა არ მესიამოვნა, მერე მკერდმოღლეტილ ქალს მივაპყარი თვალი, ის კი განზე გულგრილად იხედება, თვალთმაქცი. აჰ, საცაა რესპონდენტი გამოვა, ვღელავ, ძალიან ვღელავ. სიმძიმე, მძიმე. ქალი ახლა ჩემსკენ იყურება, მაგრამ აღარაფრის თავი აღარა მაქვს, დავმძიმდი, დავმძიმდი, მძიმდი...
ვმძიმდები, ვდუნდები, თავი გამანებეთ, ვამბობ თუ ვფიქრობ, აღარც კი ვიცი. ვდუნდები, ის კი არ მეშვება, მხარზე მსუბუქად მადებს ხელს, და ნაზი, შემპარავი ხმა: „იანო, იანო...“ „არა, არა, მცირე ნალექი“, ვამბობ თუ ვფიქრობ, მძიმეა, მძიმე. ისევ მოვეშვი, ვეშვები, ვეშვები... და ისევ ჩემი მხარი, იგივე შემპარავი: „ლიანო, ლიანო...“ თავი დამანებეთ, აღარაფერი მინდა, ოღონდ მომეშვით, მაცალეთ, მაცალეთ. ტროლეიბუსი მსუყედ მისრიალებს ნაწვიმარზე, მცირე ნალექი. ის კი ისევ, ისევ, ოღონდ უფრო ღონივრად და მისი შემპარავი, ეშმაკური „რელიანო, რელიანო“, და ტაშის შემოკვრა. თვალს ვახელ, მე მიყვარს ტაში. თვითონ ვუღებ სურათს, ოღონდ იისფერ ფოკუსში გაორებული და ბუნდოვანი ჩანს, მაგრამ მკაფიოდ მესმის „ურელიანო, ურელიანო...“ და ცხადად ვხედავ, რა ქალი, რის ქალი — რესპონდენტია! ჩამძინებია, უნებურად, რა თქმა უნდა და ის კი მხარს მინჯღრევდა თურმე და მაღვიძებდა: „აურელიანო... მოხვალ-მეთქი, აკი გითხარი, აურელიანო!“
— 6 —
თავი 6
თავი 6
რა უცნაური თვისება აქვს ადამიანის ორგანიზმს — უსიამოვნო შეხვედრის წინ თითქოს გეძინება. მაგრამ მაინც არ ვნებდები, ფეხზე ვდგები და ვამბობ: „წუხელ დიდხანს ვიმუშავე, გათენებამდე წიგნებს ვკითხულობდი...“ „დაბრძანდით, დაბრძანდით, მხატვრულ ლიტერატურას ხომ არა?“ — მეკითხება რესპონდენტი. ისევ თავისას აგრძელებს, თუმცა ამით ხომ ჩემს საქმეს აადვილებს. ხელმძღვანელის დარიგება მახსენდება, საბოლოოდ გამოვფხიზლდი და ვამბობ: „გავაგრძელოთ შეკითხვები...“ ის მაშინვე მპასუხობს: „რასაკვირველია, რასაკვირველია...“ — და ვიწრო კარისკენ ატრიალებს თავს, იძახის: „შენ მანამდე ხსნარი დაამზადე, კლიმ.“ ვფიქრობ, ეს კლიმი ვინ არის, და ის მაშინვე მიხსნის: „ჩემი ასისტენტია...“ პორტფელს ვხსნი, ანკეტას მაგიდაზე ვდებ, კალამს ფრთხილად ვიჭერ თითებში — ცოტა მელანი გასდის — და ვეკითხები:
— ბევრ თავისუფალ დროს კარგავთ?
მპასუხობს:
— სულაც არა.
მიკვირს:
— ეს როგორ?!
იმასაც უკვირს:
— აბა, რატომ უნდა დავკარგო?!
„აა, ვერ გამიგეთ, — თავაზიანად ვუხსნი, — რა თქმა უნდა, თქვენ არ გინდათ დროის დაკარგვა, მაგრამ ხომ მგზავრობთ ტრანსპორტით, ხომ უნდა შეხვიდეთ სასურსათო მაღაზიაში, ხომ უნდა მოამზადოთ ვახშამი, ანდა სასადილოში ისაუ...“ და მაწყვეტინებს: „პირიქით, პირიქით, თქვენ ვერ გამიგეთ — მე ნამდვილად არ დავკარგავ დროს, თუკი რიგში დავდგები, ან თუ ერბო-კვერცხს შევიწვავ, ანდა ტრამვაით თუ ვიმგზავრებ...“
ვღიზიანდები:
— რატომ?
„იმიტომ რომ, — ამბობს, — თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ წიგნის კითხვა გგონიათ? და ყველაფერს, რასაც წაიკითხავ, გააზრება არ უნდა? დიდი ამბავი, ტრამვაიში თუ დაჯდები ან დადგები, თავდაყირა დგომისასაც კი შეიძლება ფიქრი.“ „კი მაგრამ, რაზე?“ „რაზე და რასაც წაიკითხავ, იმაზე... ან, რაც გაგახსენდება...“
ოოხ, ხელმძღვანელი... მაინც ვაგრძელებ:
— და თუ ხასიათზე არ ბრძანდებით?
— ჰეე, — ეღიმება, — სწორედ მაშინ უფროა საჭირო, როცა ხასიათზე არ ხარ.
— რატომ?
— ხასიათზე რომ მოხვიდე.
გიჟია, ვიღაცაა, ოხერი... თანაც მიყურებს და გაკვირვებული ამბობს: „ღმერთო, როგორ ჰგავხართ აურელიანო სქელს, სანამ გასუქდებოდა... ხომ არ გეწყინებათ აურელიანო რომ დაგიძახოთ?“
რაებს მიბედავს!
— თუ შეიძლება ეტიკეტი დაიცავით, — ამაყად ვამბობ, — თამაზი მქვია მე!
ხელისგულს მაჩვენებს, თავით ფეხებამდე მორჩილებაა:
— კარგი, თამაზი, კარგი, გენაცვალე.
მზერას ვარიდებ.
„ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს“, — ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩაფიქრებული იწყებს და ვამჩნევ, იცვლება — თვალები ისე ეშმაკურად აღარ უციმციმებს, სულ სხვა კაცია ჩემს წინ, რაღაცნაირად ღრმად მოწყენილი, დაფიქრებული, ჩემს მიღმა იყურება, და რაღაც უცნაურ ამბავს მიყვება, წარმოგიდგენიათ? — გომბეშოზე. თურმე გომბეშო უმოძრაო მწერს ვერ ხედავს, და მხოლოდ მაშინ ამჩნევს, თუ თვალწინ ჩაუფრენს და მაშინვე გადაყლაპავს. და თუ ახლოს მწერი არ არის, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს, და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს. და თურმე ასე იმიტომ არის, რომ ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივად აქვს მოწყობილი...
— ადამიანი კი, — ამბობს, — ადამიანის ტვინი პირიქითაა, თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა და არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება. და რიგში დგომა რა ისეთი გაჭირვება და დროის დაკარგვაა — იდექი და იფიქრე შენთვის, ფიქრს ვინ დაგიშლის... უნებურად ყოველთვის გაიგებ ან დაინახავ რაიმეს. თუ არ გჯერათ, თვალები დახუჭეთ, ასე... რაიმეს თუ გრძნობთ?...
— არა.
— არც არაფერი გესმით?
— არა.
— აბა, დაიძაბეთ.
საიდანღაც წვეთავდა და შორიდან მანქანის ხმაური აღწევდა.
— ხომ გესმით?
— კი.
— და ყურებზედაც რომ მიიფაროთ ხელები, მაინც წარმოიდგენთ რაიმეს — ადამიანი ასეა მოწყობილი. აბა, სცადეთ...
დავინტერესდი, ხომ იცი, და თვალები დავხუჭე, ყურებზედაც მაგრად მივიკარი ხელისგულები. ცოტა ხანს ასე ვიყავი, ერთხანს მხოლოდ აჭრელებულ სიშავეს ვგრძნობდი, და რესპონდენტის ჯინაზე ვცდილობდი, არაფერი წარმომედგინა, მაგრამ უეცრად ცხადად დავინახე გაშლილი სამფეხა ფოტოაპარატი და თვალი რომ გავახილე, შევკრთი: ვიღაც ძალიან პატარა, ახალგაზრდა, ალბათ თვრამეტი-ოცი წლის, თმა გვერდზე გადაევარცხნა, წარმოუდგენლად დაბალი იყო და ცქვიტი, გამწარებული ისვამდა ჯაგრისს დასვრილ სახელოზე. და აი, მაშინ კი მართლაც ძალიან გამიკვირდა, საიდან გაჩნდა-მეთქი, დავიბენი და, კიდევ კარგი, რესპონდენტმა მითხრა: „ეს ჩემი თანაშემწეა, კლიმი.“
გულზე მომეშვა: ის ვიწრო კარიც ღია იყო და მაშინვე ყველაფერს მივხვდი — აბა, როგორ გავიგებდი იმის შემოსვლას, თვალდახუჭული, და ყურებზედაც ხელისგულები მქონდა მიტყაპნილი...
— სასიამოვნოა, — ყოჩაღად თქვა კლიმმა და პატარა მარჯვენა ხელი გამომიწოდა. მეც გავუწოდე ხელი, ჩამომართვა, თითებზე დამხედა, „კალამს გასდის? მაჩვენეთ...“ ვაჩვენე, გამომართვა, ზემოდან წარბშეკრული დააცქერდა, მერე სინათლეზე გახედა, უჯრიდან სწრაფად ამოიღო რაღაც, მოარგო, მოყვითალო სითხეც წაუსვა ფუნჯით, სული შეუბერა, ატრიალა, ატრიალა და დამიბრუნა:
— ინებეთ, წესრიგშია.
რესპონდენტმა კი სიამოვნებით აღნიშნა:
— ცეცხლია, ცეცხლი... — და ისევ მე, მე მომიბრუნდა, — დაინახეთ რამე?
— როდის?
— თვალდახუჭულმა...
— კი — აპარატი.
— ჰოო, აი, ხომ ხედავთ, აპარატიც კი ჩაგრჩათ გულში და... — ისევ დაფიქრებული მიმზერს. — და ქვეყნად რამდენი რომანია ისეთი, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყოველნაირი აპარატი დედამიწის ზურგზე. აი, მაგალითად, თუ წაგიკითხავთ... რომელი ერთი გკითხოთ, უცებ დავიბენი... რომელი ვკითხოთ, კლიმ?
— მადამ ბოვარი, — მოწიწებით წარმოთქვამს კლიმი.
— ჰო, აუ თუნდაც, ქალბატონი მადამ ბოვარი თუ წაგიკითხავთ?
— ეეე... არა, — ვეუბნები, მაგრამ ვაი ამ პასუხს, ისე შემომცქერის და მეკითხება, — მაგ პასუხისთვის რომ შეგაქოთ, ხომ არ ვიქნები გულწრფელი?
— არა.
— ჰოდა, მაშინ, არაფერს გეტყვით.
ის ციცქნა კლიმიც კი დამანამუსებლად მიმზერს, ლაწირაკი, და თუმცა იშვიათად მეცვლება ფერი, ვწითლდები:
— აუცილებლად წავიკითხავ.
— ოო, — ამბობს და მხარზე მადებს ხელს, ახლა სულ სხვა კაცია, ალერსით მიყურებს, შემომღიმის, მოკლედ, თავი შემაყვარა.
