გამომძიებელი არა, თუმცა ფორმალურად ითვლებით, სანამ ჩვენი უფროსი ოფიციალურად არ გამოგიცხადებთ ამ ბედნიერებას, რაც მე გაცნობეთ... მანამდე კი, თავი ტუსაღად რომ არ იგრძნოთ, აი შემობრძანდით კაბინეტში, წამოჯექით სავარძელში და...
ნაცარქექია
ენა დაამოკლე. ბედნიერება, თორემ შენი მოცემულია. ჩამოხრჩობას რომ მიპირებდით, რას ფიქრობდით? გეგონათ ასე შეგრჩებოდათ?!.
გამომძიებელი
მე? (ხმის კანკალით) ჩემს შესახებ ცუდ რამეს ხომ არ ფიქრობთ, აგიხსნით, ბატონო, მე ერთი პატარა კაცი ვარ.
ნაცარქექია
არა, სად მცალია მე ახლა შენთვის, შე ჩიჩია - შე გლახა,
გამომძიებელი
დიახ, ხალხისთვის უნდა იფიქროთ და იზრუნოთ.
ნაცარქექია
რა მაქვს მე საფიქრალი?! მოტყუილდება რამეში ყვარყვარე თუთაბერი თუ რა გგონია?! (შედის კაბინეტში. შემოდიან ადიუტანტი და მწერალი ).
ადიუტანტი
როგორ არის საქმე; ამ რევოლუციონერს ყველაფერი უთხარი?
გამომძიებელი
არა.
მწერალი
სულ არ იცის?
გამომძიებელი
მე არ მითქვამს, მაგრამ იცის.
ადიუტანტი და მწერალი
საიდან, საიდან გაიგო?
გამომძიებელი
გამჭრიახი კაცია.
ადიუტანტი (მწერალს)
დავიღუპეთ. მე და შენ ყალბი საბუთები რომ შევადგინეთ სოციალისტებზე, ის თუ...
მწერალი (სიტყვას წაართმევს)
ოო, ის თუ არ გავანადგურეთ, ვიღუპებით - მერე სად არის?
ადიუტანტი
ეგებ პოლკოვნიკთანაა
(აპირებენ წასვლას. შემოდის გენერალი. ცივად შეხვდებიან. გენერალი გარშემო მიმოიხედავს, შეხვედრა იუცხოვა).
გენერალი (მრისხანე ტონით)
გამიმზადეთ ცნობა?
ადიუტანტი
რომელი ცნობა?
გენერალი (გაკვირვებული)
ააა, არმიაში დეზერტირობის საღამო.
მწერალი
ეს როდის მოითხოვეთ?
გენერალი (მწერალზე)
ეს ვინაა?
ადიუტანტი (აწოდებს დეპეშას)
პეტროგრადიდან დეპეშაა. ტვინი გადაგვიბრუნდა, ღმერთო ჩემო, აი, აი, დახედეთ.
გენერალი (მრისხანე გამომეტყველებით უპასუხებს)
ეს რას ჰგავს?!!
ადიუტანტი
თქვენო მაღ...ალ... კიდევ მოგაგონებთ: დეპეშას დააკვირდით.
გენერალი
რაო, ა? ეს რა წესრიგია!..
ადიუტანტი
მე მგონია წესიერება არ დამირღვევია.
გამომძიებელი
რასაკვირველია.
გენერალი (გამომძიებელს)
თქვენც (დაბნეული იხედება) აააა, ყველას ავიწყდება მოვალეობა. გასწორდი!
ადიუტანტი (მშვიდად მოიტანს დეპეშას და თვალწინ დაუდებს)
პეტროგრადიდან გახლავთ
გენერალი (თანდათან მეტის ინტერესით კითხულობს, დრო და დრო ამოიყივლებს)
სახელმწიფოს... სათათბიროს აღმასრულებელი კომიტეტი... დროებითი მთავრობა.. (გარკვეულად კითხულობს) პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ... საბჭო... (ჩაჯდება სავარძელში, დუმილის შემდეგ) მეგობრებო!
გამომძიებელი
დიახ...
გენერალი (უცბად)
სად არის პოლკოვნიკი ?
ადიუტანტი
ეს დეპესა პოლკოვნიკს არ უნახავს.
მწერალი (ვაჟკაცური ხმით)
ეს მნიშვნელოვანი ცნობებია; ჩემი აზრით, ეს დიდი ამბავია.
გენერალი
განაგრძეთ თქვენი მოვალეობის აღსრულება (აპირებს წასვლას. გამომძიებელს). თქვენ კიდევ ჩემთან წამობრძანდით. (გენერალი და გამომძიებელი მიდიან. ადიუტანტი და მწერალი შეხედავენ ერთმანეთს).
ადიუტანტი
ხომ დავიღუპეთ!
მწერალი
შენი ბრალია. შენ შეადგინე სოციალისტებზე ის ყალბი საბუთები. მე მხოლოდ გადავწერე.
