ჯარისკაცი არა, რა ვიცი, მე ჩემთვის ვარ...
ადიუტანტი
მაშ, აპარატზე ვინ მიგიღო, თუ იქაც ებრაელი დაგვისვეს?
ჯარისკაცი
ახლა რა ვთქვა... ისეთი ამბავია, რომ...
ადიუტანტი (აღშფოთებით)
რაო, ეს რა პასუხებს მაძლევს?!
ჯარისკაცი (აძლევს დეპეშას)
წაიკითხე და ნახავ, თუ შენს ენა არ დაგებმება (ჯარისკაცი სწრაფად გაბრუნდება. კარებში შეეფეთება გამომძიებელს, გვერდს აუვლის და მიდის. შემოდის გამომძიებელი - პოდპოლკოვნიკი. ადიუტანტს გადაუკითხავი დეპეშა ხელში შერჩება და წამოდგება სალამით. მწერალი ფეხზე გაშეშდება.
გამომძიებელი
გამოიყვანეთ ტუსაღი. (მოხელეებს) მომეცით მასალები. ( ადიუტანტი და მწერალი უხერხულად გადახედავენ ერთმანეთს). ხომ გაამზადეთ?
მწერალი
მოგართმევთ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ.
გამომძიებელი
ცქვიტად, - ნუ გეძინებათ.
მწერალი (მიაქვს გამომძიებელთან საქმე)
გამზადებულია... მხოლოდ ერთი წინადადება...
გამომძიებელი (შლის ქაღალდებს)
რა წინადადება?
მწერალი (ცახცახებს)
თქვენო მაღლ... კეთილ... შობ... ლებავ...
გამომძიებელი
გაციებს?
მწერალი
დიახ.
გამომძიებელი (გაიცინებს)
აი, შენ ძაღლის შვილო (მოხელეები პატივისცემით იღიმებიან). აგერ ჩექმამ ფეხი დამჭეჭკა, მაგრამ პანღურს ისე მოგცხებ ამ ფეხით, რომ ერთსაც არ დავიკვნესებ (მოხელენი ისე იღიმებიან).
ადიუტანტი (თითქო აღტაცებით)
რა კარგ ხასიათზეა.
გამომძიებელი (კარებში ეძახის)
შემოიყვანეთ ტუსაღი ( ადიუტანტი იხედება დეპეშაში. სახეზე ეხატება გაკვირვება. შემოჰყავთ ნაცარქექია. გამომძიებლის ყურადღება უცებად ნაცარქექიაზე გადადის).
გამომძიებელი ( ნაცარქექია ს აკვირდება)
თავს ძალიან ისაწყლებ, მაგრამ შენს სახეზე მაინც ვკითხულობ, რომ სახელმწიფო დანაშაულის ჩადენა შეგიძლიან.
ნაცარქექია
ბატონო, რას ბრძანებთ, სულ ტყუილად ამაგდეს კერიდან.
გამომძიებელი
როდის დაიწყეთ მუშაობა არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ?
ნაცარქექია
მეე?! ვინ გგონივართ, ბატონო, დამაკვირდით. ხელმწიფის ერთგულ კაცს მეუბნებით?
გამომძიებელი
კმარა. მოჰყევი აღსარება. იცოდე, რამდენ მეტს დანაშაულს აღიარებ, იმდენად შეგიმსუბუქდება სასჯელი. ჩამოხრჩობა დახვრეტად შეგეცვლება, ესეც საქმეა.
ნაცარქექია
ვაი, ამ შავ დღეს!.
ადიუტანტი (დეპეშას კითხულობს და ხმამაღლა ამოიგმინებს) ეს რა ამბავია დეპეშაში?!
გამომძიებელი (აღშფოთებული მოხელეებისკენ)
ხმა გაკმინდეთ! (ნაცარქექიას) აბა, ჯერ დამისახელეთ თქვენი თანამოსაქმენი? დაიწყეთ, სულერთია, სიმართლე არ დაიმალება.
ნაცარქექია
აქ ფანჯრიდან ორ მეზობელ გლეხს მოვკარი თვალი, გეტყვიან ვინა ვარ, ტყვილად არ დამღუპოთ. ისე მიყურებ, ბატონო, რომ... სულ მაკანკალებს, ეს რა მდუღარესი ვტუცე ფეხი.
ადიუტანტი (მღელვარედ)
ამ განყოფილების მოხელეები მაინც შუა ცეცხლში ვართ.
გამომძიებელი (ფეხებს უბაკუნებს)
როგორ ბედავ?
ადიუტანტი
ჯერ ეს წაიკითხე და მაგ ფეხი მერე დამირტყი.
გამომძიებელი
რაო? კიდევ ენას მიბრუნებ? (მუქარით უახლოვდება).
ადიუტანტი (აცქერდება დეპეშას)
ასეა... რევოლუციაა... დეპეშაა... მოდით.
