- 13 -
- არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთ წოდებული პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამამაღლებელი, გესმით? ოო, რა სიამოვნებით გამოვამწყვდევდი ლოთებს ჩემს კარცერ-ლუქსში, რადგან თავისუფლებისადმი გარკვეული მისწრაფება აქვთ, იმათ კი მსხვილ-მსხვილ ვაჭრებს მივაყოლებდი, პატარა ვაჭრუკანებს კი არა, არამედ მსხვილებს, მსხვიილებს, და თუ იცით, რატომ? აჰ, რარიგ მიყვარს ისინი, და როგორი გულშემატკივარი ვარ მათი, თქვენ ხომ არ იცით.
ნუ მიგაჩნიათ ისინი ბედნიერებად, და რაც მთავარია, ძვირფასებო, ნუ გშურთ იმათი - რაც არ უნდა მაღლა ასწიონ ცხვირი, რაგინდ თავხედნი და გაბღენძილნი იყვნენ, მაინც ყოველი დღე ჩაშხამდებათ ხოლმე, რადგან დაწოლისას, დაძინებამდე არის რაღაც პატარა,გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით...
ნუ გშურთ იმათი ნურც იშვიათი საჭმელ-სასმელი, როცა, საფუძვლიანად დანაყრებულთ, ბუნდოვნად ხახვი და პური ენატრებათ და ვერც კი ხვდებიან; და ჩვენ, მკითხველებს, არც იმათი ქონება შეგვშურდება, რადგან დონ კიხოტი უფრო რეალურია, ვიდრე ყველა ბეჭედი და შკაფი-მაფი დედამიწის ზურგზე, რადგან დონ კიხოტი - იდეალურია...
ისე კი, სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და ფიზიკოსები თუ ვერასოდეს შექმნიან „პრეპენტუუმ მობილეს“, ლიტერატურამ უკვე შექმნა - ეს სწორედ „დონ კიხოტია...“ იმიტომ კი არა, რომ უფრო ადვილია, არა - უბრალოდ, ლიტერატურას შესაძლებლობა აქვს მეტი, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიებსა და დანადგარებს, ჰოდა, იმას მოგახსენებდით, მოვათავსებდი მსხვილმან-მსხვილმანებს ჩემს კარცერ-ლუქსში, სულ ანა-ბანათი დავაწყებინებდი - იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არა, თანმიმდევრულ მეთოდშია საქმე - და იქამდე მეყოლებიან გამოკეტილნი, სანამ „შვლის ნუკრის ნაამბობის“ კითხვისას შვლის მწვადი კი არ გაახსენდებოდათ, არამედ სულ სხვა რამ, უფრო მთავარი...
და არ გეგონოთ, რომ კარცერ-ლუქსთა ფინანსური საკითხი არ მაქვს გადაწყვეტილი - სხვადასხვა „დოსააფებთან“ და საწევროებთან ერთად შემოვიღებდი გადასახადს კარცერ-ლუქსთათვის, ეს იქნებოდა ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი, თვეში - მანეთი, და ერთის მხრივ ეს არც ისე ბევრია, რადგან თვეში მხოლოდ ერთ ბოთლ ცუდ ღვინოს უდრის - ქართველი კაცისთვის, დიდი ამბავი... და შეიცნობდნენ, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ, დიდ მწერლებს...
