– 5 –
ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ რა მექნა, ასე იყო საჭირო - მივდიოდი კაცთან, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. დაღმართებში ჩავდიოდი, ქუჩა მოყინული იყო და, კიდევ კარგი, ნახერხი მოეყარათ და ისე ძალიან აღარ მისხლტებოდა ფეხი. მაინც ფრთხილად ჩავდიოდი, და ხანდახან ისე უეცრად წამომივლიდა: „ვისთან მივდივარ! რა ჯანდაბა მინდა!..“ უგუნებოდ ვიყავო, რა სათქმელია - გაამწარებული ვიყავ... და ვიღაც ქალი რომ წაიქცა, ცოტათი გამომიკეთდა გუნება - გავიღიმე. მაგრამ ნაცნობ ფოტოკაბინეტს რომ მივადექი, ისევ ავწრიალდი, გავნერვიულდი, მთქნარება ამიტყდა. ოთახში სინათლე ენთო, ღონე მოვიკრიბე, ენერგიულად შევაღე კარი და შევცბი - არავინ იყო.
პატარა ხანს გაოცებული ვიდექ, სანამ მოგუდული ხმა არ შემომესმა: „ახლავე გამოვალ, სურათებს ვბეჭდავ...“ მივაყურე და ვიწრო კარი დავინახე, სწორედ იქიდან მომესმა ხმა. სავარძელზე ჩამოვჯექი, ვიცდიდი. ცუდია, როცა იმას ელოდები, ვისი დანახვაც არ გსიამოვნებს, კელდებს მოვავლე თვალი, სურათებიდან უმთავრესად მე მიმზერდნენ, ზოგს კი განზე ექცია პირი, ანდა თავი ნაზად დაეხარა, ყველაზე მეტად სათვალიანი ბავშვის დაჟინებული მზერა არ მესიამოვნა, მერე მკერდმოღლეტილ ქალს მივაპყარი თვალი, ის კი განზე გულგრილად იხედება, თვალთმაქცი, აჰ, საცაა რესპონდენტი გამოვა, ვღელავ, ძალიან ვღელავ, სიმძიმე, მძიმე, ქალი ახლა ჩემსკენ იყურება, მაგრამ აღარაფრის თავი აღარა მაქვს, დავმძიმდი, დავმძიმდი, მძიმდი...
ვმძიმდები, მდები, თავი გამანებეთ, ვამბობ, თუ ვფიქრობ, აღარც კი ვიცი, ვდუნდები, ის კი არ მეშვება, მხარზე მსუბუქად მადებს ხელს, და ნაზი, შემპარავი ხმა: „იანო, იანო...“ „არა, არა, მცირე ნალექი“, ვამბობ თუ ვფიქრობ, მძიმეა, მძიმე, ისევ მოვეშვი, ვეშვები, ვეშვი... და ისევ ჩემი მხარი, იგივ შემპარავი: „ლიანო, ლიანო...“ თავი დამანებეთ, აღარაფერი მინდა, ოღონდ მომეშვით, მაცალეთ, მაცალეთ, ტროლეიბუსი მსუყედ მისრიალებს ნაწვიმარზე, მცირე ნალექი, ის კი ისევ, ისევ, ოღონდ უფრო ღონივრად და მისი შემპარავი, ეშმაკური „რელიანო, რელიანო“, და ტაშის შემოკვრა, თვალს ვახელ, მე მიყვარს ტაში, თვითონ ვუღებ სურათს, ოღონდ იისფერ ფოკუსში გაორებული და ბუნდოვანი ჩანს, მაგრამ მკაფიოდ მესმის „ურელიანო, ურელიანო...“ და ცხადად ვხედავ, რა ქალი, რის ქალი - რესპონდენტია! ჩამძინებია, უნებურად, რა თქმა უნდა და ის კი მხარს მინჯღრევდა თურმე და მაღვიძებდა: „აურელიანო... მოხვალ-მეთქი, აკი გითხარი, აურელიანო!“