prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ყვარყვარე თუთაბერი — ნაწილი 13

პოლიკარპე კაკაბაძე · დრამა

ყვარყვარე მერე მე რას გამომადგება. ეჰ, სულ ტყუილა-ბზუილა არის ეს ცხოვრება, ბოლო ყველასათვის დაკარგულია.

ქუჩარა

სულ ერთია, ჩემო ყვარყვარე, სანამ ხარ, რა დედამ გშობაო, ხომ ათქმევინებ ამ ქვეყანას.

ყვარყვარე

დედამ მშობა, აბა ციცრის კვერცხიდან კი არ გამოვჩეკილვარ, თქვე უპატრონოებო.

ქუჩარა

კი, კი... სოფელში ამბობენ, შენ დაბადებაზე ისე დაუტენია თოფი წყვიწყვის, რომ ლულა გახეთქია უბედურს. (ისმის ხმაური.)

ყვარყვარე

ეჰე, თავი ბოლშევიკები მოდიან და რას მიმოწმებთ, მეზობლებო, იმათთან.

ქუჩარა (კაკუტას)

ვაქოთ, ბიჭო!

კაკუტა

კი, ცაში ავიყვანოთ.

ყვარყვარე

ხომ გახსოვთ, რაც მე წვალება მინახავს თქვენი გულისთვის.

ქუჩარა

ის გავაცხადოთ?

ყვარყვარე

კი, სიმართლე თქვით.

ქუჩარა

კარგი, ასე იტყვით, რომ თავიდან ნაცარქექია იყავი და შიმშილით გკლავდნენ.

კაკუტა

კი, ყველამ ვიცით.

ქუჩარა

თბილ სახლიდან გზა-შარაზე გაგაგდეს. ბოლოს იჯარა აიღე, - შენც გაჯახირდი და მუშებსაც ტყავი გააძრე.

კაკუტა

ხიდი მაინც ვერ გააკეთე.

ქუჩარა

ვიტყვით, რომ კერიიდან აგაგდეს, შე საწყალო, და მართალი კაცი კინაღამ ჩამოგახრჩეს.

ყვარყვარე

მართალი კაციო!

კაკუტა

კი, სულ ტყუილა დაგიჭირეს. ახალთაობის საქმეში არ ერიე.

ქუჩარა

მერე, გაქცეული ჯარის უფროსობა გინდოდა, მარა ჩვენისთანა ვირებმა გიღალატეთ.

ყვარყვარე

ეს რა გამოდის?!

კაკუტა

მას შუა და იმას შუა რო იყო, იმასაც ვიტყვით.

ყვარყვარე

რას იტყვი?!

კაკუტა

სასახლეში რო წაგვიყვანე და ყმად რო უდგებოდი და მერე ის მთავრობა რო თხლესავით წავიდა.

ყვარყვარე

ჰოდა, ახლა კარგ ტაბლაკვერებს მიიღებთ ჩემგან, წამოდით, უნდა დაგატუსაღოთ.

ყველანი

რატომ, რატომ გვატუსაღებ?

ყვარყვარე

რადგან თქვენ ვერ მიცანით, თვითონ უნდა გაგაცნოთ ჩემი თავი და... როგორც გაუსწორებელ დამნაშავეებს, გაპატიმრებთ. (ეძახის) ეი, ვინა ხართ! (შემოდიან რაზმელები) წაიყვანეთ ესენი და სამივე იმ სარდაფში ჩასტენეთ!

პირველი რაზმელი

არ დაეტევა, ამხანაგო, არ დაეტევა და რა ვქნათ?

ყვარყვარე

წაიყვანეთ!

ლირსა

ეს რა მეხის ტეხაა?

პირველი რაზმელი

ის ხალხი იქ ისეა გამწარებული, როგორც კი გავაღებ კარს, გარეთ გამოცვივდებიან, იხრჩობიან.

ყვარყვარე

გინდა შენ, პროლეტარიატის ძალაუფლებას ძირი რომ გამოუთხარო?!

პირველი რაზმელი

არ მინდა.

ყვარყვარე

აბა, წაიყვანე!

