მოქმედება პირველი
სოფლის წისქვილი რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს. ცეცხლის შუაგულში ზის ყვარყვარე თუთაბერი, რომელსაც მეტსახელად ნაცარქექიას ეძახიან. ის ნაცარს ქექავს. მეწისქვილე ფქვილს ცრის და ჩუმად მღერის.
ყვარყვარე კმარა! სულ ხომ არ უნდა იმღერო?!
მეწისქვილე შენ რას გიშლი?
ყვარყვარე (თავის აუღებლად) ფიქრს ნუ მაწყვეტინებ. (დუმილია)
მეწისქვილე (ხელის გასათბობად კერასთან დაიხრება და ნაცარს აკვირდება) ეს რა მოგიქარგავს ნაცარში?!
ყვარყვარე ეს გეგმაა, ხომ გესმის, ბებერო. დახედე აქ, რა ამბავია... ეს არის რკინიგზა, აი, აქ იწყება, ასე მიდის... ა... ასე უხვევს და მიადგება ამ მაღალ მთას. ახლა აქედან გზა სად წავა, შე ძველო, აბა, თუ მიხვდები?!
მეწისქვილე (აკვირდება) რა ვიცი!
ყვარყვარე აქ გვირაბია საჭირო.
მეწისქვილე გვირაბი რატომაა საჭირო?
ყვარყვარე მაშ, მატარებელი ხომ არ გადაახტება ასეთ დიდ მთას?!
მეწისქვილე მერე, შე კაცო, მთას რატომ უხვედრებ წინ? ველზე გაუშვი, შენი ნება არაა?!
ყვარყვარე მოდი და ასეთ კაცს ელაპარაკე! გესმის, რა არის გეგმა? არ გესმის.
მეწისქვილე რა ვიცი!
ყვარყვარე მთავრობას ამ მთის გარშემო გაჰყავს გზა და იმ უხეირო ინჟინრებს ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ გვირაბი აქ გზას შეამოკლებს. (ამაყად) აი, მე რომ ჩემს გეგმას უფროსს წარვუდგენ და მერე ლარივით რომ გავიყვან მთაში ამხელა გვირაბს, შენ ის უნდა ნახო.
მეწისქვილე ნელა ილაპარაკე.
ყვარყვარე რატომ?
მეწისქვილე მანამდე ბაყაყს კბილები ამოუვა.
ყვარყვარე დიდი მოიჯარადრე ვიქნები, დიდისგან დიდი. აი, ნახავ, ქრთამს სულ ქერივით დავაბნევ დიდკაცობაში. თვალი დაგიბრმავდება, რომ გაგივლი და არ შეგხედავ.
მეწისქვილე (წყენით) ჰმ!
ყვარყვარე გეწყინა? მაშ, როგორ გგონია, მე, ყვარყვარე თუთაბერს, ლაპარაკში შენ შემომიარ?
მეწისქვილე რა ვიცი, პატარა ხიდის გაკეთება აიღე იჯარით და ისეთი დიდი ამბავი დააყენე, თითქოს მთა და ბარი გქონდა გასასწორებელი, და ის ხიდი მაინც ვერ გააკეთე.
ყვარყვარე კი გავაკეთებდი, მაგრამ დამეზარა, ის ოხერი, ტვინი წაიღო იმისმა ანგარიშებმა, თავი მომაძულა!
მეწისქვილე ჰოდა, აი, აგერ შენი პირით გამოტყდი.
ყვარყვარე შე უტვინო, ამას თავს ვერ გავართმევ?! დახედე?!
მეწისქვილე (ღიმილით) ნაცარში კარგად ხატავ.
ყვარყვარე ვითომ იცინი, არა? დამალე ეგ ჩამტვრეული კბილები, თორემ!..
მეწისქვილე (წყენით) ჰმ! (მიდის და ფქვილში ხელს ურევს გაბრაზებული) ასე რომ იწელები, ამ წისქვილის პატრონი მე ვარ, თუ შენა ხარ?!
(ყვარყვარე არ უპასუხებს. განაგრძობს ნაცრის ქექვას. წისქვილი იწყებს ხრიალს)
მეწისქვილე ეჰე, საფქვავი შემომელია. (ყვარყვარეს) შენთან ლაპარაკს მირჩევნია წყალი გადავუშვა და წისქვილი შევასვენო. (მიდის)
ყვარყვარე ეე, ცეცხლი ქრება. სად არის შეშა?! ჯირკს მაინც მოვაგორებ კერასთან. (დაეჭიდება ჯირკს და ვერ დაძრავს) მძიმეა. რა ზარმაცი მოხუცია, სულ იმას უყურებს, რომ მე დავუპო შეშა და შემოვუტანო. მანამდე ნუ გაითბობს გვერდებს, სანამ მე მას შეშა არ დავუჩეხო! (შემოდის მეწისქვილე. აკანკალებს, კერასთან თბება)
მეწისქვილე თათრების მხარეზე რომ გავიხედე, გული გადამიტრიალდა.
