ტიტე (ვერ ბედავს დაჯდეს): არა, ისედაც დიდი ხანია აქ ვარ.
რწმუნებული: შენ ხომ იცი, რომ ჩვენი ჯარი ოსმალეთის ფრონტიდან გარბის.
ტიტე: უბედურებაც ეგ არის – ბოლშევიკების მხარეს გადავიდნენ.
რწმუნებული: გუშინ ქალაქს ფრონტიდან დიდი ჯარი მოადგა. ხალხი შეშინდა და გარეუბნებში დუქნის ფანჯრების დარაბები დახურეს. ჩვენმა ოფიცრებმა არსენალიდან შიშით ზარბაზანი გაისროლეს... მაგრამ ეს ფრონტელები ქალაქგარეთ მშვიდობიანად დაბანაკდნენ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მათ მკაცრი დისციპლინა ჰქონიათ.
ტიტე: ღმერთო ჩემო, ასეთი ჯარი დღეს სად არის!
რწმუნებული: მათ ჰყავთ ყვარყვარე თუთაბერი. რასაც ის იტყვის, კანონია. მთელი ჯარი მის ბრძანებას ემორჩილება.
ტიტე: მერე, მერე... ის ყვარყვარე თუთაბერი რას ფიქრობს?
რწმუნებული: დროებითი მთავრობა აღიარა.
ტიტე (ჯდება): როგორ?!
რწმუნებული: თავიდან ჩვენ დავემუქრეთ, დელეგაცია გავუგზავნეთ... მაგრამ აღმოჩნდა, რომ დროებითი მთავრობის ერთგულია.
ტიტე: არა, ასეთ პირობებში მეც თქვენთან ვარ.
რწმუნებული: მას ათი ათასი ჯარისკაცი ჰყავს.
ტიტე: ათი ათასი?!!!
რწმუნებული: სრულად შეიარაღებულია, თავიდან ფეხებამდე.
ტიტე: ოო, ეს სულ სხვა საქმეა! (კარები იღება, ჩნდება ორი ჯარისკაცი-ყარაული)
1-ლი ჯარისკაცი: დავიღალეთ, ბატონო.
2-რე ჯარისკაცი: ფეხზე ჩამოვწყდით!
რწმუნებული: მოითმინეთ, მალე გამოგცვლიან. ცოტა ხნის წინ დავრეკე, მომეცით საშუალება.
1-ლი ჯარისკაცი (მეორეს): ეს არის, ბიჭო, თავისუფლება?
2-რე ჯარისკაცი: ვირები ვგონივართ, აბა რა!
რწმუნებული: გასწორდით, ნუ იქექებით. თქვენ მანდ ძალაუფლების სიმბოლო ხართ.
1-ლი ჯარისკაცი (გაღიზიანებული): რა ვართ?
2-რე ჯარისკაცი: ჩვენც შენსავით სისხლი და ხორცი გვაქვს, რა გგონია? თუ თავისუფლებამ მარტო შენთვის დაარტყა ბარი.
1-ლი ჯარისკაცი: მანდ ოფოფივით რომ ზიხარ.
რწმუნებული: კარგი, წადით, აქედან გამეცალეთ. (ჯარისკაცები სწრაფად მიდიან).
ტიტე (ავარდება, ამოიღებს მანდატს): არა, არა, ჩაიბარეთ ეს მანდატი, – გამიშვით!
რწმუნებული: ეჰე, გარბიხარ?
ტიტე: მე ჩემი გზა მაქვს.
რწმუნებული: საკვირველი კაცი ბრძანდებით, ნატუტარო. დღეს ბაღლინჯოც კი სხვაგან არ იჭყლეტს თავს, თუ არა ისტორიის ფურცლებზე. და ამ დროს შენ სულ უსახელოდ იღუპები.
ტიტე: მე ვიღუპები?!
რწმუნებული: მაშ, როგორ ფიქრობ? აბა, ერთი მე დამაკვირდი. ხომ ხედავ, ძალიან ვცდილობ და სახელმწიფო მმართველობას მაინც ხელიდან არ ვუშვებ. რატომ?! შენ გგონია, ქვეყანას თავს ვწირავ? არა, როდესაც წყალდიდობა მოდის და სოროები წყლით ივსება, ჭკვიანი ვირთხა მაშინ მაღალ მწვერვალებს ეძებს... (ქუჩიდან ისმის თოფის სროლა. ხმაურია).
ტიტე: ეჰე, მგონია, ახლა კი აგვიღეს.
რწმუნებული (ფრთხილად იყურება ფანჯარაში. სიხარულით): ბოლშევიკების მიტინგი დაიშალა.
