თავი 4
ეს ჰალსტუხი იყო.
— 4 —
ხელმძღვანელს სვიტერი ეცვა, რომელიც ძალიან კარგად იყო ნაქსოვი. მისი ძლიერი სხეული გამოკვეთილი იყო. ქალები გიჟდებიან ასეთ კაცებზე — ყოველ შემთხვევაში, მათი გარკვეული ნაწილი მაინც. უცხო ადამიანი რომ შეხედოს, იფიქრებს, რომ ნამდვილი ათლეტია. მეცნიერი და ასეთი აღნაგობა? საუბარიც დამაჯერებელი აქვს — სავსეა ტერმინებით, რთული და ზუსტი. რა გამოთქმა გინდა, რომ მან არ იცოდეს, ნამდვილი უცხო სიტყვების ლექსიკონია.
ერთი რამ ვერ გამიგია — მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი თვალ-წარბი აქვს, მაინც ძალიან უყვარს მზის საწინააღმდეგო სათვალის ტარება. ახლაც უკეთია. სავარძელში ზის, ჩემს მიერ მიწოდებულ ანკეტას კითხულობს და დროდადრო ამბობს: „საინტერესოა, საინტერესოა...“ მე, გახარებული, ადგილზე ვხტუნავ, ბოლო ანკეტაზეა, საცაა — შემაქებს. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს, ძალიან გასაკვირი — თუ ძალიან ვღელავ, მეძინება ხოლმე. ერთი-ორჯერ გაუგებრობას მივაწერე ეს შემთხვევა, მაგრამ მერე, როცა გახშირდა, ექიმს ვეჩვენე. მან წერილი გადაიკითხა, გულდასმით გამსინჯა და თქვა, რომ საგანგაშო არაფერია. მსგავსი შემთხვევები ცნობილია მედიცინის ისტორიაში. განსაკუთრებით ისაა საინტერესო, რომ ეძინებათ მხოლოდ უსიამოვნო ამბის მოლოდინში. სხეული თურმე მექანიკურად გამოირთვება, მაგრამ სასიამოვნო მღელვარების დროს კი არა, როგორც, მაგალითად — ახლა — სულაც არ მერევა თვლემა შექების წინ.
რა თქმა უნდა, თანამშრომლებისთვის არ გამიმხელია ჩემი ეს ჩვევა. ისინი რას გაიგებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სხეული თავისთავად, მექანიკურად გამოითიშება ხოლმე მოსალოდნელი საფრთხის წინ. ისინი მაშინვე დაასკვნიან — ბოთეა — და მორჩა... ხელმძღვანელი ღიმილით მიყურებს, ამბობს: „კარგად გიმუშავია, ყოჩაღ...“ სამი სიტყვა მითხრა, სამივე კარგი — „ყოჩაღ“, „კარგად“ და „გიმუშავია“, — ამდენი როდის მოასწარი, ა?“ მე ვიღიმი, მორცხვად ვხრი თავს, ხელმძღვანელი კი მხარზე მადებს ხელს და ამბობს: „ძალიან კარგად დაგიწყია...“ რაღაც უცნაური ფრაზა მახსენდება, სადღაც გაგონილი, ვიღაცამ მითხრა ახლა, ახლახანს. ენის წვერზე მიტრიალებს, არ მსიამოვნებს კი, და — ჰო, მახსენდება, ის სულელი — ედმონდო რაღაც გვარმაც კარგად დაიწყო, მაგრამ... „ანკეტათა საერთო რიცხვი შესაძლოა ერთით მეტიც ყოფილიყო, — ვეუბნები ხელმძღვანელს, — მაგრამ იმ ერთთან შეუძლებელი იყო მუშაობა...“ „და თავი გაანებე?“ „დიახ“, — გაუბედავად ვპასუხობ, მაგრამ ხელმძღვანელი ამბობს: „კარგად მოქცეულხარ. თუკი რესპონდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას, შენც მაშინვე თავი უნდა გაანებო და სხვაზე გადახვიდე...