თავი 7
თავი 7
– 7 –
და რადგან სასწრაფოდ უნდა დაებეჭდა ათი წლის წინათ კურსდამთავრებულ ვიღაც ენერგეტიკოსთა სურათები, სწორედ იმ ვიწრო კარში შევედით. მქრქალ სიბნელეში, ბაც წითელ შუქზე, თან ვსაუბრობდით და თანაც სურათებს ამჟღავნებდა. მპასუხობდა მოკლედ, მკაფიოდ, მშვიდად. ვისარგებლე შემთხვევით და ძალიან რთული შეკითხვა დავუსვი, რომელზედაც უცებ, ერთბაშად ვერავინ პასუხობს: „მოგწონთ ცხოვრება?“ იმან კი მაშინვე ასე მომიგო: „გააჩნია, იმ დღეს როგორი ავტორი შემხვდება...“ ვსაუბრობდით, და რაღაც ხსნარში ჩაგდებულ თეთრ ფოტოქაღალდზე ვიღაცის წარბი ამოიზნიქებოდა. მერე — ტუჩები, თვალები, თმა. „იბადებიან, — იხუმრა რესპონდენტმა, — ხანდახან ისეთი საინტერესო პერსონაჟი შემხვდება, მაპატიეთ, მაგრამ, აი, თქვენსავით, აჰ, როგორ ჰგავხართ აურელიანოს, ოღონდ გასქელებამდე, თამაზი ჩემო, როგორ, აი, ეს კი, მაგალითად, — პინცეტი დაადო რომელიღაც ახალშობილს, — უწყინარი კაცი უნდა იყოს. თქვენ წარმოიდგინეთ, არიან ბოროტებიც, და გაბღენძილს რა გამოლევს, გვხვდებიან სათნოებიც. გამოვდივარ თუ არა კრებებზე?
არა, არა, ჯერ ეგ ერთი, ფოტოგრაფებს იშვიათად გვიწვევენ კრებებზე, და გინდაც ყოველდღე გვქონდეს, მაინც არ გამოვალ სიტყვით — არ შემიძლია ერთნაირად მივმართო სხვადასხვა განათლებისა და ხასიათის ადამიანებს. როგორ შეიძლება მიმართო ორ კაცს ერთნაირად, მაშინ, როდესაც ერთს წაკითხული არ აქვს... რომელიმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ... ჰო, აი თუ ერთს არ წაუკითხავს სტენდალი, მეორეს კი ზეპირად იცის, განა შეიძლება ამ ორ კაცს ერთი და იგივე სიტყვებით მიმართო? ახლა ეს ფირი დავბეჭდოთ, კლიმ... ხოლო რაც შეეხება მომდევნო შეკითხვას, თუ რომელი მეცნიერება მიტაცებს, ესე იგი მიყვარს — არა? მიჭირს პასუხის გაცემა.
„მე მეცნიერებაში კარგად არ ვერკვევი. შეიძლება, ჯერ ის ვთქვა, რა არ მიყვარს? მაგალითად, მათემატიკა. ღმერთო ჩემო, კლიმ, ეს ვისი სახეა? რა თვითკმაყოფილი გამომეტყველება აქვს, წარმოუდგენელია!“ – ამბობს კაცი და დაუმუშავებელ სურათს დაჰყურებს. „ახლა, ამ კაცის რა უნდა დაიჯერო? ნეტავ ვინაა, ან როგორ იქცევა სამსახურში, ოჯახში? ეს სურათი კიდევ ერთხელ დაბეჭდე, კლიმ, კაბინეტში ჩამოვკიდოთ, კარგად ხილულ ადგილას. მის შემხედვარე, ყველა მიხვდება, რა ცუდია თვითკმაყოფილება. მე იმას ვამბობდი, ხომ ცნობილია, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ბავშვობიდან ნაცნობი მყავს, რომელიც ფუფუნებაში იზრდებოდა, საწყალი. როცა გაიზარდა, მშობლების ფუფუნება არ მოკლებია. საწყალს, სახეზე ზეთი ჩამოსდიოდა და ახლაც მუდამ მშიერის გამომეტყველება აქვს სწორედ იმიტომ, რომ სულ მაძღარია. განა შეიძლება, ოდესმე დანაყრდე, თუ მუდამ მაძღარი ხარ? და იცით, რა მოინდომა? ტრაბახა გახდა, დასვენებულ ტვინზე და სწორედ ამ კაცისნაირი თვითკმაყოფილი გამომეტყველება მიიღო.“
კლიმი ყურადღებით უსმენს და უცებ შეწუხებული ამბობს:
„უჰ, სულ გავაშავე...“
თურმე კლიმს დაავიწყდა ხსნარში ჩადებული სურათის ამოღება. ჩანახშირებული სახე ჩანს. კაცი კი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, ამბობს: „ეგ არაფერი, კლიმ, ქაღალდის მეტი რა გვაქვს...“ „კი, მაგრამ რატომ უნდა გამეშავებინა?“ – შეწუხებულია კლიმი. რესპონდენტი კი ჩაშავებულ ქაღალდზე სწორედ იმ თვითკმაყოფილ კაცს ცნობს და ზიზღით ამბობს: „გააშავე, თორემ მაგასაც აკადემიაში აირჩევდნენ... ჰო, მათემატიკაზე მოგახსენებდით,“ – აგრძელებს ის, – „აი, ვთქვათ, ქუჩაში დგას ის ვაჟბატონი, ნაფუფუნებარი, და მის გვერდით კი... ვინმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ, ძალიან დიდი... ოო, მაგაზე უკეთესს რას მეტყოდი! ჰოდა, ვთქვათ, ერთად დგანან უნებურად ამაყი, ჩამოძენძილი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი და გვერდით კი უდგას ეს ჩვენი ნაცნობი, უსაქმური, წეღან რომ დაგიხასიათეთ. მერე რა, სხვადასხვა ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ? მაშინაც კი იქნებოდა ვინმე ასეთი. ვთქვათ, ერთად დგანან – ოცნებით სავსებით შეიძლება საუკუნეების მანძილზე გასეირნება – ჰოდა, ჩამოივლის იმ დროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და რომ ჰკითხავენ – რამდენი კაცი დგას ქუჩაში? – იტყვის: „ორი...“ აბა, გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუ „ორი“ – ის და ის – ესე იგი – ერთი პლუს ერთია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება. ლიტერატურაში კი, ჩემო კარგო, ეჰ, ასეთი უზუსტობა არასოდეს არ მოხდება. ყველაზე უკანონებო მეცნიერება თუმცაღა კია... „უკანონებო“ ამ შემთხვევაში სულ სხვა სიტყვაა, ტკბილო... ვერავინ იტყვის, ესპანეთში ერთ დროს ორი მხედარი რომ დადიოდა – არა, ერთი, მაღალი, გამხდარი – დადიოდა და მეორე – დაბალი, მსუქანი – დაჰყვებოდა... ამოიღე, ამოიღე, კლიმ, კიდევ გაშავდა? შენ რა გითხარი...“ – ეღიმება.
მქრქალ სინათლეში ვდგავართ, ვსაუბრობთ, ანკეტას ვავსებ...
„ცოლ-შვილი თუ მყავს? არა, არა მყავს. საცოლე კი, გაგიხარია, მყავდა. მაგრამ მე იმის შემდეგ ცოლს ვეღარ მოვიყვან. ისე კი, რა დაგიმალოთ და ქალებში კი დავდივარ ხანდახან, ორგანიზმი მაინც თავისას ითხოვს. ცოლის მომყვანი კი... არა, აღარ ვარ. გინდა, გიამბო? ყველაფერს გეტყვით – ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა... ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე – იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, გულწრფელი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი. ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა. და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან – თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას... ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლოებით მოცული, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... „მოიისფრო“. გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა... „გავძეხი“. და მე კი განზე ვიდექი, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე...“ ოო, ამოიღე, ამოიღე, კლიმ, ძლივს არ გამოვიდა?“
ვიდექით, ვსაუბრობდით...
– 8 –
თავი 8
თავი 8
ხელმძღვანელი დაკვირვებით მიყურებს, მზის საწინააღმდეგო სათვალეც კი მოუხსნია და ასე მიყურებს, პირდაპირ, ჯიქურ. მე ანკეტას ვკითხულობ. ყველა პასუხი – ეს რაღაც საერთოა მხატვრულ ლიტერატურასთან, როგორც ასეთი. ხელმძღვანელი ხან მე მისმენს, ხანდახან კი აშკარად თავის მომავალ ნაშრომზე ფიქრობს, რადგან დროდადრო თავს სწორედ ასე, ოდნავ გვერდულად და ზემოთკენ სწევს ხოლმე და შორეულ სივრცეში ცალწარბაწეული იყურება. და დროდადრო სწრაფად ამბობს: „აჰაჰა... ჰაჰა... კარგია, კარგი...“ მე ვრცლად ჩაწერილ პასუხებს ვკითხულობ – დასახელებულ რესპონდენტს არ უყვარს მათემატიკა, რადგან მწერალი სერვანტესი პლუს ვინმე უსაქმური არ არის ორი, ესე იგი ერთი პლუს ერთი; რომ საცოლე წაართვა კაცმა, რომელიც ჰგავდა სიტყვას „გავძეხი“; მიაჩნია, რომ ოდნავადაც კი არ კარგავს თავისუფალ დროს, რადგან გადაჭედილ ტრამვაიში მგზავრობისას ფიქრობს ლიტერატურაზე, ოღონდ ვიწრო გაგებით, ისევ და ისევ მხოლოდ მხატვრულზე. და ყველაფერს თანმიმდევრულად ვეუბნები ხელმძღვანელს. ისიც დროდადრო ყურადღებით მისმენს. ფაქტებს ვაფიქსირებთ. „არ მეკარგებაო, არა?“ – ხმადაბლა, იდუმალი ხმით მეკითხება ხელმძღვანელი, – „არაო, არა,“ – ვეუბნები, – „წარმოგიდგენიათ?“ „ეს ხომ შესანიშნავია, შესანიშნავი,“ – ამბობს, – „აი, ინდივიდი – მესმის... და თქვენ თუ გესმით, რომ გადავაწყდით ისეთ მკვეთრ, მკაფიოდ გამოხატულ ინდივიდს, რომელიც შესძლებდა ეპასუხა კითხვებზე, რომლის შინაგანი სამყაროც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სფეროა? და განა მხატვრული ლიტერატურა უმნიშვნელოა, როგორც ასეთი? განა მხატვრულ ლიტერატურას არ ემსახურებოდნენ კალმით ტოლსტოი, გერცენი, ეე... და მთელი რიგი საქვეყნოდ ცნობილი ადამიანებისა? კარგია, კმარა,“ – ამბობს და მიყურებს, – „მოდით, წავიდეთ. დასახელებული რესპონდენტი დიახაც რომ რთული კითხვებისთვისაა ზედგამოჭრილი,“ – და ოდნავ ღელავს, – „ადგილზევე ვნახოთ... ნეტავ, სამსახურში თუ იქნება...“ „აბა სად იქნება,“ – ვამშვიდებ, – „სად უნდა იყოს, თუ არ“... „კარგით, წავიდეთ...“ – მკაცრად მეუბნება.