ყვარყვარე რა მოხდა?
მეწისქვილე თოფის სროლა აქეთ მოიწევს. ეტყობა, საქმე ცუდადაა.
ყვარყვარე მაშ, შენი სიტყვით, დღეს აქ თათრები შემოცვივიან და დაგვკლავენ?!
მეწისქვილე თუ ჯარმა უკან დაიხია, ვინ იცის.
ყვარყვარე (აღშფოთებული) სისულელეებს ამბობ!
მეწისქვილე განა ცოტა სასწაული მომხდარა?! (იხვევს წელზე ძველ შალს) ასეთ დროს წელში ქარი გამიდგა და ვერც გავიქცევი.
ყვარყვარე რას ამბობ?! ტყუილად გული არ დამიშინო, თორემ... ამ წისქვილს სულ ნაწილ-ნაწილ წავიღებ!
მეწისქვილე მოერევი?
ყვარყვარე რას ვერა, გინდა ახლავე შიგ გამოგჭეჭყო?!
მეწისქვილე ეს რა გადავიკიდე. მე ისე ვატყობ, აქედან გაგდებასაც მიპირებ.
ყვარყვარე (მოლბება) არა, რატომ!.. (სიცივისაგან შეაჟრჟოლებს) სად უნდა გაგაგდო ახლა ასეთ ამინდში.
მეწისქვილე როგორ, ვინ უნდა გავიდეს აქედან, მე თუ შენ?! ვისია ეს წისქვილი?!
ყვარყვარე კარგი, გქონდეს.
მეწისქვილე როგორ, შენი ნაჩუქარია?
ყვარყვარე ახლა ეს ზამთარიც მთავრდება და რომ გაზაფხულდება, მერე მე ვიცი შენი სამაგიერო პატივისცემა. ისეთ განიერ მუხის ჩრდილს გიშოვი, რომ მეფესავით წამოწვე. (ამთქნარებს) ზაფხულში ჩრდილს რა ჯობია, ოჰ, რა მადაზე მოხვალ! მაშინ ნახე ჩემი მასპინძლობა, ჩიტის რძე რაა, იმას არ მოგაკლებ.
მეწისქვილე (დაფიქრდება) რა ვიცი, ახლა შენ არ იყავი... ისე ავარდი, რომ...
ყვარყვარე რა ვუყოთ, კაცი ხან ავარდები, ხან დავარდები... და... ბოლოს... ეჰ, ადამიანის ბოლო უბედურია. სიკვდილი რომ გამახსენდება, სულ ჭინჭარივით გამბურძგლავს ტანში. ერთი ეს მითხარი, რაა კაცის სიცოცხლე?!
მეწისქვილე არაფერი არაა, ჭირის დღეზეა კაცი გაჩენილი.
ყვარყვარე ჰოდა, აბა, სიამტკბილად მოვექცეთ ერთმანეთს, მეტი რაა ქართველი კაცის სიცოცხლე.
მეწისქვილე ამას არ ამბობ უჭკუოდ. (ხელს უფათურებს კერას) ოჰ, ცეცხლიც გვეფშუტება.
ყვარყვარე მაშ, ერთი შენს გახარებას, წადი და შეშა მოიტანე.
მეწისქვილე ხომ იცი, წელი რომ მტკივა, შენ მოიტანე.
ყვარყვარე ნელა ილაპარაკე. მე ყინვაში გავალ?! აქედან ახლა თოფითაც ვერ ამაგდებ. ხომ ხედავ, არ მცალია.
მეწისქვილე რას აკეთებ? შეშის დაჩეხა გიჭირს და ვითომ მთების გათხრაზე ფიქრობ?
ყვარყვარე სად შეშის დაჩეხა, შე უტვინო, და სად მთების გათხრა, რას მელაპარაკები?! მე ხიდის იჯარასაც იმიტომ გავუშვი ხელი, რომ პატარა საქმე ჭირივით მეზარება! (აღშფოთებული) და ახლა შენ ისე ამიგდე, რომ შეშის მჩეხველად მხდი?!
მეწისქვილე ეს რა გადავიკიდე, სამი ნაცოლევი კაცი ვარ და ასეთი გაჭირვება არ დამდგომია. ქუჩიდან კაცი შემოვიხიზნე, ვიფიქრე, კედელყურეს გამიცოცხლებს-მეთქი, ეს კი სულ მომხდურივით არის. (აღშფოთებული) მორჩა და გათავდა, შენი შემხიზვნელი აღარა ვარ!
ყვარყვარე ჭკუაზე მოდი, ეს კერა არ გამიცივო, თორემ... (მუშტს მოუღერებს)
მეწისქვილე რას მემუქრები?
ყვარყვარე სულს ამოგაცლი, თუთაბერი ვარ, სულძაღლო!
