prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ყვარყვარე თუთაბერი — ნაწილი 7

პოლიკარპე კაკაბაძე · დრამა

ნაცარქექია (შიშით)

ვითომ რას მიპირებენ.

გენერალი (პოლკოვნიკს)

უნამუსოდ გაგვწირეს.

მწერალი

ბატონო რევოლუციონერო! მიიღეთ ჩემგან ეს სასიამოვნო ცნობა (მიაქვს მაგიდიდან დეპეშა. ადიუტანტი თან მისდევს) პეტროგრადში მოხდა...

პოლკოვნიკი (გამოგლეჯს ქაღალდს)

ხმა ჩაიწყვიტე.

გენერალი (პოლკოვნიკს)

ფრთხილად, ნუ გააბრაზებ, ბატონო პოლკოვნიკო. ხელმწიფე თუ გადადგა, ჩვენ აქ არაფერი არ შეგვიძლია.

ნაცარქექია (შეშინებული)

ეს რა გამიბედეს, ჭკუით, ყვარყვარე თუთაბერო, მგონი რაღაცას გიპირებენ.

გენერალი (პოლკოვნიკს)

ჩვენი ფონი ვეძიოთ, ბატონო პოლკოვნიკო.

პოლკოვნიკი (მოტეხილად)

მაშ, თქვენ თვითონ წაუკითხეთ (აძლევს ქაღალდს გენერალს).

გენერალი (ნაცარქეაიას მღელვარედ)

მე მოგახსენებთ, ბატონო, იმას, რაც თქვენ არაოფიციალურად გაგიგიათ... ბატონო, ჩვენ დიდ პატივს გცემთ, როგორც...

ნაცარქექია

რა პატივს მცემთ, მაშ, რა იყო წუხილის რომ ჭაში ჩამაგდეთ (ადიუტანტს და მწერალს მიაქვთ სკამი ნაცარქექია სტან).

გენერალი (სკამს ხელს მიახმარს)

დაბრძანდით. (პოლკოვნიკს) მართლაც ბნელია ის სარდაფი.

პოლკოვნიკი

დიახ, დიახ, ურიგო იყო.

მწერალი

ბატონო რევოლუციონერო...

გენერალი (გააწყვეტინებს მწერალს)

შენ ნუ შეგვეჩხირები. ( ნაცარქექია ს) იმპერატორი ნიკოლოზ მეორე გადადგა.

ნაცარქექია

ჰო-და, ასე მითხარი.

ადიუტანტი

შედგა სახელმწიფო სათათბიროს...

მწერალი (სიტყვას წაართმევს)

აღმასრულებელი კომიტეტი.

გენერალი

მე დამაცადეთ.

ნაცარქექია

ყველა ნუ მელაპარაკებით. ნუ სხრიალობთ.

გენერალი (აძლევს დეპეშას)

აქ ყველაფერი სწერია, აი, ინებეთ.

ნაცარქექია (დახედავს დეპეშას)

ვიცი... (დაკეცავს).

გენერალი

ესეც წაკითხული გაქვთ?

ნაცარქექია

მიწაში რაა, ის ვიცი.

პოლკოვნიკი (ჩამოიღებს კედლიდან ნიკოლოზის პორტრეტს) ეს მართლაც, არ შეეფერებოდა რუსეთის ტახტს. (რეკავს ტელეფონი. ადიუტანტი მიდის ტელეფონთან, მაგრამ მწერალი ტლანქად გააგდებს).

მწერალი (ტელეფონში)

ა? საყვედურს მივიღებთ დროებითი მთავრობისაგან?

გენერალი და პოლკოვნიკი (ერთად)

რაო? რაო?

ნაცარქექია (ამაყად იხედება დეპეშაში)

დავიღუპეთ, ყველა კორპუსებს უცვნიათ რევოლუცია. ჩვენ კი დავაგვიანეთ.

ადიუტანტი (გენერალს და პოლკოვნიკს)

ეს სულ თქვენი ბრალია.

მწერალი (ტელეფონში)

ჩვენც ვზეიმობთ, ააა, არის როგორ არა ( ნაცარქექია ს) ჯარისათვის ორატორი იკითხეს, მე ვუპასუხე აქაა ცნობილი რევოლუციონერი-მეთქი.

ნაცარქექია

ჩემისთანა ორატორობა ვის შეუძლია, ხეს ავატირებ.

მწერალი (ტელეფონში ეძახის)

დღეს ჩვენ მოვისმენთ უუწამებულეს კაცის მხურვალე სიტყვას.

ადიუტანტი

ოო, რა იქნება თქვენი სიტყვა, ბატონო რევოლუციონერო, სწორედ თვალებს აგვიხელს.

ნაცარქექია

ისეთ უბედურებას დავატრიალებ მე ახლა აქ, რომ ჭექას და ქუხილს მოგანატრებთ.

ადიუტანტი

დამშვიდდით, ბატონო.

მწერალი

ერთი სიტყვა გვითხარით.

