ნაცარქექია: მაშ, სულ თავიდანვე ნიორს უნაყავდი? ანუ, სულ თავიდანვე ჩემს წინააღმდეგ იყავი? როდესაც ფრონტზე მტერი თოფებითა და ზარბაზნებით მოგვადგა და ჯარს დავუძახე: „აბა, ბიჭებო, აქედან გავიქცეთ, თათრებს თავი არ მოვაკვლევინოთ-მეთქი!“, მაშინ ხომ აღარ მოეწონათ ჩემი მოხერხება. მერე გზაში რომ პატარ-პატარა ყაჩაღები დაგვხვდნენ და იარაღის წართმევა დაგვიპირეს, ხომ არ დავანებე და ჩემს ჯარს გავამარჯვებინე. საკვები რომ შემოგველია, სულ ბრძანებას ვაძლევდი, რომ გზადაგზა სოფლებიდან საქონელი გამოერეკათ და მაგ ვირებს ღმერთივით ჩავუდგი სული. იმხელა ჯარს სულ თვალებში ვუყურებდი და რასაც მოისურვებდა, სულ იმას ვასრულებინებდი. მაშინ ხომ დიდ რევოლუციონერად მთვლიდნენ.
კაკუტა: ო, და გაფასებდნენ.
ნაცარქექია: აქ კი ჩემი ამაგი სულ წყალში გადამიყარეს.
ქუჩარა: აქ ბოლშევიკებმა იქადაგეს, რომ ეს მთავრობა ღარიბს ნებას არ აძლევს, მდიდარი გაძარცვოსო. მთავრობა აგინეს, შენ კი მთავრობის შეგეშინდა. რატომ შეგეშინდა, აი, სულ ამაზე გაუცრუვდათ გული.
ნაცარქექია: ვის? მე შემეშინდა?
ქუჩარა: სულ თავი რომ დიდად მოგაქვს, აქ ლაპარაკის უნარით სხვამ გაჯობა. იმათ ენა კარგად აქვთ გავარჯიშებული, სულ ლექსივით ლაპარაკობენ.
ნაცარქექია: ვინ, იქნებ თქვენ მართლა გგონიათ, რომ მე ვინმემ მაჯობა!... არა უშავს, ახლა აქედან კარგად გადავუჭირო. (მღელვარედ) რომ ამოვდებ ყველას ლაგამს პირში და დავაჩოქებ, მაშინ იცნობენ ყვარყვარე თუთაბერს, ამ მუხლებზე აკოცებენ. (შემოდიან რწმუნებული, მდივანი, კომისარი - ტიტე ნატუტარი. ყველანი გაფაციცებით დახურავენ კარს, სადაც გულთამზეს ამწყვდევენ. მდივანი თვალს მოჰკრავს ნაცარქექიას).
მდივანი (რწმუნებულს ნაცარქექიაზე): მოსულა. (ყველანი შეხედავენ ნაცარქექიას, მდივანი ჩამოართმევს ხელს ნაცარქექიას) მაქვს ბედნიერება გაცნობოთ, ბატონო რწმუნებულო, რომ დღეს ამ კაცთან ერთად, ჩვენ მივიღეთ დიდი ლაშქარი.
რწმუნებული (ჩამოართმევს ხელს ნაცარქექიას): ძალიან სასიამოვნოა. თქვენ დროულად მოეშველეთ მთავრობას.
ნაცარქექია: ქვეყანამ იცის, ბატონო, ჩემი ვაჟკაცობა, რამდენჯერ სახრჩობელას გადავურჩი. რევოლუციამ სწორედ ყელზე მომხსნა თოკი, მაგრამ უარესში კი ჩამაბა. ჯერ ფრონტზე იმდენ ჯარს პატრონობა გავუწიე, რევოლუცია და ჩემი თავი გავაცანი, მერე იქიდან აქამდე ვატარე გზაზე-უგზურზე და ხალხი უკლებლივ მოვიყვანე. ეს ყველაფერი ერთმა კაცმა გავაკეთე... მაგრამ რისთვის გადავიტანე ამდენი შრომა და გაჭირვება? სულ იმისათვის, რომ თქვენ, როგორც ბედნიერ მთავრობას სამსახური გაგიწიოთ, თუკი დამიმადლებთ. (კაკუტას და ქუჩარას) თქვენ ენა გააქვავეთ.
რწმუნებული (თავისიანებს): მორჩილებით სავსე სიტყვა თქვა. (ნაცარქექიას). თქვენისთანა გმირს საკადრისად ისტორია დააფასებს. თუმცა არც ჩვენ მოგაკლებთ პატივისცემას, თუ ერთგულებას გამოიჩენთ.
ნაცარქექია: პატივისცემაც არის და პატივისცემაც, მე უნდა მოგახსენოთ, რომ პატარა მოწყალებისათვის კაცს თავს ვერ დავუკრავ.
