ქუჩარა იმ შეჩვენებულმა მოიჯარადრემ ჯარისთვის სანგრები გვათხრევინა, ასე თქვა, ფულს აიღებთო... და სოფელში სახლს დაიდგამთო... მაგრამ, თათრის ყუმბარები სულ ხეს და მიწას რომ გლეჯენ, სამუშაოზე რა გაგაჩერებს?!
კაკუტა
ჩვენმა ჯარმა უკან დაიხია და მე და ქუჩარამ ნიჩბები მივაგდეთ თხრილში და რომ ვიბრუნეთ პირი, სულ დათვებივით მოვძუნძულებდით. რას ვიზამთ, კაცნი ვართ.
ქუჩარა
ყურებთან რომ ტყვიები აზუზუნდა, ვიფიქრე ნაცარქექიამ...
ყვარყვარე (გააწყვეტინებს)
ვინ არის ნაცარქექია? მაგ სახელის შემრქმევი თუ მოვიგდე ხელში!..
ქუჩარა
არა, ყვარყვარე თუთაბერმა-მეთქი. ჰო, ასე ვიფიქრე, ჭკუა მოიხმარა და იჯარაზე ხელი აიღო-მეთქი (შარვალზე ანახებს ღიმილით). აგერ ტყვიამ ხორციც გამიწვა, (თითის თავს აზომებს) ამოდენაა ეს ოხერი და სულს კი ამოგაცლის.
ყვარყვარე
მე ჭკუით ვცხოვრობ.
კაკუტა
ისეთ უბედურ სამუშაოზე მიგვაყენა მოიჯარადრემ, რომ მე და ქუჩარას ხელის გული აბედივით გაგვიხდა, ფული კი სადაა!.. რამდენია ჩვენი ფული, ქუჩარა, საგზლად გვეყოვა?
ქუჩარა
ერთი კიდევ დავთვალოთ (კაკუტა და ქუჩარა გაყუჩდებიან და ფულს ითვლიან).
კაკუტა
კიდევ დავითვალოთ.
ქუჩარა
თუ გინდა, დავითვალოთ, მაგრამ... (შეჩერდება) ეს არის რა... ათასჯერ რომ დავთვალოთ ეს არის. კიდევ კარგი, ბედი გვეწვია, თორემ... ეს რომ არ გვეშოვა...
(მიუთითებს შეხვეულზე)
კაკუტა
ჰო, ეს რომ არ გვეშოვა, ჩვენზე უცოდვესი ძაღლი არ იქნებოდა.
ქუჩარა
მაინც გაჭრა ჩვენმა იღბალმა.
კაკუტა
გაჭრა, პირდაპირ გაჭრა.
ყვარყვარე
რა იშოვეთ?
ქუჩარა (კაკუტას)
ნუ ეტყვი, დამალე (კაკუტა მალავს შეხვეულს, ყვარყვარეს). არაფერია, აგერ, სადღაც, ერთ მკვდარს წავაწყდით.
ყვარყვარე
მკვდარს წააწყდით? მკვდრები კიდევ მკვდარს წააწყდით?!
ქუჩარა
საქმეც ეს არის და ამიტომ გავძარცვეთ, თორემ ცოცხალი რას გაგატანს (კაკუტას) არ ანახო, მოიტა, მე დავიჭერ (გამოართმევს შეხვეულს).
მეწისქვილე
ეჰ, მკვდარი გაძარცვეთ? ღმერთო, შენ შემეწიე! როგორ გაფუჭდა ხალხი, მარტო ამის გაგონება წარწყმედს ქრისტიან კაცს.
კაკუტა
ჩვენი რჯულის არ იყო და...
ქუჩარა (კაკუტას)
ო, არ წამოგცდეს (კაკუტა დადუმდება) თათარი გავძარცვეთ.
ყვარყვარე
მკვდარი თათარი სად ნახეთ, თქვე ბრმებო?!
