გულთამზე (ტუჩზე ხელს აფარებს ყვარყვარეს და თან უპასუხებს ოფიცრებს)
არა, მე ვემუდარები, ყუმბარა არ გაისროლოს... დაგნებდეთ. ხომ ხედავთ, როგორ ვკანკალებ. მე მშიშარა ქალი ვარ...
ოფიცრები (უკან დაიხევენ)
რაო, ყუმბარაო! ისეთი ალყაა, ჩიტი ვერ გაფრინდება (მიდიან კარისაკენ და იძახიან). მარჯვედ, ბიჭებო, ყუმბარები ჰქონია, მოემზადეთ, ეცადეთ კი, მაინც ცოცხლად წამოიყვანოთ! (მიდიან)
ყვარყვარე
გამიგონეთ, ბატონო ოფიცრებო. (სევასტის) ჩქარა, გაჰყევი, შე პირუტყვო, შენი გულისთვის არ დაგვწყვიტონ! (გულთამზეს) მოდი, ერთი აქ ჩამოჯექი. (ცდილობს მუხლზე დაისვას გულთამზე)
სევასტი
კმარა! ამ დამცირებას სიკვდილი მირჩევნია! (გადაწყვეტილად) წადი, ვერაგო, და გამაცხადე.
გულთამზე (სევასტის)
გიჟო, შენ ხომ იცი, სახრჩობელა არ აგშორდება (მიუჯდება ყვარყვარეს და ელაპააკება თანაგრძნობით). იცი შენ, რა მოგელის ეს რომ გასცე?
ყვარყვარე
კი, ხახვს დამაჭრიან.
გულთამზე
რევოლუციონერები მოგკლავენ, ეს არ იცი?
ყვარყვარე (აწრიალდება)
ეჰე, ვაი, უბედურებას!
გულთამზე
ჯაშუშს დაგარქმევენ და იმ დღესვე ტყვიით გაგაციებენ.
ყვარყვარე
მართლა მომკლავენ ის წყეულები. (წამოდგება) ამას რა ჭირს გადავეკიდე.
გულთამზე
ახლა გაჰყევი, ხმა არ დასძრა, იქ კი თქვი შენი ვინაობა და გაგიშვებენ. რა გიჭირს, უდანაშაულო კაცი ხარ.
ყვარყვარე
ჰოდა, იცოდე, კარგი ბუმბული დამახვედრე. მე მაგის ტყავის გადასარჩენად რა თავს ვიტკენ!.. ფეხს ტყუილად არ დავისველებ, გაიხედე ერთი, რა თოვლყაპია.
გულთამზე
ყელამდე პატივში იქნები, როცა მოხვალ.
ყვარყვარე
კიდევაც შევიშნობ, თქვენი ამბავი ხომ გავიგე! (მოკუმშავს მუშტს) აწი ასე მეყოლებით გამოჭერილი და ერთმანეთს არ მიგაკარებთ.
(ჯარისკაცები მოღერებული ხიშტებით შემოდიან. აკეთებენ წრეს ყვარყვარეს გარშემო)
ოფიცრები
ცოცხლად წამოიყვანეთ, თუ დაგნებდათ.
ყვარყვარე
ჰო, არ მომკლათ, მართალი კაცი ვარ, არ დამღუპოთ.
ოფიცრები
მარჯვედ, ბიჭებო, მარჯვედ... (მიჰყავთ ყვარყვარე ჯარისკაცებს, ოფიცრებიც მიჰყვებიან)
გულთამზე (ცხვირსახოცით იწმენდს ტუჩებს)
ტფუ, რა ბილწად დამლოშნა...
სევასტი
შენ ნამდვილი გმირი ხარ მოთმინებით.
გულთამზე
შენ ამ წუთში მდევრები არ გყავს, შორს წავიდეთ.
სევასტი
შენც?
გულთამზე
მეც მოვდივარ.…
მოქმედება მეორე
არმიის შტაბის საიდუმლო განყოფილება. საწერ მაგიდასთან ზის ადიუტანტი. ცოტა მოშორებით მეორე მაგიდასთან ზის დაბალი ჩინის მწერალი.
მწერალი (წერს. რამდენჯერმე გაუბედავი წამოდგება, ბოლოს სასოწარკვეთილებით მიდის ადიუტანტთან)
თქვენო... კე...კე...კეთილშობილებავ, პოლკოვნიკის წარწერაა... და ეს... ვერ ამოვიკითხე.
ადიუტანტი
მერე მე ახლა შენთვის სად მცალია? (დაკეცავს ქაღალდს და ჯიბეში ჩაიწყობს ხელებს). ხომ გაიგონე, არ მცალია (მწერალი დაბრუნდება თავის მაგადასთან და სცდილობს ამოიკითხოს). და ასეთ წერა-კითხვის უცოდინარს გზავნიან შტაბის საიდუმლო განყოფილებაში მწერლად (აფურთხებს). ტფუ, შენ უნდა ეგდო პირველ ხაზის სანგრებში და არა კანცელარიაში.