რწმუნებული: თქვენ დანიშნული ხართ მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად.
კაკუტა და ქუჩარა: ოოო!!!
რწმუნებული: და თქვენს განკარგულებაშია ის ათი ათასი კაცი, რომელიც ფრონტიდან მოიყვანეთ. ეს ძალა ჩვენთვის ჯერჯერობით საკმარისია, ოღონდ, საქმე ისაა, მუხრუჭი მაგრად მოუჭირეთ, შიგ ბოლშევიკი არ შეუშვათ.
ნაცარქექია: ოო, ეს იყო ჩემი ნატვრა. (კაკუტას და ქუჩარას) ხომ გესმით?
რწმუნებული: ნატვრა? განა ის ჯარი არ გყავთ ხელში გამოჭერილი?!
ნაცარქექია (სიხარულით): ეს რა კარგი მითხარით, ზარბაზნის ტყვიები ხომ ბლომად გაქვთ!
რწმუნებული: რამდენიც გინდათ, - ჩვენ გვაკლია მხოლოდ ერთგული ხალხი.
ნაცარქექია: იმ თქვენს ზარბაზნებს ყელებს სულ არ გავაციებ... სულ დღე და ღამე ვაგრილებ, სანამ ბოლშევიკებს არ მოვსპობ და მთელ ხალხს არ დავაჩოქებ... მანამდე ჩემი მოსვენება არ იქნება. ხომ გესმით! ოღონდ ხელი უნდა შემიწყოთ და მაცალოთ. (საერთო აღტაცება).
კომისარი (მღელვარედ): მე ახლა სხვა კაცი ვარ ამის გვერდით.
რწმუნებული: დღეს რწმუნებულთა არაჩვეულებრივ სხდომაზე მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ და რამდენიმე დავალებას მოგცემთ. (შემოდის შიკრიკი პაკეტით).
შიკრიკი: გარეთ ჯარისკაცები აყაყანდნენ, ბატონო. იმ ჩვენ დელეგატ ქალს ვუცდით, ხომ არ დაგიტუსაღებიათო.
რწმუნებული: იმ ქალს... სატუსაღოში გავგზავნით... გადაეცით, რომ ახლა დელეგატობა გათავდა.
შიკრიკი: დიახ, ბატონო, ეს პაკეტიც მიიღეთ.
რწმუნებული (გამოართმევს პაკეტს და ხსნის): დიახ, ასე გადაეცი.
შიკრიკი: დიახ, ბატონო, ოღონდ, ოღონდ... ჯარისკაცები კარებს არ შორდებიან. (შიკრიკი მიდის. რწმუნებული ხსნის პაკეტს და კითხულობს).
რწმუნებული: ამიერკავკასიის ყველა სოციალისტური პარტიების გაერთიანებული სხდომაა. (მიიდებს თავზე ხელს) ახლა იქ ისეთი რთული საკითხებია... (გადაწყვეტილად ნაცარქექიას) ჩემს მოსვლამდე მდგომარეობას გაგაცნობთ ჩემი მდივანი და აგრეთვე (ტიტე ნატუტარზე) ეს მეგობარი. (გაიხმობს კუთხეში მდივანს და ჩუმად ეუბნება) რაც შეიძლება კარგის მხრიდან გააცანი ჩვენი მდგომარეობა, ორივე ფეხით ჩავითრიოთ. (კარებზე ურტყამს გულთამზე).
ტიტე: ის ქალი რომ ურტყამს კარებზე?
რწმუნებული: ნუ გეშინიათ. (ნაცარქექიას) დიდხანს არ გალოდინებთ, ნახვამდის. (მიდის).
ტიტე (ნაცარქექიას): მე მოგახსენებთ, რა დიდი მომავალი აქვს თქვენს ფარ-ხმალს ქვეყანაზე.
მდივანი: მე ამ მასალებით დაგიმტკიცებთ, რამდენად მტკიცეა დროებითი მთავრობის მდგომარეობა... თქვენ რა უფრო გაინტერესებთ, საგარეო პოლიტიკა თუ შინაური.
ნაცარქექია: საგარეოც ვიცი და შინაურიც.
მდივანი (შლის და აწყობს ქაღალდებს): ჩვენ გაზეთებში ყველაფერს არ ვაქვეყნებთ.
ნაცარქექია (მტკიცედ): ვიცი.
მდივანი (მოაქვს ქაღალდები): კარგადაა ჩვენი საქმე ადგილებზე და ცენტრშიც... არც ფრონტზეა ცუდი ამბავი. (დაუდებს წინ ქაღალდებს) აი, წაიკითხეთ. (ფანჯარაზე დაეცემა ქვა).
მდივანი (აღშფოთებული): ხედავ ამ დეზერტირებს, რას ბედავენ.
ნაცარქექია (წაუკითხავად, რიხიანად ფურცლავს ქაღალდებს).
მდივანი: წაიკითხე.
ნაცარქექია: რაო?
