prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ყვარყვარე თუთაბერი — ნაწილი 9

პოლიკარპე კაკაბაძე · დრამა

ნაცარქექია მაშ, სულ თავით ნიორს უნაყავდი? რედესაც ფრონტზე მტერი თოფზარბაზნით მოგვადგა, და ჯარს შევძახე: აბა, ბიჭებო, აქედან გავიქცეთ, თათრებს თავი არ მოვაკვლევინოთ-მეთქი, მაშინ ხომ მოსწყინდათ ჩემი მოხერხება. მერე გზაში რომ წვრილ-წვრილი ყაჩაღები დაგვხვდა და იარაღის წართმევა დაგვიპირეს, ხომ არ დავანებე და ჩემს ჯარს გავამარჯვებინე. საკვები რომ შემოგველია, სულ განკარგულებას ვაძლევდი გზა და გზა სოფლიდან ჯოგი გამოერეკათ და მაგ ვირებს ღმერთივით ჩავუდგი სული. იმოდენა ჯარს სულ თვალში შევსქეროდი და რასაც მოისურვებდა, სულ იმას ვასრულებინებდი, მაშინ ხომ დიდ რევოლუციონერად მთვლიდნენ.

კაკუტა

ო, და გაფასებდნენ.

ნაცარქექია

აქ კი ამაგი სულ წყალში გადამიყარეს.

ქუჩარა

აქ ბოლშევიკებმა იქადაგეს, რომ ეს მთავრობა ღარიბს ნებას არ აძლევს, მდიდარი გაძარცვოსო. მთავრობა აგინეს, შენ კი მთავრობის შეგეშინდა. რატომ შეგეშინდა, აი, სულ ამაზე გაიცივეს გული.

ნაცარქექია

ვის? მე შემეშინდა?

ქუჩარა

სულ თავი რომ დიდად მოგაქვს, აქ ენის მასალით სხვამ გაჯობა. იმათ ენა გასარსალებული აქვთ, სულ ლექსივით ლაპარაკობენ.

ნაცარქექია

ვინ, ეგება თქვენ მართლა გონიათ, რომ მე ვინმემ მაჯობა!... არა უშავს, ერთი აქედან კარგად გადავუჭირო. (მღელვარედ) რომ ამოვდებ ყველას ლაგამს პირში და დავაჩოქებ, მაშინ იცნობენ ყვარყვარე თუთაბერს, ამ მუხლებზე აკოცებენ. (შემოდიან რწმუნებული, მდივანი, კომისარი - ტიტე ნატუტარი. ყველანი გაფაციცებით დახურავენ კარს, სადაც გულთამზეს ამწყვდევენ. მდივანი თვალს მოჰკრავს ნაცარქექიას).

მდივანი (რწმუნებულს ნაცარქექიაზე)

მოსულა. (ყველანი შეხედავენ ნაცარქექია ს, მდივანი ჩამოართმევს ხელს ნაცარქექია ს) მაქვს ბედნიერება გაცნობო, ბატონო რწმუნებულო, რომ დღეს ამ კაცთან ერთად, ჩვენ მივიღეთ დიდი ლაშქარი.

რწმუნებული (ჩამოართმევს ხელს ნაცარქექია ს)

ძალიან სასიამოვნოა. თქვენ დროზედ მოეშველეთ მთავრობას.

ნაცარქექია

ქვეყანამ იცის, ბატონო, ჩემი ვაჟკაცობა, რამდენჯერ სახრჩობელას გადავურჩი. რევოლუციამ სწორედ ყელზე მომხსნა თოკი, მარა უარესში კი ჩამაბა. ჯერ ფრონტზე იმდენ ჯარს პატრონობა გავუწიე, რევოლუცია და ჩემი თავი გავაცანი, მერე იქიდან აქამდე ვატარე გზაზე-უგზურზე და ხალხი უკლებლად მოვიყვანე. ეს ყველაფერი ერთმა კაცმა ვქენი... მაგრამ რისთვის გადავიტანე ამდენი შრომა და გაჭირვება? სულ იმისათვის, რომ თქვენ, როგორც ბედნიერ მთავრობას სამსახური გაგიწიოთ, თუ კი დამიმადლებთ. ( კაკუტა ს და ქუჩარა ს) თქვენ ენა გააქვავეთ.

რწმუნებული (თავისიანებს)

მორჩილებით სავსე სიტყვა წარმოთქვა. ( ნაცარქექია ს). თქვენისთანა გმირს საკადრისად ისტორია დააფასებს. თუმცა არც ჩვენ მოგაკლებთ პატივისცემას, თუ ერთგულებას გამოიჩენთ.

ნაცარქექია

პატივცემაც არის და პატივცემაც, მე უნდა მოგახსენოთ, რომ პატარა მოწყალებისათვის კაცს თავს ვერ დავუკრავ.

რწმუნებული

თქვენ დანიშნული ხართ მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად.

