prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ყვარყვარე თუთაბერი — ნაწილი 10

პოლიკარპე კაკაბაძე · დრამა

ტიტე ეს ასე იქნება, მე წინასწარმეტყველივით ვხედავ შენს სახეში უდრეკ ძალას, რომელიც დაეუფლება დიდ სახელმწიფოს... თქვენ იქნებით სახელმწიფოს უფალი, მაგრამ დაგჭირდებათ გვერდით პოლიტიკოსი, მეცნიერი. ასეთი მე ვიქნები. თქვენ მაგრად დაიჭერთ ხელში მოთურგნილ ქვეყანას, მე კი მას სამოთხედ გადავაქცევ. მე ახლავე შემიძლია დავჯდე და დახუჭულ თვალივით დავწერო ბედნიერ სახელმწიფოს სრული კონსტიტუცია

ნაცარქექია

სუფთად დასწერე და მაჩვენე.

ტიტე

და, როდესაც ეს იდეალისტური სამეფო აშენდება, ადამიანებს იმდენი სიხარული ექნებათ, რომ სიკვდილით სასჯელს მხოლოდ ტირილის წინააღმდეგ შემოვიღებთ. ყველა ჯვარს ეცმება ხალხისთვის და ჩვენს სურათებს ოთახებში ჩამოჰკიდებენ იმის ნიშნად, რომ ჩვენ მათი მიწიერი ცხოვრება გავაზეციურეთ.

ნაცარქექია

თუ ეს ჭკუა არ გაგექცა თავიდან, შენისთანა მეცნიერი ქვეყანაზე მეორე არ იქნება. ასე მგონია, რაც ცეცხლის პირად ნაცარში გეგმები მომიქექია, ვითომ ესაა, ახლა მომყავს ცხოვრებაში.

ტიტე

ო, რა საამურია, ზამთარში, შუა ცეცხლთან ნაცრის ქექვა და ფიქრები კაცობრიობაზე, ქვეყნის დასაბამზე და დასასრულზე, და ტირილი და ოცნება...

ნაცარქექია

შენც გიყვარს? (გარედან მოისმის ყვირილი).

ტიტე

მიყვარს. (შემოდის შიკრიკი ).

შიკრიკი

ჯარისკაცები მოგროვდნენ, ბატონებო, კარებს ასკდებიან,ქალის განთავისუფლებას მოითხოვენ.

მდივანი

გესმის, სანამდე მიდის მათი უტიფრობა?!!

ნაცარქექია (შიკრიკს)

ასე გადაეცი, რომ თუ ახლავე არ დაფანტულან, ამათი ზარბაზნებით, სუყველას გავსრეს. ჯარისკაცებს თავს ვერ ავაგდებინებ. (შიკრიკი მდაბალი სალამით მიდის. ტიტე და მდივანი აღტაცებულნი არიან).

მდივანი ( ტიტე ს)

როდესაც ეს კაცი ათი ათასი თოფით მოადგა ქალაქს - მე შევეგებე, ახლა კი ენა პირში ჩამაგდებინეთ.

ტიტე

რასაკვირველია.

მდივანი

რაც შენ მაგას უთხარი, (გადაუშლის ქაღალდს), სულ აქა მაქვს ჩაწერილი. ნაპოლეონ დიდი, სახელმწიფოს დაპყრობა, ხალხის მოთურგვნა და სხვა... მე, როგორც დემოკრატი, აღშფოთებული ვარ შენი ლაპარაკით.

ტიტე

დიახ, მე და ეს კაცი დემოკრატიზმის ნაჭუჭში ვერ მოვთავსთებით. მართალია გატეხილად უნდა ვთქვა, რომ სულ სხვა გაქანება გვაქვს. (კარს გააღებს შიკრიკი . მოისმის ჯარისკაცების ხმა.)

შიკრიკი

მუქარა რომ გადავეცი, მთლად შეჭმა დამიპირეს. მე ვის რა დავუშავე, ბატონებო, ერთი მითხარით, რას მერჩიან. (შიკრიკი მიდის და მოიხურავს კარებს).

მდივანი (გადაიხედავს ფანჯარაში)

გესმით, ქვევით კარებს ამტვრევენ, დიდი ბრბოა.(გულთამზე ურტყამს კარებზე). უკვე აღარ ხუმრობენ. (ნაცარქექიას) ხელი გამოიღე, ბატონო, გადაგვარცინე.

ტიტე

ვიღუპებით, გვიშველე!

ნაცარქექია (დატრიალებს ოთახში)

მე კი გიშველით, მაგრამ მე ახლა ვინ მიშველის.(თავს შემოჰყოფენ კაკუტა და ქუჩარა).

კაკუტა

ქვეყანა რო იქცევა, რა ვქნათ?!

ნაცარქექია

რაღაც ქენით.

ქუჩარა

თავს ტყუილად ხომ არ შევაკლავთ.

ნაცარქექია

შეაკალით, ბიჭებო, მაშ... სულ ყოველთვის მე შევაკლავ თავს?!.

ქუჩარა ( კაკუტა ს)

დავიღუპეთ.

კაკუტა

რო შემოცვივდნენ სულ მატყლივით დაგვწეწენ.

ქუჩარა

კარგად გავიხედოთ.

კაკუტა

რო მოგვკლან, გავიხედოთ, რას იზამ!.. (კაკუტა და ქუჩარა მიდიან. გულთამზე ურტყამს კარებს).

ნაცარქექია

რა უნდათ იმ უღმერთოებს.

ტიტე

აი, აქ რომ ტუსაღია იმის განთავისუფლებას ითხოვენ.

ნაცარქექია

იმისთვისაა ეს ამბები? გაუშვით და გადამარჩინეთ.

ტიტე (მდივანს)

გავუღოთ კარი.

მდივანი (ჩუმად ტიტეს)

მერე აქ ამას შეხვდება და ხომ სულ დავიღუპებით?!.

ტიტე ( ნაცარქექია ს)

იმ შენი ლაშქრიდან ახლა ერთ ასეულს ვერ გააჩენ? (ისმის გარედან მტვრევა)

ნაცარქექია (მდივანს)

კაცო, უთენიაში რომ დამეცი თავზე ამ ქვეყნის მთავრობა ვარო, ახლა ერთი ასეულიც არა გყავს?!.

ტიტე (შეძვრება მაგიდის ქვეშ)

შემოდი.

ნაცარქექია

კაცს ქვეყანას მპირდებოდი და ახლა მაქ მაძვრენ! ეს რა ცხრა ჭკუის ყოფილა.

მდივანი

გვიშველეთ ვინმემ!

ნაცარქექია (ამოიღებს რევოლვერს)

თქვენ მაინც მოგკლავთ და იქნება ამან დამიხსნას. (მდივანი აღებს კაბინეტის კარებს და მირბის. ტიტე და ნაცარქექია შეშინებული მირბიან იმავე კარებით. შემორბის კაკუტა და ქუჩარა. კაკუტას ზურგზე ებღაუჭება ქუჩარა).

ქუჩარა

ბოლოს ხომ მაინც დაგვღუპა ნაცარქექიამ.

კაკუტა

რო მოგვკლავენ ახლა კი ვხედავ, ომე, ალალია ჩვენზე, ჩემო ქუჩარა.

ქუჩარა

მწყენია ეს სიკვდილი.

კაკუტა

რას იზამ! (კაკუტა და ქუჩარა ორივენი ცალ-ცალკე იხედებიან ფანჯარაში. ჩამოვარდება სრული სიჩუმე).

ქუჩარა

ბიჭო!

კაკუტა

ბიჭო!

ქუჩარა

ჩვენ რომ გასრესას გვიპირებდნენ იმ ხალხს ეგერ მისდევენ და მიარბენინებენ.

კაკუტა

აქეთაც მათი ბაიბური რო არ ისმის?!

ქუჩარა

მგონი გადავრჩით.

კაკუტა

ვინაა რო გვიშველა!

ქუჩარა

რა ვიცი. ამ ქალაქში ათასი პარტიააო და ერთმანეთი არ ერთს არ უყვარსო.

კაკუტა (კმაყოფილად)

გადავრჩით.

ქუჩარა

თუ ახლა კი გადავრჩით, მერე ნაცარქექიას სათოფეზე არ მივეკაროთ.

კაკუტა

რო ვიბრუნებ პირს, ნაცარქექია ჩემ ბუნდღლასაც ვერ ნახავს. (კაკუტა და ქუჩარა მიდიან. კაბინეტის კარებით გამოდის გულთამზე. გამოჰყვება ნაცარქექია. კომისარი და მდივანი იმავე კარებიდან ფრთხილად თავს გამოჰყოფენ.)

ნაცარქექია

წადი ის ხალხი ჭკუაზედ მოიყვანე, თუ ქალი ხარ, ასე უთხარი, ყვარყვარე თუთაბერი ჩემი ძველიათქვა, ხომ გესმის? არ დამაფეთონ, თორემ რაღაცას ვიზამ.

გულთამზე

მე თუ დამიჯერეს ამ ფანჯრიდან გაგაბრძანებენ.

ნაცარქექია

რას ამბობ? აქედან რომ გადამაგდონ, მიწაზე სული არ დამყვება.

გულთამზე

ო, განა ასე გეშინია?

ნაცარქექია

უყურე ამას! მე შენთვის ოქროს ლოგინს ვამზადებდი და შენ უფსკრულში მაწვენ?

გულთამზე ( ტიტე ს და მდივანს)

მოდით, ნუ თუ ეს თქვენი ბელადია?

მდივანი

ეს დიდი ლაშქრის მპყრობელია, ჯარიც ისე მორჩილი ჰყავს, რომ დროებითი მთავრობა იცნო.

ტიტე

ასეა... ოღონც, ქალბატონო, ჯერ ის ხალხი დააშოშმინე, უბედურებას გვიპირებენ.

გულთამზე

მერე, რატომ აგვიანებენ, თუ რამეს გიპირებენ. (იძახის კარებში). ეე, ამხანაგებო! (დუმილია, ტელეფონი რეკავს).