ქუჩაში მივაბიჯებთ, ორნი, ხელმძღვანელი და მე. თუმცა აღელვებულია, ნაბიჯი მაინც მტკიცე აქვს, გამართულია, პალტო ლამაზად აზის ათლეტურ ტანზე, აქოჩრილი თმა აქვს, გამჭოლი მზერა, რაღაცით არწივსა ჰგავს, გაბედული. მე მსიამოვნებს, მიხარია ხელმძღვანელთან ერთად სიარული, ასე, ტოლივით გვერდიგვერდ და მხარდამხარ. იმასაც ვნატრობ, ნეტავ ვინმე ნაცნობმა დამინახოს. ჩვენ მივუყვებით ქალაქის ქუჩებს, ვუახლოვდებით კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა. ხელმძღვანელი იდაყვზე ხელს მკიდებს და თავის გეგმებს მიზიარებს – ჯერ რამდენიმე მარტივ შეკითხვას დაუსვამს, რა თქმა უნდა, ლიტერატურასთან დაკავშირებით... არა ზოგად ლიტერატურასთან დაკავშირებით, არამედ ვიწრო გაგებით... და მე არ უნდა ჩავერიო მათ საუბარში, თუკი არ მომმართავენ – აქ შეიძლება ერთადერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამაც კი გააფუჭოს მდგომარეობა... გასაგებია? „რა თქმა უნდა.“ ასე. და თვალებშიაც არ უნდა მივაჩერდე რესპონდენტს, თავი უხერხულად რომ არ იგრძნოს. „ქვეყანა რომ გადაბრუნდეს,“ – მწარედ მეღიმება, – „ეგ უხერხულობას არ იგრძნობს...“ „რატომ?“ „რა ვიცი...“ „საინტერესოა ესეც,“ – ამბობს ხელმძღვანელი, – „და მაინც, ნუ შეაცქერდები...“ „სულ არ შევხედავ.“ „არა, ესეც არაა საჭირო... ხაზგასმა... უკიდურესობაში არ უნდა ჩავარდეთ... ხანდახან უნდა შეხედოთ...“ „ხანდახან შევხედავ,“ – ვპირდები, – „აიი, იქაა...“ „აჰა!“ – ამბობს ხელმძღვანელი და მკლავზე მაგრად მიჭერს ხელს, – „იცით რა, თამაზ? მე გარეთ დაგელოდებით, თქვენ კი წინასწარ უთხარით, რომ მასთან საუბარი სურს თქვენს კოლეგას, ასაკითა და თანამდებობით უფროსს – წინასწარ რომ გავაფრთხილებთ, უფრო სიმპათიით განეწყობა. მე კი ისეთ პოზიციას დავიკავებ, რომ მისი ფანჯრიდან გამოვჩნდე, ავივლი, ჩავივლი, გასაგებია?“ – და უცებ ამბობს: – „თუმცა, არა, არა, შევიდეთ ერთად...“
– 9 –
თავი 9
თავი 9
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, ფოტოს უღებს ქალს, რომელსაც ღრმა დეკოლტე აქვს და მთლიანად კანკალებს. კაცი ეუბნება: „ასე, არა, არა, ზემოთ აიხედეთ, მაღლა-მეთქი, კიდევ ცოტა, ოო, თავი მარცხნივ მიაბრუნეთ, ოდნავ, ოდნავ. ნუ იძაბებით, ნუ ღელავთ, ქალბატონო, დამშვიდდით და გაიხსენეთ რაიმე მართლა კარგი, მაგალითად, ბავშვობა — მხიარული, უდარდელი. გონებით დაბრუნდით უკან... არა, ასე კი არა, არამედ აზრობრივად, დაბრუნდით ოცდაათიოდე... ეე, ოცი წლით უკან, ოოო, ასე. იფიქრეთ ბედნიერ ბავშვობაზე. ჩქარა კასეტა, კლიმ! მხრებზე ხომ არ გცივათ? ბარეღამ შენ ჩადგი, კლიმ, ხელი გაიწაფე. ოო, ჩვენი აურელიანოც მოსულა. გაგიმარჯოს! არა, თქვენ არა, ქალბატონო, რატომ დაიქნიეთ თავი? სულ გაიფუჭეთ პოზა. ასწიეთ თავი, ასწიეთ, თვალები ცოტა გაიფართოვეთ, ქუთუთოები დაჭიმეთ. არა, არა, ასე ძალიან ნუ დააჭყეტთ, ოოო, ასე. ნუ ღელავთ... აი, თქვენ ახლა ზედმეტად დამშვიდდით და ისევ დაგავიწყდათ ბედნიერი ბავშვობა. გაიხსენეთ, გაიხსენეთ, მერე რა, რომ დიდი ხნის წინ იყო... ხომ არ გცივათ, არა, ხო? ძალიან კარგი...“
კაცი როდის-როდის მორჩა, ძლივს დაამთავრა. ამის შემდეგ ყველამ თავისი საქმე იპოვა, ჩემ გარდა. უცებ ყველა აფაცურდა: კაცი ჯიბეებს იჩხრეკს, ტანსაცმელზე ხელისგულებს იტყაპუნებს, უჯრაში იქექება; კლიმი სასწრაფოდ აქრობს ძლიერ სინათლეს – ნათურებს ასვენებს, მერე აპარატს ათვალიერებს. „ჩემი ფანქარი ხომ არ გინახავს?“ – ეკითხება კაცი. „არა, – პასუხობს კლიმი, – უჯრაში არ იდო?“ ამასობაში კი ხელმძღვანელი, თავაზიანი ღიმილით, ბეწვისსაყელოიანი პალტოთი ხელში, შემცივნულ ქალს უახლოვდება, პალტოს ქალის შიშველი მხრების სიმაღლეზე სწევს და ეუბნება: „ჩაიცვით, ქალბატონო, არ გაცივდეთ... დააა...“ ქალმა ერთი კი ახედა, სანამ პალტოს ჩასაცმელად შეტრიალდებოდა, და ახლა კეფაზედაც კი, მაღლა დადგმულ თმაზედაც კი – წარმოგიდგენიათ? – ეტყობა, რომ მოსწონს... „ვერ იპოვეთ?“ „ვერა, კლიმ, – შეწუხებულა კაცი, – ქვითარი რითი გამოვწერო...“ „ძალიან გციოდათ?“ – მომხიბვლელად ეკითხება ხელმძღვანელი, ხმას იტკბობს, ლამაზია, ეშხიანი. „ა-არა, არც ისე“, – ამბობს ქალი, ლამაზია, ბუნჩულა. „უჯრაში ნახეთ?“ „კი, და არაა.“ „სად უნდა იყოს“, შეწუხებულა კლიმიც. ხელმძღვანელი კი – „ახლა ხომ გათბით?“ – ამბობს. ქალი თავდახრილი დგას, ხელმძღვანელი შუა თითით მაჯიდან განზე სწევს ლამაზი პერანგის სახელოს, საათზე ამაყად იხედება. ქალი დროს შოულობს და წამით თვალს ავლებს სახეზე, სულ ერთი წამით, მაგრამ ახლა, ისევ თავდახრილმა, ზეპირად იცის, როგორი წარბი აქვს ხელმძღვანელს, როგორი ცხვირი და ტუჩი, და მოსწონს, მოსწონს, აჰ, როგორ მოსწონს! კაცს კი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, სულაც არ მოსწონს, რომ ფანქარი გაქრა, საგონებელშია ჩავარდნილი. „აი, ახლა ყელზედაც კი გეტყობათ, რომ გათბით, – ამბობს ხელმძღვანელი, – თქვენ არასოდეს არ უნდა შეგცივდეთ, მუდამ თბილად უნდა იყოთ“, ეუბნება, უყურებს, უყურებს, თვალებით ეფერება. ქალს ლოყა ბეწვის საყელოზე უდევს, ხელმძღვანელს თითქოს თვალს არიდებს, მაგრამ მოსწონს, მოსწონს, უჰ, როგორ მოსწონს! და ჩვენ რომ არა, აქავე დაეძგერებოდნენ ერთმანეთს. „ეგებ აურელიანოსა აქვს კალმისტარი?“ – აზრს აწვდის კლიმი. „ოოო, მართლა, – უხარია კაცს და მაშინვე ახსენდება, – არა, არა, მაგისას გასდის... და ამას რომ ვკითხოთ?“ – ხელმძღვანელზე ამბობს. ის კი ქალისკენ გადახრილა და შიგ თვალებში ჩაჰღიმის. „ბოდიში, კალმისტარი ხომ არ...“ – ამბობს კაცი, მაგრამ ხელმძღვანელს არ ესმის, გართულია. ყოჩაღი კლიმი კი პოულობს რომელიღაც წიგნში ჩადებულ ფანქარს. კაცი ქვითარს ავსებს, თავაზიანად აწვდის კლიენტს. ისიც წასასვლელად ემზადება – სქელ, ფუმფულა თავშალს იხვევს. ხელმძღვანელი კარს უღებს და ქალს ორ პატარა საფეხურზე ასვლას შველის – მის იდაყვს ხელისგულში ისვამს, ამბობს: „დროებით...“ და ოთხნიღა ვრჩებით, ორი – ორზე. მაგრამ კაცმა ჯერ არ იცის, ჩვენ რომ ერთად ვართ, კლიენტი ჰგონია, ეკითხება: „თქვენ პასპორტისთვის თუ...“ ხელმძღვანელი კი გულიანად უღიმის: „არა, არა, მე ჩემს თანამშრომელს მოვყევი...“ „თამაზის? – უკვირს კაცს და უცებ ახსენდება: – აა, ეს თქვენა ხართ, ხელმძღვანელი, ახალგაზრდა და ენერგიული, რომელმაც, თამაზის სიტყვით, ძალიან კარგად დაიწყო?
– დიახ, დიახ...
და უცებ, გაოგნებული კაცი ამბობს:
– კლიმ, მეჩვენება თუ...
– არა, არა...
– რა ხდება... როგორ ჰგავს, ა? კოპიოა, კოპიო...
– აბა? – უკვირს კლიმსაც და ბარძაყზე ხელს ირტყამს, – როგორ ჰგავს, გასაოცარია...
– მე?.. ვის, ა? – შეშინებულია, მაგრამ არ იმჩნევს ხელმძღვანელი, ვითომცდა გულგრილად ინტერესდება, – კინოფილმიდან?
– აჰ, არა, არა... – ხელს ასავსავებს კაცი.
– აბა?
– წიგნიდან, წიგნიდან... სასწაული გამიგია, მაგრამ ასეთი?! – კლიმ, ხომ ზედგამოჭრილი ჯანჯაკომო სემინარიოა, ა, ნუთუ არ შეამჩნიე, კლიმ?
– შევამჩნიე კი არა, ისაა და ეგ არის, – ყოჩაღად პასუხობს კლიმი.
– ბოდიში, ეგ რომელი?.. – ამბობს ხელმძღვანელი, ჯერ კიდევ კარგად უჭირავს თავი.
– აიი, პირველი შვილი, მარშალის უფროსი ძმა.
– ვინ მარშალი...
– ვინ და ბეტანკური! აბა ეს კი არა, – ჩემზე უთითებს, წარმოგიდგენიათ? და უცებ აღფრთოვანებული ამბობს, – იცით, მსგავსებას თუ დავუჯერებთ, თქვენ თამაზისი რა გამოდიხართ?
– რა...
– პაპა!
– ეს როგორ?
– ჯანჯაკომო ხომ არიადნა კარრასკოსგან ჰყავდა, არა? – მეხსიერებას იმოწმებს კლიმი.