ადიუტანტი
იცოდეს ღმერთმა, რომ ბოროტი განზრახვით არ მიქნია.
მწერალი
ეს, რა ეშმაკმა შემომაგდო პატიოსანი სტუდენტი საიდუმლო განყოფილებაში და, ისიც, შენისთანა უწმინდურთან, ტფუ...
ადიუტანტი
რა ვქნა!!
მწერალი (ფეხებს დაუბაკუნებს)
გასასრესი ხარ.
ადიუტანტი
რა ვქნა, უნდა მოვძებნოთ, თორემ თუ ნახეს!..
მწერალი
ოო, თუ ნახეს მეც ხომ მომეცხება... ჰო, კარგი, წამოდი, წამოდი...
(ადიუტანტი და მწერალი მიდიან. კაბინეტიდან გამოდის ნაცარქექია და ხელს უქნევს ფანჯარაში).
ნაცარქექია
ბიჭებო, აქეთ, ბიჭებო!
( კაკუტა და ქუჩარა მოადგებიან ფანჯარას).
კაკუტა
ხომ მოვნახეთ?!.
ქუჩარა ( კაკუტა ს)
ახლა მე მაცალე. (ნაცარქექიას) რა უყავი ის ჩვენი ნასისხლარი, ა? მიწაში რომ ჩახვიდე, არ მოგეშვები, - ხომ იცი.
ნაცარქექია
რა ცხვირში მეცით. ჯერ რა მომივიდა ამ სატუსაღოში, არ იკითხავთ?
ქუჩარა
სატუსაღოშიო?
კაკუტა ( ქუჩარა ს)
ახლა ხომ ხედავ, რო გვითხრეს, გაკოჭილი მიყავდათო.
ქუჩარა
რა დაგემართა?
ნაცარქექია
ახალთაობის კაცად მიცნეს, ხელმწიფის მტრად გამომაცხადეს.
კაკუტა ( ქუჩარა ს)
ეე, ხომ გესმის?
ქუჩარა ( ნაცარქექია ს)
მერე მაგისთვის თავზე ხელს დაგისობენ?
ნაცარქექია
თავზე ხელს დამისობენ კი არა კიდეც ჩამომახრჩობენ. დავიღუპე კაცი, ჩემს საფლავს პატრონი ვერც კი მონახავს და ცოდვით გიბარებთ, მამაჩემს წყვიწყვის ასე უთხარით: იმისთანა ვაჟკაც შვილს ნაცარქექია რომ შეათქვითქა, ცოლი არ ათხოვიე და კეტით გააგდე საშოვარში, ეს მოეწიათქვა... ასე გადაეცით, სახრჩობელაზე რომ გაყავდათ, იქიდან შემოგითვალა, ძაღლი ჩაგაკვდა მაგ სულშითქვა.
კაკუტა
უჰ, საწყალი, დაღუპულა!
ქუჩარა (მღელვარედ)
შე საწყალო ა? ახლა... რისთვის შეგხვდა ეს შენ?...
ნაცარქექია (ამაყად)
ახალთაობის საქმისთვის.
კაკუტა
რო არ იყავი შენ მაგისთანა კაცი?!!
ნაცარქექია (თოფნაკრავივით)
როგორ არ ვიყავი! მაშ, პოლიციას ვემალებოდი და თქვენისთანა ენაყრანტალებს ვეტყოდი! ქვეყანას რომ ეძინა, მე მაშინ ვმუშაობდი.
ქუჩარა
სულ დაგიქცევია ოჯახი! აბა, ხელმწიფის ღალატი რა...
ნაცარქექია
ასეა, თქვენისთანა შეუგნებლებიდან, მართლა რომ დავღუპულიყავი კაცი, გაკილვის მეტს რას მივიღებდი... მაგრამ გამიცინა ბედმა, თქვენი ყბიდან ამოვედი, იღბალმა გამიჭრა, რევოლუცია მოხდა და ხელმწიფე ტახტიდან გადააგდეს.
კაკუტა და ქუჩარა (ერთად)
ხელმწიფე გადააგდეს?
ნაცარქექია
კი.
ქუჩარა
ეს რა ამბავი დატრიალებულა?!!
ნაცარქექია
თქვენ ის უნდა ნახოთ აწი, ხალხი რომ ხელისგულზე დამიჯენს ხვითოსავით.
კაკუტა (სიხარულით იმანჭება)
ეე. რა...
ქუჩარა
მთლად ბედნიერი კაცი ყოფილხარ.
ნაცარქექია
მარა რა... რა გემოს ვნახავ, ქვეყანას უნდა ვუქადაგო.
კაკუტა და ქუჩარა (ერთად)
რა უნდა უქადაგო?
ნაცარქექია
სიმართლე.
ქუჩარა ( კაკუტა ს)
ასეა, ხომ გესმის, სოციალისტები იმას თვლიან სიმართლეთ, რასაც თვითონ ამბობენ.
კაკუტა
ვიცი. კიდევ ამბობენ რომეო, ციხესო რკინის კარები არ უნდაო, სულ შუშაბანდები იყოსო.