ქუჩარა
იმ სანგრებიდან რომ გამოვიქეცით, აურზაურში მხარი გვეცვალა და სხვა ხევში შევსულვართ. მერე, ვხედავთ, აგერ, ჩვენ წინ, თათარი გაშოტილა, ერთ გულზე კიდევ შევშინდით, მაგრამ ვხედავთ, მკვდარია და ძვირფასად აცვია... მერე კაკუტამ ვერ მოითმინა და...
კაკუტა
ქუჩარამაც ვერ მოთმინა.
ქუჩარა
ცოცხალი კაცის მოკვლისთვის ჯვარს აძლევენ და ჩვენ...
მეწისქვილე
წაწყდებით, თქვე საწყლებო.
ყვარყვარე
მანახეთ ერთი, რა აგიღლეტიათ.
ქუჩარა (გაშლის თურქულ ძვირფას სამოსელს)
ო, რა თვალსანახავია!
კაკუტა
ო, რა ჩასირმულია!
ქუჩარა
ხომ ფასად გაიყიდება?
ყვარყვარე (სინჯავს ხელში)
ვისაც ვაჭრობის შნო აქვს, კი გაყიდის. ამას მე გავყიდი (მხარზე გადაიდებს). თქვენ ხომ მაინც ტყუილად დაკარგავთ.
ქუჩარა (ხელს სტაცებს სამოსელს)
ხელი გაუშვი!
ყვარყვარე (არ უშვებს ხელს)
დამანებეთ, თორემ, თუ სისხლი ამივარდა თავში, ხომ იცით, რას გიზამთ!
ქუჩარა და კაკუტა (ხელს გაუშვებენ)
შენით მოგვეცი, ჩქარა მოგვეცი!
ქუჩარა
სულ ერთია, არ მოგეშვებით.
ყვარყვარე (მუქარით)
ჩვენს სოფელში, ერთხელ ხელით რომ ხე მოვთხარე, არ გახსოვთ?!
ქუჩარა
არ ვიცი.
ყვარყვარე
გზაში რომ დიდი ლოდი მოვხეთქე და მთიდან გრიალ-გრიალით დავაგორე, ის ხომ თქვენი თვალით ნახეთ!
კაკუტა
როდის ვნახეთ?
ქუჩარა (ყვარყვარეს)
ამ ნასისხლარს თუ მოგვცემ, ყველას ისე ვეტყვით, რომ მართალია-თქვა.
კაკუტა
სულ ბატონ ყვარყვარეს დაგიძახებთ. სხვამ რომ გაგინოს, ჩვენ არ გავერევით.
მეწისქვილე
დაუბრუნე, კაცო, მათი ნაცოდვილევი, მთელ ქვეყანაში გაგლანძღავენ, რად გინდა?
ყვარყვარე (დაშოშმინდება)
მე, რასაკვირველია, ფულს სახელი მირჩევნია.
კაკუტა (ქუჩარას)
დაშოშმინდა.
ყვარყვარე
გული არ მომაყვანიოთ, იცოდეთ, არ გამაბრაზოთ... თორემ, ფეხებში რომ მოგკიდებთ ხელს, თავებით მიგაწყვეტთ ამ წისქვილის ქვაზე.
ქუჩარა
ცხრა მთას იქით მეზობელს შეგეყარეთ და აქ გაწყენინებთ?
ყვარყვარე
მე იმნაირი ხასიათის ვარ, ხანდახან კაცი თუ არ მოვკალი, ავად გავხდები.
ქუჩარა
კი... ასეა...
კაკუტა
ახლა მოგვეცი ბარემ.
ყვარყვარე
მაშ, თუ გინდათ ეს მიიღოთ, შეშა დამიჩეხეთ.
კაკუტა
დავჩეხოთ.
ყვარყვარე
აი, იქ, შემოსავალში რომ ბოძია, დაჭერით და მოტანეთ. ამ საწყალი მოხუცის ხათრით გეუბნებით.
