prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა — თავი 2

გურამ დოჩანაშვილი · პროზა

– 2 –

იმავ საღამოს ანკეტა გადავათვალიერე, ყოველი შეკითხვა გასაგები, მარტივი და ამასთანავე საინტერესო იყო - მე მიყვარს ჩემი დარგი. უფრო სწორად, მომწონს - შეკითხვების დასმა უცნობი ადამიანებისათვის, ახალი გუნება-განწყობანი, ხანდახან ფარული ჰუმორი, მაგრამ, რაც მთავარია, ენერგია, ენერგია, მიზანდასახულობა, ყველაფერია ერთად.

ვის რას მოსწონს, ანდა პირიქით, ესე იგი - რა არ მოსწონს, ერთი ერთს ამბობს, სხვა - მეორეს, მესამე - მეოთხეს და შენ კი იწერ, იწერ, მიდის საქმე. მაგრამ მეორე დღეს, დილით, რესპოდენტთა პროფესიის შერჩევა გამიჭირდა. ქარხნები - ხმაურიანია და თანაც დაღლილი ადამიანები ამომწურავად არ გპასუხობენ, გამყიდველებს სადა სცალიათ - ათასგვარ სურსათ-სანოვაგეს სწონიან, სახლებში კი ვერ ჩამოუვლი, რასაკვირველია; მძღოლები შენთვის ვერ დაკარგავენ ძვირფას დროს, ექთან-ექიმთა რესპოდენტობა გამორიცხულია, რადგან ისინი ხანდახან დილიდან საღამომდე მორიგეობენ, მე კი მაინტერესებს ისეთი პროფესიის ხალხი, რომლებიც მუდამ ერთსა და იმავე დროს იწყებენ და ამთავრებენ სამუშაოს.

კარგა ხანს ვიწვალე, და გონებას ისევ მზერამ აჯობა - ერთ წყნარ ქუჩაზე ფოტოვიტრინას მოვკარი თვალი. ოო, სწორედ ეს გამომადგებოდა - ფოტოგრაფები უმთავრესად ხალისიანი, მოლაპარაკე ხალხია, და თმადავარცხნილი მუშტრის მოლოდინში დროც საკმარისი აქვთ, ანკეტა რომ საფუძვლიანად შეივსოს. ამასთანავე ისინი რეალურად უყურებენ ცხოვრებას, ყოველივეს ზუსტად მაფიქსირებელი ფოტოობიექტივის საშუალებით, მე მხნედ შევაღე კარი, შევაბიჯე, ვთქვი: „გამარჯობათ“, მომესმა სასურველი „გაგიმარჯოს“, ვკითხე: „გცალიათ?“ - იმან კი მითხრა: „მა რისთვისა ვარ“, მაგრამ ჩემი მისვლის მიზეზი რომ ავუხსენი, ცოტათი შეცბა. თავით-ფეხამდე შემათვალიერა, მე კი ვცდილობდი ვყოფილიყავ მის თვალში გულღია, სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი, ჰალსტუხი გავისწორე და გაუღიმე წრფელი ადამიანის ღიმილით, იმას კი გვერდზე გადაეხარა თავი და შემომცქეროდა მე, სრულიად უცხოს, ვისაც მაინტერესებდა მისი თავისუფალი დრო.

და სანამ მდგომარეობას გაამწვავებდა ერთის მხრივ ბუნებრივი შეკითხვით „რა თქვენი საქმეა“, სწრაფად ავუხსენი, რომ ვარ ისეთი კომპეტენტური დაწესებულებიდან, როგორიცაა ჩვენი, და რომ უნდა ჩამოვუარო მისი პროფესიის ადამიანებს, რათა გავიგო, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, უყვართ თუ არა კინო, სპორტი, ან ტელევიზია, როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა, კომუნალური პირობები, და სხვა, და სხვა, და მხოლოდ ორჯერ რაღაც შეუტოკდა სახეზე, როცა ვახსენე გამოთქმა „სხვადასხვა ორგანოები“ და სიტყვა „ინსტანცია“, მაგრამ მაშინვე შევცვალე ლექსიკა, რაც ესოდენ საჭიროა ამგვარ შემთხვევაში და უბრალო რიგითი სიტყვებით ავუხსენი, რომ ანკეტები დაგვეხმარება ჩვენ, მკვლევარებს, გავიგოთ მისი მისწრაფებანი თუ შენიშვნები, და ყოველივე ეს ხელს შეგივწყობს მათი შემდგომი ცხოვრების შეძლებისდაგვარად უკეთესად მოწყობისათვის, აღმავლობისათვის და იგი მაშინვე შეიცვალა, რადგან ამოისუნთქა და თქვა: „აგაშენა ღმერთმა“.