ლირსა

ბატონო, რას გვიშვებით, კაცებო, მიპატრონეთ, თქვე შეჩვენებულებო!

ქუჩარა (მუდარით)

ყვარყვარე, ყვარყვარე, რა მიშობი?!

ყვარყვარე

გაყევი!

ლირსა

ბატონო, შენი მუხლის ჭირიმე!

ყვარყვარე (აპირებს წიხლი უთავაზოს ლირსას, რომელიც კაკუტას ეფარება) აი, ჩემი მუხლი!

ლირსა

რა ცეცხლში ჩამაგდეთ, კაცებო, თქვე შეჩვენებულებო, სად მომიყვანეთ? ამისთვის მეუბნებოდით, ამხანაგიაო?!

კაკუტა

ქუჩარა, ბიჭო, შენ ამბობდი, ცოლიან კაცს პატივს გცემსო, სადაა?

ყვარყვარე

ჩქარა წამოდით, ფეხს ნუ ითრევთ!

რაზმელები (თოფს მოიმარჯვებენ)

წამოდით! (ყველა მიდის. შემოდის სევასტი ორი წითელარმიელით. ადის კიბეზე. რევკომიდან გამოდიან გულთამზე, რევკომის თავმჯდომარე, წევრები და შეეგებებიან სევასტის)

გულთამზე

სევასტი, შენ მოუთმენლად გელოდით.

სევასტი

კიდევ კარგად ყოფილხართ. ისე არეულია ეს მაზრა, არ მეგონა, თუ აქ ცოცხალი დამხვდებოდით.

თავმჯდომარე

დიახ, ჩემმა ავადმყოფობამ ეს ახლად გასაბჭოებული მაზრა ისევ ძველი აბრაგების ხელში ჩააგდო.

სევასტი

ეს რა ხმაურობაა?!

გულთამზე

გესმით, რაღაც დაამტვრიეს.

სევასტი (შემორბიან ტუსაღები)

ესენი საიდან მორბიან?

პირველი ტუსაღი

გვიშველეთ, ამხანაგებო, ციხეში ჩაგვყარეს, დაგვიხსენით!

სევასტი

ეს რა ხალხია!

მეორე ტუსაღი

განუკითხავად დაგვიჭირეს, კარი რომ არ გამოგვემტვრია, ვიხრჩობოდით.

სევასტი

ციხეში ვინ ჩაგყარათ?!

ტუსაღები

ყვარყვარე თუთაბერმა!

გულთამზე

ყვარყვარემ?

სევასტი

ეს სახელი ნაცნობია, გულთამზე, შენ არ გაგონდება?

გულთამზე

უი, ის ნაცარქექია ხომ არ არის?!

სევასტი

დამშვიდდით, გლეხებო! სად არის დამნაშავე?

პირველი ტუსაღი

როდესაც ჩვენ გამოვცვივდით, გაიქცა.

მეორე ტუსაღი (იხედება)

აი, გაუკოჭიათ.

ხმები

მოჰყავთ, მოჰყავთ!..

ყველანი

ჩქარა, რევკომში მოიყვანეთ! (სევასტი, გულთამზე, თავმჯდომარე და წევრები შედიან რევკომში. წითელარმიელებს შემოჰყავთ ყვარყვარე. უკან მოჰყვება პირველი რაზმელი)

პირველი რაზმელი

არ დაეტევა-თქვა, ხომ ვიძახდი! (წითელარმიელებს ყვარყვარე შეჰყავთ რევკომში)

ხალხი

გაასამართლეთ! (შემოდიან კაკუტა, ქუჩარა და ლირსა)

ქუჩარა

დაინახეთ, რევკომში რომ შეათრიეს ის გარეწარი?

ლირსა

კი, კი... კარგად მიაჩანჩალეს.

კაკუტა

რას იზამენ ახლა, მოკლავენ?

ქუჩარა

მოკლავენ, აბა, ქალს კი არ უთხოვენ!!

ლირსა

ახია, კაცებო, რასაც უზამენ. ვერ ხედავდით რა დაგვიტრიალა?

ქუჩარა

დრო კია, მამამისი წყვიწყვი შავს იკერავდეს.