- ჯერ ეს ერთი, - აწყვეტინებს ხელმძღვანელი, გაღიზიანებულია, - რა იცით თქვენ, რომელია დიდი მწერალი და რომელი - არა? ამის გაგებას ხანდახან საუკუნეები სჭირდება! - ოო, ეს ნამდვილად კარგი შეკითხვა იყო, სრულიად ბუნებრივია თქვენი ინტერესი, ახლავე აგიხსნით... საიდან დავიწყო... რაღა თქმა უნდა, არიან სუსტები, თავ-თავიანთი უსიცოცხლო, უცხვირპირო პერსონაჟებით, რომლებიც ისევე ზედმეტნი და არაფრისმაქნისნი არიან ჩვენთვის, როგორც... რაიმე ახირებული შედარება, კლიმ... ოო, შენ რა გითხარი - ზედმეტნი, როგორც ჭეშმარიტი ვაჟკაცისათვის ცუდი გინეკოლოგი, ეს რა მოიგონე, შენ რა გითხარი, კლიმ... რასაკვირველია, როგორც ყველგან, მწერლებშიაც გვხვდებიან სპეკულანტები, ადვილ და მომგებიან, კარგბეწვიან ნადირთა მხოცველნი, როგორიცაა სხვა, და სხვა, მაგრამ თუ ნამდვილი მკითხველი ხარ, მშვენივრად მიხვდები, რომელია უფრო ძნელი და რომელი - მომგებიანი, ადვილი თემა, რადგან არსებობს მწერალი - ვაჟკაცი, რაღაცნაირად დინჯად თავზეხელაღებული, ეს უცნაური მომთვინიერებალი, რომელიც ლომს ხახაში თავს უყოფს, და აგერ, სხვა მომთვინიერებლებიც - რგოლში ახტუნებს პატარა, ჩახუჭუჭებულ, ყელბაფთიან ძაღლებს, და არიან სხვა, ჭეშმარიტი მომთვინიერებლებიც - მგლის გახედნა, უბრალოდ, შეუძლებელია, და ისიც საქმეა, მგელს პატარა ხნით კუდზე სტაცო ხელი, ვიდრე ლომს ხახაში თავი შეუყო და მერე რა, მგელს შეჭიდებული კაცი ხანდახან ჩამოფლეთილი, მათხოვარივით ჩამოძენძილი და გაძევებულიც რომ ყოფილა და ძაღლის გამწვრთნელებს კი მამაც ჰუსართა ბრჭყვიალა ტანსაცმელი აცვიათ ხოლმე, და თუ მწერლის ჩემეული იდაელიც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ესაა მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე - ისიც არ იწვრთნებაო ამბობენ... დაბოლოს, მარტივად და გასაგებად გეტყვით, რომ დიდი მწერალი ისაა, ვინც დიდ ნაწარმოებს წერს.
- და მეორეც ერთი, - კვლავ აწყვეტინებს ხელმძღვანელი, გაბრაზებულია, - რა იცით თქვენ, რომელიც დიდი ნაწარმოები და რომელი - არა?
- მე, საყვარელო, - უცნაურად უღიმის რესპონდენტი, - ჩემი იშვიათი ფიქსატორი მაქვს, რომელსაც ვერც ერთი უზუსტესი ხელსაწყო ვერ შეედრება - როცა ნამდვილად ღირებულ რაიმეს წავიკითხავ, იქნება ეს ნაწარმოები მთლიანად თუ ერთი პატარა ეპითეტი ან შედარება, ვიმეორებ, თუ მართლა კარგი და ღირებულია, მაშინ მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, აუცილებლად დამბურძგლავს... რა, არა გჯერათ? - და რესპონტენტი პერანგის სახელოს მაღლა იწევს, ამბობს: - „დონ კიხოტი“, - მკლავს გვაჩვენებს და, სიმათლე - სიმართლედ: დაბურძგლულია...
- აი, თქვენ, მაგალითად, - სხვა შეკითხვას აძლევს ხელმძღვანელი, - ჩემთვის გაუგებარი პრინციპებით ხელმძღვანელობთ - მწერლების დასახელებისას, ანდა იმ ვითომცდა საყვარელი ქალების ჩამოთვლისას რა წესით სარგებლობთ, მაგალითად, იცავთ თუ არა ქრონოლოგიას, როგორც ასეთი, ანდა - ალფავიტს... ა?
- ღმერთო, ეს რა თქვა, - შუბლზე ხელისგულს ტკაცანით ირტყამს რესპონტენტი, - როგორ, საიდან სად - სიყვარული და... ალფაბეტი?! დეე-და, დედა... ეს რა მისალოცი ყოფილა, ვიღაცაა, არა, კლიმ?
- მისალოცი კი არა, ჰაერშია ასაგდები, ოლიმპიური ჩემპიონივით, - ამბობს კლიმი.