ნაცარქექია

სიტყვა გინდათ? რა ღირსი ხართ, თორემ სულ წყალივით ვილაპარაკებ. (ორატორულად). ვინც შრომობდა,მდიდარი ატყავებდა. იყვნენ ბრმები, მაგრამ გათენდა (მიმოიხედავს მრისხანედ). გადასახადებს აწესებდით, ჩემი სახრჩობელის წინ ღიპით ძირმომპალ ტახტზე. მაგრამ გაიმარჯვებს სიმართლე და ხალხი შურისძიებით და ხელებით, და ფრჩხილებით, და კბილებით, და.... ტა..ტა..ტა...

ყველანი (კანკალით)

გული დაიმშვიდე, ავღელდით

ნაცარქექია

უსარძიკვლო, ჯალათებო, ციხის კედლები სულ დაიმსხვრა. ახლა რას მიპასუხებთ, მტარვალებო! (კარების იქით მოისმის ხმაურობა).

ნაცარქექია (შეშინებული)

რა ამბავია?!.

მწერალი

რევოლუცია გაიგეს, დეპეშის წაკითხვას მოითხოვენ.

ნაცარქექია

წაუკითხეთ!

ადიუტანტი (სწრაფად აწოდებს მწერალს დეპეშას)

მწერალი (გადასცემს კარებში)

კედელზე გააკარით.

ნაცარქექია (გენერალს და პოლკოვნიკს)

შემომხედეთ, მოპასუხენო! (გარედან მოისმის მარსელიაზის ხმა).

გენერალი და პოლკოვნიკი (ხელს აიღებენ)

გემორჩილებით. (შემოდიან კაკუტა და ქუჩარა ).

ნაცარქექია (მოხელეებს)

თქვენ გინდოდათ ჩემი ჩამოხრჩობა!

კაკუტა

რა ჩამოხრჩობაო, ხვითოსავით გეძებენ.

ქუჩარა

ვის უნდოდა შენი ჩამოხრჩობა? ქვეყანა კარში შენს ჭირს ნატრობს.

ნაცარქექია

ამ ღვთის გლახებს, ვერ ხედავ რას ბედავდნენ? (შემოდიან ჯარისკაცები)

1-ლი ჯარისკაცი

მოგვეცით რევოლუციონერი.

ნაცარქექია (შეშინებული)

რატომ? რას მემართლებით?!!

1-ლი ჯარისკაცი

სიტყვა გვითხრას.

ნაცარქექია (ღიმილით)

კი, გეტყვით.

2-ე ჯარისკაცი (მესამეს)

განა ეს არის ჩვენ რომ პროკლამაციები გადმოგვცა? ეს არ არის!

3-ე ჯარისკაცი

სად არის ის რევოლუციონერი, აქ რომ პატიმრად გყოლიათ? ეს სხვაა, ის კაცი რა უყავით?

მწერალი (ჯარისკაცებს)

პატიმარი სხვა არა გვყავს.

ადიუტანტი (ჯარისკაცებს)

წისქვილში ეს დაიჭირეს.

ნაცარქექია

მე ვარ დაპატიმრებული, ვერ მხედავთ?

2-ე ჯარისკაცი

ეს არის, ალბათ, ეს მისი ნამდვილი სახეა, მაშინ კი გრიმი ჰქონდა.

3-ე ჯარისკაცი

ოო, მეც იმიტომ გამიკვირდა. რა დიდი გონიერი მოღვაწე ყოფილა.

1-ლი ჯარისკაცი (მიდის კარებში და იძახის)

მე გავათავისუფლე სატუსაღოდან რევოლუციონერი.

2-ე ჯარისკაცი (კარებში იძახის)

რევოლუციონერი მოდის (გარედან მოისმის აპლოდისმენტები. შემორბის რამდენიმე ჯარისკაცი).

5-ე ჯარისკაცი

ხალხი მოუთმენლად გელის. ( კაკუტა , ქუჩარა და შემოსული ჯარისკაცები აიტაცებენ ნაცარქექია ს ჰაერში).

ადიუტანტი (მწერალს)

რაკი მოვიმადლიერეთ, ნუ მოვშორდებით.

ნაცარქექია (კაცების მხრებზე ამაყად ზის. ათითებს მოხელეებზე)

ეს დამნაშავენი არ გაუშვათ.

ყველანი

არ გაუშვათ! (კარებში მხრებზე მჯდარ ნაცარქექია ს გამოჩენა იწვევს აღტაცებას. გარედან მოისმის ტაშის ცემა და მარსელიეზი).

ნაცარქექია

ხომ გესმით, კაკუტა და ქუჩარა , ყურები კარგად გამოიფხეკეთ.

ფ ა რ დ ა

მოქმედებაქ მესამე

დროებიოთი მთავრობის ამიერ-კავკასიის რწმუნებული ს კაბინეტი.

რწმუნებული ზის მაგიდასთან. შემოდის შიკრიკი.

შიკრიკი

მაზრიდან გახლავთ ერთი კაცი.

რწმუნებული

არ მცალია.

შიკრიკი

კი, ბატონო, მაგრამ ხალხი ამბობს, როგორ არ სცალიაო. მეფის მთავრობა ხომ არ არისო... მეც მლანძღავენ, ვისი ტიკის ტომარა ხარ მაგ კარებზეო. რევოლუცია მოხდაო.