კომისარი (გაკვირვებული): აა? (იყურება ფანჯარაში).
რწმუნებული: გულიანად დაარტყეს ბოლშევიკებს, ხედავ, ხედავ, გაყარეს.
კომისარი: ეს ვინ გააკეთა!
რწმუნებული: აკი ვთქვი, რომ ახალი ჯარი შემოვიდა.
ტიტე: მაშ, სულაც უძლურები არ ვყოფილვართ.
მდივნის ხმა: ეს ქალი არ გაუშვა!
რწმუნებული: ეს მდივნის ხმაა. – ვიღაცას ემუქრება, ალბათ, კარგი ამბავი მოაქვს. (შემოდის მდივანი).
მდივანი (კარებიდან): ჩვენს ახალ გმირს, ბატონო რწმუნებულო, ერთი სისუსტე აქვს.
რწმუნებული: ვის?
მდივანი: ყვარყვარე თუთაბერს.
რწმუნებული: რა მოხდა, გვიღალატა?
მდივანი: არა, ბოლშევიკი ქალი უყვარს და თუ იმის მხარეზე გადავიდა, დიდი არეულობა ამ ქალაქში მაშინ დატრიალდება.
რწმუნებული: ბატონო, ჩვენ ხელისუფლება ვართ, მაგრამ არც ფრონტი გვემორჩილება და არც ადგილობრივი რაზმები გვცნობს... მაგრამ ბედმა გამოგვიგზავნა გმირი ათი ათასი კაცით და ვეცადოთ, ხელიდან არ გავუშვათ. (მდივანს) ჩვენზეა, რა უნარს გამოვიჩენთ. წადი, მონახე და შეატყობინე, რომ ის დაინიშნება მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად. მას უფლება ქალზე მეტად მოხიბლავს.
მდივანი: არა, ეს საქმე მე უკეთესად გავაკეთე.
რწმუნებული: როგორ?!!
მდივანი: თქვენ აქედან ბოლშევიკების მიტინგი დაინახეთ?
რწმუნებული: კი! ვინ დაშალა ის მიტინგი?!
მდივანი: ადგილობრივმა სოციალისტების რაზმებმა.
რწმუნებული: ყველაფერს ისინი აკეთებენ. მაშ, მე რა ვარ, ერთი გამაგებინეთ.
მდივანი: მიტინგის დაშლის დროს მენშევიკებმა იარაღი იხმარეს და ბოლშევიკები ამაზე პროტესტს გვიცხადებენ. აი, აქ, დავტრიალდი და ვთქვი, თითქოს დროებითი მთავრობის რწმუნებული მზადაა მიიღოს ბოლშევიკების დელეგატი. ბოლოს ის ქალი დავარწმუნე, თითქოს მოვუსმენდით და რამდენიმე ამხანაგს გავათავისუფლებდით. ის დაპირებამ მოატყუა და ამ კარებთან მომყვა.
რწმუნებული: მერე სად არის? დამანახვე. შემოიყვანე.
მდივანი: ხომ იცით, რა უნდა ქნათ?!
რწმუნებული: დიახ, ციხეში გადავაგზავნოთ.
მდივანი: ოღონდ საიდუმლოდ დარჩეს ეს საქმე. (მდივანი მიდის)
ტიტე: ამ თქვენს მდივანს თავში ჭკუა ჰქონია.
რწმუნებული: ოო, ძალიან მოხერხებულია.
ტიტე: ახლა მითხარით, იმ ჯარების უფროსი აქ წესრიგს მართლა დაამყარებს?!!
რწმუნებული: რასაკვირველია.
ტიტე: მაშ, მერწმუნეთ, იმ კაცის სახით მოდის ჩვენი დროის ნაპოლეონი. (შემოდის მდივანი და შემოჰყავთ გულთამზე).
მდივანი: ეს ის ქალია, ვისზედაც გესაუბრეთ.
გულთამზე: აქ უზენაესი ძალაუფლების წარმომადგენელი ვინ ბრძანდება?
რწმუნებული: უზენაესი ძალაუფლება ეკუთვნის მომავალ დამფუძნებელ კრებას, ხოლო მის შეკრებამდე ქვეყანას განაგებს დროებითი მთავრობა, რომლის რწმუნებულიც მე გახლავარ.
გულთამზე: მერე თქვენ მომავალმა კრებამ რა მოგანდოთ, ბატონო რწმუნებულო? რევოლუციის გაღრმავება და სისხლით მოპოვებული თავისუფლების დაცვა, თუ მშვიდობიანი კრების დახვრეტა?!!
რწმუნებული: ძალიან თავხედურად ლაპარაკობთ!
