თავი 2
– 2 –
იმავე საღამოს ანკეტა გადავათვალიერე. ყოველი შეკითხვა გასაგები, მარტივი და ამასთანავე საინტერესო იყო – მე მიყვარს ჩემი დარგი. უფრო სწორად, მომწონს – უცნობი ადამიანებისთვის შეკითხვების დასმა, ახალი განწყობები, ხანდახან ფარული იუმორი, მაგრამ, რაც მთავარია, ენერგია, ენერგია, მიზანდასახულობა, ყველაფერია ერთად.
ვის რა მოსწონს, ანდა პირიქით, ესე იგი – რა არ მოსწონს, ერთი ერთს ამბობს, სხვა – მეორეს, მესამე – მეოთხეს და შენ კი იწერ, იწერ, საქმე მიდის. მაგრამ მეორე დღეს, დილით, რესპონდენტთა პროფესიის შერჩევა გამიჭირდა. ქარხნები – ხმაურიანია და თანაც დაღლილი ადამიანები ამომწურავად არ გპასუხობენ. გამყიდველებს სად სცალიათ – ათასგვარ სურსათს წონიან. სახლებში კი ვერ ჩამოუვლი, რა თქმა უნდა. მძღოლები შენთვის ვერ დაკარგავენ ძვირფას დროს. ექთან-ექიმთა რესპონდენტობა გამორიცხულია, რადგან ისინი ხანდახან დილიდან საღამომდე მორიგეობენ. მე კი მაინტერესებს ისეთი პროფესიის ხალხი, რომლებიც მუდამ ერთსა და იმავე დროს იწყებენ და ამთავრებენ სამუშაოს.
კარგა ხანს ვიწვალე და გონებას ისევ მზერამ აჯობა – ერთ წყნარ ქუჩაზე ფოტოვიტრინას მოვკარი თვალი. ოო, სწორედ ეს გამომადგებოდა – ფოტოგრაფები უმთავრესად ხალისიანი, მოლაპარაკე ხალხია. თმადავარცხნილი მუშტრის მოლოდინში დროც საკმარისი აქვთ, ანკეტა რომ საფუძვლიანად შეავსონ. ამასთანავე, ისინი რეალურად უყურებენ ცხოვრებას, ყველაფერს ზუსტად აფიქსირებენ ფოტოობიექტივის საშუალებით. მე მხნედ შევაღე კარი, შევაბიჯე, ვთქვი: „გამარჯობათ“. მომესმა სასურველი „გაგიმარჯოს“. ვკითხე: „გცალიათ?“ – იმან კი მითხრა: „მა რისთვისა ვარ“. მაგრამ ჩემი მისვლის მიზეზი რომ ავუხსენი, ცოტათი შეცბა. თავით-ფეხამდე შემათვალიერა. მე კი ვცდილობდი, ვყოფილიყავი მის თვალში გულღია, სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი. ჰალსტუხი გავისწორე და გავუღიმე გულწრფელი ადამიანის ღიმილით. იმას კი გვერდზე გადაეხარა თავი და შემომცქეროდა მე, სრულიად უცხოს, ვისაც მისი თავისუფალი დრო აინტერესებდა.
და სანამ მდგომარეობას გაამწვავებდა ბუნებრივი შეკითხვით „რა თქვენი საქმეა“, სწრაფად ავუხსენი, რომ ვარ ისეთი კომპეტენტური დაწესებულებიდან, როგორიცაა ჩვენი, და რომ უნდა ჩამოვუარო მისი პროფესიის ადამიანებს, რათა გავიგო, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, უყვართ თუ არა კინო, სპორტი, ან ტელევიზია, როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა, კომუნალური პირობები და სხვა. მხოლოდ ორჯერ რაღაც შეუტოკდა სახეზე, როცა ვახსენე გამოთქმა „სხვადასხვა ორგანოები“ და სიტყვა „ინსტანცია“. მაგრამ მაშინვე შევცვალე ლექსიკა, რაც ასეთ შემთხვევაში ძალიან საჭიროა, და უბრალო, ჩვეულებრივი სიტყვებით ავუხსენი, რომ ანკეტები დაგვეხმარება ჩვენ, მკვლევარებს, გავიგოთ მისი სურვილები თუ შენიშვნები. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათი შემდგომი ცხოვრების შეძლებისდაგვარად უკეთესად მოწყობას, წინსვლას. და იგი მაშინვე შეიცვალა, რადგან ამოისუნთქა და თქვა: „აგაშენა ღმერთმა“.