გამომძიებელი
რევოლუციაა, სად?
ადიუტანტი
არის, არის... (მწერალს რბილად) შენც მოიწი აქეთ.
გამომძიებელი (გაკვირვებული)
ხომ არ გაგიჟებულა?! (გამოართმევს დეპეშას, კითხულობს) ნიკოლოზ მეორე გადადგა... (ჩიფჩიფებს).
ადიუტანტი (რბილად მწერალს)
შენც წაიკითხე, მეგობარო.
გამომძიებელი (გარკვეულად იმეორებს)
უმაღლესი ძალაუფლება... სახელმწიფო სათათბირო... აღმასრულებელი კომიტეტი... (მღელვარედ მოხელეებს) თქვენ ხომ გესმით, რას ვკითხულობ.
მწერალი (გაბედა მისვლა და კიდეც კითხულობს)
შედგა პეტროგრადში მუშათა დეპუტატების საბჭო.
ადიუტანტი
ახლა ვრწმუნდები, რომ არაფერი არ მომჩვენების.
გამომძიებელი (განაგრძობს კითხვას
შედგა დროებითი მთავრობა.
ადიუტანტი (განაგრძობს კითხვას)
ამიერ-კავკასისი მეფის მოადგილის ნაცვლად დაინიშნება რწმუნებული -ემისარი...
გამომძიებელი
რევოლუციაა
მწერალი
მე, როგორც სტუდენტმა, თქვენ უნდა გითხრათ...
ადიუტანტი (პატივისცემით)
ჰო, ჰო, შენ იცი, - ალბათ.
მწერალი
ეს რევოლუციაა.
გამომძიებელი
რევოლუციაა.
ადიუტანტი
რევოლუციაა.
მწერალი
და, როგორც სტუდენტი, გეტყვით, რომ... ჩემი მატერიალისტური თვალსაზრისით რევოლუცია შლის ისტორიაში ახალ ფურცლებს.
ადიუტანტი
ჰო, ჰო, კიდევ, კიდევ რა იცი?
მწერალი
რევოლუცია სპობს მის მოწინააღმდეგე ატომებს.
ნაცარქექია
შიშით ისე ვარ გაბრუებული, რომ ყურთა სმენა დამეკარგა, ისინი ჩემ ჩამოხრჩობას ხომ არ ამზადებენ. განა არ მომხდარა ასეთი მაგალითი, რომ მართალი კაცი ეშმაკის კლანჭში ჩავარდნილა?!
გამომძიებელი (ნაცარქექიასაკენ მიბრუნდება და უკვე ნაცარქექიას წინაშე დგას, როგორც დამნაშავე. ადიუტანტი და მწერალი განაგრძობენ თავისთვის დეპეშის კითხვას. ინტიმურად ეჩურჩულებიან ერთმანეთს)
გამომძიებელი
ბატონო რევოლუციონერო, თქვენ, ალბათ, დიდიხანია მუშაობდით ხალხის საკეთილდღეოდ მეფის მთავრობის წინააღმდეგ.
ნაცარქექია
ბატონო, არ დამღუპო.
გამომძიებელი
არა, ნუ გეფიქრება.
ნაცარქექია
სხვისი ცოდვა არ წამცხო.
გამომძიებელი
თქვენ, სპეტაკი რევოლუციონერი ხართ, კარგად ვიცი.
ნაცარქექია
რას ბრძანებთ, ჩემისთანა მართალი ხეც არ არის. - ტყუილად ღადარში არ განხვიო.
გამომძიებელი
ნუ, ნუ ღელავთ, დაბრძანდით. (ჯარისკაცებს) გადით აქედან. რა საჭიროა თოფიანი ყარაული, ადამიანია, მხეცი ხომ არ არის?!. (ჯარისკაცები მიდიან).
ადიუტანტი (ამოიღებს ყუთიდან ქაღალდებს. მწერალს)
ეს საბუთები თუ არ მოვსპეთ სულ, სულ, სულ დავიღუპებით.
მწერალი
გუშინ რომ ცნობები შევადგინეთ?
ადიუტანტი
ოო, ის უსათუოდ მოვნახოთ. მაგრამ ჯერ ეს მოვსპოთ.
( ადიუტანტი და მწერალი მიდიან ქაღალდებით.)
გამომძიებალი (ლაქუცით)
თქვენი ყარაული მოვხსენით.
ნაცარქექია
ჯერ, ბატონო, გამიკითხეთ.
გამომძიებელი
მიიღეთ ჩემგან აღსარება, რომ მე სულისა და გულის სიღრმეში მუდამ დემოკრატი ვიყავი... და როდესაც მეფე უმოწყალოდ სჯიდა რევოლუციონერებს, მწარე გულით ვტიროდი... მაგრამ ისეთი დრო იყო, რომ ცრემლს ვერ გამოაჩენდი.
ნაცარქექია
მეფის მოღალატეები, ბატონო, მე ყოველთვის მძულდა, ტყუილად რატომ მცდით.