კაკუტა და ქუჩარა

ოოო!!!

რწმუნებული

და თქვენს განკარგულებაშია ის ათი ათასი კაცი, რომელიც ფრონტიდან მოიყვანეთ. ეს ძალა ჩვენთვის ჯერჯერობით საკმაოა, ოღონდ, საქმე ისაა, მუხრუჭი მაგრად მოუჭირეთ, შიგ ბოლშევიკი არ შეუშვათ.

ნაცარქექია

ოო, ეს იყო ჩემი ნატვრა. (კაკუტა და ქუჩარას) ხომ გესმით?

რწმუნებული

ნატვრა? განა ის ჯარი არ გყავთ ხელში გამოჭერილი?!

ნაცარქექია (სიხარულით)

ეს რა კარგი მითხარით, ზარბაზნის ტყვიები ხომ ბლომად გაქვთ!

რწმუნებული

რამდენიც გინდათ, - ჩვენ გვაკლია მხოლოდ ერთგული ხალხი.

ნაცარქექია

იმ თქვენს ზარბაზნებს ყელებს სულ არ გავუციებ... სულ დღე და ღამე ვაგრილებ, სანამდე ბოლშევიკებს არ მოვსპობ და მთელ ხალხს არ დავუჩოქებ... მანამდე ჩემი მოსვენება არ იქნება. ხომ გესმით! ოღონდ ხელი უნდა შემიწყოთ და მაცალოთ. (საერთო აღტაცება).

კომისარი (მღელვარეთ)

მე ახლა სხვა კაცი ვარ ამის გვერდით.

რწმუნებული

დღეს რწმუნებულთა არაჩვეულებრივ სხდომაზე მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ და რამდენიმე დავალებას მოგცემთ. (შემოდის შიკრიკი პაკეტით).

შიკრიკი

გარეთ ჯარისკაცები აყაყანდნენ, ბატონო. იმ ჩვენ დელეგატ ქალს ვუცდით, ხომ არ დაგიტუსაღებიათო.

რწმუნებული

იმ ქალს... სატუსაღოში გავგზავნით... გადაეცით, რომ აწი დელეგატობია გათავდა.

შიკრიკი

კი, ბატონო, ეს პაკეტიც მიიღეთ.

რწმუნებული (გამოართმევს პაკეტს და ხსნის).

დიახ, ასე გადაეცი.

შიკრიკი

კი, ბატონო, ოღონც, ოღონც... ჯარისკაცები კარებს არ შორდებიან. ( შიკრიკი მიდის. რწმუნებული ხსნის პაკეტს და კითხულობს).

რწმუნებული

ამიერ-კავკასიის ყველა სოციალისტური პარტიების შეერთებული სხდომაა. (მიდებს თავზე ხელს) ახლა იქ ისეთი რთული საკითხებია... (გადაწყვეტილად ნაცარქექიას) ჩემს მოსვლამდის მდგომარეობას გაგაცნობთ ჩემი მდივანი და აგრეთვე (ტიტე ნატუტარზე) ეს მეგობარი. (გაიხმობს კუთხეში მდივანს და ჩუმად ეუბნება) რაც შეიძლება კარგის მხრით გააცანი ჩვენი მდგომარეობა, ორივე ფეხით ჩავითრიოთ. (კარებზე ურტყამს გულთამზე).

ტიტე

ის ქალი რომ ურტყამს კარებზედ?

რწმუნებული

ნუ გეშინიათ. (ნაცარქექიას) დიდხანს არ გალოდინებთ, ნახვამდის. (მიდის).

ტიტე ( ნაცარქექია ს)

მე მოგახსენებთ რა დიდი მომავალი აქვს თქვენს ფარ-ხმალს ქვეყანაზე.

მდივანი

მე ამ მასალებით დაგიმტკიცებთ, რამდენად მტკიცეა დროებითი მთავრობის მდგომარეობა... თქვენ რა უფრო გაინტერესებთ, საგარეო პოლიტიკა თუ შინაური.

ნაცარქექია

საგარეოც ვიცი და შინაურიც.

მდივანი (შლის და აწყობს ქაღალდებს)

ჩვენ გაზეთებში ყველაფერს არ ვაქვეყნებთ.

ნაცარქექია (მტკიცედ)

ვიცი.

მდივანი (მოაქვს ქაღალდები)

კარგადაა ჩვენი საქმე ადგილებზე და ცენტრშიც... არც ფრონტზეა ცუდი ამბავი. (დაუდებს წინ ქაღალდებს) აი, წაიკითხეთ. (ფანჯარაზე დაეცემა ქვა).

მდივანი (აღშფოთებული)

ხედავ ამ დეზერტირებს, რას ბედავენ.

ნაცარქექია (წაუკითხავად, რიხიანად ფურცლავს ქაღალდებს).

მდივანი

წაიკითხე.

ნაცარქექია

რაო?

მდივანი

ჩაუკვირდი.

