გამომძიებელი: არა, ფორმალურად ასე ითვლებით. სანამ ჩვენი უფროსი ოფიციალურად არ გამოგიცხადებთ ამ ბედნიერებას, რაც მე გაგაცანით... მანამდე კი, რომ პატიმრად არ იგრძნოთ თავი, შემოდით კაბინეტში. დაჯექით სავარძელში და...
ნაცარქექია: მოკლედ ილაპარაკე. ბედნიერება, თორემ შენ მოგვიტანე. როცა ჩამოხრჩობას მიპირებდით, რას ფიქრობდით? გეგონათ, ასე შეგრჩებოდათ?!
გამომძიებელი: მე? (ხმა უკანკალებს) ჩემზე ცუდს ხომ არ ფიქრობთ? აგიხსნით, ბატონო, მე ერთი უბრალო კაცი ვარ.
ნაცარქექია: არა, სად მცალია მე ახლა შენთვის, შე უმნიშვნელო კაცო – შე საწყალო.
გამომძიებელი: დიახ, ხალხისთვის უნდა იფიქროთ და იზრუნოთ.
ნაცარქექია: რა მაქვს მე საფიქრალი?! მოტყუვდება რამეში ყვარყვარე თუთაბერი თუ რა გგონიათ?! (შედის კაბინეტში. შემოდიან ადიუტანტი და მწერალი).
ადიუტანტი: როგორ არის საქმე? ამ რევოლუციონერს ყველაფერი უთხარი?
გამომძიებელი: არა.
მწერალი: სულ არ იცის?
გამომძიებელი: მე არ მითქვამს, მაგრამ იცის.
ადიუტანტი და მწერალი: საიდან, საიდან გაიგო?
გამომძიებელი: ჭკვიანი კაცია.
ადიუტანტი (მწერალს): დავიღუპეთ. მე და შენ ყალბი საბუთები რომ შევადგინეთ სოციალისტებზე, ის თუ...
მწერალი (სიტყვას აწყვეტინებს): ოო, ის თუ არ გავანადგურეთ, დავიღუპებით. მერე სად არის?
ადიუტანტი: იქნებ პოლკოვნიკთანაა.
(აპირებენ წასვლას. შემოდის გენერალი. ცივად შეხვდებიან. გენერალი ირგვლივ მიმოიხედავს, შეხვედრა უცნაურად მოეჩვენა).
გენერალი (გაბრაზებული ტონით): გამიმზადეთ ცნობა?
ადიუტანტი: რომელი ცნობა?
გენერალი (გაკვირვებული): ააა, არმიაში დეზერტირობის საღამო.
მწერალი: ეს როდის მოითხოვეთ?
გენერალი (მწერალზე): ეს ვინაა?
ადიუტანტი (აძლევს დეპეშას): პეტროგრადიდან დეპეშაა. ტვინი გადაგვიბრუნდა, ღმერთო ჩემო, აი, აი, დახედეთ.
გენერალი (გაბრაზებული გამომეტყველებით პასუხობს): ეს რას ჰგავს?!!
ადიუტანტი: თქვენო მაღალო... კიდევ მოგაგონებთ: დეპეშას დააკვირდით.
გენერალი: რაო, ა? ეს რა წესრიგია!..
ადიუტანტი: მე მგონია, წესიერება არ დამირღვევია.
გამომძიებელი: რა თქმა უნდა.
გენერალი (გამომძიებელს): თქვენც (დაბნეული იხედება) აააა, ყველას ავიწყდება მოვალეობა. გასწორდი!
ადიუტანტი (მშვიდად მოიტანს დეპეშას და თვალწინ დაუდებს): პეტროგრადიდან გახლავთ.
გენერალი (თანდათან მეტი ინტერესით კითხულობს, დროდადრო ხმამაღლა ამბობს): სახელმწიფოს... სათათბიროს აღმასრულებელი კომიტეტი... დროებითი მთავრობა... (გარკვევით კითხულობს) პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების... საბჭო... (ჩაჯდება სავარძელში, დუმილის შემდეგ) მეგობრებო!
გამომძიებელი: დიახ...
გენერალი (უცებ): სად არის პოლკოვნიკი?
ადიუტანტი: ეს დეპეშა პოლკოვნიკს არ უნახავს.
მწერალი (გაბედული ხმით): ეს მნიშვნელოვანი ცნობებია; ჩემი აზრით, ეს დიდი ამბავია.
გენერალი: განაგრძეთ თქვენი მოვალეობის შესრულება (აპირებს წასვლას. გამომძიებელს). თქვენ კიდევ ჩემთან წამობრძანდით. (გენერალი და გამომძიებელი მიდიან. ადიუტანტი და მწერალი ერთმანეთს შეხედავენ).
ადიუტანტი: ხომ დავიღუპეთ!
მწერალი: შენი ბრალია. შენ შეადგინე სოციალისტებზე ის ყალბი საბუთები. მე მხოლოდ გადავწერე.
