prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა — თავი 4

გურამ დოჩანაშვილი · პროზა

– 4 –

ხელმძღვანელს სვიტერი ეცვა, მშვენივრად ნაქსოვი, ძლიერი სხეული გამოკვეთოდა, გიჟდებიან ქალები - ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ნაწილი მაინც. უცხომ რომ შეხედოს, ნამდვილი ათლეტია, მეცნიერი და ასეთი აღნაგობა? საუბარიც რომ დამაჯერებელი აქვს - ტერმინებით აღსავსე, რთული და მახვილი, რანაირი გამოთქმა გინდა იმან რომ არ იცოდეს, ნამდვილი უცხო სიტყვათა ლექსიკონია.

ერთი ვერ გამიგია - თუმცა ლამაზი თვალ-წარბი აქვს, მაინც ძალიან უყვარს მზის საწინააღმდეგო სათვალის ტარება, ახლაც უკეთია, სავარძელში ზის, ჩემს მიერ მიწოდებულ ანკეტას კითხულობს და დროდადრო ამბობს: „საინტერესოა, საინტერესოა...“ მე, გაბადრული, ადგილზე ვცმუკავ, ბოლო ანკეტაზეა, საცაა - შემაქებს. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს, დიდად საკვირველი - ძალიან თუ ვღელავ, მეძინება ხოლმე. ერთი ორჯერ გაუგებრობას მივაწერე ეს ინციდენტი, მაგრამ მერე, როცა გახშირდა, ექიმს ვეჩვენე. იმან წერილი გადაიკითხა, გულდასმით გამსინჯა და თქვა, რომ საგანგაშო არაფერია, მსგავში შემთხვევები ცნობილია მედიცინის ისტორიაში, და განსაკუთრებით ისაა საინტერესო, რომ ეძინებათ მხოლოდ უსიამოვნო ამბის მოლოდინში, სხეული თურმე მექანიკურად გამოირთვება, მაგრამ სასიამოვნო მღელვარების დროს კი არა, როგორც, მაგალითად - ახლა - სრულებითაც არ მერევა თვლემა შექების წინ.

ისე, რა თქმა უნდა, თანამშრომლებისთვის არ გამიმხელია ჩემი ეს ჩვევა, ისინი რას გაიგებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სხეული თავისთავად, მექანიკურად გამოითიშება ხოლმე მოსალოდნელი საფრთხის წინ, არამედ ერთი ხელის მოსმით დაასკვნიან - ბოთეა - და მორჩა... ხელმძღვანელი ღიმილით მიყურებს, ამბობს: „კარგად გიმუშავია, ყოჩაღ...“ სამი სიტყვა მითხრა, სამივე კარგი - „ყოჩაღ“, „კარგად“ და „გიმუშავია“, - ამდენი როდის მოასწარი, ა?“ მე ვიღიმები, მორცხვად ვხრი თავს, ხელმძღვანელი კი მხარზე მადებს ხელს და ამბობს: „ძალიან კარგად დაგიწყია...“ რაღაც უცნაური ფრაზა მახსენდება, სადღაც გაგონილი, ვიღაცამ მითხრა ახლა, ახლახანს, ენის წვერზე მიტრიალებს, არ მსიამოვნებს კი, და - ჰო, მახსენდება, ის სულელი - ედმონდო რაღაც გვარმაც კარგად დაიწყო, მაგრამ... „ანკეტათა საერთო რიცხვი შესაძლოა ერთით მეტიც ყოფილიყო, - ვეუბნები ხელმძღვანელს, - მაგრამ იმ ერთთან შეუძლებელი იყო მუშაობა...“ „და თავი გაანებე?“ „დიახ“, - გაუბედავად ვპასუხობ, მაგრამ ხელმძღვანელი ამბობს: „კარგად მოქცეულხარ. თუკი რესპონდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას, შენც მაშინვე თავი უნდა გაანებო და სხვაზე გადახვიდე...

