სევასტი ხანდახან გმირობაც მარტო ესაა - არ ფიქრობ, რა მოგელის.
გულთამზე
აწი მაინც ვერ გაიჭაჭანებ ამ არემარეზე.
სევასტი
ფრონტი დიდია. სადაც წავალ, ყველგან ვიპოვი თანაგრძნობას.
გულთამზე
მე რომ აქ ვარ სამსახურით დაბმული?!
სევასტი
მერე რა მოხდა, მაგ დაბრკოლებას განა ვერ გადავლახავთ?!
გულთამზე
როგორ არა, მე ისე ვამბობ, თორემ... ჩვენ ერთმანეთს ისე შევეთვისეთ, სიკვდილის მეტი, არ ვიცი, რა გაგვთიშავს.
სევასტი
ჩვენ ისეთი გზა ავირჩიეთ, ყოველ ნაბიჯზე გველოდება რაიმე ხიფათი, ამიტომ უნდა შევეჩვიოთ განსაცდელს და მუდამ გულგრილად უნდა შევხვდეთ. (უჭვრეტს კარში) ეჰე, გამოჩნდნენ!
გულთამზე
ისევ აქ ტრიალებენ?
სევასტი
ეს წისქვილი საიმედო არაა.
გულთამზე
მაშ?
სევასტი
სადმე ბუჩქებში შევძვრები და მერე, როდესაც დაღამდება, გავიპარები.
გულთამზე (ხელს ხელზე ურტყამს)
მერე მე?.. მე სად შეგეყარო?
სევასტი
შეგატყობინებ... ახლა უნდა დაგემშვიდობო... როგორ მიყურებ? ნუ გეშინია. შენ გგონია, უკანასკნელად ვხვდებით ერთიმეორეს?.. რად კანკალებ?!
გულთამზე
სიცოცხლევ! (ერთმანეთს ეხვევიან)
ყვარყვარე (თავი წამოყო)
რა ხვევნა-ალერსია, ეე, რას შვრებით! (სევასტი და გულთამზე მოიხედავენ)
სევასტი (გულთამზეს)
აქ ოსმალო საიდან გაჩნდა?!
გულთამზე (გაკვირვებული)
არ ვიცი.
ყვარყვარე
აქეთკენ თათრები არ გადმოჭრილან?
სევასტი
არა.
ყვარყვარე (გამოდის)
მაშ, რა იყო, ასე გულის გასახეთქად რომ შემოვარდით (გულთამზეს დააკვირდება). ოჰო, ოფოფივით ქალია.
სევასტი
უკაცრავად, ბატონო.
ყვარყვარე
უკაცრავადო!
სევასტი
თუ შეგაწუხეთ, ბოდიშს ვიხდით,
ყვარყვარე
მესმის, (თავისთვის) ცხოვრების წესი მე ასე გამიგია, კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე: მაგრამ, თუ მაგრადაა - გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს...
( სევასტი ს) ბოდიშს იხდი?
სევასტი
მე მგონია, გითხარი.
ყვარყვარე
მერე, საალერსოდ რომ შემოხიზნულხარ, რა წესია? თქვენც კუთხე მოგინახავთ, რაღა! წყალი კი არ მაქვს ამ ძარღვებში, მეც ვაჟკაცის სისხლი მაქვს. სულ არ მერიდებით მამაკაცს?!
სევასტი
დამშვიდდით. (ამოიღებს უბიდან პაპიროსს) თქვენ, პაპიროსს ხომ არ ინებებთ, მიირთვით.
ყვარყვარე
კი. (გამოართმევს, თავისთვის) ეტყობა, ძალიან მშიშარაა.
სევასტი
აქ, თურმე, შესანიშნავი სანადირო ადგილებია.
ყვარყვარე
ოო, მონადირის ნანადირევი მე ძალიან მიყვარს. (გადახედავს გულთამზეს) ეს ოფოფი ვინ არის?
სევასტი
ეს გახლავთ ამ მეწისქვილის ქალი.
ყვარყვარე
გულთამზე?
გულთამზე
დიახ. (გაკვირვებით) თქვენ ვინ ბრძანდებით?
ყვარყვარე (უცბად)
შენ ამის ცოლი ხომ არა ხარ?
გულთამზე
არა.
ყვარყვარე (მღელვარედ)
მაშ, რა იყო, რომ გულში ჩაგიხუტა?
სევასტი
ეს რა თქვენი საქმეა?
ყვარყვარე
უჰ, რა ქალს აფუჭებს!
გულთამზე
ძალიან როშავ, ვიღაცა ხარ!
ყვარყვარე (გულთამზეს)
შენ გაჩერდი შენთვის! (სევასტის) შენ ახლა ჩემთან გაქვს საქმე და, თუ ვაჟკაცი ხარ, გამაგრდი!
სევასტი (მოემზადება თავის დასაცავად)
არ გაბედო, თორემ ცუდ პასუხს გაგცემ!