ქუჩარა
იმოდენა ძელი? (კაკუტას) დავაპოთ.
კაკუტა
სულ მარილივით დავფშვნით... (აპირებენ წასვლას)
ყვარყვარე
დაიცათ, ჯერ ეს ჯირკი მოაგორეთ ამ კერიასთან.
კაკუტა (უცბად აიღებს და დააგდებს დიდ ჯირკს კერიასთან)
კიდევ ათი რო იყოს, რა არის...
ქუჩარა
ახლა - იქ (აპირებენ წასვლას).
ყვარყვარე
ეს რა გიქნიათ! (ჯირკზე უთითებს კაკუტას) შე ვირო, ა, დასაღუპავად დაგასაქმეთ?
კაკუტა (დაბნეულედ უყურებს ჯირკს)
ის ვქენი, რომ მითხარი.
ყვარყვარე (ანჩხლად)
რა გიქნია, მკვდარო, ა? შეიძლება ჯირკის ასე შემოდება კერიაზე?
კაკუტა
შევაბრუნო? (ასწორებს ჯირკს) ასე?
ყვარყვარე
ახლა - გარეთ (კაკუტა და ქუჩარა ხელებს წაიკაპიწებენ და მიდიან) მაგათ ჰგონიათ, ერთი ბოძის დაჩეხვისთვის დავუბრუნებ ამ ტანისამოსს.
მეწისქვილე
როგორ, კიდევ პირს უტეხ?
ყვარყვარე
სულ ვამუშავებ და მომეშვებიან, აბა, რას იზამენ.
მეწისქვილე (წყენით)
იმე!..
ყვარყვარე
თვალი სულ კარისაკენ მაქვს, რად არ გამოჩნდა, აღარ მოდის?
მეწისქვილე
ვინ?
ყვარყვარე
შენი სანაქებო ქალი, ის... გულმოწყალე.
მეწისქვილე
გულთამზე?
ყვარყვარე (კმაყოფილად)
ეჰ, რა დაგირქმევია ქალისათვის, პირველი საქმე სახელია.
მეწისქვილე
ცუდად დამირქმევია, რას იტყვი?
ყვარყვარე
თამარ მეფეს ეკადრება, ისეთი სახელია (დუმილია, ქექავს ნაცარს).
მეწისქვილე
რომ თქვას კაცმა, კარგი მუშებია კაკუტა და ქუჩარა, ხომ გესმის, როგორ მარჯვედ ჭრიან.
ყვარყვარე (ქექავს ნაცარს, თავს არ იღებს)
დამაცადე.
მეწისქვილე (დუმილის შემდეგ)
სწორედ საქები მუშებია, ოღონდ ბევრს თუ არ ანაფოტებენ იმ ნაჯახით.
ყვარყვარე (თავს არ იღებს)
ნუ მიშლი!
მეწისქვილე
რას უნდა გიშლიდე... (აკვირდება ნაცარში) ეს რა მოგიქარგავს?
ყვარყვარე (დუმილის შემდეგ)
სასახლე, გალავანი, ბაღები... ვერ ხედავ?! აი, აქ, შეხედე, აქ სულ კიბეებია.
მეწისქვილე
სად?
ყვარყვარე
ეს არის მარმარილოს კიბე. აქედან შემობრძანდება შენი ქალიშვილი. აქ, ამ განიერ დარბაზში, გვრიტივით მოგოგმანდება და აქ ნესვივით გაგორდება.
მეწისქვილე
სად, ამ ნაცარში?
ყვარყვარე
ნაცარი კი არა, ეს ჩემი სასახლეა.
მეწისქვილე
ეს?
ყვარყვარე
რომ ვერ გავაგებინე ამ კაცს, რა არის გეგმა?! იცი, რა არის გეგმა?
მეწისქვილე
მე, რაც გლეხკაცს შეეფერება, ვიცი.