ჩვენ კარგად, გულწრფელად ვსაუბრობდით, კმაყოფილი ლამაზმანების სურათების გარემოცვაში. რესპონდენტი მპასუხობდა მკაფიოდ, სწრაფად. მე დროდადრო ვხუმრობდი და ის რომ იცინოდა, ჰალსტუხს ვისწორებდი. რატომღაც მიყვარს ჰალსტუხის წვალება, ალბათ იმიტომ, რომ ისიც მაწვალებს. მაგრამ ჩვენს საქმეში ჰალსტუხი – აუცილებელია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მწამს. რესპონდენტს კი სწამდა, რომ მსუბუქი მუსიკა სჯობს კლასიკურს, ხოლო სპორტული გადაცემა – ინტერვიუს სოფლის მეურნეობის მუშაკთან. რომ გრძელ რიგში დგომა არ არის მაინცდამაინც სასურველი და გაჭედილ ტრამვაიში ფეხისწვერებზე დგომას გაცილებით ურჩევნია ნახევრადცარიელ ტრანსპორტში ფანჯარასთან მიყუჟვა და კერძო ავტომანქანების ნომრების თვალიერება – რომელია უფრო ბედნიერი. სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში ანკეტა შევსებული იყო წესითა და რიგით. გზადაგზა ერთმანეთს ვუამბეთ ორიოდე მხიარული ანეკდოტი, ოღონდ ჩემები – სჯობდა. კიდევ უფრო გამიადვილდა მეორე ანკეტის შევსება სამიოდე კვარტლით მაღლა, ბაღთან, რადგან იმ ფოტოგრაფთან ჩემით მოხიბლულმა პირველმა რესპონდენტმა მოკლე ბარათი გამატანა – „მიშა, ამ ბარათის მომტანი ჩვენი კაცია“. სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო მესამე ანკეტაც, რომელიც უზომოდ მოწყენილი ფოტოგრაფის მოკლე პასუხების მიხედვით შევავსე.
მერე ავედი სამსახურში, უფროსთან. „როგორაა საქმეები, ა?“ მკითხა მან. „მშვენივრად, – ვუპასუხე მე, – უკვე შევუდექი“. „კაი, კაცო“, გაუკვირდა და მხარზე მეგობრულად დამკრა ხელი. ძალიან კარგია, როცა უფროსი არის ასეთი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი, ათლეტი, როგორც იტყვიან, და ამასთანავე ზომიერადაა აყოლილი მოდას – ოდნავ, ძალიან ოდნავ ჩამოგრძელებული ბაკენბარდებით, ასევე წელში ოდნავ გამოყვანილი პიჯაკითა და ოთხკუთხაცხვირიანი ფეხსაცმელებით. გულის გარეთა ჯიბეში კი – ჰალსტუხის ფერის იდენტური ცხვირსახოცი. ანკეტებს ათვალიერებდა. „კარგად გიმუშავია, კარგად, – თქვა უფროსმა, – ოღონდ კომუნალური პირობები ორ ჯგუფად კი არ უნდა დაგეყო, როგორც ეს შენა გაქვს აღნიშნული – კარგ და ცუდ ქვეჯგუფებად, არამედ სამად: პირველი – უზრუნველყოფილნი ყველა კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალური გათბობა, გაზი, აბაზანა ან შხაპი და ცხელი წყალი; მეორე – უზრუნველყოფილნი ძირითადი კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალური გათბობა; და მესამე – უკანალიზაციოები. ისე კი, კარგად გიმუშავია. ასე თუ განაგრძობ, ძალიან კარგი იქნება. აბა, შენ იცი, როგორ არიან თქვენები?..“ ასე გულთბილად მესაუბრებოდა, გადასწვდა სხვადასხვა ამბებს, მშვენიერ გუნებაზე იყო. მაგრამ მერე, არ ვიცი, რა გაახსენდა, ცოტა ხანს ჩაფიქრდა, მზის საწინააღმდეგო სათვალე გაიკეთა, მკერდზე დაიბჯინა ნიკაპი და მკაცრად თქვა: