მეორე აბრაგი მართალია, ცხრა ჭკუის ხალხი ტყიდან დაგვაბრუნე... ზოგი საწყალი მენშევიკი გლახა მწყერივით ჩამორჩა გაქცეულ მთავრობას და ჩვენთან ამოიძუა კუდი. ყველას კარი გაგვიღე, რაც აბრაგები გვნახე.
ყვარყვარე
ჰოდა, ახლა კოჭებს მისინჯავთ, მაგრამ მე თქვენი სულ არ მეშინია, არ მეშინია...
პირველი აბრაგი
რას გისინჯავთ? შენ რომ შენი თავგადასავალი გვითხარ, იმაზე ყველამ დაუმატა, რაც იცოდა, და ერთ დღეს თავიდან ბოლომდე რომ მოვყევით შენი საქმენი, ვიღაცამ თქვა, სხვას რომ მაგის ნახევარი ექნა, ძეგლს დაუდგამდნენო.
ყვარყვარე
ძეგლს მიდგამენ?!
აბრაგები
კი, ასე თქვა ვიღაცამ.
ყვარყვარე
მაშ, თუ ღირსი არა ვარ, ძეგლს რატომ მიდგამენ?
პირველი აბრაგი
ახლა იმის სათქმელადაც მოვედით, თურმე, წითელი ჯარი მოდის და იმისთანა დიდი ბოლშევიკები მოუძღვებიან... ქვეყანა რომ შეუძრავთ, და მეჭორეები ჩმახავენ, ყვარყვარე თუთაბერს გაკოჭავენო.
ყვარყვარე
მერე?
პირველი აბრაგი
ჩვენ შენი იმედი გვაქვს.
მეორე აბრაგი
მთელი ჩვენი ბიჭები საფარ-კედლად შენ გიყურებენ.
ყვარყვარე
მაშ, წადით და რაზმელებს უთხარით, მოედანზე ხალხს ათქმევინონ, რომ (უთითებს) იმ დიდი ლოდისაგან ჩემთვის ძეგლის გამოთლა უნდათ!
აბრაგები
რატომ?!
ყვარყვარე
როცა გაიგონებენ, თვალში ნაცარს ვერ მომაყრიან. ასეა... ხომ გესმით?!
აბრაგები
კი, გვესმის.
ყვარყვარე
მაშ, წადით!
პირველი აბრაგი
ბოლშევიკებისაგან ხომ დაგვიფარავ?!
ყვარყვარე
წყნარად იყავით, რწყილებივით!
აბრაგები
ვიქნებით.
ყვარყვარე
ქვეყანას არ ათქმევინოთ, ყვარყვარე თუთაბერს ვირები ვერ მოუთურგვნიაო
(აბრაგები მიდიან).
ყვარყვარე (აპირებდა რევკომში შესვლას. მობრუნდება)
ეს ვინ არის?! ქალი კი არა, მზის უნახავია. (შემოდის ქალი) შენ ვინ ხარ?
ქალი
რევკომში მაქვს საქმე.
ყვარყვარე
ჰოდა, თუ რევკომში მიხვალ, აგერ ვარ.
ქალი
მე გთხოვთ გაათავისუფლოთ ერთი უსამართლოდ შეპყრობილი ადამიანი.
ყვარყვარე
შეიძლება.
ქალი
ოჰ, როგორ მადლობელი ვარ, სულ უდანაშაულოა.
ყვარყვარე
ვინ არის, ბრძანეთ და ამ წუთში გავათავისუფლებ. ის კი არა, სული რომ მთხოვო, ამ ყელიდან ამოვიღებ და მოგცემ. (უახლოვდება ქალს.)
ქალი (უკან დაიხევს)
ის ჩემი ქმარია.
ყვარყვარე
ქმარიო?! ეს სხვა საქმეა. მე ახლა კანონს ფეხს ვერ გადავადგამ იმისთანა კონტრრევოლუციონერის გულისთვის.
ქალი
რას ბრძანებთ, სულ მთლად მართალია.
ყვარყვარე (უახლოვდება)
ის ვითომ არ გყოლიათ, ისე უნდა დაივიწყოთ.
ქალი
ვინ დავივიწყო, შე მხეცო, ა, ეს რა პასუხია, ჩემი ქმარი დავივიწყო, შე არამზადავ?!
ყვარყვარე
შენ ვის უბედავ ასეთ სიტყვას, თუ შენ გგონია, ისე მომწონხარ, რომ ჩემს თავს და მთავრობას გაგალანძღვინებ?! მე რომ ქალი მიყვარს და ვუყვარვარ, იმის გვერდით რომ გაჩერდე, ჯოჯოხეთის მაშხალად გამოჩნდები!
ქალი
ა, მე ვხედავ, რომ თქვენ დასცინით ჩემს თხოვნას... მაგრამ, როგორც გავიგე, მარტო არა ვარ ამ ყოფაში, დღესვე მოვადგებით ყველანი რევკომს და ხმამაღლა მოვითხოვთ სამართალს. ვნახოთ (მიდის).
ყვარყვარე (დუმილის შემდეგ)
ქალს როდესაც ვექორქოშები, ჭკუა მებნევა, თორემ იმ ქალმა, ახლა, იმისთანა სიტყვები მკადრა, უსათუოდ უნდა დამეტუსაღებინა (გაივლის). ეჰ, ეს მაზრა ხომ კარგად მივასწორ-მოვასწორე. აწი შევალ ჩემს რევკომში და, იცოცხლე, ყვარყვარე თუთაბერო, ერთი ათად გამოაჩინო შენი ნამოქმედარი.
(შედის რევკომში. შემოდის კაკუტა, ქუჩარა და ლირსა)
ქუჩარა
ე, კაკუტა, ხედავ, კაცო, სად მიდის ჩვენი ყვარყვარე?
კაკუტა
მისაკარებელი პირი რო არა გვაქვს?!
ქუჩარა
რა ვიცოდი, მაგის ბარი თუ ამდენს იმუშავებდა.
კაკუტა
ო, რას იზამ, კაცნი ვართ. ვუთხრათ, ჩვენი ნაბატონარის ნამოსახლარი რომ მოგვცეს.
ლირსა
ჰო, უთხარით, კაცებო, გაჭირვებულებისათვის ახლა თენდებაო და ჩვენზე გაჭირვებული ვინ არის, რაღაცა თითო ხელისდადება ადგილი გაქვთ, იმაში თესლის ჩაგდებაც არა ღირს. (კაკუტას) თუ მეტი მოხერხება არ გქონდა, შე საწყალი, რას იკიდებდი, ჩემს ცოდვას?!
კაკუტა
ასეა, ჩემო ლირსა.
ლირსა
უბედურებად მე ჩემი სიობლე მეყოფოდა.
კაკუტა
ო, რას იზამ.
ლირსა
როგორ რას იზამ, მგელივით კაცი ხარ. თუ ხელს გამოიღებ, შენისთანა ჩვენს სოფელში ორი არაა.
კაკუტა
ქალი შენა ხარ და ყველაფერი კი იცი...
ქუჩარა (ხარბად უყურებს მათ)
რა ვქნა, ჩემთვის არ მოინახა ასეთი უპატრონო და ობოლი... ქალის ჭირისუფალმა, თუ შეგატყო, რომ მჭადი გიჭირს, მაჭანკალს კეტით გამოგიგდებს... არადა, მეც მინდა ერთი გულის გამთბობი.
კაკუტა
რას იზამ, კაცნი ვართ...
ქუჩარა (იხედება რევკომისკენ)
თუ კარგი თვალით გადმოგვხედა ყვარყვარემ, ჩემი კერიაც დაინთება.
ლირსა
რატომ არა, მიდით და თხოვეთ, კაცებო, ხომ იყო თქვენი ამხანაგი!
ქუჩარა
არა, იმას ჩვენზე დიდად თავი სულ კი მოჰქონდა. კი, კი მოჰქონდა.
ლირსა (კაკუტას)
აბა, რას გამომიჭედე, ჩემო კაცო, ყური, ამხანაგი იყოო.
კაკუტა
არა, ღონით მე ყოველთვის ვაჯობებდი, მარა, რას იზამ!
ქუჩარა
ხერხი რომ არ ჰქონოდა, ვაჯობებდით, მარა, რაც ზევითაა, ორი იმდენი მიწაშია და მიწაში ეძიე შენ, რას მონახავ.
კაკუტა
კი, ძირს გამოგითხრის.
ქუჩარა
მე ახლა აქ სულ შენი იმედითა ვარ, ცოლიან კაცს რომ გნახავს, პატივს დაგდებს.
კაკუტა
კი, პირდაპირ ჩვენს იღბალზე დაწვა და დაანაცარტუტა ი ჩვენი ნაბატონარის მიტოვებული ოდა-სახლი.
ქუჩარა
იქ ერთი კუთხე რომ მოგვიგდოს, მეტი რად გვინდა.
კაკუტა
მართალია, უნდა მოგვიგდოს, ჩვენც კაცნი ვართ.
ქუჩარა
ჰოდა, რასაც მოგვცემს, იცოდე, ორივეს უნდა გვერგოს.
კაკუტა
კი, გერგება. (ყვარყვარე გამოდის რევკომიდან და ნელა-ნელა ეშვება კიბეზე)
ყვარყვარე
გულთამზე მოსულა და ხოხობივით ზის თავმჯომარის ოთახში. მეც ეშმაკი ვარ, იქ აღარ შევეფეთე. ასეა, მე რომ მკითხონ, სიყვარული მახეებში ძრომაა, თუ გააბი ქალი, ბულბულს შეარცხვენს, ისე ტკბილ გალობას დაგიბერავს, მაგრამ, თუ გაება, ქარცეცხლს შემოგიკიდებს. (თვალს მოჰკრავს კაკუტას და ქუჩარას) ესენი ახლა სად გამოჩდნენ ძველი მთვარესავით.
კაკუტა და ქუჩარა
ბატონი ყვარყვარე.
ყვარყვარე
ვინა ხართ? როდის გაჩნდით ქვეყანაზე (ზურგს შეაქცევს).
კაკუტა და ქუჩარა
ბატონო, ბატონო ყვარყვარე!
ყვარყვარე
ვინ მიბედავს ბატონის დაძახებას. რევოლუციურ ბრძოლაში კაცი ჩამტოვეთ, უნამუსოდ გაიპარეთ და ახლა აქ მობედეთ მოსვლა?
ქუჩარა
შევცდით, რომ გავიპარეთ, მაგრამ ახლა ძალიან გაგვიჭირდა და ისევ შენ დაგიკარით თავი.
ყვარყვარე
გაგიჭირდათ?!
ქუჩარა
აა, ეს საცოდავი კაკუტა უღელში გაება. ქალი ითხოვა და ჩვენი ნაბატონარის ნამოსახლარი გვინდა რომ გთხოვოთ. ხომ იცი, რა ძნელია, როცა კაცს უღელი აქვს კისერზე და მჭადი საძებარია.
ყვარყვარე
ამ გლახას ვინ მისცა ქალი?!
ქუჩარა (ჩუმად)
სეფისკვერივითაა ეს უპატრონო.
ყვარყვარე
მანახეთ, ეგება მეც მომეწონოს (წინ გამოსწევს ლირსას). ესაა? ტფუ... მგელს დააფეთებს!
კაკუტა
უპატრონო და ობოლი რომ იყო, იმიტომ მომცეს.
ყვარყვარე
ამის შეყვანას იმ ფაცხაში, ქვა რომ შეგეგდო, ის გერჩია.
ქუჩარა
რატომ, რაც უნდა იყოს, თბილია.
ლირსა
თქვენ იქით, გზა არა გვაქვს, ბატონო, იმ ეზო-გარემოში ოც წელიწადს ვემსახურებოდი ბატონს და ახლა კი გვეკუთვნის ერთი კუთხე.
ყვარყვარე
გაჩუმდი, შენი ხმა არ გავიგონო! (შემოდის პირველი რაზმელი)
პირველი რაზმელი
რაზმელებმა შემოგითვალეს, ამხანაგო, ძეგლს ჩვენი ხელით დაგიდგამთ, ოღონდ გვიშველეო.
ყვარყვარე
რა მეხი მოელანდათ?
პირველი რაზმელი
გზატკეცილზე წითელი ჯარი გამოჩნდა. პასუხისმგებელი ამხანაგები მოუძღვებიან და კალთა დაგვაფარეო.
ყვარყვარე
კალთა თუ არ ავიკაპიწე, ამდენი ოხერი ერთ ღელეში ჩამიტანს. წადი, უთხარი იმ რაზმელებს, ჩემი სახელი არ ახსენოთ, თორემ, რაც დღემდე დაგაკელით, აწი გაგშოლტავთთქვა! (რაზმელი მიდის)
ქუჩარა
ვისზე წყრები, ბატონო ყვარყვარე, რა გაქვს ახლა შენ ასაკრიჭინებელი?
ყვარყვარე
რომელ ურემს აწევს ჩემოდენა ტვირთი?
კაკუტა და ქუჩარა
რაო?
ყვარყვარე
ბოლშევიკებს ნაცარი კი არ მოაქვთ საქექავად?! საქმე იქნება.
ქუჩარა
ბოლშევიკებს, თურმე, ერთი კალაპოტი მოუტანიათ, ვინც პატარაა, იმაზე გაადიდებენ და ვინც დიდია, იმაზე დაამოკლებენ. რაც უნდა იხტუნო, თურმე, იმ კალაპოტს ვერ გაექცევი.
ყვარყვარე
მაშ, მეც თქვენთან გამასწორებენ?
ქუჩარა (კაკუტას)
ა, მგონია, ვერ ვთქვი კარგად.
ყვარყვარე
თქვენც იმ დიდ ქვაში გამოგიღებენ ჩემსავით, არა?
კაკუტა
შენ იმ ქვაში როგორ გამოგიღებენ?
ყვარყვარე
ცოცხალ ძეგლად დამდგამენ.
კაკუტა
ო, დაგდგამენ, მერე?
ყვარყვარე
მერე სოფელში თქვენი ძვალი არ იქნება, ეს კი ასე იდგმება.
ქუჩარა
სულ იქნებაო, გესმის ლირსა?!
ლირსა
კი...
ყვარყვარე
ვინ მოთვლის, იმ დრო-მდინარეში რამდენი ამის მნახველი გულზე ხელს დაირტყამს და იტყვის, სიკვდილო, შე ოხერო, ყვარყვარე თუთაბერის ფასი ქვეყანაზე რა დატოვეო. ანდა რამდენი ლამაზი ქალი მიასობს თვალს და იკითხავს, ეს რა მიწამ შეჭამაო, ეს საწყალიო, მალამოსავით დაილიაო... ისე ამოიჯენს ქალი გულს, რომ ფუნთულასავით მომეკვრება. მარა ქვას გაათბობს?!
ქუჩარა
ქვას კი გაათბობს, მკვდარს ვერ გააცოცხლებს, იმ მუდრეგს, თორემ, ქალის კოცნა კეცს გაახურებს.