prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა — თავი 7

გურამ დოჩანაშვილი · პროზა

– 7 –

და რადგან სასწრაფოდ უნდა დაებეჭდა ათი წლის წინათ კურსდამთავრებულ ვიღაც ენერგეტიკოსთა სურათები, სწორედ იმ ვიწრო კარში შევედით, და მქრქალ სიბნელეში, ბაც წითელ შუქზე, თან ვსაუბრობდით და თანაც სურათებს ამჟღავნებდა. მპასუხობდა მოკლედ, მკაფიოდ, აუღელვებლად, ვისარგებლე და ძალიან რთული შეკითხვა დავუსვი, რომელზედაც უცებ, ერთბაშად ვერავინ პასუხობს: „მოგწონთ ცხოვრება?“ იმან კი მაშინვე ასე მომიგო: „გააჩნია, იმ დღეს როგორი ავტორი შემხვდება...“ ვსაუბრობდით, და რაღაც ხსნარში ჩაგდებულ ქათქათა ფოტოქაღალდზე ვიღაცის წარბი ამოიზნიქებოდა. მერე - ტუჩები, თვალები, თმა, „იბადებიან, - იხუმრა რესპოდენტმა, - ხანდახან ისეთი საინტერესო პერსონაჟი შემხვდება, მაპატიეთ, მაგრამ, აი, თქვენსავით, აჰ, როგორ ჰგავხართ აურელიანოს, ოღონდ გასქელებამდე, თამაზი ჩემო, როგორ, აი, ეს კი, მაგალითად, - პინცეტი დაადო რომელიღაც ახალშობილს, - უწყინარი კაცი უნდა იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ, არიან ბოროტებიც, და გაბღენძილს რა გამოლევს, გვხვდებიან სათნოებიც, გამოვდივარ თუ არა კრებებზე?

არა, არა, ჯერ ეგ ერთი, ფოტოგრაფებს იშვიათად გვიწვევენ კრებებზე, და გინდაც ყოველდღე გვქონდეს, მაინც არ გამოვალ სიტყვით - არ შემიძლია ერთნაირად მივმართო სხვადასხვა განათლებისა და ხასიათის ადამიანებს, როგორ შეიძლება მიმართო ორ კაცს ერთნაირად, მაშინ, როდესაც ერთს წაკითხული არა აქვს... რომელიმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ... ჰო, აი თუ ერთს არ წაუკითხავს სტენდალი, მეორეს კი გადაბულბულებული აქვს, განა შეიძლება ამ ორ კაცს ერთი და იგივე სიტყვებით მიმართო? ახლა ეს ფირი დავბეჭდოთ, კლიმ... ხოლო რაც შეეხება მომდევნო შეკითხვას, თუ რომელი მეცნიერება მიტაცებს, ესე იგი მიყვარს - არა? მიძნელდება პასუხის გაცემა. მეცნიერებაში საკმარისად ვერ ვერკვევი და, ეე... შეიძლება, ჯერ ისა ვთქვა, რომელი არ მიყვარს? აი თუნდაც, მათემატიკა... ეს ვისი სახეა, ღმერთო ჩემო, კლიმ, ეს რა თვითკმაყოფილი გამომეტყველება აქვს, წარმოუდგენელია, - ნედლ სურათს დასცქერის, - ახლა, ამ კაცის რა უნდა ირწმუნო, ნეტავ ვინაა, ან როგორ იქცევა სამსახურში, ოჯახში, ეს სურათი ერთხელაც დაბეჭდე, კლიმ, კაბინეტში ჩამოვკიდოთ, თვალნათლივ ადგილას - მაგის შემხედვარე, ყველა მიხვდება, თვითკმაყოფილება როგორი ცუდია, იმას ვამბობდი, ხომ ცნობილია, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ ყოველთვის არაა ასე, ერთ უხეშ მაგალითს მოგიყვანთ... ბავშვობისდროინდელი ნაცნობი მყავს, ფუფუნებაში იზრდებოდა, საბრალო, და რომ დაკაცდა, მშობლიური ფუფუნება მერეც არ მოკლებია და, საწყალს, ზეთი ჩამოსდიოდა სახეზე, და ახლაც ერთთავად მშიერის გამომეტყველება აქვს სწორედ იმიტომ, რომ მუდამ მაძღარია და განა შეიძლება, როდესმე დანაყრდე, თუ მუდამ მაძღარი ხარ, და იცით, რა მოინდომა? ტრაბახა გახდა, დასვენებულ ტვინზე და სწორედ ამ კაცისთანა თვითკმაყოფილი იერი დაირტყა...

