prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ყვარყვარე თუთაბერი — ნაწილი 8

პოლიკარპე კაკაბაძე · დრამა

ტიტე (ვერ ბედავს დაჯდეს)

არა, ისედაც დიდხანს შევრჩი.

რწმუნებული

შენ ხომ იცი, რომ ოსმალეთის ფრონტიდან ჩვენი ჯარი გამორბის.

ტიტე

უბედურებაც მაგაშია - გაბოლშევიკდნენ.

რწმუნებული

გუშინ ქალაქს ფრონტიდან დიდი ჯარი მოადგა. ხალხი შეშინდა და განაპირა უბნებში დუქნის დარაბები დახურეს. ჩვენმა ოფიცრებმა არსენალიდან შიშით ზარბაზანი გაისროლეს... მაგრამ ეს ფრონტელები ქალაქგარეთ მშვიდობიანად დაბანაკდნენ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ სასტიკი დისციპლინა ჰქონიათ.

ტიტე

ღმერთო ჩემო, მასეთი ჯარი დღეს სად არის!

რწმუნებული

იმათ ჰყოლიათ ყვარყვარე თუთაბერი, რასაც ის იტყვის - კანონია. მთელი ჯარი მის ბრძანებას ემორჩილება.

ტიტე

მერე, მერე... ის ყვარყვარე თუთაბერი რა ჭკუაზეა?

რწმუნებული

დროებითი მთავრობა იცნო.

ტიტე (ჯდება)

როგორ?!

რწმუნებული

პირველად ჩვენ მას დავემუქრეთ, დელეგაცია გავუგზავნეთ... მაგრამ აღმოჩნდა, რომ დროებითი მთავრობის ერთგულია.

ტიტე

არა, ასეთ პირობებში მეც თქვენთანა ვარ.

რწმუნებული

მას ჰყავს ათი ათასი ჯარისკაცი.

ტიტე

ათი ათასი?!!!

რწმუნებული

სულ შეიარაღებულია თავით ფეხებამდე.

ტიტე

ოო, ეს სულ სხვა საქმეა! (კარები გაიღება, გამოჩნდება ორი ჯარისკაცი ყარაულები)

1-ლი ჯარისკაცი

დავიღალეთ ბატონო.

2-რე ჯარისკაცი

ფეხზე ჩამოვწყდით!

რწმუნებული

მოითმინეთ და გამოგცვლიან. წეღანაც დევურეკე, დამაცალეთ.

1-ლი ჯარისკაცი (მეორეს)

ეს არის ბიჭო, თავისუფლება?

2-რე ჯარისკაცი

ვირები გვნახა, რაღა!

რწმუნებული

გასწორდით, ნუ იქექებით. თქვენ მანდ ძალაუფლების სიმბოლო ხართ.

1-ლი ჯარისკაცი (გაღიზიანებული)

რა ვართ?

2-რე ჯარისკაცი

ჩვენც შენსავით სისხლი და ხორცი გვაქვს, რა გგონია? თუ თავისუფლებამ მარტო შენთვის დაართყა ბარი.

1-ლი ჯარისკაცი

მანდ ოფოფივით, რომ წამომჯდარხარ.

რწმუნებული

კარგი, მოწყდით, აქედან გამეცალეთ (ჯარისკაცები ყოჩაღად მიდიან).

ტიტე (ავარდება, ამოიღებს მანდატს)

არა, არა, ჩაიბარეთ ეს მანდატი, - გამიშვით!

რწმუნებული

ეჰე, გარბიხარ?

ტიტე

მე ჩემი გზა მაქვს.

რწმუნებული

საკვირველი კაცი ბრძანდები, ნატუტარო, დღეს ბაღლინჯოც კი სხვაგან არ იჭყლეტს თავს, თუ არა ისტორიის ფურცლებზე. და ამ დროს შენ სულ უსახელოდ იღუპები.

ტიტე

მე ვიღუპები?!

რწმუნებული

მაშ როგორ ფიქრობ. აბა, ერთი მე დამაკვირდი. ხომ ხედავ, წელებზე ფეხს ვიდგამ და სახელმწიფო საჭეს მაინც ხელიდან არ ვუშვებ. რატომ?! შენა გგონია ქვეყანას თავსა ვწირავ. არა, როდესაც წარღვნა მოდის და სოროები წყლით ივსება, ჭკუიანი ვირთხა მაშინ მაღალ მწვერვალებს ეძებს... (ქუჩიდან მოისმის თოფის სროლა. ხმაურობაა).

ტიტე

ეჰე, მგონია, ახლა კი აგვიღეს.

რწმუნებული (ფრთხილად იცქირება ფანჯარაში. სიხარულით) ბოლშევიკების მიტინგი დაიშალა.