- ცოტა არ იყოს, თავაზიანობას მოვითხოვ, - ამბობს ხელმძღვანელი, განრისხებულია, - რა გააჭირეთ, ბოლოს და ბოლოს, ამ თქვენი ლიტერატურით საქმე, ასე მეც შემიძლია გაგაკვირვოთ და აბა, მიპასუხეთ, რა გსმენიათ ჩემს სპეციალობასა და მის ბრწყინვალე წარმომადგენლებზე, აბა, ვინ იყვნენ ემილ დურგჰაიმი და მაქს ვებერი, ანდა პარსონსი და მერტონი, რა გსმენიათ პარეტოსა და ფონ ვიზეზე, - ეშხში შედის ხელმძღვანელი, მიხარია, - ანდა, ვინ იყვნენ შეპანსკი, ბეკერი და პიტირიმ სოროკინი?
- კი ბატონო, ლიტერატურა განზე გადავდოთ, - ამბობს რესპონდენტი, - თქვენ სულ დაგავიწყდათ, რომ მე ლიტერატურათმცოდნე კი არა ვარ, არამედ - ფოტოგრაფი, და მაგ რიხით დასახელებულ გვარებს ფოტოგრაფიის კორიფეთა ჩამოთვლით გაგიბათილებთ: რა გსმენიათ, მაგალითად, დიდ ლუი დაგერზე, ანდა რას მეტყვით კარლ ცეისისა და იოფისის მიღწევებზე, რა კავშირია, თუ იცით, ფოტოგრაფიასა და პოლიგრაფიას შორის და აბა, ერნსტ ლეიტცმა რა გამოიგონა? როგორი ყოვნით უნდა გადაიღოთ სურათი თუნდაც აი, ასეთ ამინდში და მაქს ალპერტზე რა აზრის ბრძანდებით? ანდა როდჩენკოს, მიკულინისა და ოცუპის რომელი ნამუშევრები მოგწონთ... - და შემპარავად ეკითხება: - ა?
აქ კი ხელმძღვანელმა მეხუთედ დამიბღვირა. უუჰ, რა სიტყვაა - „ჩამომალაბორანტეს...“
- და მაინც, მაინც იძულებული ვარ, სიმართლე გითხრათ, - დანაღვლიანებული შესცქერის რესპონდენტი, - ჩემი კარცერ-ლუქსების რეალობისა მაინცდამაინც არა მჯერა, იმიტომ კი არა, რომ ღირსი არაა - არა... და ისიც სიცრუეა, რომ თუ ბევრს ნახავ და უამრავი რამ გადაგხდება, სიკვდილის აღარ შეგეშინდება - პირიქით, უფრო გაგიძნელდება სიცოცხლესთან განშორება, მაგრამ ის მაინც გეცოდინება, სავსე ცხოვრება რომ გქონდა, ნაწანწალი და ყოვლის მნახველი... და ჩემისთანამ სიკვდილის წინ, უღონომ, სარეცელზე, შეიძლება ასე წარმოთქვას: „ეჰ, კარგი იყო, ოხერი...“ და თქვენისთანამ კი ჯანმრთელმა, შესაძლოა ნიშნის მოგებით მკითხოს: „რა - სიცოცხლე თუ ლიტერატურა...“ მე კი, გაინტერესებთ, რას გეტყვით?
- რას მეტყვით?.. - ეკითხება ხელმძღვანელი, აფორიაქებულია.
- მე კი მოგიგებთ: „და განა სულერთი არ იყო?“
- კარგი ხართ, მაესტრო, - აღფრთოვანებულია კლიმი, რესპონდენტი კი განაგრძობს:
- მე მაინც ვცდილობდი, ბოლომდე არ მეგრძნობინებინა თქვენთვის, მისალოცთათვის, ჩემი უპირატესობა და პოეზიაზე კრინტიც არ დამცდენია - გიფრთხილდებოდით... ეს იმიტომ რომ, ჩვენი პაწია საქართველო მსოფლიოს პოეზიურ რუკაზე ერთ-ერთი დიდი, ძლევამოსილი სახელმწიფოა...
- პოეზია, პოეზია, - დიდი ამბავი, - ამბობს ხელმძღვანელი, - ლაქები აყრია სახეზე.
- ქალაქში, მტვერში, წაიქცა ბავშვი, - ჩურჩულებს რესპონდენტი, - რა უნდა იყოს ამაზე საზარელი, ამაზე იდუმალი რამ...