ადიუტანტი: ღმერთმა იცის, რომ ცუდი განზრახვით არ გამიკეთებია.
მწერალი: ეს, რა ეშმაკმა შემომაგდო პატიოსანი სტუდენტი საიდუმლო განყოფილებაში და, ისიც, შენისთანა უწმინდურთან, ტფუ...
ადიუტანტი: რა ვქნა?!
მწერალი (ფეხებს აბაკუნებს): დასასჯელი ხარ.
ადიუტანტი: რა ვქნა, უნდა მოვძებნოთ, თორემ თუ ნახეს!..
მწერალი: ოო, თუ ნახეს, მეც ხომ მომხვდება... ჰო, კარგი, წამოდი, წამოდი...
(ადიუტანტი და მწერალი მიდიან. კაბინეტიდან გამოდის ნაცარქექია და ხელს უქნევს ფანჯარაში).
ნაცარქექია: ბიჭებო, აქეთ, ბიჭებო!
(კაკუტა და ქუჩარა მიუახლოვდებიან ფანჯარას).
კაკუტა: ხომ მოვნახეთ?!
ქუჩარა (კაკუტას): ახლა მე მაცალე. (ნაცარქექიას) რა უყავი ის ჩვენი ნასისხლარი, ა? მიწაში რომ ჩახვიდე, არ მოგეშვები, – ხომ იცი.
ნაცარქექია: რა ცხვირში მეცით. ჯერ რა მომივიდა ამ საპატიმროში, არ იკითხავთ?
ქუჩარა: საპატიმროშიო?
კაკუტა (ქუჩარას): ახლა ხომ ხედავ, რომ გვითხრეს, გაკოჭილი მიყავდათო.
ქუჩარა: რა დაგემართა?
ნაცარქექია: ახალი თაობის კაცად მიცნეს, ხელმწიფის მტრად გამომაცხადეს.
კაკუტა (ქუჩარას): ეე, ხომ გესმის?
ქუჩარა (ნაცარქექიას): მერე მაგისთვის თავზე ხელს დაგისობენ?
ნაცარქექია: თავზე ხელს დამისობენ კი არა, კიდეც ჩამომახრჩობენ. დავიღუპე კაცი, ჩემს საფლავს პატრონი ვერც კი მონახავს და ცოდვით გიბარებთ, მამაჩემს წყვიწყვის ასე უთხარით: ისეთ ვაჟკაც შვილს, ნაცარქექია რომ შეარქვეს, ცოლი არ ათხოვიე და ჯოხით გააგდე სარჩოს საშოვნელად, ეს მოეწიათქვა... ასე გადაეცით, სახრჩობელაზე რომ გაყავდათ, იქიდან შემოგითვალა, ძაღლი ჩაგაკვდა მაგ სულშითქვა.
კაკუტა: უჰ, საწყალი, დაღუპულა!
ქუჩარა (მღელვარედ): შე საწყალო, ა? ახლა... რისთვის შეგხვდა ეს შენ?...
ნაცარქექია (ამაყად): ახალი თაობის საქმისთვის.
კაკუტა: რომ არ იყავი შენ მაგისთანა კაცი?!!
ნაცარქექია (თოფნაკრავივით): როგორ არ ვიყავი! მაშ, პოლიციას ვემალებოდი და თქვენისთანა ბევრის მოლაპარაკეებს ვეტყოდი! ქვეყანას რომ ეძინა, მე მაშინ ვმუშაობდი.
ქუჩარა: სულ დაგიქცევია ოჯახი! აბა, ხელმწიფის ღალატი რა...
ნაცარქექია: ასეა, თქვენისთანა გაუგებარი ადამიანებისგან, მართლა რომ დავღუპულიყავი კაცი, გაკიცხვის მეტს რას მივიღებდი... მაგრამ გამიღიმა ბედმა, თქვენი ლაპარაკისგან გადავრჩი, იღბალმა გამიჭრა გზა, რევოლუცია მოხდა და ხელმწიფე ტახტიდან გადააგდეს.
კაკუტა და ქუჩარა (ერთად): ხელმწიფე გადააგდეს?
ნაცარქექია: კი.
ქუჩარა: ეს რა ამბავი დატრიალებულა?!!
ნაცარქექია: თქვენ ის უნდა ნახოთ აწი, ხალხი რომ ხელისგულზე დამიჯენს, როგორც ძვირფას ნივთს.
კაკუტა (სიხარულით იმანჭება): ეე. რა...
ქუჩარა: მთლად ბედნიერი კაცი ყოფილხარ.
ნაცარქექია: მაგრამ რა... რა სიამოვნებას ვნახავ, ქვეყანას უნდა ვუქადაგო.
კაკუტა და ქუჩარა (ერთად): რა უნდა უქადაგო?
ნაცარქექია: სიმართლე.
ქუჩარა (კაკუტას): ასეა, ხომ გესმის, სოციალისტები იმას თვლიან სიმართლედ, რასაც თვითონ ამბობენ.