მწერალი (ტუჩები უკანკალებს)
ფრიად გაურკვეველია.
ადიუტანტი
შენთვის ყველაფერი გაურკვეველია, შე უტვინო. ხატზე დავიფიცებ, რომ შენ სტუდენტი არა ხარ. აკი მითხრა პახომამ, ყალბი დოკუმენტით შევიდა უნივერსიტეტშიო.
მწერალი
პახომამ, თქვენი ერთგული რომ ვარ, იმისთვის ამითვალისწუნა, თქვენო კეთილშობილებავ. (ქვლიქვინით) რა ვქნა, რად მიწყრებით?!
ადიუტანტი
უყურე ამ კატის ჯიშს, როგორ შემაბრალა თავი. მოდი, ჰო, მოდი!...
მწერალი (უცბად წამოვარდება და მიდის ქაღალდით. ჩურცულებს)
ადიუტანტი
ეს რა ოქმია, წისქვილში რომ რევოლუციონერი დაატუსაღეს, რა ვერ ამოიკითხე?
მწერალი (უთითებს)
აი, ეს წარწერა, თქვენო კე... კეთილშობილებავ.
ადიუტანტი (კითხულობს, ეტყობა ვერ ამოიკითხა)
რა გაქენებულია, რა... ეშმაკიც ვერ გაარჩევს (მიუგდებს უკანვე. ხურავს თავის ქაღალდებს, თითქოს მალავს). შე ძაღლის გაჩენილო, ამ ფრიად საიდუმლო ქაღალდებში ნუ იყურები. ხანდახან რევოლუციონერიც კი მგონიხარ, - რა ვიცი.
მწერალი (დაჩაგრულად)
მე რევოლუციონერი?
ადიუტანტი (აღშფოთებით)
სტუდენტი ხომ ხარ?!
მწერალი
კეთილ საიმედოდ მიცნობენ. - წმინდა მიხეილის ჯგუფში ვითვლები, თქვენო კეთილშობილებავ.
ადიუტანტი
ვირი ხარ. მორიდება არა გაქვს, ყველაფერს მეკითხები.
მწერალი
სადაცაა პოდ პოლკოვნიკი შემოვა, თქვენო კე.... კეთილშობილებავ, თუ ასლი არ დახვდა მერე...
ადიუტანტი
მერე, ამისათვის მეც ხომ მიმაყოლებს. ამ საქმის გამოძიებამას მიანდვეს?
მწერალი
დიახ, ეგრე, თქვენო კეთილშობილებავ.
ადიუტანტი
მაშ, რიგიანად გადასწერე.
მწერალი (ფლიქვინი)
რა ვქნა, თუ გაბრაზდა სანგრებში მიკრავს თავს.
ადიუტანტი
ნუ ფლიქვინებ (ფეხებს დაურტყამს). ყველაფერი შენი ბრალია! (შემოდის გენერალი და პოლკოვნიკი).
გენერალი
ის დიდი ამბები ვის არ ახსოვს. ჩვენს შტაბში ბრძოლა ყველას წაგებული ეგონა... და, ასეთ დაბნეულობაში, მე მოულოდნელად მოვიპოვე ბრწყინვალე გამარჯვება.
პოლკოვნიკი
თქვენო მაღალაღმატებულებავ, სამხედრო ისტორიკოსები მრავალ ფურცლებზე გადაშლიან თქვენს საგმირო მოღვაწეობას და, ალბათ, იტყვიან, რომ ეს მხოლოდ თქვენ შეგეძლოთ.
გენერალი
ჩემი მტრები გამარჯვების შედეგაც არ ცხრებიან, ახლა გაიძახიან, თითქო მე დაუზოგავად ვეპყრობი ცოცხალ ძალებს... თითქო ძვირად მიჯდება გამარჯვება... მაგრამ იმათ პატრიოტიზმი ხომ არასოდეს არ ჰქონიათ - მხოლოდ შური ალაპარაკებთ
პოლკოვნიკი
რასა ბრძანებთ?! თქვენი წყალობით არმიამ დიდი სახელი მოიხვეჭა, ცოცხალ ძალების დანაკლისიც უცბად შევავსეთ, თქვენო მაღალაღმატებულებავ!... მხოლოდ ერთი გარემოება მაბრაზებს, როგორც ჩანს, ჩვენს არმიაში მავნე სოციალისტები დაძვრებიან.
გენერალი
ოჰო, მაგ თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს.
პოლკოვნიკი
ერთი ქვემძრომი დავატუსაღეთ.
გენერალი
რა დანაშაული აქვს?
პოლკოვნიკი
ომის საწინააღმდეგო ფურცლების გავრცელება.
გენერალი
სად, ჯარში?
პოლკოვნიკი
დიახ, აქ, ფრონტზე.
გენერალი
ჩამოახრჩეთ.
პოლკოვნიკი
დიახ, რასაკვირველია. (ადიუტანტს) პოდ პოლკოვნიკი იყო აქ? აწარმოებს გამოძიებას იმ სოციალისტზე, რომელიც წისქვილში დაიჭირეს?