რესპონდენტების მეტი რაა?!“ „ძალიან უცნაური კაცი იყო, — სახე მეჭმუხნება, მაგრამ მაინც ვუღიმი, — ყველაფერს, ყოველივეს, ერთი კუთხით უდგებოდა, შეუძლებელი იყო მასთან მუშაობა...“ „რომელი კუთხით?“ — მეკითხება ხელმძღვანელი, მხიარულება დასთამაშებს ტუჩებზე. „ლიტერატურულით, და ისიც ვიწრო გაგებით, ყველაფერს მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კუთხით უდგებოდა...“ „ლიტერატურული კუთხითო, შენ ამბობ? — ოდნავ დაინტერესებული მეკითხება, — ეს როგორ?“ „როგორ და... — ვიხსენებ, — აი, მაგალითად, თქვა, ძალიან კარგ კომუნალურ პირობებში ვიმყოფები, რადგან მაქვს წიგნის კარადები, თაროები და ნათურაო...“
„აჰაჰა, — მოხდენილად იცინის ხელმძღვანელი, — არა სცოდნია, კომუნალური მომსახურება რასაც ნიშნავს... კიდევ?“ „კიდევ... — ვიხსენებ, — ჰო! მოდაზე ვკითხე, როგორი მოგწონთ-თქო, იმან კი — ფართოჯიბიანი, წიგნი რომ ჩაეტიოსო. აბა?!“ „ნუთუ?“ — ამბობს ხელმძღვანელი, — და მე ახლავე აგიხსნით, თუ რატომ“. ოთახში დადის, ბოლთას სცემს. მე ფეხზე ვდგავარ და თვალს ვაყოლებ — „სწორად უთქვამსო!..“ აჰ, ეს რა მითხრა, რაღაც უსიამოვნოს მოლოდინში თვლემა მერევა და უცებ მახსენდება: „დიახ, დიახ, როგორი ფილმები მოგწონთ-მეთქი და ტიტრებიანიო!“ „რატომ...“ „ალბათ იმიტომ, რომ ტიტრებია წასაკითხი...“ და ასე უყვარს ლიტერატურა? ოჰო! — ხელებს იფშვნეტს ხელმძღვანელი, — ეს კაცი არ უნდა დავკარგოთ...“ ისევ ბოლთას სცემს, „უყურე შენ, — დაფიქრებული მიმზერს, და უცებ კითხვას კითხვაზე მაყრის, — და თქვენ გგონიათ, რომ მასიურ, შაბლონურ პასუხებს გაცილებით არ სჯობს ინდივიდის არსებობა? რომელიც მთელ ამ კომპლექსს პასუხობს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სურვილისდა მიხედვით ამორჩეული საქმიანობის კუთხით? და თქვენ გგონიათ, რომ მხატვრული ლიტერატურა ხელწამოსაკრავია, როგორც ასეთი? რა სჯობია ხანდახან, სიგრილეში, მაგალითად, დიკენსის კითხვას? და განა ლიტერატურა კულტურული დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არ არის?“
აქ კი ხელმძღვანელი ჩერდება და აშკარად ეტყობა, რომ თავის საკუთარ, მომავალ ნაშრომზე ფიქრობს, რადგან ასეთ დროს თავს სწორედ ასე, ოდნავ გვერდულად და ზემოთკენ სწევს ხოლმე, და ხდება ჯიუტი, შეუდარებელი. მუქი სათვალიდან მის გამჭოლ, ცივ მზერას ვგრძნობ, და, წარმოგიდგენიათ? — მკაცრად მეუბნება: „დღესვე მიბრძანდით ხსენებულ რესპონდენტთან და შეავსეთ ანკეტა მისი პასუხისა და სურვილის მიხედვით და გახსოვდეთ, რომ ხანდახან საინტერესო ინდივიდის ჩვენებები შესაძლოა მეტ ინტერესს მოიცავდეს, ვიდრე ათობით ადამიანის სტანდარტული პასუხი. მაგრამ მე ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ იმ კაცს მართლაცდა ზედმიწევნით უყვარს ლიტერატურა, ესე იგი, კულტურული დასვენების ესა თუ ის დარგი და შემდგომ, თუკი მხატვრული ლიტერატურა მართლაცდა მუქ წითელ ხაზად გასდევს მთელ მის ცხოვრებას, უნდა გამოვარკვიოთ — რატომ, — და ოდნავ მოლბა, — აბა, შენ იცი, წადი...“