მდივანი (ისმენს ტელეფონში. ტიტეს და ნაცარქექიას)

ეჰე, კიდევ ახალი ამბავია. (შემოდის შიკრიკი ).

გულთამზე (შიკრიკს)

ხალხი სად არის, ამხანაგო?

შიკრიკი

ახლა მე თვითონ არ გაგიშვებ. ხომ ხედავ შენი გულისთვის, როგორ მცემეს, ისინი კი ეროვნულმა რაზმებმა გადარეკეს.

გულთამზე

მაშ, ისევ ხაფანგში დავრჩი. (უცბად მდივანს) ბატონო, მე ხომ ტყვე არა ვარ, უბრძანეთ, რომ კარი გააღონ.

მდივანი (ტელეფონში)

მაშ, სასახლეს ვინ ჩაიბარებს? მერე, რა ვუყოთ იმ ათი ათასი კაცს, ყვარყვარე თუთაბერმა რომ ფიცით დაგვიმორჩილა.

ნაცარქექია

მე მაქ რატომ მახსენებ!

მდივანი

ბოლშევიკებს პეტროგრადი აუღიათ. დროებითი მთავრობა გაპარულა.

ტიტე (დახევს მანდატს)

მერე, მე ხომ მტყუანი არავისთან არა ვარ!

მდივანი

რწმუნებული ამბობს ჩემი მოვალეობა მოხსნილიაო.

გულთამზე (ნეტარებს)

მაშ, ახლა ჩემთან მოდით, მოდით, რა გეშინიათ? ახლა მივხვდი ასე უცბად რად წავიდნენ ჩემი ამხანაგები, ალბათ, ქუჩაში ჩვენი ძალები ირაზმება ხელისუფლების შესადგენად. (ნაცარქექიას) შენ კი ვისი ჯარების უფროსი ხარ?

ნაცარქექია

დამნიშნეს... და... არ უშველათ.

გულთამზე

სხვა რა იცით, სთქვით, გაბედეთ.

მდივანი

აქაური სოციალისტური პარტიები ამიერ-კავკასიის მთავრობას ადგენენ.

გულთამზე (შეკრთება)

მიჰქარავ!

მდივანი

ქალაქი დაიკავეს.

გულთამზე

მაშ არ თავდება ჯამბაზობა?!.

მდივანი ( ნაცარქექია ს)

მე მგონია ქალაქი ისევ შენს ხელშია, შენოდენა ლაშქარი არავის ჰყავს.

ტიტე

რასაკვირველია.

მდივანი

ამ სოციალისტების ამბავი მე მკითხე. კუდს ეშმაკსაც გადაუსკვნიან.

ნაცარქექია

რომ ატრიალებთ მაგ ენას, ახლა, არ იცით, რომ მასე იქნება?

გულთამზე

განა ამასთან შეთანხმება იმათ უშველის?

ტიტე ( ნაცარქექია ს)

ეს დრო მაინც შენია და მოიხმარე, გეგმას მე მოგცემ.

ნაცარქექია

შენი გეგმა რად მინდა. როგორც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა, სულერთია თავი მე უნდა დამიკრას.

მდივანი

მართალია, ბოლოს მაინც შენ გადაწყვეტ ამ ქალაქის ბედს.

გულთამზე (თავისთვის)

განა მართლა ქალაქის ბედს ეს ათამაშებს?... (რბილად) ყვარყვარე! თქვენ არ შეგიძლიათ გამაცნოთ თქვენი გეგმა, მე, ძველ მეგობარს.

ნაცარქექია (ღელავს და მაგრად უჭერს ხელს)

არ შემიძლიან რომ დაგიმალო... არაფერს არ დაგიმალავ... არა...

გულთამზე (ხელს წაართმევს)

დაიცა, ხელი მომაშორე.

ნაცარქექია

ბღერი კი არ მჭირს.

გულთამზე

არა, რა საჭიროა, ისეც კი უნდა დამიჯეროთ, რომ მე თქვენთან მაკავშირებს ძველის ძველი გრძნობები.

ნაცარქექია

გახსოვს, შენ ცეცხლმოკიდებულო?!!

გულთამზე

როგორ არა, მას აქეთ სულ გეძებდი.

ნაცარქექია

მერე, ვერ მნახე, შე დაკარგულო?!.

გულთამზე

აკი აგერ მოულოდნელად გნახე.

ნაცარქექია

ერთია ზღაპარში შენისთანა ქალი, მეორეა სიზმარში, და ცხადში მარტო შენა ხარ და შენ.

ტიტე ( ნაცარქექია ს)

შენ ამ ეშმაკს რომ აჰყვე, ქალაქს მოგასპობინებს.

ნაცარქექია

იქით, თორემ თავს სკვინჩასავით წაგწყვეტ (მდივანი და ტიტე ერთმანეთს ეჩურჩულებიან).

გულთამზე

ახლა, ჩვენი სიყვარული რომ კარგად დაგვირგვინდეს...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — პოლიკარპე კაკაბაძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.