კაკუტა

კი, კი, ზარალი გამოუვიდა.

პირველი ტუსაღი (კაკუტას და ქუჩარას)

თქვენ იცნობთ მაგ უმოწყალოს?

ქუჩარა

ვიცნობთ კი არა, მაგის შიშით ძლივს დავდივართ ქვეყანაზე.

მეორე ტუსაღი

როგორ, კიდევ გაწვალათ ამის გარდა?

კაკუტა

ერთხელ გამოვეპარეთ, თორემ, ახლა ცოლი კი არ მეყოლებოდა - მკვდარიც ვიქნებოდი.

ქუჩარა

კაცო, კაკუტა! მაშინ რომ გადაურჩით, ხომ დავიფიცეთ, სათოფეზე არ მივეკაროთთქო, ახლა როგორ გადავცდით?!

კაკუტა

ჰოდა, ეს მოგვივიდა.

ხალხი

ეჰ, დასაღუპავია მაგისთანა კაცი!

ქუჩარა

აბა, ეგ თუ გაუშვეს, სულ ერთია, მთელ ქვეყანას დააქცევს (ყველა გამოდის რევკომიდან).

თავმჯდომარე

ამხანაგებო, ყვარყვარე თუთაბერის უმსგავსო საქმეები სულ თავიდან ბოლომდე გამოვარკვიეთ.

ქუჩარა

ალალია, ხომ ჩავარდი ტაფაში!

ყვარყვარე

რომ ვერ მივხვდი, რას მემართლებით? მე რევოლუციაზე ლოგინი დამიგია და ახლა დასჯა მერგება?

სევასტი

ამხანაგებო, ყვარყვარე თუთაბერი ნაცარქექიაა.

ხმები

კი, კი, ნაცარქექიაა.

სევასტი

ის მეფის დროს ჩემ მაგიერ დაიჭირეს და ამ შემთხვევის წყალობით თავი გაუსაღებია ძველ რევოლუციონერად... ჩვენი გამოძიებით კი ყვარყვარე თუთაბერი ნამდვილი ჭკუანაკლებია, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ეს ადამიანი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს და ამიტომ ვათავისუფლებთ.

ხმები

შემცდარია რევკომი, რევკომი შემცდარია!

სევასტი

მხოლოდ იმ ხელისუფლებაში, რომელიც იქ, ჩვენამდე, ნაჩქარევად შედგა იმ არეულობაში, შეეძლო ყვარყვარე თუთაბერს გმირის ადგილი დაეჭირა და ხალხისათვის ვნება მიეყენებინა, ჩვენ კი ახლა მას ნიღაბი მოვხსენით და, დეე, თავისი ნამდვილი სახით, ნაცარქექიას სახელით, იაროს ქვეყანაზე.

პირველი ტუსაღი

მაშ, თუ ჭკუანაკლების ხელში ვიყავით, კიდევ კარგად გადავრჩენილვართ.

მეორე ტუსაღი

კარგია მაინც, რომ გავიგეთ!

მესამე ტუსაღი

რადგან აწი ზიანს ვეღარავის მიაყენებს, იაროს და იჩერჩეტოს, რა გვენაღვლება.

ყვარყვარე

ოო, რა სიცოცხლეს ვკარგავდი?!

სევასტი (ყვარყვარეს უახლოვდება)

ნაცარქექია, ეს თავი კი შეგრჩა, მაგრამ გულთამზესთან ხომ შეგარცხვინეს?!

გულთამზე

აწი მაინც ვერ შემხედავ, ძვალმოტეხილო, ხომ სულელად გამოგაცხადეს?!

ყვარყვარე

ყველა უბედურებას შენით გადავეკიდე, გულთამზე! მარა, თუ ცოცხალი გადავრჩი, მაინც არა უშავს, (თავისთვის) გული არ გაიტეხო ყვარყვარე, დაიღუპა ის, ვინც სირცხვილით სოროში ჩაძვრა, მე კიდევ ავცოცდები (ხალხი სტვენით, ყვირილით და დაცინვით აცილებს მიმავალ ყვარყვარეს).

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — პოლიკარპე კაკაბაძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.