ადიუტანტი
სწორედ ასე, ბატონო პოლკოვნიკო, გამოძიებას აწარმოებს.
გენერალი (პოლკოვნიკს)
ამ საღამოსვე შედგეს საველე სასამართლო თქვენი თავმჯდომარეობით. ასეთმა დამნაშავეებმა სასჯელისაგან გამოძრომა იციან. მაგრამ ახლა მარჯვედ დახვდით, თოკი არ ააცილოთ.
პოლკოვნიკი
ისეთი მამხილებელი საბუთებია, თქვენო მაღალაღმატებულებავ, რომ დამნაშავე, ალბათ, ხმასაც ვერ ამოიღებს. (ადიუტანტს) ტუსაღს დაჰკითხა გამომძიებელმა?
(ადიუტანტი და მწერალი ცახცახებენ).
ადიუტანტი
ჯერ არ დაუკითხავს, ბატონო პოლკოვნიკო (ტელეფონი რეკავს. ადიუტანტი აიღებს მილს და დააყურებს).
ადიუტანტი (გენერალს)
თქვენო, მაღალაღმატებულებავ, პირადად გთხოვენ ტელეფონთან.
გენერალი (ტელეფონში)
ოო, წამოიყვანეთ? მოგილოცავთ, მოგილოცავთ... როდის წამოიყვანეთ? დაჭრილი არ არის? ცბიერი ფაშა იყო. აცნობეთ ტფილისს. (პოლკოვნიკს) ისრაფილ ფაშა დაუტყვევებიათ.
პოლკოვნიკი (აღტაცებით)
მოულოდნელი სიხარულია.
გენერალი
ჩემი კბილის მატლი ის იყო.
პოლკოვნიკი
უმაღლესი ორდენი გერგებათ, თქვენო მაღალაღმატებულებავ.
გენერალი
არც თქვენ დარჩებით უნაწილოთ, ბატონო პოლკოვნიკო. სამწუხაროა, რომ გერმანიის ფრონტზე ასე არ მიდის ჩვენი საქმე (გენერალი და პოლკოვნიკი მიდიან. ადიუტანტი და მწერალი თავისუფლად ამოისუნთქავენ).
ადიუტანტი
ეს დიდი კაცები რომ დამადგებიან თავზე, ისე ვიკარგები, ისე ვკანკალებ, თითქო ეს არის ფეხი უნდა წამკრან და გამსრისონ.
მწერალი
მეც - რომ გადმომხედავენ, ვნატრობ მიწა გამისკდეს.
ადიუტანტი
შენ მასე შეგფერის (მუქარით წამოდგება). ისევ რომ მელაპარაკება! მე შენი უფროსი ვარ, პირდაპირი უფროსი.
მწერალი (აწურვით)
სწორედ ასე, თქვენო კეთილშობილებავ.
ადიუტანტი (აჯავრებს)
თქვენო კეთილშობილებავ. ასე ხომ არ დამაბერებენ, წარმატებას ველი. შეიძლება ორი ჩინი ერთად მივიღო, მაშინ როგორ მომმართავ? კეთილშობილებას მეტყვი?
მწერალი
მაღალკეთილშობილებავ.
ადიუტანტი
ახლა?
მწერალი
თქვენო კეთილშობილებავ.
ადიუტანტი
მაშინ, აი, მაშინ? როცა ორ ჩინს მივიღებ?
მწერალი
თქვენო მაღალკეთილშობილებავ.
ადიუტანტი (ბრაზით)
ახლა?
მწერალი
თქვენო კეთილშობილებავ.
ადიუტანტი (აღშფოთებით)
რატომ ა? სადა გაქვს უფროსის დაფასება.
მწერალი (ფლიქვინით)
რა წყალში გადავარდე! (შემოდის ჯარისკაცი ხელში ქაღალდით. შეჩერდება და ღრმად ითქვამს სულს. ჯარისკაცი მიდის ადიუტანტის მაგიდასთან).
ჯარისკაცი (მღელვარედ)
პეტროგრადიდან აპარატზე დეპეშა მივიღეთ (ღრმად სუნთქავს). ჩვენ გვგონია ფრიად საიდუმლოა... თუმცა იქედან ასეთი წარწერა ახლავს... ყველას, ყველას, ყველას!...
ადიუტანტი
ჩამაბარე (უცქერის ჯარისკაცს).
მწერალი (ჯარისკაცს)
შენ ჭეშმარიტ რუსთა კავშირიდან მახსოვხარ. აი, თქვენო კეთილშობილებავ, ამანაც იცის როგორი კეთილსაიმედო ვარ.
ჯარისკაცი
იცოდეთ, ქვეყანა სულ გადაბრუნებას აპირებს. ჰო, ჰო, რა ამბავია!
ადიუტანტი
რაო, რას მიედ-მოედები! შენ ჩვენი კავშირის წევრი ხარ?