- წაიქცა, წაიქცა, - ინადით იძახის ხელმძღვანელი, - დიდი ამბავი, თუ წაიქცა... წაიქცა და კეთილი გამვლელები კვლავ წამოაყენებენ... ბავშვობაში ვინ არ წავქცეულვართ, მაგრამ დადებითი გამვლელების მეშვეობით ისევ წამოვმდგარვართ, დიდი ამბავი...
- ღმერთო, ეს რა თქვა! - ხელები ჭერისაკენ აქვს აპყრობილი რესპონდენტს, - გაიგე, კლიმ? ღმერთო, ეს რა საშინლად ახსნა... და მღელვარედ ეკითხება: - შეგიძლიათ თუ არა, კვლავ გაიმეოროთ ეს?
- რატომაც არა! - არ იხევს ხელმძღვანელი, მაინც შეუპოვარია, ჯიქური.
- კლიმ! გევედრები, კლიმ, ოცდასამ ნომერში მიირბინე, ვანოსთან, შინ თუ არ დაგხვდა, აჰა, ჩემი პასპორტი წაიღე და გირაოდ დაუტოვე ვინმეს, ეგებ მაგნიტოფონი გვათხოვონ, სულ ათი წუთით, ეს წინადადება ჩავიწეროთ და მაშინვე დავუბრუნებთ, კლიმ, გაიქეცი, აჰა, პასპორტი, - უცნაურად აღტყინებულია, მაგრამ თითქოს ხუმრობს კიდევაც, - მაგნიტოფონი! ნახევარ სამეფოს მაგნიტოფონში ვაძლევ, კლიმ, მაგნიტოფონში, ეს რა თქვა, ღმერთო, დადებითი გამვლელების მეშვეობითო, აბა, გაფრინდი...
- ტყუილად ნუ შეაწუხებთ, - ამბობს ხელმძღვანელი, ხმა უკანკალებს, - ახლავე წავალთ.
დგება, მეც ვდგები, კარისაკენ მივემართებით, ჰალსტუხებს ვისწორებთ, პალტოებს ვიცვამთ, პერანგისამარა რესპონდენტი კი დარჩენას გვევედრება, ლამისაა, გალოიგლოჯოს ყელი, მაგრამ ხელმძღვანელი შეუვალია, სახელურისაკენ მტკიცედ მიიწევს, მეექვსედ მიბღვერს, რესპონდენტი კი, ჰოიი, თავხედი, ახლა სურათის გადაღებას გვთავაზობს: „თქვენი ჭირიმეთ, მაშინ სურათი მაინც გადაიღეთ, ეს ჩემი კოლექციისათვის საუკუნის სურათი იქნება - აურელიანო-სქელი - გასქელებამდე და პოლკოვნიკი ჯანჯაკომო სემინარიო - ერთად!“ ხელმძღვანელი კი გაცოფებულია, უხეშად იცილებს მუდარადქცეულ კაცს, ის კი სამფეხა აპარატს ჩვენსკენ ატრიალებს, მაგიდასთან მირბის ფირის ასაღებად, მაგრამ ხელმძღვანელი ეუბნება: „ჩვენ არ გვსურს, არა, გესმით?“ და რკინის თითებს მარწუხებივით უჭერს მაჯაზე. კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ტკივილისაგან ეღრიცება სახე, ფირი ისევ მაგიდაზე ეცემა, მე და ხელმძღვანელი კი, არა, ჯერ ხელმძღვანელი და შემდეგ - მე, ქუჩაში გამოვდივართ, და კაციც მოგვდევს, აპარატით ხელში, ეს, რა თქმა უნდა, ის დიდი სამფეხა აპარატი არაა, ესაა რომელიღაც ჩვეულებრივი, მომცრო აპარატი, „ფედი“ თუ „ზორკი“, რაღაცას ეძახიან, და ჩვენ გვიმიზნებს, ხელმძღვანელი პალტოს საყელოს მაღლა იწევს და სახეზე იფარებს, მე გაოგნებული ვდგავარ, ხელებჩამოყრილი, და ვღელავ, ვღელავ, საცაა - მთქნარება ამიტყდება, ხელმძღვანელი კი აგურის კედელთან მიდის და სახეს თითქმის ადებს, ასე დგას, აგურის კედელთან, ხელებაწეული - პალტოს საყელოს იფარებს ლოყებზე, და თავის მუქ სათვალესაც ცალი ხელით იკეთებს, კაცი კი, რომელსაც