თავი 11
– 11 –
„ჰ-ჰ!“ – ნერვიულობს ხელმძღვანელი, აფორიაქებულია, ღაწვ-ყელს თითებით იმოწმებს – გაპარსულია თუ არა. კლიმს უყურებს, ახსენდება: – „კი მაგრამ, რომელიმე კლიმმა რაღა დააშავა, მთელი დღე რად უნდა უყარაულოს და მოემსახუროს უსაქმურს?“
„ჯერ ეს ერთი, მე აღვნიშნე, რომ მუხლებზე წიგნი ექნება გადაშლილი. მეორეც, ყოველთვის შეიძლება უწყინარი გართობა...“
„როგორ?“
„სიტყვით.“
„როგორ თუ სიტყვით?!.“
„ახლავე აგიხსნით. აი, ვთქვათ, აი... ჰო, აი თუნდაც თამაზი ავიღოთ, ჩვენი. რა თანამდებობა აქვს?“
„უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია.“
„ძალიან კარგი. ადრე ვინ იყო...“
„ადრე – ლაბორანტი.“
„აჰაა... და დააწინაურეთ?“
„დიახ.“
- აჰა!.. ესე იგი, ამ შემთხვევაში სიტყვა „უმცროსი“ დაწინაურებას ნიშნავს?
- დიახ.
- ჰოდა, საინტერესო ფრაზა გამოვა - „გავაუმცროსთანამშრომლეთ...“
ამ დროს ხელმძღვანელმა მესამედ მკაცრად შემომხედა.
- ახლა საპირისპირო მაგალითი ავიღოთ - ვთქვათ, თამაზი ისევ ლაბორანტია. როგორ იტყოდა ამას თავად?
- ისევ ლაბორანტი გავხდი, - ამბობს ხელმძღვანელი...
- არა, ისიც უნდა იგრძნობოდეს, რომ თანამდებობა ჩამოართვეს.
- ისევ ლაბორანტად ჩამომაქვეითეს.
- უფრო მოკლედ!
- ლაბორანტად ჩამომაქვეითეს.
- კიდევ უფრო მოკლედ!
- ჩამომაქვეითეს.
- ლაბორანტი სადღაა?! ერთი, ერთადერთი სიტყვით უნდა გამოთქვათ, ისე რომ თანამდებობის ჩამოქვეითებაც და ლაბორანტობაც გამოიხატებოდეს.
- ერთი სიტყვით შეუძლებელია.
- რატომ?
- აბა, თქვენ სცადეთ, თუ შესაძლებელია.
კაცი კი ამბობს:
- შესანიშნავ სიტყვას მივიღებთ: „ჩამომალაბორანტეს“ - ხომ შესაძლებელი ყოფილა? აი, ასე ითამაშებდა სიტყვით რომელიმე კლიმი.
ხოლო კლიმი: - კარგი ხართ, მაესტრო, - ამბობს.
აჰ, ხელმძღვანელი... მეოთხედ მკაცრად შემომხედა.
სიჩუმეა. კლიმი აღფრთოვანებული უყურებს რესპონდენტს. რესპონდენტი თავისას ფიქრობს, თავისასვე ფიქრობს ხელმძღვანელი. მხოლოდ მე არ ვიცი, რა ვქნა, რა გავაკეთო. ჰალსტუხს ვაწვალებ და მახსენდება საშინელი, საზარელი სიტყვა „ჩამომალაბორანტეს...“ არა, ეს მაინც ვის გადავაწყდით? ჩამევლო ჩემთვის, მშვიდად, რა იქნებოდა? თუმცა, რა ვიცოდი? ახლა კი გვიანღაა - ხელმძღვანელია დაინტერესებული, მაგრამ, მგონი, ისიც ნანობს, აქ რომ მოვიდა. და მაინც, ასე ამბობს, ენერგიულია, დალოცვილი:
- ლიტერატურას როგორ შეარჩევდით?
- თავიდან? როგორც უნდა, ჯანდაბას, თვითონ შეირჩიოს. იქნება ეს სკეტჩები, სიმენონი თუ ერთად აკინძული ჟურნალი „ნიანგი“. ისე კი, ჟიულ ვერნით დაწყება ყველაფერს სჯობს. მთავარია, ჯერ მაგიდასთან ჯდომა ისწავლოს, ფეხების ხან სკამქვეშ შეკეცვა, ხან კი - გაშლა. წიგნის გადაფურცვლა ისწავლოს, სარჩევის თვალიერება. მერე თანდათან მივაწვდით... აბა, კლიმ... ჰო, „სამ მუშკეტერს“, მარკ ტვენს, რომელიც რა ვქნა, მომკალი და არ მიყვარს, ო. ჰენრის. მერე წამოვიდოდნენ უფრო სერიოზული მწერლები. კლიმ, ორი კაცი მომაწოდე... მშვენიერია - ჯეკ ლონდონი, რომელიც ორმხრივ დააინტერესებს. და რა თქმა უნდა, შეიძლება ჰიუგოს პროზაც, რომანტიულს რომ ეძახიან, სწორედ ისაა და თან ოდნავ ძნელი წასაკითხი. მერე კი ცოტას ამოვასუნთქებდი, „უთავო მხედარი“, „აივენგო“, ვთქვათ... და მოდი, კლიმ, ახლა კი ვუბოძოთ ის დიდი მწერლები, რომლებიც საოცრად ადვილად იკითხებიან... ჰოო, მერიმე, ჩეხოვი... ერთიც! სწორია, სწორი - ესე იგი. მივცემდით მერიმეს, ჩეხოვსა და მოპასანს. შემდეგ კი რისკის დროც დადგებოდა. რაიმე ძნელი, ოღონდ რომანი არა, ნამეტანი იქნება - ჯერ მოთხრობა შევუგდოთ, კლიმ... აჰ, არა, არა, რა დროს მაგისი „სიკვდილი ვენეციაშია“, რას ამბობ, კაცო... მოკლედ დაიმე ისეთი, და მერე ისევ შედარებით ადვილი, შედარებით-მეთქი, ოდნავ ძველმოდური... ჰოო, თუნდაც დიკენსი...