ქუჩარა ( ნაცარქექია ს)
სიმართლეს რა ჯობია. მაგისთვის ხალხი, მართლაც, ხვითოსავით მოგეფერება.
ნაცარქექია
მაშ, ტყუილა ვეწვალე! ხომ ხედავდი დღე და ღამე, რომ პოლიცია მსდევდა.
კაკუტა
როდის ვხედავდით?!!
ნაცარქექია (აჯავრებს)
როდის ვხედავდით!
კაკუტა
რა ვიცი...
ნაცარქექია
ხომ იცი, ჩვენ, სიციალისტები, ტყუილს რომ არ ვიტყვით.
ქუჩარა
კი.
კაკუტა
კი.
ნაცარქექია
მე ხომ გითხარით, პოლიცია რომ მეძებდა.
კაკუტა
კი.
ნაცარქექია
ხო და, ხომ კარგად იცით, რაც მე ხალხისთვის წვალება გადამხდა?!.
კაკუტა (ყოყმანით)
კი.
ქუჩარა
კი, კაკუტა , ასე ყოფილა და...
კაკუტა
რას იზამ...
ნაცარქექია
ჰო, მართლა, თქვენ წისქვილში გამოივლიდით და იქ გულთამზე არ გინახავთ? (მოისმის ყვირილი).
ქუჩარა
დარაჯი გაგვირისხდა, გავეცალოთ აქედან ( კაკუტა და ქუჩარა მიდიან).
ნაცარქექია
რა ყვირილია მანდ, ვინ ბედავს? (ათვალიერებს ნივთებს. გააღებს კაბინეტის კარს). ამ სავარძლისთანა ძვირფასი მაინც ვერაფერი ვერ ვნახე, რა რბილი ჩასაწოლია, არცაა აქ დასატოვებელი (შედის კაბინეტში. ხმაურობაა. შემოდიან: გენერალი, გამომძიებელი, პოლკოვნიკი, ადიუტანტი და მწერალი).
პოლკოვნიკი
როგორმე, ძალაუფლება ხელიდან არ გავუშვათ... სხვა არმიების ოფიცრობაც ასე შეკავშირდება და რევოლუციის ნაპერწკლებს სულყველგან ჩააქრობენ.
გენერალი
ზოგადი სიტყვები მე არ მინდა. - თქვენ მითხარით, პირველ ღონისძიებად რა ვიხმაროთ ახლა, რა გავაკეთოთ?!
პოლკოვნიკი
უპირველეს ყოვლისა, აქ რომ რევოლუციონერი ზის, ახლავე ჩამოვახრჩოთ...
გენერალი
ეს ადვილია.
პოლკოვნიკი
მერე, რევოლუციაზე კრინტი არავინ დაძრას!
გენერალი
ფოსტა-რადიოები რომ დაიწყებენ ღრიალს?
პოლკოვნიკი
ჯარში დავატრიალოთ ჭეშმარიტ რუსთა კავშირის აგენტები (ადიუტანტს და მწერალს), აქ თქვენც უნდა გაანძრიოთ კუდი, ბიჭებო.
გამომძიებელი
მართალია, საქმე სულ ამათზეა, - სიცოცხლე არ დაზოგოთ, თავი უნდა გასწიროთ.
ადიუტანტი და მწერალი (ერთად)
რაო?... ჩვენ დავდვათ თავი სასიკვდილთ?
გამომძიებელი
რასაკვირველია.
პოლკოვნიკი
დიახ, თქვენც, ჩვენც და ყველამ, ყველამ, სულ ყველამ...
გენერალი
რასაკვირველია (შემოდის ნაცარქექია . ყველანი მიიხედავენ).
გენერალი
ეს ვინაა?
ადიუტანტი (გადაუჩურჩულებს შიშით მოხელეებს. ყველანი შეწრიალდებიან)
ნაცარქექია (მათი აწრიალების მიხედვით თამამად წამოიჭიმება)
რას აწრიალდით? ის თქვენი უფროსი რატომ არ მოვიდა ჩემთან, ა? რას იხევთ უკან. თქვენ, როგორც გატყობთ, ჩემი არც გეშინიათ.
ადიუტანტი
რას ბრძანებთ, როგორ არ გვეშინია.
ნაცარქექია
ო, თავს მაღლა წევთ, მაგრამ... ისეთ დღეს დაგაყენებთ, თვალებს დაგათხრევინებთ.
ადიუტანტი (მიუთითებს მწერალზე)
მე და ეს კაცი არაფერ შუაში ვართ, ტყუილად, კრინტიც არ დაგვიძრავს.
ნაცარქექია
ამას კი გავიგებ, ვის რა უთქვამს. ფაჩუნიც არ გამომეპარება, მაგრამ მაინც კარგად გამაგებინეთ: ვინაა ჩემი მტერი?!
მწერალი (უთითებს გენერალზე და პოლკოვნიკზე)
აი, ისინი.