– 9 – კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ვიღაც საფუძვლიანად დეკოლტირებულ, თავით ფეხამდე ათრთოლებულ ქალს სურათს უღებს: „ეგრე, არა, არა, ზემოთ აიხედეთ, ზევით, მაღლა-მეთქი, ცოტათი კიდევ, ოო, მარცხნივ მიაბრუნეთ თავი, ოდნავ, ოდნავ, ნუ იძაბებით, ნუ, ნუ ღელავთ, ქალბატონო, დამშვიდდით და გაიხსენეთ რაიმე ისეთი, აი, ნამდვილად კარგი რამ, ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც, ლაღი, უდარდელი, უკან გადავარდით... არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად, უკან გადავარდით ოცდაათიოდე... ეე, ოცი წლით, ოოო, ეგრე, იფიქრეთ ბედნიერ ბავშვობაზე, ჩქარა კასეტა, კლიმ, მხრებზე ხომ არ გცივათ? ბარეღამ შენ ჩადგი, კლიმ, გაიწაფე ხელი, ოო, ჩვენი აურელიანოც მოსულა, გაგიმარჯოს, არა, თქვენ არა, ქალბატონო, რატომ დაიქნიეთ თავი, სულ გაიფუჭეთ პოზა, ასწიეთ თავი, ასწიეთ, თვალები ცოტა გაიფართოვეთ, დაძაბეთ ქუთუთოები, არა, არა, ეგრე ძალიან ნუ დააჭყეტთ, ოოო, ეგრე, ნუ ღელავთ... აი, თქვენ ახლა ზედმეტად დამშვიდდით და ისევ დაგავიწყდათ სვებედნიერი ბავშვობა, გაიხსენეთ, გაიხსენეთ, მერე რა, დიდი ხნის უკან რომ... ხომ არა გცივათ, არა, ხო? ძალიან კარგი...“.
როდის-როდის მორჩა, ძლივს დაადგა საშველი. აქ კი ყველამ თავისი საქმე იპოვა, ჩემს გარდა, უეცრად ყველა აფაცურდა: კაცი ჯიბეებს იჩხრეკს, ტანსაცმელზე ხელისგულებს იტყაპუნებს, უჯრაში იქექება; კლიმი სასწრაფოდ აქრობს მძლავრ სინათლეს - ნათურებს ასვენებს, მერე აპარატს უკირკიტებს, „ჩემი ფანქარი ხომ არ გინახავს“? - ეკითხება კაცი, „არა, - პასუხობს კლიმი, - უჯრაში არ იდო?“ ამასობაში კი ხელმძღვანელი, თავაზიანი ღიმილით, ბეწვისსაყელოიანი პალტოთი ხელში, შემცივნულ ქალს უახლოვდება, პალტოს ქალის შიშველი მხრების სიმაღლეზე სწევს, ეუბნება: „ჩაიცვით, ქალბატონო, არ გაცივდეთ... დააა...“ ქალმა ერთი კი ახედა, სანამ პალტოს ჩასაცმელად შეტრიალდებოდა და ახლა კეფაზედაც კი, ზვინად დადგმულ თმაზედაც კი - წარმოგიდგენიათ? - ეტობა, რომ მოსწონს... „ვერ იპოვეთ?“ „ვერა, კლიმ, - შეწუხებულა კაცი, - ქვითარი რითი გამოვწერო...“ „ძალიან გციოდათ?“ - მომხიბვლელად ეკითხება ხელმძღვანელი, ხმას იტკბობს, ლამაზია, ეშხიანი. „ა-არა, არც ისე“, - ამბობს ქალი, ლამაზია, ბუნჩულა. „უჯრაში ნახეთ?“ „კი, და არაა“. „სად უნდა იყოს“, შეწუხებულა კლიმიც, ხელმძვანელი კი - „ახლა ხომ გათბით?“ - ამბობს. ქალი თავდახრილი დგას, ხელმძღვანელი შუა თითით მაჯიდან განზე სწევს ლამაზი პერანგის სახელოს, საათზე ამაყად იხედება, ქალი დროს შოულობს და წამით თვალს ავლებს სახეზე, სულ ერთი წამით, მაგრამ ახლა, ისევ თავდახრილმა, ზეპირად იცის, წარბი როგორი აქვს ხელმძღვანელს, ცხვირი და ტუჩი, და მოსწონს, მოსწონს, აჰ, როგორ მოსწონს, კაცს კი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, სულაც არ მოსწონს, ფანქარი რომ გაქრა, საგონებელშია ჩავარდნილი. „აი, ახლა ყელზედაც კი გეტყობათ, რომ გათბით, - ამბობს ხელმძღვანელი, - თქვენ არასოდეს არ უნდა შეგცივდეთ, მუდამ თბილად უნდა იყოთ“, ეუბნება, უყურებს, უყურებს, თვალებით ელოლიავება. ქალს ლოყა ბეწვის საყელოზე უდევს, ხელმძღვანელს თითქოს თვალს არიდებს, მაგრამ მოსწონს, მოსწონს, უჰ, როგორ მოსწონს, და ჩვენ რომ არა, აქავე დაეძგერებოდნენ ერთმანეთს, „ეგებ აურელიანოსა აქვს კალმისტარი?