მდივანი: ჩაუკვირდი.
ნაცარქექია (გაღიზიანებული): ამდენ ქაღალდებს რა წამაკითხებს?
ტიტე (მდივანს): ნუ აწუხებ.
მდივანი: მე ყოველ ცნობაზე მოგცემთ ახსნა-განმარტებას.
ნაცარქექია: რად მინდა შენი ახსნა, მე ჭურში კი არ ვზივარ. კარგად ვხედავ, რაც ხდება ქვეყანაზე.
მდივანი (ტიტეს ჩუმად): ძალიან გამჭრიახია, ტყუილების სათქმელად პირი არც კი დამაღებინა. (კიდევ დაეცემა ქვა ფანჯარაზე).
ნაცარქექია: ეს რა ამბავია?!!!
მდივანი: ჯარისკაცებია, არ იციან, თუ თქვენ აქ ზიხართ.
ნაცარქექია: ისეთ საქმეს ვუზამ დღეს იმათ, რომ სოროში ჩაძვრებიან. (კიდევ დაეცემა ქვა).
ნაცარქექია (შეკრთება): კაკუტა და ქუჩარა, გადით კარში და კარგად მიიხედ-მოიხედეთ. (კაკუტა და ქუჩარა მიდიან).
ტიტე (აღტაცებით): ოო, ასე, კარგია ძალა (ნაცარქექიას მდივანზე) მას თქვენისთანა პიროვნებასთან საუბრის უნარი არა აქვს, მე კი, მე ბუნებით თვითონაც სარდალი ვარ. მხოლოდ, ტყუილად სხვებს ავყევი და შეუფერებლად შევიჭერი ფილოსოფიაში.
ნაცარქექია: მერე რა ქენი, რომ შეიჭერი.
ტიტე: რა უნდა ქნას ჩრჩილიან წიგნებში იმან, ვინც სარდლად გაჩენილა... თუმცა დღეს ყველა გმირი სოროშია ჩამძვრალი, მარტო თქვენა გყავთ ჯარი... თქვენ ერთადერთი სარდალი იქნებით და მე თქვენს დაპყრობილ ქვეყანაში წესიერებას დავამყარებ.
ნაცარქექია (ამაყად მიმოიხედავს): არავის გესმის? (ტიტეს) აი, მართლაც სასიამოვნო ლაპარაკი გცოდნია.
ტიტე: დიახ, დიახ, მაქვს თქვენთან საერთო... ახლა იცით, მე თქვენ დიდი საიდუმლო უნდა აგიხსნათ.
ნაცარქექია: აბა, ჩქარა მითხარი.
ტიტე: რა არის ადამიანი?! ეს არის უდიდესი გამოცანა. ჩემსავით ეს ვის გაუგია ან ვინ ჩასწვდომია ცხოვრების შინაარსს?!
ნაცარქექია: გითხრა სიმართლე, მომწონს შენისთანა მეცნიერი კაცი.
ტიტე: მაგალითად, ჩვენ წარმოვიდგინოთ თავშეყრილი ათი ათასი კაცი; ყოველ მათგანს თითო კაცის ძალა აქვს და, თუ ჩვენ მათ ძალას შევაერთებთ, მივიღებთ უზარმაზარ ძალას... მაგრამ ათი ათასი კაცის ჭკუას თუ შევაერთებთ, ეს იქნება ვირის ჭკუაზე ნაკლები. და ამიტომაც, ასე ხდება, - გამოდის საუკეთესო ვინმე და თავისი ერთი ჭკუით სულ ყველას იმორჩილებს. ეს ადამიანი არის სარდალი და ეს სარდალი თქვენ ბრძანდებით.
ნაცარქექია: მშვენიერი სიტყვაა. ასე მგონია, მე თვითონ ვლაპარაკობ.
მდივანი (ქაღალდი გამონახა): აი, ბატონო, ამ ცნობას უსათუოდ უნდა გავეცნოთ.
ნაცარქექია: არა, შენ გაჩერდი.
ტიტე: რა არის სახელმწიფო? ამის შესახებ მე მაქვს საკუთარი შეხედულება და შემდეგ გაგაცნობთ. ახლა კი მხოლოდ ამას გეტყვით, სახელმწიფოს დამორჩილების დროს თქვენ გაამზადებთ ლაშქარს და გამარჯვებული ჯარით მიადგებით შორეულ საზღვრებს, მაგრამ მე აქ გეტყვით: შეჩერდით, ნუ გავიმეორებთ ნაპოლეონ დიდის შეცდომას, სჯობს დავისვენოთ და გავიმაგროთ ფესვები, დიახ, ყველაფერია ფესვები, ძირი და საფუძველი.
ნაცარქექია: რა აზრიანი სიტყვაა. ეს საქმე, რომ მართლა გაკეთდეს, კარგი საქმე იქნება. იცოდე, ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემს საკუთარს რომ მოვათავებ იმის მერე.