კომისარი (გაკვირვებული)

აა? (იხედება ფანჯარაში).

რწმუნებული

გულიანად დაურთეს ბოლშევიკებს, ხედავ, ხედავ, გარეკეს.

კომისარი

ეს ვინა ქნა!

რწმუნებული

აკი ვთქვი, რომ ახალი ჯარი შემოვიდა.

ტიტე

მაშ, მთლად უძლური არ ვყოფილვართ

მდივნის ხმა

ეს დედაკაცი არ გაუშვა!

რწმუნებული

ემი მდივნის ხმაა. - ვიღაცას ემუქრება, ალბათ, კარგი ამბავი მოაქვს (შემოდის მდივანი ).

მდივანი (კარებიდან)

ჩვენს ახალ გმირს, ბატონო რწმუნებულო, ერთი სისუსტე აქვს.

რწმუნებული

ვის?

მდივანი

ყვარყვარე თუთაბერს.

რწმუნებული

რა მოხდა, გვიღალატა?

მდივანი

არა, ბოლშევიკი ქალი უყვარს და თუ იმის მხარეზე გადავიდა, კორიანტელი ამ ქალაქში მაშინ დატრიალდება.

რწმუნებული

ბატონო, ჩვენ ხელისუფლება ვართ, მაგრამ არც ფრონტი გვემორჩილება და არც ადგილობრივი რაზმები გვცნობს... მაგრამ ბედმა გამოგვიგზავნა გმირი ათი ათასი კაცით და ვეცადოთ ხელიდან არ გავუშვათ. (მდივანს). ჩვენზეა, რაც უნარს გამოვიჩენთ, წადი მონახე და შეატყობინე, რომ ის გაინიშნება მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად. მას უფლება ქალზე უფრო მოხიბლავს.

მდივანი

არა, ეს საქმე მე უკეთესად გავაკეთე.

რწმუნებული

როგორ?!!

მდივანი

თქვენ აქედან ბოლშევიკების მიტინგი დაინახეთ?

რწმუნებული

კი! ვინ დაშალა ის მიტინგი?!

მდივანი

ადგილობრივ სოციალისტების რაზმებმა.

რწმუნებული

ყველაფერს ისინი აკეთებენ. მაშ, მე რა ვარ, ერთი გამაგებინეთ.

მდივანი

მიტინგის გარეკის დროს მენშევიკებმა იარაღი იხმარეს და ბოლშევიკები ამაზე პროტესტს გვიცხადებენ. აი, აქ, დავტრიალდი და ვთქვი, თითქო დროებითი მთავრობის რწმუნებული მზადაა მიიღოს ბოლშევიკების დელეგატი. ბოლოს ის ქალი დავარწმუნე, თითქო მოვუსმენდით და რამდენიმე ამხანაგს გავუთავისუფლებდით. ის დაპირებამ გააბრუა და ამ კარებთან მომყვა.

რწმუნებული

მერე სად არის? დამანახვე. შემოიყვანე.

მდივანი

ხომ იცით, რა უნდა ქნათ?!

რწმუნებული

დიახ, ციხეში გადავაგზავნოთ.

მდივანი

ოღონდ საიდუმლოდ დარჩეს ეს საქმე ( მდივანი მიდის)

ტიტე

ამ თქვენს მდივანს თავში ჭკუა ჰქონია.

რწმუნებული

ოო, ძალიან მოხერხებული არის.

ტიტე

ახლა მითხარით, იმ ჯარების უფროსი აქ წესრიგს მართლა დაამყარებს?!!

რწმუნებული

რასაკვირველია.

ტიტე

მაშ, მერწმუნეთ, იმ კაცის სახით მოდის ჩვენი დროის ნაპოლეონი (შემოდის მდივანი და შემოჰყავთ გულთამზე).

მდივანი

ეს ის ქალია, ვისზედაც გესაუბრეთ.

გულთამზე

აქ უზენაესი ძალაუფლების წარმომადგენელი ვინ ბრძანდება?

რწმუნებული

უზენაესი ძალაუფლება ეკუთვნის მომავალ დამფუძნებელ კრებას, ხოლო მის შეკრებამდე ქვეყანას განაგებს დროებითი მთავრობა, რომლის რწმუნებულიც მე გახლავარ.

გულთამზე

მერე თქვენ მომავალმა კრებამ რა მოგანდოთ, ბატონო რწმუნებულო, რევოლუციის გაღრმავება და სისხლით მოპოვებულ თავისუფლების დაცვა, თუ მშვიდობიან კრების დახვრეტა?!!

რწმუნებული

ძალიან თავხედად ლაპარაკობთ!