– ვინ ჯანჯაკომო, რა მარშალი... – ახლაღა იბნევა ხელმძღვანელი. არეულობაა – მტრისას... ოთხივენი გაკვირვებულნი შევცქერით ერთმანეთს.
– ააა, მივხვდი, – ამბობს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, – თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?
– ა-არა, ხომ... – ამბობს ხელმძღვანელი, მშვიდდება, – არა, ტყუილი რა საჭიროა... ნაწარმოებია ასეთი?
– ჰე! არის და... და არც ლჲოსა? მარიო ვარგასი...
– ეეე... არა,
– და კორტასარი?
– მმუ... არა.
და უცებ კაცი ძლიერად ართმევს ხელს:
– მომილოცავს, მომილოცავს, ბედნიერი კაცი ყოფილხართ, ბედნიერი...
– რატომ?! – უკვირს ხელმძღვანელს.
– რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით...
– რა სიამოვნებაა?
კაცი კი ამბობს:
– პირველად წაკითხვის.
ხოლო აქ ხელმძღვანელს თავისი მომავალი ნაშრომი ახსენდება – თავს ოდნავ გვერდულად და ზემოთ სწევს, სახე უმკაცრდება, სკამზე ჯდება, თითებს მინაგადაფარებულ მაგიდაზე აკაკუნებს, ამბობს:
– შეიძლება, რამდენიმე შეკითხვა მოგცეთ?
– კი ბატონო, სიამოვნებით, – ამბობს კაცი, დაკვირვებით უყურებს.
და კლიმს ეუბნება:
– ხელი რომ არ შეგვიშალონ, ეს ჩამოკიდე.
„ეს“ – ოთხკუთხა მუყაოა, და „შესვენება“ ქართულ-რუსულად აწერია ზედ.
თავი 10
თავი 10
– 10 –
აქამდე რაც იყო, არაფერიც არ იყო, მთავარი ახლა იწყება – მე და კლიმი სეკუნდანტებივით ვართ, ხელმძღვანელი და უცნაური რესპონდენტი პირისპირ სხედან. ყველაფერი გამზადებულია: კალამი – მომარჯვებული, ანკეტა – გადაშლილი, რესპონდენტი ყურადღებით უსმენს, ხელმძღვანელი თვალმოჭუტული უყურებს და არ ჩქარობს, არა. მას უნდობლად უყურებს კლიმი, მე კი ეჭვით შევყურებ რესპონდენტს – ორი – ორზე ვართ.
და ხელმძღვანელი ამბობს:
– მოცემულ ანკეტაში უმნიშვნელოვანესი ფუნქციონირება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციული შეკითხვების საფუძველზე, რაც თავისთავად დაკავშირებული იქნება ყოფა-ცხოვრებისა და, საერთოდ, ცხოვრების წესის გათვალისწინებით, და მაშასადამე მათი ადგილი უნდა დაიკავოს გარემოს ურბანიზაციის კომპლექსურმა მაჩვენებლებმა...
აქ კი რესპონდენტი აწყვეტინებს:
– კი ბატონო, მკითხეთ...
– რა გკითხოთ?! – გაოცებულია ხელმძღვანელი, ოდნავ ღიზიანდება, არ უყვარს, როცა აწყვეტინებენ, – ჯერ ეს ერთი, რა იცით, რა უნდა გკითხოთ...
– არ მითქვამს ვიცი-მეთქი... თუმცა, როგორ არ ვიცი, – ამბობს რესპონდენტი, – თქვენ უნდა შეისწავლოთ ჩემი თავისუფალი დრო და ჩემივე ყოფა-ცხოვრება მომავალი წინსვლისთვის, თუ არ ვცდები, არა?
– და ყოველგვარი შესავლის გარეშე გკითხოთ?
– რა თქმა უნდა, შესავალი – ეს ხომ თამაზმა ჩაატარა უკვე. და ისიც ვიცი, რომ მე – რესპონდენტი ვარ, და ინტერვიუერი – თქვენ.
– კაარგით, – ცივად უღიმის ხელმძღვანელი, – ესე იგი, თქვენ გიყვართ მხატვრული ლიტერატურა, არა?
– რა დასამალია და, ძალიან.
– ძაალიან კარგი... და ჟურნალ-გაზეთებიც?
– ეს, სხვათა შორის, ძალიან არასწორი გამოთქმაა – „ჟურნალ-გაზეთები“, – სწყინს რესპონდენტს, – რადგან ჟურნალი – ერთია, გაზეთი კი სხვა... რატომ მიაწებეს ერთმანეთს სამუდამოდ, წარმოდგენა არა მაქვს.
– აჰა... და რომელი მწერალი მოგწონთ?
– რომელი საათია, კლიმ? – მოულოდნელად ასეთ კითხვას სვამს რესპონდენტი.
– ოთხს აკლია თხუთმეტი წუთი, – პასუხობს კლიმი.
– ოო... იმათ ჩამოთვლას ვეღარ მოვასწრებ – მუშაობას ხუთზე ვამთავრებთ.
აი, სწორედ აქ ხელმძღვანელმა პირველად დამიბღვირა.
მერე კი ჰკითხა:
– რას იზამთ, ვინმეს თუ შეამჩნევთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნს ხევს?
გვგონია, რომ იტყვის: „დავკლავ საკუთარი ხელით“, „ყელს გამოვღადრავ“, „პოლიციას გამოვუძახებ“, მაგრამ რესპონდენტი ძალიან მშვიდად გვპასუხობს: „წიგნს გააჩნია...“
ასეთ პასუხს არ ველოდით და დავიბენით. კლიმი კი ამბობს: „კარგი ხართ, მაესტრო!“
„თქვენ მარტო ცხოვრობთ?“
„არა, ორნი ვართ, – მხნედ პასუხობს რესპონდენტი, – მე და ჩემი ძმა, გრიშა კეჟერაძე. მესამე ძმაც გვყავს, ოო, ის მართლა განსაკუთრებულია, ორივეზე უკეთესია, ოღონდ ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, სოფელ-სოფელ დადის. მე და გრიშა თუ... აბა, როგორ გითხრათ... ჰო! მე და გრიშა თუ მოთხრობის პერსონაჟები ვართ, ის მესამე ძმა – რომანის გმირია, მაშ ასე!“
„და თქვენთან მცხოვრებ ძმას, თქვენსავით უყვარს ლიტერატურა?“
„ვის, გრიშას? არა... სიყვარულით როგორ არ უყვარს, მაგრამ ჩემსავით ძლიერ – არა. ეჰ, იმასაც ჰქონდა თავისი პრობლემა – გატაცება, მაგრამ უკიდურესობამდე მივიდა, რადგან ყველას ელაპარაკებოდა, განურჩევლად, მერე კი გადაწყვიტა, ჩუმად ყოფილიყო. ეჰ, ახლა პიანინოებს აწყობს და ჩუმადაა.“
აი, სწორედ აქ ხელმძღვანელმა მეორედ დამიბღვირა.
და მერე მაინც ალაპარაკდა, როგორც სჩვევია, დამაჯერებლად, გარკვევით:
„აი, ის ფაქტი, თქვენ რომ ლიტერატურა გიყვართ, ძალიან კარგია, ეს არის კულტურული დასვენების ერთ-ერთი გამართლებული საშუალება. ერთ-ერთი-მეთქი, ვამბობ, – ამბობს ხელმძღვანელი, – მაგრამ რა დააშავა, მაგალითად, სახვითმა ხელოვნებამ, ანდა სუფთა ჰაერზე გასეირნებამ, ანდა დიდებული მუსიკის მოსმენამ, როგორიცაა სხვადასხვა გამოჩენილი კომპოზიტორები, დიახ... ანდა სამეჯლისო ცეკვებზე ხომ შეიძლება სიარული, რადიოს მოსმენა, ტელევიზორი, თავისი საინტერესო გადაცემებით მრავალფეროვან თემებზე, ან სპორტის რაიმე სახეობა, ვთქვათ, ჭადრაკი, ანდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა...“ – და უცებ ახსენდება, – „თუმცა არა, არა, ეს ხომ გაქვთ... და, დიახ, იმას ვამბობდი, აი, ჭადრაკი, მეტად კარგია და საერთოდაც...“
სიჩუმეა, ველოდებით.
„განაგრძეთ, განაგრძეთ,“ – ამბობს უცებ კლიმი – ხელმძღვანელს ასწავლის, რა ქნას და რა არა. თავხედი გამიგია, მაგრამ ასეთი? კაცს მაინც ჰგავდეს, დაბალია, დიდთავა, პატარა, ლაწირაკი, დაფეხვილი...
და განრისხებული ხელმძღვანელი ენერგიულ, ურთულეს შეკითხვაზე გადადის, ახლა ისევ თამამია, შეუპოვარი:
„თქვენს ნება-სურვილზე რომ იყოს, – ამბობს ხელმძღვანელი, – ცხოვრებას როგორ მოაწყობდით...“
„ჩემსას, საკუთარს?“
„აარა, გენაცვალე, – გაღიზიანებით ეუბნება ხელმძღვანელი, – საზოგადოების!“
„ღმერთო ჩემო...“ – მღელვარედ წარმოსთქვამს რესპონდენტი, – „მომეჩვენა თუ... მთელი ცხოვრება ამ შეკითხვას ველოდებოდი!“
„მართლა?“ – გაკვირვებულია ხელმძღვანელი, – „გიფიქრიათ ამაზე?“
„სხვა რა მიკეთებია,“ – დაფიქრებული ამბობს რესპონდენტი და უცებ მხნევდება, – „გიამბოთ?“
„როგორ მოვაწყობდი?“ – კაბინეტში დადის, ბოლთას სცემს, სურათებს შესცქერის: ღრმა დეკოლტეიან ქალებს, როგორც წესი, სერიოზული გამომეტყველება აქვთ, ალბათ, თამამი დეკოლტეს გასაწონასწორებლად. მკერდდაფარულნი – იღიმებიან. არის გამონაკლისიც – ღიმილი და დეკოლტე ერთად. ორიოდე ქალს ყალბი ტრაგიზმი აღბეჭდია სახეზე. აგერ, ის კაციც, გუშინ სამჯერ რომ გააშავეს, თვალსაჩინო ადგილზეა სტენდში. აქავეა ვიღაც ყმაწვილი, ბოროტად იღიმება, ისიც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი. ცოტათი ქვემოთ – ვიღაცაა, სუფთა გაიძვერა. იმის გვერდით კი უნდობლად იმზირება წვრილტუჩა კაცი. არის კეთილი სახეებიც, ბავშვი იღიმება. „როგორ მოვაწყობდი? – ამბობს რესპონდენტი, ცოცხლდება, – როგორ და მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი.“ „რაო? – ყურს არ უჯერებს ხელმძღვანელი, – როგორ თუ... ეს რა – დესპოტიზმია?“
„არა, გეთაყვათ, დესპოტიზმისაგან ღმერთმა დამიფაროს, – ღიმილით ამშვიდებს რესპონდენტი, – ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერ-ლუქსი...“
„როგორ თუ ლუქსი?!“
„თქვენი გაკვირვება სამართლიანია, – ეთანხმება რესპონდენტი, – არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზე ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა. ამ შემთხვევაშიც ასეა, სად „კარცერი“ და სად „ლუქსი“. მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს. ახლაც ასეა, – ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა – სოკოთი. ეს იქნებოდა კარცერი – ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის. რას იზამ, ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა. და ვინც თავისი ფეხით შევა ჩემს მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მაშინ ეს ოთახი იქნება უბრალოდ – ლუქსი, მრავალთათვის კი – კარცერი-ლუქსი... აი, სწორედ აქედან უნდა დამეწყო – მე და ჩემნაირები, ეე, ჩემნაირები – ეს იქნებოდა უთვალავი კლიმი. ქუჩა-ქუჩა ვივლიდით, აი, ვთქვათ, მივდივართ... მივდივართ, ავიარეთ, ჩავიარეთ, კედელს ორი ჯეელი მიყუდებია, დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან, დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე ჰკიდიათ, რომელი საათია, რა დროა, ღამეა თუ შუადღე. დგანან, გოგოებს ეანგლებიან, წაუსტვენენ, წაუღიღინებენ, ხანდახან ერთმანეთს გაეხუმრებიან თავისებურად – პანღურს ამოარტყამენ ერთურთს, იკრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები – ტაც! – ხელს ვსტაცებთ და ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს...“
„ძალით?“ – აინტერესებს ხელმძღვანელს და პირველად იწერს რაღაცას.