ყვარყვარე (ძრწოლით)
ეს კაცი ახლა შემომაკვდება, არ გავუშვებ...
გულთამზე (შეშინებული გააღებს კარს)
წავიდეთ.
სევასტი
ჰო, კარგი, გავშორდეთ ამ თავხედს.
ყვარყვარე (გულთამზეს)
შენ აქ დარჩი (მოიგდებს მკლავით გულთამზეს) იმას კი ნამდვილად დავგლეჯ... დავ... დავ... მაგრამ თუ ბედი აქვს და გამასწრო, რა...
გულთამზე
რა აშვებული ნადირია!
სევასტი
(სასოწარკვეთილებით გაიწევს ყვარყვარეზე. ყვარყვარე მოულოდნელად გარბის და ეფარება ტომრებს).
გულთამზე (იცინის)
როგორ უცბად მოიკუნტა.
ყვარყვარე (კანკალებს)
თუ ასეთი რამე მოვახერხე, რომ არ დამახრჩო, სწორედ მოსალოცი ვიქნები. (სევასტის) შე კაცო, ხელმწიფეები შერიგებულა და ჩვენ რა...
სევასტი
სულ მთლად უსუსურია.
ყვარყვარე (სევასტის)
ღონე კი მაქვს, შენისთანა პატიოსან კაცს თითი როგორ დავაკარო?! კაცს ხელს როგორ შემოვარტყამ, სინდისი გობქვეშ კი არ შემინახავს?!
სევასტი
უტიფარია, ვიღაცაა.
გულთამზე
ოო, ეს კაცი, ალბათ, ის არის, მამამ რომ მითხრა, (იცინის) ნაცარქექიაა!..
სევასტი
რას ამბობ! (ყვარყვარეს) შენ ვინა ხარ?
ყვარყვარე
ყვარყვარე თუთაბერი.
გულთამზე
დია!
სევასტი და გულთამზე (ერთად)
ყვარყვარე თუთაბერი! (იცინიან. მოისმის სროლის ხმა. დააყურებენ)
გულთამზე
სიცილის დროც არა გვაქვს.
სევასტი (იცქირება ჭიტანოში)
წავალ, თორემ... მაგვიანდება.
გულთამზე
ჯერ გავიხედოთ, უცაბედად არავის შეეფეთო. (სევასტი და გულთამზე მიდიან)
ყვარყვარე
ეე, რას იზამ, კიდევ არა უშავს, რა უშავს! ენის მასალით ქალთან კაცი პირს ყოველთვის მოიბან. ეს ვერ გამიგია, ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება, სირცხვილს რომ ჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო. ასეა... (ქექავს ნაცარს) ახლა ისეთი რამე უნდა მოვიგონო, რომ მისი თეთრი პერანგი ხელში დავაფრიალო... უჰ, რა ქალია! ცეცხლივით არ შემომენთო! რა დროს ნაცრის ქექვაა! (კრავს ფეხს ნაცარს) გათავდა, ყვარყვარე, შენთვის თბილი ნაცრის ქექვა. (წამოდგება) ერთხელ დავბადებულვარ და ერთხელ უნდა მოვკვდე! (ბრაზით მიდის კარისკენ, შეჩერდება) ჭკუით, ყვარყვარე თუთაბერო, მართალია, ერთხელ დაიბადე, მაგრამ მეორეჯერ კი არ დაიბადები... მოითმინე, ფეხის ერთი გაკვრით ბურთი ლელოზე ვის გაუტანია. ოო, ასეა... (ფრთხილად გაყოფს თავს კარში) ესენი კიდევ აქ არიან?!
(დაღონებული შემოდიან სევასტი და გულთამზე).
გულთამზე
ხომ ხედავ, როგორ დაგეძებენ!
ყვარყვარე
მგონია, ვიღაცას ემალებიან, ერთი გავიხედო? (კარს გააღებს)
სევასტი (უკან გამოსწევს ხელით ყვარყვარეს)
აქეთ!
ყვარყვარე (თავისთვის)
აა, მთავრობას ემალება! ნეტა რის მოქმედია? რა გამეხარდება, თუ გაკოჭეს! (სევასტის ხმამაღლა) ნუ გეშინია, მე ქურდს და ყაჩაღს არ გავწირავ.
სევასტი
მაგაზე ვერ გეტყვი მადლობას. მე არც ერთი არა ვარ.
ყვარყვარე (თავისთვის)
მაშ ვინაა? სოციალისტი ხომ არ არის? (სევასტის) მე სოციალისტები უფრო მიყვარს, ისინი რომ ქადაგობენ, სწორედ ჩემი საქმეა. რომელ სახლშიც გინდა შედი და მოირთხე მაგრად ფეხი, სმა-ჭამა სულ მუქთი იქნება. მე რომ მკითხონ, სოციალისტების სურათებს ეკლესიაში დავკიდებდი, სულ წმინდანებივით წვალობენ ხალხისათვის, მეც ხალხისათვის ვწვალობ ამ ქვეყანაზე და, ჩემი არ იყოს, შენც სოციალისტი ხარ. გულთამზე (რომელიც მღელვარედ იცქირებოდა ჭიტანოში) უი, აქეთ მოდიან, რა ვქნათ, კარს მოადგნენ.
