prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა — თავი 6

გურამ დოჩანაშვილი · პროზა

– 6 – რა ახირებული თვისებაა მაინც ორგანიზმისა ეს - მისჯილი დაძინება უსიამოვნო შეხვედრის წინ, და მაინც იხტიბარს არ ვიტეხ, ფეხზე ვდგები, ვამბობ: „წუხელის დიდხანს ვიმუშავე, გათენებამდე წიგნებს ვფურცლავდი...“ „დაბრძანდით, დაბრძანდით, მხატვრულს ხომ არა?“ - მეკითხება რესპონდენტი, ისევ თავისი წამოიწყო, თუმცა, ამით ხომ ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს, ხელმძღვანელის დარიგება მახსენდება, საბოლოოდ ვფხიზლდები, ვამბობ: „განმაგრძოთ შეკითხვები...“ და მყისვე მპასუხობს: „რასაკვირველია, რასაკვირველია... - და ვიწრო კარისაკენ თავს ატრიალებს, იძახის, - შენ მანამ ხსნარი დაამზადე, კლიმ“. ეს კლიმი ვიღაა, ვფიქრობ და მაშინვე მიხსნის: „ასისტენტია ჩემი...“ პორტფელს ვხსნი, ანკეტას მაგიდაზე ვდებ, კალმისტარს ფრთხილად ვიმწყვდევ თითებშუა - ცოტა მელანი გასდის - და ვეკითხები:

- ბევრი თავისუფალი დრო გეკარგებათ?

მპასუხობს:

- იოტისოდენადაც არა.

მიკვირს:

- ეს როგორ?!

იმასაც უკვირს:

- აბა, რატომ უნდა დავკარგო?!

„აა, ვერ მიმიხვდით, - თავაზიანად ვუხსნი, - რა თქმა უნდა, თქვენ არ გინდათ დროის დაკარგვა, მაგრამ ხომ მგზავრობთ ტრანსპორტით, ხომ უნდა შეიაროთ გასტრონომსა თუ მაღაზიაში, ხომ უნდა დაიმზადოთ ვახშამი, ანდა სასადილოში ისაუ...“ და მაწყვეტინებს: „პირიქით, პირიქით, თქვენ ვერ მიმიხვდით - მე ნამდვილად არ დავკარგავ დროს, თუკი დავდგები რიგში, ან თუ ერბო-კვერცხს შევიწვავ, ანდა ტრამვაით თუ ვიმგზავრებ...“

ვღიზიანდები:

- რატომ?

„იმიტომ რომ, - ამბობს, - თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წიგნის კითხვა გგონიათ? და ყოველივე იმას, რასაც წაიკითხავ, გააზრება არ უნდა? დიდი ამბავი, ტრამვაიში თუ დაჯდები ან დადგები, ყირამალა დგომისასაც კი შეიძლება ფიქრი“. „კი მაგრამ, რაზე?“ „რაზე და რასაც წაიკითხავ, იმაზე… ან, რაც გაგახსენდება…“

ოოხ, ხელმძღვანელი… მაინც განვაგრძობ:

- და თუ ხასიათზე არა ბრძანდებით?

- ჰეე, - ეღიმება, - სწორედ მაშინ უფროა საჭირო, როცა ხასიათზე არა ხარ.

- რატომ?

- ხასიათზე რომ მოხვიდე.

გიჟია, ვიღაცაა, ოხერი… თანაც მიყურებს და განცვიფრებული ამბობს: „ღმერთო, როგორ ჰგავხართ აურელიანო სქელს, სანამ გასუქდებოდა… ხომ არ გეწყინებათ აურელიანო რომ დაგიძახოთ?“

რაებს მიბედავს!

- თუ შეიძლება ეტიკეტი დაიცავით, - ამაყად ვამბობ, - თამაზი მქვია მე!

ხელისგულს მაჩვენებს, თავით ფეხებამდე მორჩილებაა:

- კარგი, თამაზი, კარგი, გენაცვა.

მზერას ვარიდებ.

„ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს“, -ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩაფიქრებული იწყებს და ვამჩნევ, იცვლება - თვალები ისე ეშმაკურად აღარ უციმციმებს, სულ სხვა კაცია ჩემს წინ, რაღაცნაირად ღრმად მოწყენილი, დაფიქრებული, ჩემს მიღმა იყურება, და რაღაც უცნაურ ამბავს მიყვება, წარმოგიდგენიათ? - გომბეშოზე. თურმე გომბეშო უმოძრაო მწერს ვერა ხედავს, და მხოლოდ მაშინ შენიშნავს, თვალწინ თუ ჩაუფრენს და მაშინვე გადასანსლავს, და თუ შორიახლოს მწერი არაა, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს, და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს. და თურმე ასე იმიტომაა, ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივადა აქვს მოწყობილი…

- ადამიანი კი, - ამბობს, - ადამიანის ტვინი პირიქითაა, თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა და არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება, და რიგში დგომა რა ისეთი გაჭირვება და დროის დაკარგვაა - იდექი და იფიქრე შენთვის, ფიქრს ვინ დაგიშლის… ძალაუნებურად ყოველთვის გაიგებ ან დაინახავ რაიმეს, თუ არა გჯერათ, თვალები დახუჭეთ, ასე… რაიმეს თუ გრძნობთ?..