„დიახ, დიახ, ძალისძალათი,“ – მტკიცედ ამბობს რესპონდენტი, შეუვალია, – „შესაძლოა, ხელის ამოტრიალებაც კი დაგვჭირდეს. იცით რა, გეთაყვათ, ზოგს მშობლების ზემოქმედებისა სჯერა, ზოგს – სკოლის, ზოგს – ორგანიზაციის, სხვას – უჯრედისა, ზოგს – ცემა-ტყეპისა და კიდევ რა ვიცი რისა აღარ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ჩემი ლუქსი, აჰ, უბადლოა – დგას ჩვენი ჯეელი, რაღა თქმა უნდა, ცალკე ვათავსებთ, ამ ჩვენს კარცერში. ჭერში შტერივით იყურება, ფანჯარაზე გისოსებია აკრული, კარიც, რასაკვირველია, დახშულია. გარეთ რომელიმე კლიმი დარაჯობს, სკამზე ჩამომჯდარი, მუხლებზე – წიგნით. ჩვენი ჯეელი კი უყურებს მაგიდას, სკამსა და... კარადა-თაროებს, მაგრამ ჯერჯერობით – არაფერი. მიდის ქათქათა საწოლთან, წვება, იყურება, იყურება, თვალი უშტერდება და იძინებს. მშობლები, რა თქმა უნდა, გაფრთხილებულნი არიან: „ნუ გეშინიათ, ქალბატონო, თქვენი შვილი კარცერ-ლუქსშია.“ „კი ბატონო, კი, ოღონდ ეგ ქუჩა-ქუჩა წანწალს გადაეჩვიოს და...“ ჯეელი იღვიძებს, უყურებს ჭერს, შია... „რა მოგართვათ?“ – ეკითხება გარედან რომელიმე კლიმი – „ჩაი, რძე, კაკაო...“ „კაკაო იყოს,“ – ამბობს ჯეელი, – „რატომ დამიჭირეთ...“ მაგრამ რომელიმე კლიმი ამ შეკითხვაზე არ პასუხობს, სულ სხვა რამეს ეუბნება – „რამდენი კოვზი შაქარი გნებავთ?“ „ოთხი,“ – ამბობს ჯეელი, – „რატომ დამიჭირეთ?“ რომელიმე კლიმი კი – „ყველი რომელი გიყვართ, გუდის, იმერული თუ სულგუნი?“ „სულგუნი, რატომ დამიჭირეთ...“ რომელიმე კლიმი კი საუზმეს უმძრახად აწვდის. ჯეელი საუზმობს, პურზე კარაქს უსვამს, კვერცხს ნაჭუჭს აცლის, ცოტათი ერთობა. „სიგარეტი ნებავს?“ „კი ბატონო, სიამოვნებით, „მზიური“, „კოლხიდა“, „ლუქსი“.“ მაგრამ სხვა რამ გასართობი? – აჰ, არა, არა, აპაპაპაპა – არავითარი რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი. ჩვენი ოთახი მხოლოდ ლუქსი კი არა, კარცერიცაა ცოტათი... ჩვენი ჯეელი კი აბოლებს და ჭერში იყურება... ჭერი კი ანბანითაა მოხატული – ა, ბ, გ, დ, ე... ხომ კარგი აზრია, კლიმ?“
კლიმი რას იტყვის – რა თქმა უნდა, „შესანიშნავიაო“ – ამბობს.
„მერე მოდის სადილობის დროც... პირველი თავი, მეორე, მესამე. სალათა როგორი გნებავთ, ზეთით, ძმრიანი თუ უძმრო? რატომ დამიჭირეთ? ა! არაა შენი საქმე – რომელიმე კლიმი – და აქ თუ ღრიალი და ხელ-ფეხის ქნევა ატეხა, უნდა უთხრათ: „თუთ!..“ – და ისადილებს. მერე ისევ ახედავს ჭერს, ჭერზე – ანბანია, და ამ დროს ნებისმიერი კლიმი დაუდევრად ეტყვის – „თუ გინდა, გადაფურცლე რამე, აი იქ კარადაში, წიგნებია...“ გამოაღებს, ჯერ საბავშვო წიგნები იქნება, დიდი ასოებით, ნახატებიანი, „თხა და გიგო“, „მელია და მწყერჩიტა“, ვთქვათ... და თუ თავისი ნება-სურვილით გადაიკითხავს, ხომ კარგი. და თუ კითხვას გულს ვერ დაუდებს, რომელიმე კლიმი კატეგორიულად ეტყვის: „იქამდე არ გაგანთავისუფლებთ, სანამ კარადაში მოთავსებულ წიგნებს არ წაიკითხავთ...“
„ეს ხომ ძალადობაა,“ – ამბობს ხელმძღვანელი, – „კონკრეტულმა პიროვნებამ საკუთარი ინიციატივით უნდა შეირჩიოს ამა თუ იმ საზოგადოებრივ ღონისძიებათაგან...“
„მე ჯერ მხოლოდ ყმაწვილ-უსაქმურზე მოგახსენეთ, ბატონო,“ – უხსნის რესპონდენტი, – „აბა მე რა უფლება მაქვს, ვინმე პატიოსან ქიმიკოსს ვსტაცო ხელი და დავამწყვდიო...“ – და უცებ ღრმად ჩაფიქრებული ამბობს, – „ისე კი, უწიგნურ ქიმიკოსსაც თუ აწყინოს, მამაძაღლი ვიყო...“
თავი 11
თავი 11
– 11 –
„ჰ-ჰ!“ – ნერვიულობს ხელმძღვანელი, აფორიაქებულია, ღაწვ-ყელს თითებით იმოწმებს – გაპარსულია თუ არა. კლიმს უყურებს, ახსენდება: – „კი მაგრამ, რომელიმე კლიმმა რაღა დააშავა, მთელი დღე რად უნდა უყარაულოს და მოემსახუროს უსაქმურს?“
„ჯერ ეს ერთი, მე აღვნიშნე, რომ მუხლებზე წიგნი ექნება გადაშლილი. მეორეც, ყოველთვის შეიძლება უწყინარი გართობა...“
„როგორ?“
„სიტყვით.“
„როგორ თუ სიტყვით?!.“
„ახლავე აგიხსნით. აი, ვთქვათ, აი... ჰო, აი თუნდაც თამაზი ავიღოთ, ჩვენი. რა თანამდებობა აქვს?“
„უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია.“
„ძალიან კარგი. ადრე ვინ იყო...“
„ადრე – ლაბორანტი.“
„აჰაა... და დააწინაურეთ?“
„დიახ.“
- აჰა!.. ესე იგი, ამ შემთხვევაში სიტყვა „უმცროსი“ დაწინაურებას ნიშნავს?
- დიახ.
- ჰოდა, საინტერესო ფრაზა გამოვა - „გავაუმცროსთანამშრომლეთ...“
ამ დროს ხელმძღვანელმა მესამედ მკაცრად შემომხედა.
- ახლა საპირისპირო მაგალითი ავიღოთ - ვთქვათ, თამაზი ისევ ლაბორანტია. როგორ იტყოდა ამას თავად?
- ისევ ლაბორანტი გავხდი, - ამბობს ხელმძღვანელი...
- არა, ისიც უნდა იგრძნობოდეს, რომ თანამდებობა ჩამოართვეს.
- ისევ ლაბორანტად ჩამომაქვეითეს.
- უფრო მოკლედ!
- ლაბორანტად ჩამომაქვეითეს.
- კიდევ უფრო მოკლედ!
- ჩამომაქვეითეს.
- ლაბორანტი სადღაა?! ერთი, ერთადერთი სიტყვით უნდა გამოთქვათ, ისე რომ თანამდებობის ჩამოქვეითებაც და ლაბორანტობაც გამოიხატებოდეს.
- ერთი სიტყვით შეუძლებელია.
- რატომ?
- აბა, თქვენ სცადეთ, თუ შესაძლებელია.
კაცი კი ამბობს:
- შესანიშნავ სიტყვას მივიღებთ: „ჩამომალაბორანტეს“ - ხომ შესაძლებელი ყოფილა? აი, ასე ითამაშებდა სიტყვით რომელიმე კლიმი.
ხოლო კლიმი: - კარგი ხართ, მაესტრო, - ამბობს.
აჰ, ხელმძღვანელი... მეოთხედ მკაცრად შემომხედა.
სიჩუმეა. კლიმი აღფრთოვანებული უყურებს რესპონდენტს. რესპონდენტი თავისას ფიქრობს, თავისასვე ფიქრობს ხელმძღვანელი. მხოლოდ მე არ ვიცი, რა ვქნა, რა გავაკეთო. ჰალსტუხს ვაწვალებ და მახსენდება საშინელი, საზარელი სიტყვა „ჩამომალაბორანტეს...“ არა, ეს მაინც ვის გადავაწყდით? ჩამევლო ჩემთვის, მშვიდად, რა იქნებოდა? თუმცა, რა ვიცოდი? ახლა კი გვიანღაა - ხელმძღვანელია დაინტერესებული, მაგრამ, მგონი, ისიც ნანობს, აქ რომ მოვიდა. და მაინც, ასე ამბობს, ენერგიულია, დალოცვილი:
- ლიტერატურას როგორ შეარჩევდით?
- თავიდან? როგორც უნდა, ჯანდაბას, თვითონ შეირჩიოს. იქნება ეს სკეტჩები, სიმენონი თუ ერთად აკინძული ჟურნალი „ნიანგი“. ისე კი, ჟიულ ვერნით დაწყება ყველაფერს სჯობს. მთავარია, ჯერ მაგიდასთან ჯდომა ისწავლოს, ფეხების ხან სკამქვეშ შეკეცვა, ხან კი - გაშლა. წიგნის გადაფურცვლა ისწავლოს, სარჩევის თვალიერება. მერე თანდათან მივაწვდით... აბა, კლიმ... ჰო, „სამ მუშკეტერს“, მარკ ტვენს, რომელიც რა ვქნა, მომკალი და არ მიყვარს, ო. ჰენრის. მერე წამოვიდოდნენ უფრო სერიოზული მწერლები. კლიმ, ორი კაცი მომაწოდე... მშვენიერია - ჯეკ ლონდონი, რომელიც ორმხრივ დააინტერესებს. და რა თქმა უნდა, შეიძლება ჰიუგოს პროზაც, რომანტიულს რომ ეძახიან, სწორედ ისაა და თან ოდნავ ძნელი წასაკითხი. მერე კი ცოტას ამოვასუნთქებდი, „უთავო მხედარი“, „აივენგო“, ვთქვათ... და მოდი, კლიმ, ახლა კი ვუბოძოთ ის დიდი მწერლები, რომლებიც საოცრად ადვილად იკითხებიან... ჰოო, მერიმე, ჩეხოვი... ერთიც! სწორია, სწორი - ესე იგი. მივცემდით მერიმეს, ჩეხოვსა და მოპასანს. შემდეგ კი რისკის დროც დადგებოდა. რაიმე ძნელი, ოღონდ რომანი არა, ნამეტანი იქნება - ჯერ მოთხრობა შევუგდოთ, კლიმ... აჰ, არა, არა, რა დროს მაგისი „სიკვდილი ვენეციაშია“, რას ამბობ, კაცო... მოკლედ დაიმე ისეთი, და მერე ისევ შედარებით ადვილი, შედარებით-მეთქი, ოდნავ ძველმოდური... ჰოო, თუნდაც დიკენსი...
