ნაცარქექია (შეშინებული) ნეტავ რას მიპირებენ.
გენერალი (პოლკოვნიკს) უსამართლოდ მიგვატოვეს.
მწერალი: ბატონო რევოლუციონერო! მიიღეთ ჩემგან ეს კარგი ამბავი (მაგიდიდან დეპეშა მიაქვს, ადიუტანტი უკან მიჰყვება). პეტროგრადში მოხდა...
პოლკოვნიკი (ხელიდან გამოგლეჯს ქაღალდს) გაჩუმდი.
გენერალი (პოლკოვნიკს) ფრთხილად იყავით, ნუ გააბრაზებთ, ბატონო პოლკოვნიკო. თუ მეფე გადადგა, ჩვენ აქ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
ნაცარქექია (შეშინებული) ეს რა გამიბედეს, ჭკუით, ყვარყვარე თუთაბერო, მგონი რაღაცას გიპირებენ.
გენერალი (პოლკოვნიკს) ჩვენი მხარდაჭერა მოვძებნოთ, ბატონო პოლკოვნიკო.
პოლკოვნიკი (დამორჩილებული ტონით) მაშ, თქვენ თვითონ წაუკითხეთ (ქაღალდს გენერალს აძლევს).
გენერალი (ნაცარქექიას მღელვარედ) მე მოგახსენებთ, ბატონო, იმას, რაც თქვენ არაოფიციალურად გაგიგიათ... ბატონო, ჩვენ დიდ პატივს გცემთ, როგორც...
ნაცარქექია: რა პატივს მცემთ, მაშ, რატომ ჩამაგდეთ ჭაში, რომ ვწუხდი (ადიუტანტს და მწერალს სკამი მიაქვთ ნაცარქექიასთან).
გენერალი (სკამს ხელს მიაშველებს) დაბრძანდით. (პოლკოვნიკს) მართლაც ბნელია ის სარდაფი.
პოლკოვნიკი: დიახ, დიახ, არასწორი იყო.
მწერალი: ბატონო რევოლუციონერო...
გენერალი (მწერალს აწყვეტინებს) შენ ნუ ერევი. (ნაცარქექიას) იმპერატორი ნიკოლოზ მეორე გადადგა.
ნაცარქექია: ჰო-და, ასე მითხარი.
ადიუტანტი: შეიქმნა სახელმწიფო სათათბიროს...
მწერალი (სიტყვას წაართმევს) აღმასრულებელი კომიტეტი.
გენერალი: მე მაცადეთ.
ნაცარქექია: ყველა ნუ მელაპარაკებით. ნუ ხმაურობთ.
გენერალი (აძლევს დეპეშას) აქ ყველაფერი წერია, აი, ინებეთ.
ნაცარქექია (დახედავს დეპეშას) ვიცი... (კეცავს).
გენერალი: ესეც წაკითხული გაქვთ?
ნაცარქექია: მიწაში რა არის, ის ვიცი.
პოლკოვნიკი (კედლიდან ნიკოლოზის პორტრეტს ჩამოიღებს) ეს მართლაც, არ შეეფერებოდა რუსეთის ტახტს. (ტელეფონი რეკავს. ადიუტანტი მიდის ტელეფონთან, მაგრამ მწერალი უხეშად გააგდებს).
მწერალი (ტელეფონში) ა? საყვედურს მივიღებთ დროებითი მთავრობისგან?
გენერალი და პოლკოვნიკი (ერთად) რაო? რაო?
ნაცარქექია (ამაყად იხედება დეპეშაში) დავიღუპეთ, ყველა კორპუსმა აღიარა რევოლუცია. ჩვენ კი დავაგვიანეთ.
ადიუტანტი (გენერალს და პოლკოვნიკს) ეს სულ თქვენი ბრალია.
მწერალი (ტელეფონში) ჩვენც ვზეიმობთ, ააა, არის როგორ არა (ნაცარქექიას) ჯარისთვის ორატორი იკითხეს, მე ვუპასუხე აქაა ცნობილი რევოლუციონერი-მეთქი.
ნაცარქექია: ჩემნაირი ორატორობა ვის შეუძლია, ხეს ავატირებ.
მწერალი (ტელეფონში ეძახის) დღეს ჩვენ მოვისმენთ უწამებულესი კაცის მხურვალე სიტყვას.
ადიუტანტი: ოო, რა იქნება თქვენი სიტყვა, ბატონო რევოლუციონერო, სწორედ თვალებს აგვიხელს.
ნაცარქექია: ისეთ უბედურებას დავატრიალებ მე ახლა აქ, რომ ჭექა-ქუხილს მოგანატრებთ.
ადიუტანტი: დამშვიდდით, ბატონო.
მწერალი: ერთი სიტყვა გვითხარით.