- არა.

- არც არაფერი გესმით?

- არა.

- აბა, დაიძაბეთ.

საიდანღაც წვეთავდა და შორიდან მანქანის ხრიალი აღწევდა.

- ხომ გესმით?

- კი.

- და ყურებზედაც რომ მიიფაროთ ხელები, მაინც წარმოიდგენთ რაიმეს - ადამიანი ასეა მოწყობილი. აბაა, სცადეთ...

დავინტერესდი, ხო იცი, და თვალები დავხუჭე, ყურებზედაც მაგრად მივიკარი ხელისგულები. პატარა ხანს ასე ვიყავი, ერთხანს მხოლოდ აჭრელებულ სიშავეს ვგრძნობდი, და რესპონდენტის ჯინაზე ვცდილობდი, არაფერი წარმომედგინა, მაგრამ უეცრად ცხადად დავინახე გაჩაჩხული სამფეხა ფოტოაპარატი და თვალი რომ გავახილე, შევკრთი: ვიღაც ძალიან პატარა, ახალგაზრდა, იქნებოდა ასე, თვრამეტი-ოცი წლის, თმა გვერდზე გადაევარცხნა, წარმოუდგენლად დაბალი იყო და ცქვიტი, გამწარებული ისვამდა ჯაგრისს დასვრილ სახელოზე და აი, მაშინ კი მართლაც ძალიან გამიკვირდა, საიდან გაჩნდა-მეთქი, დავიბენი და, კიდევ კარგი, რესპოდენტმა მითხრა: „ეს ჩემი თანაშემწეა, კლიმი“.

გულზე მომეშვა: ის ვიწრო კარიც ღია იყო და მაშინვე ყველაფერს მივხვდი - აბა, როგორ გავიგებდი იმის შემოსვლას, თვალდახუჭული, და ყურებზედაც ხელისგულები მქონდა მიტყაპნილი...

- სასიამოვნოა, - ყოჩაღად თქვა კლიმმა და პაწია მარჯვენა გამომიწოდა. მეც გავუშვირე ხელი, ჩამომართვა, თითებზე დამხედა, „კალმისტარს გასდის? მაჩვენეთ...“ ვაჩვენე, გამომართვა, ზემოდან წარბშეკრული დააცქერდა, მერე სინათლეზე გახედა, უჯრიდან მკვირცხლად ამოიღო რაღაც, მოარგო, მოყვითალო სითხეც წაუსვა ფუნჯით, სული შეუბერა, ატრიალა, ატრიალა და დამიბრუნა:

- ინებეთ, წესრიგშია.

რესპოდენტმა კი სიამოვნებით აღნიშნა:

- ცეცხლია, ცეცხლი... - და ისევ მე, მე მომიბრუნდა, - დაინახეთ რამე?

- როდის?

- თვალდახუჭულმა...

- კი - აპარატი.

- ჰოო, აი, ხომ ხედავთ, აპარატიც კი ჩაგრჩათ გულში და... - ისევ დაფიქრებული მიმზერს. - და ქვეყნად რამდენი რომანია ისეთი, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყოველნაირი აპარატი დედამიწის ზურგზე, აი, მაგალითად, თუ წაგიკითხავთ... რომელი ერთი გკითხოთ, უცებ დავიბენი... რომელი ვკითხოთ, კლიმ?

- მადამ ბოვარი, - მოწიწებით წარმოთქვამს კლიმი.

- ჰო, აუ თუნდაც, ქალბატონი მადამ ბოვარი თუ წაგიკთხავთ?

- ეეე... არა, - ვეუბნები, მაგრამ ვაი ამ პასუხს, ისე შემომცქერის და მეკითხება, - მაგ პასუხისთვის რომ შეგაქოთ, ხომ არ ვიქნები გულწრფელი?

- არა.

- ჰოდა, მაშინ, არაფერს გეტყვით.

ის ციცქნა კლიმიც კი დამანამუსებლად მიმზერს, ლაწირაკი, და თუმცა იშვიათად მეცვლება ფერი, ვწითლდები:

- აუცილებლად წავიკითხავ.

- ოო, - ამბობს და მხარზე მადებს ხელს, ახლა სულ სხვა კაცია, ალერსით მიყურებს, შემომღიმის, მოკლედ, შევაყვარე თავი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გურამ დოჩანაშვილი.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.