- ოო, დიკენსი კარგია, კარგი, - უხარია ხელმძღვანელს, - დავიდ კოპერფილდი.
- ვითომ? - ზიზღით უყურებს რესპონდენტი, მაგრამ ხელმძღვანელი ისეა გახარებული, ვერაფერს ამჩნევს. ამბობს: - რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, კარგი, ჩრდილში, ხანდახან დიკენსი...
- ხანდახან დიკენსი და აქა-იქ ტოლსტოი, არა? - დამცინავად უყურებს კლიმი, პატარა, ქათმის ბუდის ძელივით, ლაწირაკი. რესპონდენტი კი ამბობს:
- მწერლების ჩამოთვლას აღარა აქვს აზრი, სავსებით საკმარისია... ახლა მხოლოდ სახეზე უნდა შევხედოთ ახალგაზრდას. როგორი გამომეტყველებით კითხულობს... და თუ საკმარისადაა ჩაფლული, გავუშვებთ.
- როგორ მიხვდებით?..
- გამომეტყველებით.
- მერედა, რა გამოვა ამით?..
- ვისგან?
- თქვენი ახალგაზრდისგან?..
აქ კი რესპონდენტი საზეიმოდ აცხადებს:
- რა გამოვა, და... რომელიმე კლიმი!
პატარა ხანს ჩუმად არიან, მერე კი ხელმძღვანელი ჯიუტად განაგრძობს:
- და ამით რაღა გამოვა?..
- რომელიმე კლიმისგან? მეტი რაღა უნდა გამოვიდეს, დალოცვილო - მივიღებთ ადამიანს, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა.
- ლიტერატურა, ლიტერატურა, - ღიზიანდება ხელმძღვანელი, - დიდი ამბავი!..
- რაო? რა? - ყურს არ უჯერებს განცვიფრებული რესპონდენტი, - ნუთუ ამის ახსნაც საჭიროა?
- სცადეთ, - მე გისმენთ.
- ვცადო? - დაფიქრებული ამბობს რესპონდენტი, თვალებში უყურებს, - ვცადო? მაშინ, ჯერ მარტივად აგიხსნით - ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი. და, სხვათა შორის, - აქ ეღიმება, - მე თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისთვის საჭიროა ჭკუა... - და სახე უმკაცრდება, - ეს, როგორც მოგახსენეთ, მარტივი ახსნაა, მაგრამ ესეც საკმარისია - უკეთესი ხდები... ახლა კი შედარებით რთულად აგიხსნით...
ოთახში ბოლთას სცემს... მიდი-მოდის... დადის...
აჰ - სიჩუმეა.
– 12 –
- ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი, - ხმადაბლა, მოწიწებით ამბობს რესპონდენტი, - ყველაზე საშინელს, უსიამოვნოს, გულდასაწყვეტსა და ვინ იცის, კიდევ რა - ესაა პირველი მიწის დაცემა საფლავში ჩადგმული კუბოს სახურავზე. გაგახსენდათ, არა? ყრუ ხმაურია, საზარლად ფშვნადი... ესეც არ იყოს, შეუძლებელია, ხანდახან ძილი არ გაგიტყდეს და, ბნელი ღამით, უეცრად გაღვიძებულს, უცნაური, განსხვავებული სიცხადით წარმოგიდგება სიკვდილი, რომელიც, დარწმუნებული იყავით და, მოვა... ეს ერთადერთია, ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცი. მაგრამ დღისით, მზისით, ოჰოჰო, ხალხში, უჰ რა კარგ ხასიათზე ხართ, ხვრინვით იბანთ პირს, საუზმობთ და შებოლილ ძეხვს ისე ძლიერად ღეჭავთ, თითქოს რკინა იყოს. ერთმანეთს ხვდებით და ზოგი - უფროსი ბრძანდებით, ზოგიც - უმცროსი. არ არსებობს მხოლოდ ტოლი. ეს თქვენთვის, უმეტესობისთვის, მისალოცთათვის - „მისალოცი“, ხომ იცით, ჩემებურად რასაც ნიშნავს - ვისაც პირველად წაკითხვის მრავალი ბედნიერება წინა აქვს. და მე და კლიმი კი, აბა, რამ გაგვყო? მიწოდეთ მე თუნდაც ფოტოკაბინეტის მთავარი დირექტორი და იმას - თანაშემწე, მაინც ერთნი ვართ, რადგან: ჩვენ ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა. და თქვენგან, მისალოცთაგან განსხვავებით, დაწინაურებას სულაც არ ვცდილობთ.
თავი 12
თავი 12
ჩვენ სიკვდილისაც ნაკლებად გვეშინია, რადგან ბევრჯერ მოვმკვდარვართ და ყველაფერი, აჰ, ყველაფერი გამოგვიცდია. გვქონია მეფის კურთხევა, სიკეთისთვის ხის ხმლით გვიბრძოლია, ხან დაფნის გვირგვინი გვედგა თავზე, ხანაც – ეკლის. ჩვენს გზაზე სქელი, ყვავილებით მოფენილი ხალიჩაც გაუშლიათ და ნაკვერჩხლებზეც შიშველი ფეხისგულებით გვივლია. ზოგჯერ უაზროდ გვილაპარაკია, თავისუფალ დროს ენას ვატლიკინებდით, მაგრამ ისიც მომხდარა, რომ ჩუმად, უთქმელად, დიდხანს გვიტარებია უცხო საიდუმლო. ეჰ, ის ხმაური მაინც გვესმოდა. ბევრი, ბევრი სიცოცხლე გვინდოდა, ბევრნაირი, სხვადასხვა. ჩვენ-ჩვენს ოთახებში, მაგიდისკენ თავდახრილნი, ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ: ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დაგვჭრიან, გილიოტინაზე ავსულვართ, ბევრი საფრთხის შემდეგ საწოლში მშვიდად გარდაცვლილვართ, დაღუპულვართ გარშემორტყმულნი, კატისთვალება ვაჟკაცის – ელ სორდოს გვერდით. სხვებიც მოგვიკლავს და მერე გვინანია, ოოო, რა უცნაურად... როგორ... მიწისთვის გვიკოცნია და მისი წმინდა ნამცეცები ტუჩზე აგვყოლია. შურის საძიებლად ცხენზე ავმხედრებულვართ, გვივლია, გვივლია, გვიწანწალია დაკლაკნილ გზებზე. წვიმა გვინახავს – ჰეე, ბევრნაირი. და მაინც, კლიმ, მგონია, რომ ყველაზე უკეთ ბუნინთან ერთად, წვიმად, თოვლად მოგვსვლია მსუბუქი სევდა, და ყინვა – მჭახე, კრიალა, გლუვი. ის ხმა კი, ის ხმა მაინც გვესმოდა. დილაადრიან გამოვდიოდით, განთიადისას ქუჩებში ყოველთვის უცნაური ხალხია – მათ გამოუძინებელ, მოწყენილ სახეებზე მაინც იგრძნობა რაღაც სურვილი, ბუნდოვანი ძალა. იმედად გვეწვეთება ვიღაცის „გაუმარჯოს“. ქუჩაში უმიზნოდ, უმიზეზოდ დახეტიალობ, რადგან ყველაფერში – დაბნეულად შეყვარებული ხარ. ადამიანის ფასიც იცი და გახსენდება, რომ მაინც აუცილებელია ხანდახან მარტოობა და რომ შეიძლება ხანდახან ქალაქგარეთ გასეირნება, რომ კიდევ არსებობს ღულელებისა და ნიჩბისის ტყე, და ღრმა გამოქვაბულები, სადაც შეგიძლია დიდხანს იჯდე, მოკუნტული, სიბნელესა და სინოტივეში. მერე, გამოსვლისას, მზის ძლიერ შუქზე თვალები ახამხამო და, ხელმეორედ დაბადებულმა, გაიფიქრო, რომ ქვეყანა – დიდია და მშვენიერი. და როცა ათასგვარ სიკეთეს იგემებ, დაწყებულს უბრალოთი, როგორიცაა, ვთქვათ, გაგანია სიცხეში ზღვა და დამთავრებულს ზოგადი, ჭეშმარიტი ბედნიერებით, რომლის გამხელაც, ბოდიში და, არ შეიძლება – თვითონ უნდა მიხვდეთ. და, მიმხვდარი, შეიძლება პირქუშიც გახდე, მაგრამ ეს – სიყვარულის სიპირქუშეა, ეჰ... ოკეანე ხარ, დიდი, მოქნილი თევზებით სავსე. ხან – გაცოფებული, თავსდატეხილ ქარიშხლებს უყეფ, ხანაც – მშვიდი, ბლანტი და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები. ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ აუცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო, გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე. რა არ გადაგვხდენია და, ღმერთო ჩემო, სულ რომ არაფერი, რამდენი ქალი გვყვარებია! ვინაა ჩვენთან მარანია და ტენორიო, რადგან მთავარი დონ ჟუანები – ეს ჩვენა ვართ, მე და რომელიმე კლიმი – დონ ჟუან მკითხველიოები. ჰეეი, ვინ არ გვყვარებია, რანაირიღა ქალი – ნატაშა, ლაღი, პირველ სამ წიგნში თავდავიწყებით, მეოთხეში კი, რა ვქნა და – აღარ. სონეჩკა მყვარებია, უსპეტაკესი, ლაფში ამოსვრილი. ტონკა, უტყვი, უთქმელი, შორეული და მაინც ისე, ისე ახლობელი... ემე თანატოგენოსი – ყველაზე მტკივნეულად და ემა ბოვარიც კი, ის საძაგელი... ანტონია, ჩემი საბრალო, ყველაზე უცნაურად, ყველაზე მწვავედ და სელინა, კვამლში აცეკვებული... კლაუდია, ქალბატონი შოშა, ოო, ამაყი და პილარი, ოღონდ ტერნერა, საშიშ წყვდიადში, იმ ბოლის სუნით... და მზია, მზია ჭინჭარაული, ხევსურის ქალი, ეჰ, მე კი არა, კიბეს, კედელსა და სკივრსაც უყვარდა და ვინ იცის, კიდევ რამდენი... სად არ ვყოფილვარ, მისალოცებო, რა არ მომივლია! გაღუნული დანით – მაჩეტეთი ეკლიანი ბუჩქები – კაატინგა მიკაფავს, ოკეანეში თეთრ მტრედს დავდევდი, მგონი, მიყვარდა. მთების მწვერვალზე მიოცნებია და ამისათვის ოო, როგორ ვუწამებივართ! კატას – ცხრა სიცოცხლე აქვს, მე კი, ვისაც ასე მიყვარს ყოველივე ეს, ჰეე, რამდენი, რამდენნაირი სიცოცხლე მინახავს! და თქვენ კი, მისალოც ინტერვიუერებს, გაინტერესებთ, რამდენ წუთს ვკარგავ ვერმიშელის რიგში. მე კი სწორედ მაშინ, ვინ იცის, სად და როგორ დავბოდიალობ – დიდებული რამაა თვალი, მაგრამ სულ სხვაა ფანტაზია, ასყურა და ასთვალიანი. და კაცი ვერ იტყვის, ვინაა ჭეშმარიტად ნამყოფი პერუსა და ნიგერიაში: მე, თუ რომელიმე ჩიბუხგაჩრილი ლოცმანი, რომელმაც გემით მთელი მსოფლიო შემოიარა.