სევასტი
მაშ, როგორც ვხედავ, ვერ გავძვრები. (ურტყამენ გარედან კარს)
ყვარყვარე (ნეტარებით)
გაება.
გულთამზე
ვინა ხართ?
ხმა გარედან
კარი გააღეთ!
გულთამზე
რა გნებავთ?
ხმა გარედან
კანონის სახელით მოვითხოვთ, გააღეთ კარი!..
გულთამზე კედელს მიეყუდება, გარედან ურტყამენ კარს. კარი ჩამოვარდება შემოდის ორი ოფიცერი. ჯარისკაცები დგანან კართან.
პირველი ოფიცერი (აღშფოთებით უთითებს ყვარყვარეზე)
ხედავ?
პირველი ოფიცერი (რევოლვერს უმიზნებს ყვარყვარეს)
თქვენ დატუსაღებული ხართ.
ყვარყვარე
მეე?
გულთამზე
ვერ გავიგე, ვის ეძებთ?
პირველი ოფიცერი
განა ეს ოსმალოა?
გულთამზე
არა, ეს ერთი საწყალი ნაცარქექიაა, მხოლოდ გადაცმულია, ბატონებო.
პირველი ოფიცერი (1-ლ ოფიცერს)
ოო, ეს ქალიცა ადასტურებს, რომ გადაცმულია (ოფიცრები იცინიან).
პირველი ოფიცერი
ეს არის ფარულად მომუშავე რევოლუციონერი. ოთხი თვეა, რაც შტაბის საიდუმლო განყოფილება ეძებს, მაგრამ ისე სცოდნია გადაცმა, რომ ეშმაკს თვალს აუხვევს.
სევასტი (გულთამზეს ჩუმად)
თუ ყვარყვარემ არ გამცა, გადავრჩები. (ოფიცრებს) რას ლაპარაკობთ? ღმერთმა დასწყევლოს, თუ ეს ავი კაცია, სინდისის მაინც არ რცხვენია?!
პირველი ოფიცერი
უჰ, რამდენი ხანია, ამას ვეძებთ!
პირველი ოფიცერი
ბოლოს მივაგენით, მაგრამ დილას აქეთ კი ვდევთ.
პირველი ოფიცერი
ოო, რაც ჩვენ გავსავათდით!
ყვარყვარე (გაბრუებული)
ეს რა შავი დღის გადარეულები მომადგნენ! (სასოწარკვეთილებით მოიხედავს, უეცრად შეაჩერებს თვალს სევასტის) ააა, მივხვდი...
პირველი ოფიცერი (ცეცხლისკენ)
ქარყინვამ ლამის სახე სულ დამითუთქა.
პირველი ოფიცერი
არაყმაც ვერ გვიპატივა, იმ პირსაცეცხლემ! (ოფიცრები ცეცხლს ეთბობიან)
ყვარყვარე
ძლივს არ მივხვდი! ბატონო ოფიცრებო, თქვენ რომ ეძებთ, ის კაცი...
ოფიცრები (რევოლვერებით ემუქრებიან)
ხმა გაკმინდე!
გულთამზე (ტუჩზე ხელს მიაფარებს)
არ წამოგცდეს.
ყვარყვარე (იშორებს გულთამზეს)
თუ მომკლავენ?
გულთამზე (ალერსით ეჩურჩულება)
ხვალვე გაიგებენ, ვინცა ხარ და გაგიშვებენ (ეალერსება). გემუდარები, არ დაგვღუპო!
ყვარყვარე (აღელვებული, გულთამზეს ალერსით)
რას მთხოვ, შე გვრიტო, ცეცხლმოკიდებულო! (ხვევს ხელებს)
გულთამზე
გაჰყევი, ხმა არ ამოიღო!
ყვარყვარე
სად წავიდე? (კოცნის)
გულთამზე (ზიზღით)
ნუ იმტლუშნები. (ოფიცრებმა განკარგულება გასცეს კართან და პირი მოიბრუნეს)
ოფიცრები (ყვარყვარეს)
აიბარგე.
ყვარყვარე
მე კი არა, ის კაცი, ეგერ...
გულთამზე (მუდარით)
წადი! (ეალერსება) წადი...
ყვარყვარე (ოფიცრებს)
არა, ვისაც თქვენ ეძებთ...
გულთამზე (ტუჩებზე ხელს მიაფარებს, ყვარყვარე კოცნის)
პირველი ოფიცერი
აკოცე?
პირველი ოფიცერი
ეს რა გულჩვილობაა! (გულთამზეს) თქვენ თანაუგრძნობთ?