რესპოდენტების მეტი რაა?!“ „დიდი უცნაური კაცი იყო, - სახე მეჭმუხნება, მაგრამ მაინც ვუღიმი, - ყველაფერს, ყოველივეს, ერთი კუთხით უდგებოდა, შეუძლებელი იყო მასთან მუშაობა...“ „რომელი კუთხით?“ - მეკითხება ხელმძღვანელი, მხიარულება დასთამაშებს ტუჩებზე. „ლიტერატურულით, და ისიც ვიწრო გაგებით, ყველაფერს მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კუთხით უდგებოდა...“ „ლიტერატურული კუთხითო, შენ ამბობ? - ოდნავ დაინტერესებული მეკითხება, - ეს როგორ?“ „როგორ და... - ვიხსენებ, - აი, მაგალითად, თქვა, ძალიან კარგ კომუნალურ პირობებში ვიმყოფები, რადგან მაქვს წიგნის კარადები, თაროები და ნათურაო...“

„აჰაჰა, - მოხდენილად იცინის ხელმძღვანელი, - არა სცოდნია, კომუნალური მომსახურება რასაც ნიშნავს... კიდევ?“ „კიდევ... - ვიხსენებ, - ჰო! მოდაზე ვკითხე, როგორი მოგწონთ-თქო, იმან კი - ფართოჯიბიანი, წიგნი რომ ჩაეტიოსო. აბა?!“ „ნუთუ?“ - ამბობს ხელმძღვანელი, - და მე ახლავე აგიხსნით, თუ რატომ“. ოთახში მიდი-მოდის, ბოლთასა სცემს, მე ფეხზე ვდგავარ და თვალს ვაყოლებ - „სწორად უთქვამსო!..“ აჰ, ეს რა მითხრა, რაღაცა უსიამოვნოს მოლოდინში თვლემა მერევა და უცებ მახსენდება: „დიახ, დიახ, როგორი ფილმები მოგწონთ-მეთქი და ტიტრებიანიო!“ „რატომ...“ „ალბათ იმიტომ, რომ ტიტრებია წასაკითხი...“ და ასე უყვარს ლიტერატურა? ოჰო! - ხელებს იფშვნეტს ხელმძღვანელი, - ეს კაცი არ უნდა დავკარგოთ...“ ისევ ბოლთასა სცემს, „უყურე შენ, - დაფიქრებული მიმზერს, და უცებ კითხვას კითხვაზე მაყრის, - და თქვენ გგონიათ, რომ მასიურ, შაბლონურ პასუხებს გაცილებით არა სჯობს ინდივიდის არსებობა? რომელიც მთელ ამ კომპლექსს პასუხობს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სურვილისდა მიხედვით ამორჩეული საქმიანობის კუთხით? და თქვენ გგონიათ, რომ მხატვრული ლიტერატურა ხელწამოსაკრავია, როგორც ასეთი? რა სჯობია ხანდახან, სიგრილეში, მაგალითად, დიკენსის კითხვას? და განა ლიტერატურა კულტურული დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არ არის?“

აქ კი ხელმძღვანელი ჩერდება და აშკარად ეტყობა, რომ თავის საკუთარ, მომავალ ნაშრომზე ფიქრობს, რადგან ასეთ დროს თავს სწორედ ასე, ოდნავ გვერდულად და ზემოთკენ შემართავს ხოლმე, და ხდება ჯიუტი, სწორუპოვარი, მუქი სათვალიდან მის გამჭოლ, სუსხიან მზერასა გვრძნობ, და, წარმოგიდგენიათ? - მკაცრად მეუბნება: „დღესვე მიბრძანდით ხსენებულ რესპოდენტთან და შეავსეთ ანკეტა მისი პასუხისა და სურვილის მიხედვით და გახსოვდეთ, რომ ხანდახან საინტერესო ინდივიდის ჩვენებანი შესაძლოა მეტ ინტერესს მოიცავდეს, ვიდრე ათობით ადამიანის მდგრადი პასუხი. მაგრამ მე ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ იმ კაცს მართლაცდა ზედმიწევნით უყვარს ლიტერატურა, ესე იგი, კულტურული დასვენების ესა თუ ის დარგი და შემდგომ, თუკი მხატვრული ლიტერატურა მართლაცდა მუქ წითელ ხაზად გასდევს მთელ მის ცხოვრებას, უნდა გამოვარკვიოთ - რატომ, - და ოდნავ მოლბა, - აბა, შენ იცი, წადი...“

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გურამ დოჩანაშვილი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.