მეწისქვილე ბიჭო, ხელი დასწიე!
ყვარყვარე ყვარყვარე ვარ, ყვარყვარე! ძველებური ვაჟკაცის სახელი მქვია. ისე გავადენ მტვერს აქაურობას! (ნაცარს ურტყამს ჯოხს)
მეწისქვილე (აღშფოთებული) ეს რა ბუღი დამიყენე! (მიდის კარისაკენ) ჩემს წისქვილში მე არ მეცხოვრება. (გააღებს კარს და კარიდან აწვდის ხმას) მართალი მითხრა გულთამზემ, ვინმე მაწანწალა არ შეიხიზნო წისქვილშიო. ნამდვილად გულთმისანია ის ჩემი გოგო. დღეს უნდა მოვიდეს და ვეტყვი, რა შავ დღეში ვარ შენგან.
ყვარყვარე რაო, დღეს მოვა შენი ქალიშვილი? (მღელვარედ) მერე მაგ კარში, კაცო, რატომ ცივდები? შემოდი, არ გრცხვენია, ავად რომ გახდე?!
მეწისქვილე არა, უნდა წავიდე. გაიგოს, რა ცეცხლში ვარ.
ყვარყვარე (თავისთვის) ეჰ, რა ბებერი ძაღლია! (მივა კართან და ეძახის) მასპინძელო, მოდი, იმ წმინდა კვირიკეს ხატს გაფიცებ, გუშინ რომ ამბობდი, სასწაულმოქმედიო...
მეწისქვილე (ყოყმანით მიუბრუნდება) ჩვენი შერიგება, რაც უნდა ხატზე დამაფიცო, არ მოხერხდება.
ყვარყვარე შენ პირდაპირ ნაწილებად დასარიგებელი კაცი ხარ... ჩამოჯექი ერთი, იმ ქალის ამბავს მომიყევი.
მეწისქვილე აბა, უპატრონო გგონივარ?!
ყვარყვარე დღეს უნდა მოვიდეს?
მეწისქვილე როცა ბარზე მუშაობამ გამტეხა, იჯარით ეს დოლაბი ამაღებინა.
ყვარყვარე მან გაშოვნინა ეს წისქვილი?
მეწისქვილე ჭკვიანი ქალია ჩემი გულთამზე. გარეგნობაც კარგი დადგა. მოწყალე დებში იმისთანა მეორე ვერ მოგართვეს.
ყვარყვარე ეს სიტყვები შენი ენიდან პირდაპირ თაფლივით მეწვეთება გულში.
მეწისქვილე ყველა მადლიერი ჰყავს სიკეთისათვის.
ყვარყვარე ალბათ სახეც ნახატივით ექნება, ა?
მეწისქვილე არ ვიცი, შენ და ის როგორ მორიგდებით. მე ერთხელაც შენი ამბავი რომ მოვუყევი, ასე მითხრა: წისქვილიდან გააგდეო, იქ რომ მოვალ, არ დამხვდესო.
ყვარყვარე არ დამხვდესო? (გაანჩხლდება) ის შენი გულთამზე, როგორც ვატყობ, გრძელცხვირიანია, ცხვირი იმას წეროსავით ექნება.
მეწისქვილე ბოლოს კი, ღვთის წინაშე, როდესაც ავუხსენი, არსად ბინა არა აქვს-მეთქი, კიდეც შეებრალე, იყოსო.
ყვარყვარე შევებრალე? იცის კაცის შებრალება?!
მეწისქვილე მაშ, რა იქნება? როცა ქალი ომში და ტყვიაში მიდის ჭრილობების მოსავლელად, ალბათ, გულმოწყალეა.
ყვარყვარე (სასოებით) ძალიან გულმოწყალეა! იმ ლამაზ სახეზე კბილები მარგალიტივით ექნება ჩაჩხრიალებული.
(შემოდიან კაკუტა და ქუჩარა – სანგრის მთხრელი მუშები).
ქუჩარა ბიჭო, კაკუტა! აქ რა სითბოა, ა? ხომ ხედავ, ჩვენი ნაცარქექია სულ კარგ ყოფაშია!
კაკუტა (მოიკუნტება) იქნებ აქ, ჩემო ქუჩარა, სადმე პურის ნატეხი ვიშოვოთ სულის მოსაბრუნებლად.
მეწისქვილე რა ქარმა გადმოგაგდოთ, გამარჯობა მაინც გვითხარით!
კაკუტა თავიც რომ დაგვავიწყდა?!
ყვარყვარე რა დაგემართათ, თქვე საცოდავებო? სულ ასე უნდა იწანწალოთ, უპატრონოებო? თქვენი კაცად გახდომა ვერასოდეს რომ ვერ მოვახერხე! აფსუს, თქვენ ჩემი მეზობლები იყოთ, სწორედ მრცხვენია.