ნაცარქექია: სიტყვა გინდათ? რა ღირსი ხართ, თორემ სულ წყალივით ვილაპარაკებ. (ორატორულად). ვინც შრომობდა, მდიდრები ატყავებდნენ. იყვნენ ბრმები, მაგრამ გათენდა (მრისხანედ მიმოიხედავს). გადასახადებს აწესებდით, ჩემი სახრჩობელის წინ, ღიპით, დამპალ ტახტზე. მაგრამ გაიმარჯვებს სიმართლე და ხალხი შურისძიებით, ხელებით, ფრჩხილებით, კბილებით, და.... ტა..ტა..ტა...
ყველანი (კანკალით) გული დაიმშვიდე, ავღელდით.
ნაცარქექია: უსარძიკვლო, ჯალათებო, ციხის კედლები სულ დაიმსხვრა. ახლა რას მიპასუხებთ, მტარვალებო! (კარების იქით ხმაური ისმის).
ნაცარქექია (შეშინებული) რა ამბავია?!
მწერალი: რევოლუცია გაიგეს, დეპეშის წაკითხვას მოითხოვენ.
ნაცარქექია: წაუკითხეთ!
ადიუტანტი (სწრაფად აწვდის მწერალს დეპეშას).
მწერალი (გადასცემს კარებში) კედელზე გააკარით.
ნაცარქექია (გენერალს და პოლკოვნიკს) შემომხედეთ, მოპასუხენო! (გარედან მარსელიეზის ხმა ისმის).
გენერალი და პოლკოვნიკი (ხელს აიღებენ) გემორჩილებით. (შემოდიან კაკუტა და ქუჩარა).
ნაცარქექია (მოხელეებს) თქვენ გინდოდათ ჩემი ჩამოხრჩობა!
კაკუტა: რა ჩამოხრჩობაო, ხვითოსავით გეძებენ.
ქუჩარა: ვის უნდოდა შენი ჩამოხრჩობა? ქვეყანა კარში შენს ჭირს ნატრობს.
ნაცარქექია: ამ ღვთის გლახებს, ვერ ხედავ რას ბედავდნენ? (შემოდიან ჯარისკაცები).
1-ლი ჯარისკაცი: მოგვეცით რევოლუციონერი.
ნაცარქექია (შეშინებული) რატომ? რას მემართლებით?!!
1-ლი ჯარისკაცი: სიტყვა გვითხრას.
ნაცარქექია (ღიმილით) კი, გეტყვით.
მე-2 ჯარისკაცი (მესამეს) განა ეს არის ჩვენ რომ პროკლამაციები გადმოგვცა? ეს არ არის!
მე-3 ჯარისკაცი: სად არის ის რევოლუციონერი, აქ რომ პატიმრად გყავდათ? ეს სხვაა, ის კაცი რა უყავით?
მწერალი (ჯარისკაცებს) პატიმარი სხვა არა გვყავს.
ადიუტანტი (ჯარისკაცებს) წისქვილში ეს დაიჭირეს.
ნაცარქექია: მე ვარ დაპატიმრებული, ვერ მხედავთ?
მე-2 ჯარისკაცი: ეს არის, ალბათ, ეს მისი ნამდვილი სახეა, მაშინ კი გრიმი ჰქონდა.
მე-3 ჯარისკაცი: ოო, მეც იმიტომ გამიკვირდა. რა დიდი გონიერი მოღვაწე ყოფილა.
1-ლი ჯარისკაცი (მიდის კარებში და იძახის) მე გავათავისუფლე სატუსაღოდან რევოლუციონერი.
მე-2 ჯარისკაცი (კარებში იძახის) რევოლუციონერი მოდის (გარედან აპლოდისმენტები ისმის. შემორბის რამდენიმე ჯარისკაცი).
მე-5 ჯარისკაცი: ხალხი მოუთმენლად გელის. (კაკუტა, ქუჩარა და შემოსული ჯარისკაცები ნაცარქექიას ჰაერში აიტაცებენ).
ადიუტანტი (მწერალს) რაკი მოვიმადლიერეთ, ნუ მოვშორდებით.
ნაცარქექია (კაცების მხრებზე ამაყად ზის. ათითებს მოხელეებზე) ეს დამნაშავენი არ გაუშვათ.
ყველანი: არ გაუშვათ! (კარებში მხრებზე მჯდარი ნაცარქექიას გამოჩენა აღტაცებას იწვევს. გარედან ტაშის ცემა და მარსელიეზი ისმის).
ნაცარქექია: ხომ გესმით, კაკუტა და ქუჩარა, ყურები კარგად გამოიფხეკეთ.
ფარდა
მოქმედება მესამე
დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის რწმუნებულის კაბინეტი.
რწმუნებული ზის მაგიდასთან. შემოდის შიკრიკი.
შიკრიკი: მაზრიდან გახლავთ ერთი კაცი.
რწმუნებული: არ მცალია.
შიკრიკი: კი, ბატონო, მაგრამ ხალხი ამბობს, როგორ არ სცალიაო. მეფის მთავრობა ხომ არ არისო... მეც მლანძღავენ, ვისი ტიკის ტომარა ხარ მაგ კარებზეო. რევოლუცია მოხდაო.