- ოო, დიკენსი კარგია, კარგი, - უხარია ხელმძღვანელს, - დავიდ კოპერფილდი.
- ვითომ? - ზიზღით უყურებს რესპონდენტი, მაგრამ ხელმძღვანელი ისეა გახარებული, ვერაფერს ამჩნევს. ამბობს: - რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, კარგი, ჩრდილში, ხანდახან დიკენსი...
- ხანდახან დიკენსი და აქა-იქ ტოლსტოი, არა? - დამცინავად უყურებს კლიმი, პატარა, ქათმის ბუდის ძელივით, ლაწირაკი. რესპონდენტი კი ამბობს:
- მწერლების ჩამოთვლას აღარა აქვს აზრი, სავსებით საკმარისია... ახლა მხოლოდ სახეზე უნდა შევხედოთ ახალგაზრდას. როგორი გამომეტყველებით კითხულობს... და თუ საკმარისადაა ჩაფლული, გავუშვებთ.
- როგორ მიხვდებით?..
- გამომეტყველებით.
- მერედა, რა გამოვა ამით?..
- ვისგან?
- თქვენი ახალგაზრდისგან?..
აქ კი რესპონდენტი საზეიმოდ აცხადებს:
- რა გამოვა, და... რომელიმე კლიმი!
პატარა ხანს ჩუმად არიან, მერე კი ხელმძღვანელი ჯიუტად განაგრძობს:
- და ამით რაღა გამოვა?..
- რომელიმე კლიმისგან? მეტი რაღა უნდა გამოვიდეს, დალოცვილო - მივიღებთ ადამიანს, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა.
- ლიტერატურა, ლიტერატურა, - ღიზიანდება ხელმძღვანელი, - დიდი ამბავი!..
- რაო? რა? - ყურს არ უჯერებს განცვიფრებული რესპონდენტი, - ნუთუ ამის ახსნაც საჭიროა?
- სცადეთ, - მე გისმენთ.
- ვცადო? - დაფიქრებული ამბობს რესპონდენტი, თვალებში უყურებს, - ვცადო? მაშინ, ჯერ მარტივად აგიხსნით - ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი. და, სხვათა შორის, - აქ ეღიმება, - მე თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისთვის საჭიროა ჭკუა... - და სახე უმკაცრდება, - ეს, როგორც მოგახსენეთ, მარტივი ახსნაა, მაგრამ ესეც საკმარისია - უკეთესი ხდები... ახლა კი შედარებით რთულად აგიხსნით...
ოთახში ბოლთას სცემს... მიდი-მოდის... დადის...
აჰ - სიჩუმეა.
– 12 –
- ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი, - ხმადაბლა, მოწიწებით ამბობს რესპონდენტი, - ყველაზე საშინელს, უსიამოვნოს, გულდასაწყვეტსა და ვინ იცის, კიდევ რა - ესაა პირველი მიწის დაცემა საფლავში ჩადგმული კუბოს სახურავზე. გაგახსენდათ, არა? ყრუ ხმაურია, საზარლად ფშვნადი... ესეც არ იყოს, შეუძლებელია, ხანდახან ძილი არ გაგიტყდეს და, ბნელი ღამით, უეცრად გაღვიძებულს, უცნაური, განსხვავებული სიცხადით წარმოგიდგება სიკვდილი, რომელიც, დარწმუნებული იყავით და, მოვა... ეს ერთადერთია, ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცი. მაგრამ დღისით, მზისით, ოჰოჰო, ხალხში, უჰ რა კარგ ხასიათზე ხართ, ხვრინვით იბანთ პირს, საუზმობთ და შებოლილ ძეხვს ისე ძლიერად ღეჭავთ, თითქოს რკინა იყოს. ერთმანეთს ხვდებით და ზოგი - უფროსი ბრძანდებით, ზოგიც - უმცროსი. არ არსებობს მხოლოდ ტოლი. ეს თქვენთვის, უმეტესობისთვის, მისალოცთათვის - „მისალოცი“, ხომ იცით, ჩემებურად რასაც ნიშნავს - ვისაც პირველად წაკითხვის მრავალი ბედნიერება წინა აქვს. და მე და კლიმი კი, აბა, რამ გაგვყო? მიწოდეთ მე თუნდაც ფოტოკაბინეტის მთავარი დირექტორი და იმას - თანაშემწე, მაინც ერთნი ვართ, რადგან: ჩვენ ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა. და თქვენგან, მისალოცთაგან განსხვავებით, დაწინაურებას სულაც არ ვცდილობთ.