– ნიგერია საიდანღა იცით? – ეკითხება ხელმძღვანელი, მგონია, რომ სიტყვაზე გამოიჭირა, მაგრამ რესპონდენტი ამბობს:
– ნიგერიაში, საყვარელო, სამი კარგი მწერალია – შიიონკა, ჩინუა აჩებე და გაბრიელ ო'ხარა.
არაა, ამასთან არ შეიძლება ლაპარაკი. და თუმცა ხელმძღვანელი აღარ მიბღვერს და თვალსაც კი მარიდებს, მაინც ვგრძნობ, რომ გაცეცხლებულია და ისევ მახსენდება ის საშინელი „ჩამომალაბორანტეს“. კაცი კი, ვითომ აქ არაფერი მომხდარა, ისე განაგრძობს:
– იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია. მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი. ეს – სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.
– რა ინება? – ამბობს ხელმძღვანელი, დაბნეულია.
– იყო ტომარაში.
– რატომ ინება?..
– იმიტომ, რომ აღწერა, – უხსნის რესპონდენტი.
მერე კი ამბობს:
– 13 –
თავი 13
თავი 13
– არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის. მე მგონი ის, რომ ორივე მიგვიყვანს ეგრეთ წოდებულ პიროვნების თავისუფლებამდე, ოღონდ ერთი – მიშვებული, უპასუხისმგებლო და ულამაზო თავისუფლებაა, მეორე კი – შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამამაღლებელი, გესმით? ოო, რა სიამოვნებით გამოვამწყვდევდი ლოთებს ჩემს კარცერ-ლუქსში, რადგან თავისუფლებისადმი გარკვეული მიდრეკილება აქვთ. იმათ კი მსხვილ-მსხვილ ვაჭრებს მივაყოლებდი, პატარა ვაჭრუკანებს კი არა, არამედ მსხვილებს, მსხვილებს. და თუ იცით, რატომ? აჰ, რარიგ მიყვარს ისინი და როგორი გულშემატკივარი ვარ მათი, თქვენ ხომ არ იცით.
ნუ მიგაჩნიათ ისინი ბედნიერებად და, რაც მთავარია, ძვირფასებო, ნუ გშურთ იმათი – რაც არ უნდა მაღლა ასწიონ ცხვირი, როგორი თავხედები და გაბღენძილებიც არ უნდა იყვნენ, მაინც ყოველი დღე ჩაშხამდებათ ხოლმე, რადგან დაწოლისას, დაძინებამდე არის რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით...
ნუ გშურთ იმათი ნურც იშვიათი საჭმელ-სასმელი, როცა, კარგად დანაყრებულებს, ბუნდოვნად ხახვი და პური ენატრებათ და ვერც კი ხვდებიან. და ჩვენ, მკითხველებს, არც იმათი ქონება შეგვშურდება, რადგან დონ კიხოტი უფრო რეალურია, ვიდრე ყველა ბეჭედი და კარადა დედამიწის ზურგზე, რადგან დონ კიხოტი – იდეალურია...
ისე კი, სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და ფიზიკოსები თუ ვერასოდეს შექმნიან „პრეპენტუუმ მობილეს“, ლიტერატურამ უკვე შექმნა – ეს სწორედ „დონ კიხოტია...“ იმიტომ კი არა, რომ უფრო ადვილია, არა – უბრალოდ, ლიტერატურას შესაძლებლობა აქვს მეტი, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიებსა და დანადგარებს. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, მოვათავსებდი მსხვილ-მსხვილ ვაჭრებს ჩემს კარცერ-ლუქსში, სულ ანა-ბანათი დავაწყებინებდი – იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არა, თანმიმდევრულ მეთოდშია საქმე – და იქამდე მეყოლებიან გამოკეტილნი, სანამ „შვლის ნუკრის ნაამბობის“ კითხვისას შვლის მწვადი კი არ გაახსენდებოდათ, არამედ სულ სხვა რამ, უფრო მთავარი...
და არ გეგონოთ, რომ კარცერ-ლუქსთა ფინანსური საკითხი არ მაქვს გადაწყვეტილი – სხვადასხვა „დოსააფებთან“ და საწევროებთან ერთად შემოვიღებდი გადასახადს კარცერ-ლუქსთათვის. ეს იქნებოდა ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი, თვეში – მანეთი. და ერთის მხრივ ეს არც ისე ბევრია, რადგან თვეში მხოლოდ ერთ ბოთლ ცუდ ღვინოს უდრის – ქართველი კაცისთვის, დიდი ამბავი... და შეიცნობდნენ, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ, დიდ მწერლებს...
– ჯერ ეს ერთი, – აწყვეტინებს ხელმძღვანელი, გაღიზიანებულია, – რა იცით თქვენ, რომელია დიდი მწერალი და რომელი – არა? ამის გაგებას ხანდახან საუკუნეები სჭირდება!
„ოჰ, ეს ნამდვილად კარგი შეკითხვა იყო. თქვენი ინტერესი სრულიად ბუნებრივია, ახლავე აგიხსნით... საიდან დავიწყო... რა თქმა უნდა, არიან სუსტი მწერლები თავიანთი უსიცოცხლო, უსახური პერსონაჟებით. ისინი ჩვენთვის ისეთივე ზედმეტნი და უსარგებლონი არიან, როგორც... რაიმე უცნაური შედარება, კლიმ... ოჰ, რა ვთქვი - ზედმეტნი, როგორც ცუდი გინეკოლოგი ნამდვილი ვაჟკაცისთვის. ეს რა მოიგონე, შენ რა გითხარი, კლიმ... რა თქმა უნდა, როგორც ყველგან, მწერლებშიც გვხვდებიან სპეკულანტები. ისინი ადვილად და მომგებიანად კლავენ „კარგბეწვიან ნადირებს“ (ანუ ირჩევენ ადვილ თემებს). ასეთები არიან სხვა და სხვა, მაგრამ თუ ნამდვილი მკითხველი ხარ, მშვენივრად მიხვდები, რომელი თემაა უფრო რთული და რომელი - მომგებიანი, ადვილი. რადგან არსებობს მწერალი - ვაჟკაცი, რომელიც რაღაცნაირად მშვიდად თავზეხელაღებულია. ეს უცნაური მომთვინიერებელი ლომს პირში უყოფს თავს. და აგერ, სხვა მომთვინიერებლებიც არიან - ისინი რგოლში ახტუნავებენ პატარა, ხუჭუჭა, ყელბაფთიან ძაღლებს. და არიან სხვა, ნამდვილი მომთვინიერებლებიც - მგლის გაწვრთნა უბრალოდ შეუძლებელია. ისიც საქმეა, მგელს ცოტა ხნით კუდზე სტაცო ხელი, ვიდრე ლომს პირში თავი შეუყო. და მერე რა, მგელს შეჭიდებული კაცი ხანდახან ჩამოფლეთილი, მათხოვარივით ჩამოძენძილი და გაძევებულიც რომ ყოფილა, ძაღლის გამწვრთნელებს კი მამაცი ჰუსარების ბრჭყვიალა ტანსაცმელი აცვიათ ხოლმე. და თუ მწერლის ჩემეული იდეალიც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ესაა მგელზე ამხედრებული ამაყი ღარიბი კაცი, მხარზე არწივით - ისიც არ იწვრთნებაო, ამბობენ... დაბოლოს, მარტივად და გასაგებად გეტყვით, რომ დიდი მწერალი ისაა, ვინც დიდ ნაწარმოებს წერს.“
„და მეორეც ერთი,“ - კვლავ აწყვეტინებს ხელმძღვანელი, გაბრაზებულია, - „რა იცით თქვენ, რომელია დიდი ნაწარმოები და რომელი - არა?“
„მე, საყვარელო,“ - უცნაურად უღიმის რესპონდენტი, - „ჩემი იშვიათი განმსაზღვრელი მაქვს, რომელსაც ვერც ერთი უზუსტესი ხელსაწყო ვერ შეედრება - როცა ნამდვილად ღირებულ რამეს წავიკითხავ, იქნება ეს ნაწარმოები მთლიანად თუ ერთი პატარა ეპითეტი ან შედარება, ვიმეორებ, თუ მართლა კარგი და ღირებულია, მაშინ მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, აუცილებლად დამბურძგლავს... რა, არ გჯერათ?“ - და რესპონდენტი პერანგის სახელოს მაღლა იწევს, ამბობს: - „„დონ კიხოტი“,“ - მკლავს გვაჩვენებს და, სიმართლე გითხრათ: დაბურძგლულია...
„აი, თქვენ, მაგალითად,“ - სხვა შეკითხვას აძლევს ხელმძღვანელი, - „ჩემთვის გაუგებარი პრინციპებით ხელმძღვანელობთ - მწერლების დასახელებისას, ანდა იმ ვითომცდა საყვარელი ქალების ჩამოთვლისას რა წესით სარგებლობთ, მაგალითად, იცავთ თუ არა ქრონოლოგიას, როგორც ასეთი, ანდა - ანბანს... ა?“
„ღმერთო, ეს რა თქვა,“ - შუბლზე ხელისგულს ტკაცანით ირტყამს რესპონდენტი, - „როგორ, საიდან სად - სიყვარული და... ანბანი?! დედა, დედა... ეს რა მისალოცი ყოფილა, ვიღაცაა, არა, კლიმ?“
„მისალოცი კი არა, ჰაერშია ასაგდები, ოლიმპიური ჩემპიონივით,“ - ამბობს კლიმი.