რწმუნებული: ჰო-და შენაც ნუ აჰყვები იმათ ლაპარაკს.
შიკრიკი: არ იცი, ბატონო, რა დღეში ვარ?! გუშინ ერთმა თავხედმა მუქარა წამოიწყო: მართლაც უნდა შემოვიდნენ ის ბოლშევიკები და ერთი კარგად გაგატყავონო. მე ვუთხარი: ბოლშევიკები მე თუ ტყავს გამაძრობენ, ძვლის მეტი რა შერჩებათ, შენ კი ხუთი ტკაველი ქონი გაქვს და უფრთხილდი-მეთქი.
რწმუნებული: დამასვენე, გული ნუ გამიწყალე.
შიკრიკი: კი, ბატონო, მაგრამ ის რომ არ მომეშვება!
რწმუნებული: ვინ არის?
შიკრიკი: რა ვიცი, მაზრის კომისარია - გვარად ნატუტარი ვარო.
რწმუნებული: აა, ტიტე ნატუტარი იქნება, ძველი მეგობარია, შემოვიდეს (შიკრიკი მიდის - შემოდის მაზრის კომისარი ტიტე ნატუტარი).
ტიტე: სალამი, ბატონო, მადლობა ღმერთს, რომ მოვაღწიე.
რწმუნებული: დაბრძანდით.
ტიტე: არა... (უკან იხედება).
რწმუნებული: მოგყავთ ვინმე? უკან რად იხედებით?!
ტიტე: აქ რომ შემოვდიოდი, სასახლის წინ ბოლშევიკები იკრიბებოდნენ.
რწმუნებული: არა უშავს, - თქვენი მაზრის ამბავი მომიყევით.
ტიტე: ჯერ აქაური ამბავი გამაგებინეთ.
რწმუნებული: მე მოხსენებას ვუკეთებ დროებით მთავრობას და არა მაზრის კომისრებს.
ტიტე (ნერვიულად) აქაც ცუდად გქონიათ საქმე, ისე ვატყობ.
რწმუნებული: ეს მე ვიცი.
ტიტე: მაშ, ლაპარაკიც არ ღირს (ჯიბიდან ქაღალდს ამოიღებს). ჩაიბარეთ მანდატი და გამიშვით.
რწმუნებული: რას მაძლევ?
ტიტე: თქვენი მოცემული მანდატია.
რწმუნებული: ეს ქაღალდის ნაფლეთია, მე კი თქვენ მაზრა ჩაგაბარეთ.
ტიტე: იმ მაზრას ბოლშევიკები დაეუფლნენ.
რწმუნებული: ოო, მაშ, ასე კარგად უპატრონეთ?!.
ტიტე: რაო, მე ვერ მიპატრონებია!
რწმუნებული: მაშ!
ტიტე: როგორ, ა, ვინ არის ამ მხარეში ჩემოდენა თეორეტიკოსი, ვინც გინდა მეკამათოს!
რწმუნებული: ცოდნას გამოყენება უნდა.
ტიტე: განა, მე არ შევეცადე გამომეყენებინა ჩემი ცოდნა... მაგრამ არ მოხერხდა, ხალხი არ გამომადგა. ეჰ, წინათ სიტყვა „ხალხი“ ჩემთვის წმინდათა-წმინდა იყო, ახლა კი, ვფიქრობ, როგორც პოეტების დახატული ქალი არ იპოვება ბუნებაში, ისე არ არსებობს ხალხი იმ სახით, როგორც ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები გვასწავლიდნენ... დიახ, ასეა, მეგობარო. მე ხალხისთვის რა არ ჩავიდინე, იმდენი ვუქადაგე, რომ ტვინი ამიდუღდა, მაგრამ ეს ათასთავიანი დევი მაინც გაბოლშევიკდა და, ბოლოს, ფარული ბილიკები რომ არ მეპოვა, მაზრიდან ტყავს ვერ მოვიტანდი... დიახ, თქვენი გულისთვის მე ამდენი ცეცხლი გამოვიარე. თქვენ კი რა მომეცით, ეს მანდატი, რომელსაც თვითონვე ქაღალდის ნაფლეთს უწოდებთ.
რწმუნებული: როდესაც მე თქვენ მაზრაში გაგაგზავნეთ, იქ ბოლშევიკების ჭაჭანიც არ ყოფილა.
ტიტე: მერე კი, როცა გაჩნდნენ, ამ ქაღალდის ამარა მიმატოვეთ. აი, აი, ჩაიბარეთ. ჩაიბარეთ მანდატი.
რწმუნებული: მოითმინეთ, ბატონო ტიტე ნატუტარო. ჩვენი მდგომარეობა გამოკეთდა და ახლა გარბიხართ?
ტიტე: არა, არა, მდგომარეობას ძალა უნდა.
რწმუნებული: ძალა გვაქვს.
ტიტე: საიდან?
რწმუნებული: დაბრძანდით, ბატონო ტიტე ნატუტარო, მოგახსენებთ, დაბრძანდით.