კლიმი გულდასმით უსმენს, და უცებ შეწუხებული ამბობს:

- უჰ, სულ გავაშავე...

თურმე კლიმს დაავიწყდა ხსნარში ჩადებული სურათის ამოღება, ჩანახშირებული სახე ჩანს, კაცი კი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ამბობს: „ეგ არაფერი, კლიმ, ქაღალდის მეტი რა გვაქვს...“ „კი, მაგრამ რატომ უნდა გამეშავებინა“, - შეწუხებულია კლიმი, რესპონდენტი კი ჩაშავებულ ქაღალდზე სცნობს სწორედ იმ კაცს, თვითკმაყოფილს, და აგდებულად ამბობს: „გააშავე თორემ, მაგასაც აკადემიაში ირჩევდნენ... ჰო, მათემატიკაზე მოგახსენებდით, - განაგრძობს, - აი, ვთქვათ, დგას ქუჩაში ის ვაჟბატონი, ნაფუფუნებარი, და მის გვერდით კი... ვინმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ, ძალიან დიდი... ოო, მაგაზე უკეთესს რას მეტყოდი, ჰოდა, ვთქვათ, დგანან ერთად უნებურად ამაყი, ჩამოძენძილი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი და გვერდით კი უდგას ეს ჩვენი ნაცნობი, ვიგინდარა, წეღან რომ დაგიხასიათეთ, მერე რა, სხვადასხვა ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ, მაშინაც კი იქნებოდა ვინმე ასეთი, ვთქვათ, ერთად დგანან - ოცნებით სავსებით შეიძლება საუკუნეთა წიაღში გასეირნება - ჰოდა, ჩემოივლის იმდროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და რომ ჰკითხავენ - რამდენი კაცი დგას ქუჩაში? - იტყვის: „ორი...“ აბა, გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუ „ორი“ - ის და ის - ესე იგი - ერთი პლუს ერთია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება, ლიტერატურაში კი, ჩემო კარგო, ეჰ, ასეთი უზუსტობა არასოდეს არ მოხდება, ყველაზე უკანონები მეცნიერება თუმცაღა კია... „უკანონებო“ ამ შემთხვევაში სულ სხვა სიტყვაა, ტკბილო... ვერავინ იტყვის, ესპანეთში ერთ დროს ორი მხედარი რომ დაბორიალობდა - არა, ერთი, მაღალი, გამხდარი - დაბორიალობდა და მეორე - დაბალი, მსუქანი - დაჰყვებოდა... ამოიღე, ამოიღე, კლიმ, კიდევ გაშავდა? შენ რა გითხარი...“ - ეღიმება.

მქრქალ სინათლეში ვდგავართ, ვსაუბრობთ, ანკეტას ვავსებ...

„ცოლ-შვილი თუ მყავს? არა, არა მყავს, საცოლე კი, გაგიხარია, მყავდა. მაგრამ მე იმის შემდეგ ცოლს ვეღარ მოვიყვან, ისე კი, რა დაგიმალოთ და ქალებში კი დავდივარ ხანდახან, ორგანიზმი მაინც თავისას ითხოვს, ცოლის მომყვანი კი... არა, აღარ ვარ. გინდა, გიამბო? ყველაფერს გეტყვით - ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა... ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე - იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან - თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას... ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა... „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე...“ ოო, ამოიღე, ამოიღე, კლიმ, ძლივს არ გამოვიდა?“

ვიდექით, ვსაუბრობდით...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გურამ დოჩანაშვილი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.