ნაცარქექია (გაღიზიანებული)

ამდენ ქაღალდებს რა წამაკითხებს?

ტიტე (მდივანს)

ნუ აწუხებ.

მდივანი

მე ყოველ ცნობაზე მოგცემთ ახსნა-განმარტებას.

ნაცარქექია

რად მინდა შენი ახსნა, მე ჭურში კი არ ვზივარ. კარგად ვხედავ რაც ხდება ქვეყანაზე.

მდივანი ( ტიტე ს ჩუმად)

ძალიან გამჭრიახია, ტყუილების სათქმელად პირი არც კი დამაღებინა. (კიდევ დაეცემა ქვა ფანჯარაზე).

ნაცარქექია

ეს რა ამბავია?!!!

მდივანი

ჯარის კაცებია, არ იციან თუ თქვენ აქ ზიხართ.

ნაცარქექია

ისეთ საქმეს ვუზამ დღეს იმათ, რომ სოროში ჩაძვრებიან. (კიდევ დაეცემა ქვა).

ნაცარქექია (შეკრთება)

კაკუტა და ქუჩარა, გადით კარში და კარგად მიიხედ-მოიხედეთ. (კაკუტა და ქუჩარა მიდიან).

ტიტე (აღტაცებით)

ოო, ასე, კარგია ძალა ( ნაცარქექია ს მდივანზედ) მას თქვენისთანა პიროვნებასთან მუსაიფის შნო არა აქვს, მე კი, მე ბუნებით თვითონაც სარდალი ვარ. მხოლოდ, ტყუილად სხვებს ავყევი და შეუფერებლად შევიჭრი ფილოსოფიაში.

ნაცარქექია

მერე რა ქენი რომ შეიჭერი.

ტიტე

რა უნდა ქნას ჩრჩილიან წიგნებში იმან, ვინც სარდლად გაჩენილა... თუმცა დღეს ყველა გმირი სოროშია ჩამძვრალი, მარტო თქვენა გყავთ ჯარი... თქვენ ერთადერთი სარდალი იქნებით და მე თქვენს დაპყრობილ ქვეყანაში, წესიერებას დავამყარებ.

ნაცარქექია (ამაყად მიმოიხედავს)

არავის გესმის? ( ტიტე ს) აი, მართლაც სასიამოვნო ლაპარაკი გცოდნია.

ტიტე

დიახ, დიახ, მაქვს თქვენთან საერთო... ახლა იცით, მე თქვენ დიდი საიდუმლო უნდა აგიხსნათ.

ნაცარქექია

აბა, ჩქარა მითხარი.

ტიტე

რა არის ადამიანი?! ეს არის უდიდესი გამოცანა. ჩემსავით ეს ვის გაუგია ან ვინ ჩამწვდარა ცხოვრების შინაარსში?!

ნაცარქექია

გითხრა სიმართლე, მომწონს შენისთანა მეცნიერი კაცი.

ტიტე

მაგალითად, ჩვენ წარმოვიდგინოთ თავშეყრილი ათი ათასი კაცი; ყოველ მათგანს თითო კაცის ღონე აქვს და, თუ ჩვენ მათი ღონეს შევაერთებთ, ვღებულობთ უზარმაზარ ძალას... მაგრამ ათი ათასი კაცის ჭკუას თუ შევაერთებთ, ეს იქნება ვირის ჭკუაზედ ნაკლები. და ამიტომაც, ასე ხდება, - გამოდის საუკეთესო ვინმე და თავის ერთი ჭკუით სულ ყველას იმორჩილებს. ეს ადამიანი არის სარდალი და ეს სარდალი თქვენ ბრძანდებით.

ნაცარქექია

მშვენიერი სიტყვაა. ასე მგონია მე თვითონ ვლაპარაკობ.

მდივანი (ქაღალდი გამონახა)

აი, ბატონო, ამ ცნობას უსათუოდ უნდა გავეცნოთ.

ნაცარქექია

არა, შენ გაჩერდი.

ტიტე

რა არის სახელმწიფო? ამის შესახებ მე მაქვს საკუთარი შეხედულება და შემდეგ გაგაცნობთ. ახლა კი მხოლოდ ამას გეტყვით, სახელმწიფოს დამორჩილების დროს თქვენ გაამზადებთ ლაშქარს და ძლევა-მოსილი ჯარით მიადგებით შორეულ საზღვრებს, მაგრამ მე აქ გეტყვით: შესდექ, ნუ გავიმეორებთ ნაპოლეონ დიდის შეცდომას, სჯობს დავისვენოთ და გავიმაგროდ ფესვები, დიახ, ყველაფერია ფესვები, ძირი და საფუძველი.

ნაცარქექია

რა აზრიანი სიტყვაა. ეს საქმე, რომ მართლა გაკეთდეს,კარგი საქმე იქნება. იცოდე ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემს საკუთარს რომ მოვათავებ იმის მერე.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — პოლიკარპე კაკაბაძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.