„ცოტა არ იყოს, თავაზიანობას მოვითხოვ,“ - ამბობს ხელმძღვანელი, განრისხებულია, - „რა გააჭირეთ, ბოლოს და ბოლოს, ამ თქვენი ლიტერატურით საქმე. ასე მეც შემიძლია გაგაკვირვოთ და აბა, მიპასუხეთ, რა გსმენიათ ჩემს სპეციალობასა და მის ბრწყინვალე წარმომადგენლებზე? აბა, ვინ იყვნენ ემილ დიურკჰაიმი და მაქს ვებერი, ანდა პარსონსი და მერტონი? რა გსმენიათ პარეტოსა და ფონ ვიზეზე?“ - ეშხში შედის ხელმძღვანელი, მიხარია, - „ანდა, ვინ იყვნენ შეპანსკი, ბეკერი და პიტირიმ სოროკინი?“
„კი ბატონო, ლიტერატურა განზე გადავდოთ,“ - ამბობს რესპონდენტი, - „თქვენ სულ დაგავიწყდათ, რომ მე ლიტერატურათმცოდნე კი არა ვარ, არამედ - ფოტოგრაფი. და მაგ რიხით დასახელებულ გვარებს ფოტოგრაფიის კორიფეთა ჩამოთვლით გაგიბათილებთ: რა გსმენიათ, მაგალითად, დიდ ლუი დაგერზე, ანდა რას მეტყვით კარლ ცეისისა და იოფისის მიღწევებზე? რა კავშირია, თუ იცით, ფოტოგრაფიასა და პოლიგრაფიას შორის? და აბა, ერნსტ ლაიცმა რა გამოიგონა? როგორი დაყოვნებით უნდა გადაიღოთ სურათი თუნდაც აი, ასეთ ამინდში? და მაქს ალპერტზე რა აზრის ბრძანდებით? ანდა როდჩენკოს, მიკულინისა და ოცუპის რომელი ნამუშევრები მოგწონთ...“ - და შემპარავად ეკითხება: - „ა?“
აქ კი ხელმძღვანელმა მეხუთედ დამიბღვირა. უჰ, რა სიტყვაა - „ჩამომალაბორანტეს...“
„და მაინც, მაინც იძულებული ვარ, სიმართლე გითხრათ,“ - დანაღვლიანებული შესცქერის რესპონდენტი, - „ჩემი „კარცერ-ლუქსების“ რეალობის მაინცდამაინც არ მჯერა. იმიტომ კი არა, რომ ღირსი არაა - არა... და ისიც სიცრუეა, რომ თუ ბევრს ნახავ და უამრავი რამ გადაგხდება, სიკვდილის აღარ შეგეშინდება - პირიქით, უფრო გაგიძნელდება სიცოცხლესთან განშორება. მაგრამ ის მაინც გეცოდინება, რომ სავსე ცხოვრება გქონდა, ნაწანწალი და ყოვლის მნახველი... და ჩემისთანამ სიკვდილის წინ, უღონომ, საწოლზე, შეიძლება ასე თქვას: „ეჰ, კარგი იყო, ოხერი...“ და თქვენისთანამ კი ჯანმრთელმა, შესაძლოა ნიშნის მოგებით მკითხოს: „რა - სიცოცხლე თუ ლიტერატურა...“ მე კი, გაინტერესებთ, რას გეტყვით?“
„რას მეტყვით?..“ - ეკითხება ხელმძღვანელი, აფორიაქებულია.
„მე კი მოგიგებთ: „და განა სულერთი არ იყო?““
„კარგი ხართ, მაესტრო,“ - აღფრთოვანებულია კლიმი, რესპონდენტი კი განაგრძობს:
„მე მაინც ვცდილობდი, ბოლომდე არ მეგრძნობინებინა თქვენთვის, მისალოცთათვის, ჩემი უპირატესობა და პოეზიაზე ხმაც არ დამცდენია - გიფრთხილდებოდით... ეს იმიტომ, რომ ჩვენი პატარა საქართველო მსოფლიოს პოეზიურ რუკაზე ერთ-ერთი დიდი, ძლევამოსილი სახელმწიფოა...“
„პოეზია, პოეზია,“ - დიდი ამბავი, - ამბობს ხელმძღვანელი, - ლაქები აყრია სახეზე.
„ქალაქში, მტვერში, წაიქცა ბავშვი,“ - ჩურჩულებს რესპონდენტი, - „რა უნდა იყოს ამაზე საზარელი, ამაზე იდუმალი რამ...“
„წაიქცა, წაიქცა,“ - გაღიზიანებით იძახის ხელმძღვანელი, - „დიდი ამბავი, თუ წაიქცა... წაიქცა და კეთილი გამვლელები კვლავ წამოაყენებენ... ბავშვობაში ვინ არ წავქცეულვართ, მაგრამ დადებითი გამვლელების დახმარებით ისევ წამოვმდგარვართ, დიდი ამბავი...“
„ღმერთო, ეს რა თქვა!“ - ხელები ჭერისკენ აქვს აპყრობილი რესპონდენტს, - „გაიგე, კლიმ? ღმერთო, ეს რა საშინლად ახსნა...“ და მღელვარედ ეკითხება: - „შეგიძლიათ თუ არა, კვლავ გაიმეოროთ ეს?“
„რატომაც არა!“ - არ იხევს ხელმძღვანელი, მაინც შეუპოვარია, ჯიუტი.
„კლიმ! გევედრები, კლიმ, ოცდასამ ნომერში მიირბინე, ვანოსთან. შინ თუ არ დაგხვდა, აჰა, ჩემი პასპორტი წაიღე და გირაოდ დაუტოვე ვინმეს, იქნებ მაგნიტოფონი გვათხოვონ, სულ ათი წუთით. ეს წინადადება ჩავიწეროთ და მაშინვე დავუბრუნებთ. კლიმ, გაიქეცი, აჰა, პასპორტი,“ - უცნაურად აღტყინებულია, მაგრამ თითქოს ხუმრობს კიდეც, - „მაგნიტოფონი! ნახევარ სამეფოს მაგნიტოფონში ვაძლევ, კლიმ, მაგნიტოფონში! ეს რა თქვა, ღმერთო, „დადებითი გამვლელების მეშვეობითო“, აბა, გაფრინდი...“
„ტყუილად ნუ შეაწუხებთ,“ - ამბობს ხელმძღვანელი, ხმა უკანკალებს, - „ახლავე წავალთ.“
დგება, მეც ვდგები, კარისკენ მივემართებით, ჰალსტუხებს ვისწორებთ, პალტოებს ვიცვამთ. პერანგისამარა რესპონდენტი კი დარჩენას გვევედრება, ლამის ყელი გალოიგლოჯოს, მაგრამ ხელმძღვანელი შეუვალია, სახელურისკენ მტკიცედ მიიწევს, მეექვსედ მიბღვერს. რესპონდენტი კი, ოჰ, თავხედი, ახლა სურათის გადაღებას გვთავაზობს: „თქვენი ჭირიმე, მაშინ სურათი მაინც გადაიღეთ. ეს ჩემი კოლექციისთვის საუკუნის სურათი იქნება - აურელიანო-სქელი - გასქელებამდე და პოლკოვნიკი ჯანჯაკომო სემინარიო - ერთად!“
ხელმძღვანელი ძალიან გაბრაზებულია. ის უხეშად იშორებს კაცს, რომელიც ევედრება. კაცი კი სამფეხა ფოტოაპარატს ჩვენკენ ატრიალებს. ის მაგიდასთან გარბის ფირის ასაღებად, მაგრამ ხელმძღვანელი ეუბნება: „ჩვენ არ გვინდა, არა, გესმით?“ და რკინისავით მაგარი თითებით მაგრად უჭერს მაჯაზე. კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, ტკივილისგან სახე ეღრიცება. ფირი ისევ მაგიდაზე ეცემა. მე და ხელმძღვანელი კი, არა, ჯერ ხელმძღვანელი და მერე მე, ქუჩაში გამოვდივართ. კაციც მოგვყვება, ხელში აპარატით. ეს, რა თქმა უნდა, ის დიდი სამფეხა აპარატი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, პატარა აპარატი, „ფედი“ თუ „ზორკი“, რაღაცას ეძახიან. ის ჩვენ გვიმიზნებს. ხელმძღვანელი პალტოს საყელოს მაღლა იწევს და სახეზე იფარებს. მე გაოგნებული ვდგავარ, ხელებჩამოშვებული და ვღელავ. ის-ის არის, მთქნარება ამიტყდება. ხელმძღვანელი კი აგურის კედელთან მიდის და სახეს თითქმის ადებს. ასე დგას, აგურის კედელთან, ხელებაწეული – პალტოს საყელოს ლოყებზე იფარებს. თავის მუქ სათვალესაც ცალი ხელით იკეთებს. კაცი კი, რომელსაც ლიტერატურა... და ასე შემდეგ, კლიმს ეძახის. კლიმიც, რა თქმა უნდა, იქ არის. კაცი ფოტოაპარატს კლიმს აწვდის და ჩემს ხელმძღვანელს, ისეთ ძლიერსა და ენერგიულს, მხრებზე ეჯაჯგურება – შემობრუნებას უპირებს, თავისი ჭკუით. მე კი ერთხანს მიკვირს, რომ ხელმძღვანელი, ნამდვილი ათლეტი და თანაც გაბრაზებული, რატომ არ გაუქანებს და არ მიუფშვნის ყბას. მაგრამ მაშინვე ვხვდები, რომ არ შეიძლება დღისით, მზისით, შუა ქუჩაში რესპონდენტს ყბაში დაარტყა, რაც არ უნდა გაგაბრაზოს. რადგან ეს ქუჩაში ინციდენტი იქნება. ინციდენტი კი, აბა, ვის აწყობს? თუნდაც რესპონდენტი რეგისტრირებული გიჟი აღმოჩნდეს, მაინც, სად წავა საქმე, ყველა გიჟს და სულელს ყბაში რომ ურტყა. რესპონდენტი კი ისევ ამაოდ ეჯაჯგურება. თუმცა პატარა, ვიწრო ქუჩაა, მაინც იკრიბება თითო-ოროლა გამვლელი. ფანჯრებიდან იყურებიან. ალბათ უცნაური შესახედავები ვართ:
1) მზის საწინააღმდეგო სათვალიანი ათლეტი, სახე კედლისკენ აქვს მიბრუნებული, ხელებაწეული. 2) მისი პალტოს სახელოზე ჩაჭიდებული, ამ შუა ზამთარში პერანგისამარა კაცი. 3) მე, მღელვარებისგან მთქნარებაატეხილი ახალგაზრდა. 4) პატარა კლიმი, ცალ მუხლზე ჩაცუცქული და აპარატმომარჯვებული – შუა ქუჩაში!
და უცებ ვხვდები, რას ფიქრობენ გამვლელები ჩვენზე. ალბათ ქურდები, ოხრები და სპეკულანტები ვგონივართ. სულ მცირე – მოძრაობის წესების დამრღვევები. თორემ ისე, სხვას აბა ვის უღებენ ძალისძალად ფოტოსურათებს ქუჩაში? კლიმი, ჩაცუცქული, ჯიუტად იცდის. ხელმძღვანელი კი გამოსავალს პოულობს – ზურგშექცეული, კედელ-კედელ მიჰყვება ქუჩას, ჩვენი კომპეტენტური დაწესებულებისკენ. მეც, მისი ხათრით, გვერდულად მივყვები. და უცებ რესპონდენტის შემზარავი, ტრაგიკული ყვირილი გვესმის: „ვაიმე, კლიმი! ვაიი, კლიმს მანქანა დაეჯახა!“
შეშფოთებულები ვტრიალდებით და სანამ გავარკვევთ, რაშია საქმე, ჩაცუცქული კლიმი ფეხზე დგება. რა მანქანა, რის მანქანა? კლიმი კი მზრუნველად კეტავს ფოტოაპარატს, საიდანაც ორიოდე წამის წინ გაისმა ჩვენთვის, მისკენ მიტრიალებულთათვის საზარელი, იმათთვის კი სასურველი „ჩხაკ...“ და, ოდნავ დარცხვენილები იმით, რომ მაინც თავისი გაიტანეს, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა და მისი თანაშემწე, კლიმი, სირბილით ეფარებიან თვალს.
ეს ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა: „და ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ ადამიანთა თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება, ჯერ ერთი, იმით, რომ წარმოადგენს ადამიანის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ფაქტორს, რადგან შედის კომპონენტად მისი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში; მეორე – რომ ასეთი გამოკვლევა გვეხმარება...“
მე ლაბორანტად დამნიშნეს.