გამომძიებელი
არა, მუდამ თავგანწირული ყოფილხართ ხალხისთვის.
ნაცარქექია
ბატონო, რატომ მჭრი ამ ყელს!
გამომძიებელი
თქვენი მოღვაწეობა ამ არმიაში კარგად ვიცით.
ნაცარქექია
მე არ ვარ ის კაცი, გაიგონეთ.
გამომძიებელი
ის არა ხართ?
ნაცარქექია
ოო, მადლობა ღმერთს, გაგაგონეთ, ის კაცი მე არა ვარ.
გამომძიებელი
აა, მივხვდი. თქვენ ამ ხერხით გინდოდათ სასჯელი აგეცდინათ, რათა მეორედ შეგეწირათ თავი ქვეყნისთვის. ო, რა კეთილშობილებაა.
ნაცარქექია
მაშ, არაფერს არ დამიჯერებ?! (ძრწოლით) მახრჩობ მართალ კაცს?
გამომძიებელი
როგორ გეკადრებათ, - კაცს ჩამოვახრჩობ? ადამიანი ხომ ბუნების გვირგვინია.
ნაცარქექია
მერე მე კატად მთვლი?!!
გამომძიებელი
ო, თქვენ ვერ ხედავთ თქვენს სიმაღლეს, თქვენ არ იცით სად მიგიყვანათ თქვენმა წმინდა ცხოვრებამ, სად, სად...
ნაცარქექია
სად?!.
გამომძიებელი
მე მოვსულვარ თქვენთან იმ მტრედის მსგავსად, რომელმაც ნოეს კიდობანში მშვიდობის ამბავი მოუტანა... ოღონდ, დაიმახსოვრეთ ჩემი მტრედობა და კალთა მაფარეთ თქვენს სასუფეველში.
ნაცარქექია
სასუფეველშიო, - უსათუოდ მახრჩობენ.
გამომძიებელი
მე თქვენ გახარებთ ისეთ ამბავს, ისეთ ბედნიერებას, რომელზედაც თქვენ ოცნებობდით, რომლისთვისაც სულს ლევდით! მოემზადეთ დიდი სიხარულისთვის.
ნაცარქექია
რაო, რას ბრძანებ?
გამომძიებელი
რევოლუცია მოხდა, მეფე ტახტიდან გადადგა და დღეს ახალი მთავრობაა.
ნაცარქექია
რევოლუცია მოხდა? (თავისთვის) რას ლაპარაკობს ეს კაცი?! (გამომძიებელს) მერე?
გამომძიებელი
თქვენ იმდენი ღვაწლი მიგიძღვით, საფლავშიაც არ დაგივიწყებდნენ, თორემ, ცოცხალს, ხალხი თქვენზე მეტად ვის დააფასებს.
ნაცარქექია
ეჰე! (თავს ასწევს) რევოლუცია მოხდა?
გამომძიებელი
დიახ.
ნაცარქექია (ამაყად)
მერე?
გამომძიებელი
ქვეყანა გადაეცა თავგანწირულ რევოლუციონერებს.
ნაცარქექია
მერე ჩემი თავგანწირვა?!
გამომძიებელი
სულ დაგიფასდება.
ნაცარქექია (აღშფოთებით)
ამ ამბავს მიმალავდი?
გამომძიებელი
აკი ვთქვი.
ნაცარქექია
ენა იმდენი ათოხარიკე, სული კინაღამ გამძვრა.
გამომძიებელი
არა, მე მხოლოდ თქვენი ამაგი და თავისდადება მოვიგონე.
ნაცარქექია
ჩემი ამოდენა თავისდადება და ამაგი ახლა წყალში გადაიყრება თუ, როგორ გგონია!...
გამომძიებელი
რას ბრძანებთ, თქვენ დიდი მოღვაწე ხართ. (ქაღალდებზე მიუთითებს) აქ ამის შესახებ საბუთებია.
ნაცარქექია
აქ კიდევ რაა! (გადაუყრის საბუთებს) შენ გგონია ახლა მთელი ჩემი ცხოვრება ხელისგულზე გიწერია!
გამომძიებელი
არა, მე რა ვიცი... ამ არმიაში რაც ჩაგიდენია, კიდევ ცოტაა... სხვაგანაა თქვენი მთავარი გმირობა.
ნაცარქექია
ჰო და, ასე ილაპარაკე.
გამომძიებელი
თქვენს შუბლზე მე ვკითხულობ ღრმა ფიქრების ნიშანს, თქვენა ხართ უდიდესი რევოლუციონერი.
ნაცარქექია
ტყუილია თუ?
გამომძიებელი
მე, როგორც შეგნებული დემოკრატი, დაბლა ვიხრები თქვენს წინაშე.
ნაცარქექია
მერე ახლა მე ტუსაღი კი არა ვარ!.. არა ვარ... არა ვარ...