კაკუტა: ვიცი. კიდევ ამბობენ, რომ ციხეს რკინის კარები არ უნდა ჰქონდეს, სულ შუშის კედლები იყოსო.
ქუჩარა (ნაცარქექიას): სიმართლეს რა ჯობია. მაგისთვის ხალხი, მართლაც, ძვირფას ნივთივით მოგეფერება.
ნაცარქექია: მაშ, ტყუილად ვწვალობდი! ხომ ხედავდი დღე და ღამე, რომ პოლიცია მდევნიდა.
კაკუტა: როდის ვხედავდით?!!
ნაცარქექია (აჯავრებს): როდის ვხედავდით!
კაკუტა: რა ვიცი...
ნაცარქექია: ხომ იცი, ჩვენ, სოციალისტები, ტყუილს რომ არ ვიტყვით.
ქუჩარა: კი.
კაკუტა: კი.
ნაცარქექია: მე ხომ გითხარით, პოლიცია რომ მეძებდა.
კაკუტა: კი.
ნაცარქექია: ხო და, ხომ კარგად იცით, რა წვალება გადამხდა მე ხალხისთვის?!
კაკუტა (ყოყმანით): კი.
ქუჩარა: კი, კაკუტა, ასე ყოფილა და...
კაკუტა: რას იზამ...
ნაცარქექია: ჰო, მართლა, თქვენ წისქვილში გამოივლიდით და იქ გულთამზე არ გინახავთ? (მოისმის ყვირილი).
ქუჩარა: დარაჯი გაგვიბრაზდა, გავეცალოთ აქედან (კაკუტა და ქუჩარა მიდიან).
ნაცარქექია: რა ყვირილია მანდ, ვინ ბედავს? (ათვალიერებს ნივთებს. აღებს კაბინეტის კარს). ამ სავარძლისთანა ძვირფასი მაინც ვერაფერი ვერ ვნახე, რა რბილი დასაწოლია, არც აქაა დასატოვებელი (შედის კაბინეტში. ხმაურია. შემოდიან: გენერალი, გამომძიებელი, პოლკოვნიკი, ადიუტანტი და მწერალი).
პოლკოვნიკი: როგორმე, ძალაუფლება ხელიდან არ გავუშვათ... სხვა არმიების ოფიცრობაც ასე შეკავშირდება და რევოლუციის ნაპერწკლებს ყველგან ჩააქრობენ.
გენერალი: ზოგადი სიტყვები მე არ მინდა. – თქვენ მითხარით, პირველ რიგში რა გავაკეთოთ ახლა, რა მოვიმოქმედოთ?!
პოლკოვნიკი: უპირველეს ყოვლისა, აქ რომ რევოლუციონერი ზის, ახლავე ჩამოვახრჩოთ...
გენერალი: ეს ადვილია.
პოლკოვნიკი: მერე, რევოლუციაზე ხმა არავინ დაძრას!
გენერალი: ფოსტა-რადიოები რომ დაიწყებენ ყვირილს?
პოლკოვნიკი: ჯარში გავავრცელოთ ჭეშმარიტ რუსთა კავშირის აგენტები (ადიუტანტს და მწერალს), აქ თქვენც უნდა იაქტიუროთ, ბიჭებო.
გამომძიებელი: მართალია, საქმე სულ ამათზეა, – სიცოცხლე არ დაზოგოთ, თავი უნდა გასწიროთ.
ადიუტანტი და მწერალი (ერთად): რაო?... ჩვენ დავდოთ თავი სიკვდილისთვის?
გამომძიებელი: რა თქმა უნდა.
პოლკოვნიკი: დიახ, თქვენც, ჩვენც და ყველამ, ყველამ, სულ ყველამ...
გენერალი: რა თქმა უნდა (შემოდის ნაცარქექია. ყველანი მიიხედავენ).
გენერალი: ეს ვინაა?
ადიუტანტი (შიშით გადაუჩურჩულებს მოხელეებს. ყველანი აფორიაქდებიან).
ნაცარქექია (მათი აფორიაქების მიხედვით თამამად წამოიჭიმება): რას აფორიაქდით? ის თქვენი უფროსი რატომ არ მოვიდა ჩემთან, ა? რას იხევთ უკან. თქვენ, როგორც ვატყობ, ჩემი არც გეშინიათ.
ადიუტანტი: რას ბრძანებთ, როგორ არ გვეშინია.
ნაცარქექია: ო, თავს მაღლა წევთ, მაგრამ... ისეთ დღეს დაგაყენებთ, თვალებს დაგათხრევინებთ.
ადიუტანტი (მიუთითებს მწერალზე): მე და ეს კაცი არაფერ შუაში ვართ, ტყუილად, ხმაც არ დაგვიძრავს.
ნაცარქექია: ამას კი გავიგებ, ვის რა უთქვამს. ოდნავი ხმაურიც არ გამომეპარება, მაგრამ მაინც კარგად გამაგებინეთ: ვინაა ჩემი მტერი?!
მწერალი (უთითებს გენერალზე და პოლკოვნიკზე): აი, ისინი.