რწმუნებული

ჰო-და შენაც ნუ აჰყვები იმათ ლაპარაკს.

შიკრიკი

არ იცი, ბატონო, რა დღეში ვარ?! გუშინ ერთმა ბღენძიანმა მუქარა წამოიწყო: მართლაც უნდა შემოვიდნენ ის ბოლშევიკები და ერთი კარგად გაგატყავონო. მე ვუთხარი: ბოლშევიკები მე თუ ტყავს გამაძრობენ, ძვალის მეტი რა შერჩებათ, შენ კი ხუთი ტკაველი ქონი გაქვს და უფრთხილდი-მეთქი.

რწმუნებული

დამასვენე, გული ნუ გააწყალე.

შიკრიკი

კი, ბატონო, მაგრამ ის რომ არ მომეშვება!

რწმუნებული

ვინ არის?

შიკრიკი

რა ვიცი, მაზრის კომისარი ა - გვარად ნატუტარი ვარო.

რწმუნებული

აა, ტიტე ნატუტარი იქნება, ძველი მეგობარია, შემოვიდეს (შიკრიკი მიდის - შემოდის მაზრის კომისარი ტიტე ნატუტარი).

ტიტე

სალამი, ბატონო, მადლობა ღმერთს, რომ მოვაღწიე.

რწმუნებული

დაბრძანდით.

ტიტე

არა... (იხედება უკან).

რწმუნებული

მოგყავთ ვინმე? უკან რად იხედებით?!

ტიტე

აქ რომ შემოვდიოდი, სასახლის წინ ბოლშევიკები იკრიბებოდნენ.

რწმუნებული

არა უშავს, - თქვენი მაზრის ამბავი მომიყევით.

ტიტე

ჯერ აქაური ამბავი გამაგებინეთ.

რწმუნებული

მე მოხსენებას ვუკეთებ დროებით მთავრობას და არა მაზრის კომისრებს.

ტიტე (ნერვიულად)

აქაც ცუდად გქონიათ საქმე, ისე ვატყობ.

რწმუნებული

ეს მე ვიცი.

ტიტე

მაშ, ლაპარაკიც არ ღირს (ამოიღებს უბიდან ქაღალდს). ჩაიბარეთ მანდატი და გამიშვით.

რწმუნებული

რას მაძლევ?

ტიტე

თქვენი მოცემული მანდატია.

რწმუნებული

ეს ქაღალდის ნაფლეთია, მე კი თქვენ მაზრა ჩაგაბარეთ.

ტიტე

იმ მაზრას ბოლშევიკები დაეუფლნენ.

რწმუნებული

ოო, მაშ, ასე კარგად უპატრონეთ?!.

ტიტე

რაო, მე ვერ მიპატრონებია!

რწმუნებული

მაშ!

ტიტე

როგორ, ა, ვინ არის ამ მხარეში ჩემოდენა თეორეტიკოსი, ვინც გინდა მეკამათოს!

რწმუნებული

ცოდნას მოხმარა უნდა.

ტიტე

განა, მე არ შევეცადე გამომეყენებინა ჩემი ცოდნა... მაგრამ არ მოხერხდა, ხალხი არ გამომადგა. ეჰ, წინათ სიტყვა ხალხი ჩემთვის წმინდათა-წმინდა იყო, ახლა კი, ვფიქრობ, როგორც პოეტების დახატული ქალი არ იპოვება ბუნებაში, ისე არ არსებობს ხალხი იმ სახით, როგორც ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები გვასწავლიდნენ... დიახ, ასეა, მეგობარო. მე ხალხისთვის რა არ ჩავიდინე, იმდენი ვუქადაგე, რომ ტვინი ამიდუღდა, მაგრამ ეს ათასთავიანი დევი მაინც გაბოლშევიკდა და, ბოლოს, ფარული ბილიკები რომ არ მეპოვა, მაზრიდან ტყავს ვერ მოვიტანდი... დიახ, თქვენი გულისთვის მე ამდენი ცეცხლი გამოვიარე. თქვენ კი რა მომეცით, ეს მანდატი, რომელსაც თვითონვე ქაღალდის ნაფლეთს უწოდებთ.

რწმუნებული

როდესაც მე თქვენ მაზრაში გაგაგზავნეთ, იქ ბოლშევიკების ჭაჭანიც არ ყოფილა.

ტიტე

მერე კი, როცა გაჩნდნენ, ამ ქაღალდის ამარა მიმატოვეთ. აი, აი, ჩაიბარეთ. ჩაიბარეთ მანდატი.

რწმუნებული

მოითმინეთ, ბატონო ტიტე ნატუტარო. ჩვენი მდგომარეობა გამოკეთდა და ახლა გარბიხართ?

ტიტე

არა, არა, მდგომარეობას ძალა უნდა.

რწმუნებული

ძალა გვაქვს.

ტიტე

საიდან?

რწმუნებული

დაბრძანდით, ბატონო ტიტე ნატუტარო, მოგახსენებთ, დაბრძანდით.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — პოლიკარპე კაკაბაძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.