ლიტერატურა... და ასე შემდეგ, ეძახის კლიმს, კლიმიც, რა თქმა უნდა, სახეზეა, კაცი ფოტოაპარატს აწვდის კლიმს, და ჩემს ხელმძღვანელს, ისეთ ღონიერსა და ენერგიულს, მხრებზე ეჯაჯგურება - შემობრუნებას უპირებს, თავისი ჭკუით... და მე კი ერთხანს მიკვირს, რომ ხელმძღვანელი, ნამდვილი ათლეტი და მრისხანე თანაც, რატომ არ გაუქანებს და არ მიუფშვნის ყბას, მაგრამ მაშინვე ვხვდები, რომ არ შეიძლება დღისით, მზისით, შუა ქუჩაში რესპონდენტს ყბაში გლიჯო, რაგინდ არ უნდა გაგაბრაზოს, რადგან ეს - ინციდენტი იქნება ქუჩაში, ინციდენეტი კი, აბა, ვის აწყობს, და რესპონდენტი თუნდაც რეგისტრირებული გიჟი აღმოჩნდეეს, მაინც, სად წავა საქმე, ყველა გიჟს და სულელს ყბაში რომ ლეწო, რესპონდენტი კი ისევ ამაოდ ეჯაჯგურება და თუმცა პატარა, ვიწრო ქუჩაა, მაინც იკრიბება თითო-ოროლა გამვლელი, ფანჯრებიდან იყურებიან, ალბათ უცნაური შესახედავები ვართ:
1) მზის საწინააღმდეგო სათვალიანი ათლეტი, პირმიქცეული აგურის კედელთან, ხელებაწეული, 2) მისი პალტოს სახელოს დაჯაჯგურებული, ამ შუა ზამთარში პერანგისამარა კაცი, 3) მე, მღელვარებისგან მთქნარებაატეხილი ახალგაზრდა და 4) პაწია კლიმი, ცალ მუხლზე ჩაცუცქული და აპარატმომარჯვებული - შუა ქუჩაში! და უცებ ვხვდები, რასაც ფიქრობენ გამვლელები ჩვენზე, ალბათ ქურდი, ოხერი და სპეკულანტები თუ ვგონივართ, სულ მცირე - მოძრაობის წესების დამრღვევნი, თორემ ისე, სხვას აბა ვის უღებენ ძალისძალათი ფოტოსურათებს ქუჩაში და კლიმი, ჩაცუცქული, ჯიუტად იცდის, ხელმძღვანელი კი გამოსავალს პოულობს - ზურგშექცეული, კედელ-კედელ მიჰყვება ქუჩას, ჩვენი კომპეტენტური დაწესებულებისაკენ, მეც, მისი ხათრით, გვერდულად მივსდევ, და უცებ რესპონდენტის შემზარავი, ტრაგიკული ყვირილი გვესმის: „ვაიმე, კლიმი! ვაიი, კლიმს მანქანა დაეჯახა!“
შეშფოთებულნი ვტრიალდებით და სანამ გავარკვევდეთ, რაშია საქმე, ჩაცუცქული კლიმი ფეხზე დგება, რა მანქანა, რის მანქანა, კლიმი კი მზრუნველად კეტავს ფოტოაპარატს, რომლიდანაც ორიოდე წამის უკან გაისმა ჩვენთვის, მისკენ მიტრიალებულთათვის საზარელი, იმათთვის კი სასურველი „ჩხაკ...“ და, ოდნავ დარცხვენილნი იმით, რომ მაინც თავისი გაიტანეს, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და იმისი თანაშემწე, კლიმი, სირბილით ეფარებიან თვალს.
ეს ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა: „და ამიტომაც ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ ადამიანთა თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება, ჯერ ერთი, იმით, რომ წარმოადგენს ადამიანის ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორს, შედის რა კომპონენტად მისი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში; მეეორე - რომ ასეთი გამოკვლევა გვეხმარება...“
ჩამომალაბორანტეს.