გულთამზე

არა, მე მინდა გავიგო, მენშევიკებმა დროებითი მთავრობის ნება აღასრულეს, თუ თვითნებურად ჩაიდინეს ბოროტმოქმედება?!

რწმუნებული

ჩვენ მენშევიკებისთვის ნება არ მიგვიცია, რომ კრება დაეხვრიტათ, მაგრამ არც პასუხს მოვთხოვთ.

გულთამზე

მაშ, გამოაცხადეთ, რომ მთავრობა არ არსებობს და მშრომელი ხალხი, რომელმაც ეს რევოლუცია მოახდინა, შესძლებს მთავრობა შეადგინოს.

ტიტე

ეს რა ალქაჯი ყოფილა! მე საზოგადოდ სიკვდილით დასჯის მომხრე არ ვარ... მაგრამ ეს ქალი, რომ დახვრიტოთ, უარს არ გეტყვით. (შემოდის შიკრიკი ).

შიკრიკი

ვიღაცაა, ბატონო, დიდის რიხით მოითხოვს თქვენს ნახვას.

რწმუნებული ( გულთამზე ს)

წამობრძანდით იმ ოთახში, ლაპარაკი იქ დავასრულოთ.

გულთამზე

არა, აქ, კარებთან მიცდიან სხვა ამხანაგები ( მდივანი და რწმუნებული გულთამზე ს ხელს სტაცებენ). ეს უხეში ძალადობაა (მდივანს). თქვენ შემპირდით, რომ მეგობრებს გამითავისუფლებდით... იცოდეთ პასუხს აგებთ...

მდივანი ?

ვისთან?

გულთამზე

მასთან, ვისი უფლებაც მოდის! ხელი გამიშვით, ვერაგებო! არამზადებო! ( გულთამზე მიჰყავთ, სცენაზე რჩება შიკრიკი , აპირებს წასვლას და გააღებს კარებს, მაგრამ მორიდებით შეჩერდება. გამოჩნდება ნაცარქექია ).

ნაცარქექია (შიკრიკს)

კარები ფართედ გააღე, ხომ ხედავ, ხალხი მომყვება: (შემოდის, იძახის კარებისკენ) კაკუტა და ქუჩარა, ნუ გწყდებათ ფეხები, თორემ თქვენი მოთურგნა მაინც კი შემიძლია (შემოდიან ყოყმანით კაკუტა და ქუჩარა თოფ-ფარაჯაში).

ნაცარქექია (შიკრიკს)

სადაა ის ხალხი?

შიკრიკი

გასულა, მოვახსენებ, ბატონო (მიდის კაბინეტში).

ნაცარქექია ( კაკუტა ს და ქუჩარა ს)

რატომ ჩამოგიშვიათ ეს ცხვირები? ცოტა სარგებლობა გაქვთ ჩემგან!

კაკუტა

რა სარგებლობა, აქ მთავრობის ხელში კი გვყრი და...

ნაცარქექია

მაშ, სულ იალაღზე უნდა იაროთ, ვირისთავებო. კმარა, რაც გზა და გზა ძარცვეთ. აქ ქალაქია, მთავრობაა. ხომ ხედავთ, რამოდენა ყელები აქვთ ზარბაზნებს გადმოწეული. წუხელის, რომ იმ ზარბაზანმა იგრიალა, მაშინ ხომ ყველამ მუცელში ჩაიგდეთ ენა. იმის მერე გახდით ისეთი ვაჟკაცები?!!

ქუჩარა

რა ვიცი ის ზარბაზანი, ამბობენ, პროვოკაცია იყოვო.

ნაცარქექია

რას მეუბნები, შე სულელო, რა იყო პროვოკაცია?!

ქუჩარა

ასე ამბობენ, თორემ მე არც კი ვიცი, რაა პროვოკაცია.

ნაცარქექია

ჰოდა, რაც არ ვიცი, იმას არ ვიტყვი.

ქუჩარა

აქ აგვწერავენ, დაგვწერავენ და სულ ძმარს გამოგვადენენ.

ნაცარქექია

მოლაპარაკება მაქვს, ყვარყვარე თუთაბერი ბრმად არავის ჩაუვარდება.

კაკუტა

მთავრობას ღონე სულ არა აქვსო.

ნაცარქექია

ვინ ამბობს??!

ქუჩარა

ჩემი მარჯვენა ცხონდა, - არ აგეტეხა აყალმაყალი იმ ჩვენს ჯარში - ის სჯობდა.

კაკუტა

ოო, კარგი კედელი იყო.

ნაცარქექია

რა ამეტეხა, ჩემი პატივისცემა აქ ერთ დღეში დაკარგეს.

ქუჩარა

ღმერთობა მოინდომე და!...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — პოლიკარპე კაკაბაძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.