“ - აზრს აწვდის კლიმი, „ოოო, მართლა, - უხარია კაცს და მაშინვე ახსენდება, - არა, არა, მაგისას გასდის... და ამას რომ ვკითხოთ?“ - ხელძღვანელზე ამბობს. ის კი ქალისკენ გადახრილა, და შიგ თვალებში ჩაჰღიმის, „ბოდიში, კალმისტარი ხომ არ...“ - ამბობს კაცი, მაგრამ ხელმძღვანელს არ ესმის, გართულაი, ყოჩაღი კლიმი კი პოულობს რომელიღაც წიგნში ჩადებულ ფანქარს, კაცი ქვითარს ავსებს, თავაზიანად აწვდის კლიენტს, ისიც, წასასვლელად ემზადება - სქელ, ფუმფულა თავშალს იხვევს, ხელმძღვანელი კარს უღებს და ქალს ორ პატარა საფეხურზე ასვლას შველის - მის იდაყვს პეშვში ისვამს, ამბობს: „დროებით...“ და ოთხნიღა ვრჩებით, ორი - ორზე, მაგრამ კაცმა ჯერ არ იცის, ჩვენ რომ ერთად ვართ, კლიენტი ჰგონია, ეკითხება: „თქვენ პასპორტისთვის თუ...“ ხელმძღვანელი კი გულიანად უღიმის: „არა, არა, მე ჩემს თანამშრომელს მოვყევი...“ „თამაზის? - უკვირს კაცს და უცებ ახსენდება: - აა, ეს თქვენა ხართ, ხელმძღვანელი, ახალგაზრდა და ენერგიული, რომელმაც, თამაზის სიტყვით, ძალიან კარგად დაიწყო?
- დიახ, დიახ...
და უცებ, გაოგნებული კაცი ამბობს:
- კლიმ, მეჩვენება თუ...
- არა, არა...
- რეები ხდება... როგორა ჰგავს, ა? კოპიოა, კოპიო...
- აბა? - უკვირს კლიმსაც და ბარძაყზე ხელს ირტყამს, - როგორა ჰგავს, საკვირველია...
- მე?.. ვის, ა? - შემკრთალია, მაგრამ არ იმჩნევს ხელმძღვანელი, ვითომცდა გულგრილად ინტერესდება, - კინოფილმიდან?
- აჰ, არა, არა... - ხელს ასავსავებს კაცი.
- აბა?
- წიგნიდან, წიგნიდან... სასწაული გამიგია, მაგრამ ასეთი?! - კლიმ, ხომ ზედგამოჭრილი ჯანჯაკომო სემინარიოა, ა, ნუთუ არ გენიშნა, კლიმ?
- მენიშნა კი არა, ისაა და ეგ არის, - ყოჩაღად პასუხობს კლიმი.
- ბოდიში, ეგ რომელი?.. - ამბობს ხელმძღვანელი, ჯერ კიდევ კარგად უჭირავს თავი.
- აიი, პირველი შვილი, მარშალის უფროსი ძმა.
- ვინ მარშალი...
- ვინ და ბეტანკური! აბა ეს კი არა, - ჩემზე უთითებს, წარმოგიდგენიათ? და უცებ აღფრთოვანებული ამბობს, - იცით, მსგავსებას თუ დავუჯერებთ, თქვენ თამაზისი რა გამოდიხართ?
- რა...
- პაპა!
- ეს როგორ?
- ჯანჯაკომო ხომ არიადნა კარრასკოსგან ჰყავდა, არა? - მეხსიერებას იმოწმებს კლიმი.
- ვინ ჯანჯაკომო, რა მარშალი... - ახლაღა იბნევა ხელმძღვანელი. არეულობაა - მტრისას... ოთხივენი გაკვირვებულნი შევცქერით ერთმანეთს.
- ააა, მივხვდი, - ამბობს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, - თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?
- ა-არა, ხომ... - ამბობს ხელმძღვანელი, მშვიდდება, - არა ტყუილი რა საჭიროა... ნაწარმოებია ასეთი?
- ჰე! არის და... და არც ლჲოსა? მარიო ვარგასი...
- ეეე... არა,
- და კორტასარი?
- მმუ... არა.
და უცებ კაცი ღონივრად ართმევს ხელს:
- მომილოცავს, მომილოცავს, ბედნიერი კაცი ყოფილხართ, ბედნიერი...
- რატომ?! - უკვირს ხელმძღვანელს.
- რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით...
- რა სიამოვნებაა?
კაცი კი ამბობს:
- პირველად წაკითხვის.
ხოლო აქ ხელმძღვანელს თავისი მომავალი ნაშრომი ახსენდება - თავს ოდნავ გვერდულად და ზემოთ სწევს, სახე უმკაცრდება, სკამზე ჯდება, თითებს მინაგადაფარებულ მაგიდაზე აკაკუნებს, ამბობს:
- შეიძლება, რამდენიმე შეკითხვა მოგცეთ?
- კი ბატონო, სიამოვნებით, - ამბობს კაცი, დაკვირვებით უმზერს.
და კლიმს ეუბნება:
- ხელი რომ არ შეგვიშალონ, ეს ჩამოკიდე.
„ეს“ - ოთხკუთხა მუყაოა, და „შესვენება“ ქართულ-რუსულად აწერია ზედ.