ჩვენ ვსაუბრობდით კარგად, გულწრფელად, კმაყოფილი ლამაზმანების სურათების გარემოცვაში, რესპონდენტი მპასუხობდა მკაფიოდ, სხარტად, მე დროდადრო ვხუმრობდი და ის რომ იცინოდა, ჰალსტუხს ვისწორებდი, რატომღაც მიყვარს ჰალსტუხის წვალება, ალბათ იმიტომ, რომ ისიც მაწვალებს, მაგრამ ჩვენს საქმეში ჰალსტუხი - აუცილებელია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მწამს, რესპონდენტის კი სწამდა, რომ მსუბუქი მუსიკა სჯობს კლასიკურს, ხოლო სპორტული გადაცემა - ინტერვიუს სოფლის მეურნეობის მუშაკთან, რომ გრძელ რიგში დგომა არაა მაინცდამაინც სასურველი და გაჭედილ ტრამვაიში ფეხისწვერებზე დგომას გაცილებით ურჩევნია ნახევრადცარიელ ტრანსპორტში ფანჯარასთან მიყუჟვა და კერძო ავტომანქანების ნომრების თვალიერება - რომელია უფრო ბედნიერი, სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში ანკეტა შევსებული იყო წესითა და რიგით, გზადაგზა ერთმანეთს ვუამბეთ ორიოდ მხიარული ანეკდოტი, ოღონდ ჩემები - სჯობდა, და კიდევ უფრო გამიადვილდა მეორე ანკეტის შევსება სამიოდ კვარტლით მაღლა, ბაღთან, რადგან იმ ფოტოგრაფთან ჩემით მოხიბლულმა პირველმა რესპოდენტმა მოკლე ბარათი გამატანა - „მიშა, ამ ბარათის მომტანი ჩვენი კაცია“. სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო მესამე ანკეტაც, რომელიც უზომოდ მოწყენილი ფოტოგრაფის მოკლე პასუხების მიხედვით შევავსე.

მერე ავედი სამსახურში, ხელმძღვანელთან, „როგორაა საქმეები, ა“, მკითხა იმას, „მშვენივრად, - ვუპასუხე მე, - უკვე შევუდექი“. „კაი, კაცო“, გაუკვირდა და მხარზე მეგობრულად დამკრა ხელი. ძალიან კარგია, როცა ხელმძღვანელი არის ასეთი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი, ათლეტი, როგორც იტყვიან, და ამასთანავე ზომიერადაა აყოლილი მოდას - ოდნავ, ძალიან ოდნავ ჩამოგრძელებული ბაკენბარდებით, ასევე წელში ოდნავ გამოყვანილი პიჯაკითა და ოთხკუთხაცხვირიანი ფეხსაცმელებით, გულის გარეთა ჯიბეში კი - ჰალსტუხის ფერის იდენტური ცხვირსახოცი. ანკეტებს ათვალიერებდა, „კარგად გიმუშავია, კარგად, - თქვა ხელმძღვანელმა, - ოღონდ კომუნალური პირობები ორ ჯგუფად კი არ უნდა დაგეყო, როგორც ეს შენა გაქვს აღნიშნული - კარგ და ცუდ ქვეჯგუფებად, არამედ სამად - პირველი: უზრუნველყოფილნი ყველა კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა - წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალური გათბობა, გაზი, აბაზანა ან შხაპი და ცხელი წყალი; მეორე: უზრუნველყოფილნი ძირითადი კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალუტი გათბობა და მესამე - უკანალიზაციოები, ისე კი, კარგად გიმუშავია, ასე თუ განაგრძობ, ძალიან კარგი იქნება, აბა, შენ იცი, როგორ არიან თქვენები?..“ ასე გულთბილად მესაუბრებოდა, გადასწვდა სხვადასხვა ამბებს, მშვენიერ გუნებაზე იყო, მაგრამ მერე, არ ვიცი, რა გაახსენდა, პატარა ხანს ჩაფიქრდა, მზის საწინააღმდეგო სათვალე გაიკეთა, მკერდზე დაიბჯინა ნიკაპი და მკაცრად თქვა: - და როგორც უკვე გითხარით, თავისუფალი დროის გატარება ორი რიგის მაჩვენებლებით ხასიათდება: ა - საქმიანობის ჩამოთვლით, საქციელის სახეობებით დაა, ბე - მონაცემებით ხანგრძლივობის, ინტენსიობისა და ასე შემდეგ ამ საქმიანობათა რაოდენობრივი პერიმეტრების.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გურამ დოჩანაშვილი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.