გულთამზე: არა, მე მინდა გავიგო, მენშევიკებმა დროებითი მთავრობის ნება აღასრულეს, თუ თვითნებურად ჩაიდინეს ბოროტმოქმედება?!
რწმუნებული: ჩვენ მენშევიკებისთვის ნება არ მიგვიცია, რომ კრება დაეხვრიტათ, მაგრამ არც პასუხს მოვთხოვთ.
გულთამზე: მაშ, გამოაცხადეთ, რომ მთავრობა არ არსებობს და მშრომელი ხალხი, რომელმაც ეს რევოლუცია მოახდინა, შეძლებს მთავრობა შექმნას.
ტიტე: ეს რა ალქაჯი ყოფილა! მე საერთოდ სიკვდილით დასჯის მომხრე არ ვარ... მაგრამ ეს ქალი, რომ დახვრიტოთ, უარს არ გეტყვით. (შემოდის შიკრიკი).
შიკრიკი: ვიღაცაა, ბატონო, დიდი ამპარტავნებით მოითხოვს თქვენს ნახვას.
რწმუნებული (გულთამზეს): წამობრძანდით იმ ოთახში, ლაპარაკი იქ დავასრულოთ.
გულთამზე: არა, აქ, კარებთან მიცდიან სხვა ამხანაგები. (მდივანი და რწმუნებული გულთამზეს ხელს სტაცებენ). ეს უხეში ძალადობაა. (მდივანს) თქვენ შემპირდით, რომ მეგობრებს გამითავისუფლებდით... იცოდეთ, პასუხს აგებთ...
მდივანი: ვისთან?
გულთამზე: მასთან, ვისი ძალაუფლებაც მოდის! ხელი გამიშვით, ვერაგებო! არამზადებო! (გულთამზეს მიჰყავთ, სცენაზე რჩება შიკრიკი, აპირებს წასვლას და აღებს კარებს, მაგრამ მორიდებით ჩერდება. ჩნდება ნაცარქექია).
ნაცარქექია (შიკრიკს): კარები ფართოდ გააღე, ხომ ხედავ, ხალხი მომყვება. (შემოდის, იძახის კარებისკენ) კაკუტა და ქუჩარა, ნუ გწყდებათ ფეხები, თორემ თქვენი მოთურგნა მაინც კი შემიძლია. (შემოდიან ყოყმანით კაკუტა და ქუჩარა თოფ-ფარაჯაში).
ნაცარქექია (შიკრიკს): სადაა ის ხალხი?
შიკრიკი: გასულა, მოგახსენებთ, ბატონო. (მიდის კაბინეტში).
ნაცარქექია (კაკუტას და ქუჩარას): რატომ ჩამოგიშვიათ ეს ცხვირები? ცოტა სარგებლობა გაქვთ ჩემგან!
კაკუტა: რა სარგებლობა, აქ მთავრობის ხელში კი გვყრი და...
ნაცარქექია: მაშ, სულ საძოვარზე უნდა იაროთ, ვირისთავებო. კმარა, რაც გზადაგზა ძარცვეთ. აქ ქალაქია, მთავრობაა. ხომ ხედავთ, რა დიდი ლულები აქვთ ზარბაზნებს გადმოწეული. წუხელ, რომ იმ ზარბაზანმა იგრიალა, მაშინ ხომ ყველამ მუცელში ჩაიგდეთ ენა. იმის მერე გახდით ასეთი ვაჟკაცები?!!
ქუჩარა: რა ვიცი ის ზარბაზანი, ამბობენ, პროვოკაცია იყოო.
ნაცარქექია: რას მეუბნები, შე სულელო, რა იყო პროვოკაცია?!
ქუჩარა: ასე ამბობენ, თორემ მე არც კი ვიცი, რაა პროვოკაცია.
ნაცარქექია: ჰოდა, რაც არ ვიცი, იმას არ ვიტყვი.
ქუჩარა: აქ აგვწერავენ, დაგვწერავენ და სულ ძმარს გამოგვადენენ.
ნაცარქექია: მოლაპარაკება მაქვს, ყვარყვარე თუთაბერი ბრმად არავის ჩაუვარდება.
კაკუტა: მთავრობას ძალა სულ არა აქვსო.
ნაცარქექია: ვინ ამბობს??!
ქუჩარა: ჩემი მარჯვენა ცხონდა, – არ აგეტეხა აყალმაყალი იმ ჩვენს ჯარში – ის სჯობდა.
კაკუტა: ოო, კარგი კედელი იყო.
ნაცარქექია: რა ამეტეხა, ჩემი პატივისცემა აქ ერთ დღეში დაკარგეს.
ქუჩარა: ღმერთობა მოინდომე და!...