ყვარყვარე
იცი, რა არის კაპიტალისტი?
მეწისქვილე
რა უნდა იყოს, ვთქვათ ...
ყვარყვარე
კაპიტალისტი - ფულია. იცი, რა არის სოციალისტი?
მეწისქვილე
ჰო...
ყვარყვარე
ბებერო, შენ აწი ხომ მალე დაგელევა სიცოცხლე, აბა რა, წელსაც ვერ აბრუნებ.
მეწისქვილე
ეს ასეა, რას იზამ?!
ყვარყვარე
სოციალისტი ამბობს, რომ საიქიოს ვერ ნახავო.
მეწისქვილე
რატომ ვერ ვნახავ?
ყვარყვარე
რატომ?! შენ იცი, ღმერთი რომ არ არის, ა?
მეწისქვილე (აღშფოთებული)
იმე! (თოფის ხმა)
ყვარყვარე (შემკრთალი)
რა ამბავია?
მეწისქვილე
რისხვა არ იყოს, პირჯვარი მაინც დაიწერე, შე წაწყმედილო! (კაკუტა და ქუჩარა კარებში შემოყოფენ თავს)
კაკუტა და ქუჩარა (ერთად)
გესმით?
მეწისქვილე (უცბად წამოდგება)
რა ამბავია, ბიჭებო?
ქუჩარა
ვითომ თათრის ჯარი შემოიჭრა, ისეთი ბრძოლაა.
კაკუტა
აგერ ქალი და კაცი მორბის.
მეწისქვილე
სწორედ უბედურებაა.
კაკუტა
ხედავთ, ქალი და კაცი აქეთ რომ მოძუნძულებენ?!
ქუჩარა (კაკუტას)
ჩვენც მოვუსვათ, რაღას ვუცდით?
მეწისქვილე (კართან)
თავს უშველეთ! (მეწისქვილე, კაკუტა და ქუჩარა გარბიან)
ყვარყვარე
(აპირებს გაქცევას. ჩაიკეცება და წამოდგება, მიირბენს კარებთან) გარეთ ტყვია რომ მომხვდეს?! (შიშით დააყურებს) ფეხის ხმა მესმის (უცბად დააკვირდება მხარზე გადაკიდებულ თურქულ სამოსელს და ხელს ჩაავლებს) ჰა, ეს ხომ მიშველის ახლა! (იცვამს ტანისამოსს და თან უკან იხევს) ახლა თათარი თათარს ხომ არ მოკლავს... მათი ენა რომ არ ვიცი?! აა, მუნჯი ვარ, ვითომ მუნჯი ვარ... მუნჯური ხომ ყველა ენაზე ერთნაირია! (მოისმის ფეხის ხმა) მოდიან, მოდიან... და, ახლა რომ არ მომკლან, სწორედ ძაღლის იღბალია საჭირო!.. (ყვარყვარე იმალება. წისქვილში შემოდიან გულთამზე და სევასტი)
სევასტი (უჭვრეტს კარში)
ჩაიარეს, სხვა კვალმა გაიტყუა!
გულთამზე
დაჭრილი არა ხარ?
სევასტი
არა.
გულთამზე
პროკლამაციები ცეცხლში ჩაყარე, აგერ ცეცხლი.
სევასტი
არ დამრჩა.
გულთამზე (მიმოიხედავს)
ნეტა სად გაქრა მამაჩემი, რა მოუვიდა? (ჩამოიღებს კედლიდან მეწისქვილის ტანისამოსს) აი, გადასაცმელი.
სევასტი (ათვალიერებს და იცვამს)
ისეთია, ჩემს გაჭირვებას რომ მოუხდება?
გულთამზე
ბედს ვუმადლოდეთ, თუ გადავრჩით... სამხედრო ფორმის მითვისება და ჯარში პროპაგანდა. რომ მოგვწეოდნენ, ხომ დავიღუპებოდით!