prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ყვარყვარე თუთაბერი — ნაწილი 11

პოლიკარპე კაკაბაძე · დრამა

ნაცარქექია ოჰო, ჰო, ჰო... შენს მკლავზედ მატუსელასავით უნდა დავბერდე, იმდენ ხანს უნდა ვიკოტრიალო.

გილთამზე

რა ბედნიერებაა, მხოლოდ ჯერ ჩვენი ფიქრები შევაერთოთ.

ნაცარქექია

ფიქრებს მე სულ კოლოფივით მოგარგებ. ოღონდ ცოცხალი თავი მომე.

გულთამზე

ახლა მითხარი: შენ ჯარი გყავს?

ნაცარქექია

ჩემოდენა ჯარი ჭიანჭველასაც არ ჰყოლია. ფრონტიდან რომ მომყავდა, რამ თოვა და წვიმაო იძახოდნენ...

გულთამზე

ყველაფერი გამიმხილე, მე ქალი ვარ, მართალია, მაგრამ კაცებზედ უფრო მიყვარს დიდ ამბებში ჩარევა.

ნაცარქექია

ეს კი, მარა, იცოდე, კაცებთან რომ დაგინახო გავლილი, ისე ჩაგავლებ მაგ თმაში ხელს და ისე გაგწეწავ, შენი კივილი ცას ესმოდეს.

გულთამზე

არა, მამაკაცებიდან მხოლოდ ორ-სამ ბოლშევიკს ვიცნობ, სხვას არავის.

ნაცარქექია

რაო? რაც მე იმგენმა გუშინ საქმე მიყვეს, ბოლშევიკს რომ დაელაპარაკო ძველ ბალიშივით გაგშლი.

გულთამზე (უკან დაიხევს)

მაშ, აღარ მომეკარო.

მდივანი ( ტიტე ს)

ეს ქალაქი გადარჩა.

ტიტე

ოო, ჩვენი საუკუნე ჭკუიანია, ახლანდელ გმირს ქალის ალერსი ვერ ატყუებს.

ნაცარქექია (უახლოვდება გულთამზეს)

ფუნთულა!

გულთამზე

აწი შენთვის ეკალი ვარ.

ნაცარქექია

ჩემო, სულის კვარაკუნჩხა.

გულთამზე

ამდენმა ბრმამ თავი როგორ მოიყარა შენს ხელში.

ნაცარქექია

ჩემო, ბოლო გაშლილო გვრიტო!

გულთამზე

რა დაპირებით მოატყუე, ნეტავ ვიცოდე.

ნაცარქექია

ხატივით ნუ შემირისხდი.

გულთამზე

ვნახავ, ის ჯარი შენვე გეძებდეს გასაწეწად.

ნაცარქექია

ასე რამ გაგამწარა. ჩემი საქმე შენთვის ყოფილა მოწყობილი. ის ლაშქარი გუშინს აქეთ ბოლშევიკურ გუნებაზეა.

გულთამზე

როგორ, ხომ არ გაგაძევეს იქედან!

ნაცარქექია

არა, ახლა ბოლშევიკურად რომ გამოვიწყო პირი, და იქ დავბრუნდე, გუშინდლამდე რაც იყვნენ, ორჯერ მეტ პატივს აწი მცემენ.

გულთამზე

მაშ, ლაშქარი არ გყოლია.

ნაცარქექია

საქმე, ჩემო მოპოებულო, ასეა. აქ ისინი ქუჩების ჭორმა გადარია და ბოლშევიკური პროგრამა მომთხოვეს, მაგრამ მე ვერ დავუფქვი და დღეს პანღური მომაყოლეს... ახლა ცოტა ბოლშევიკურ ლაპარაკში მინდა გაწაფვა. შენ ვერ მასწავლი?

გულთამზე

როგორ არა.

ტიტე (მდივანს)

ერიჰა. - გესმის?!.

მდივანი ( ნაცარქექია ს)

მაშ, აქ ტყუილებით დაჯექ სარდლის ადგილზე?

ნაცარქექია

რაო?

ტიტე

ათი ათასი მყავსო, რომ ამბობდი...

მდივანი

თუ გიპანღურეს ახლა ამხელ?

ნაცარქექია

ასი წყალობა რომ შემპირდით? ჩემ პურ-მარილზე მპატიჟობდით, ვირის თავებო? ორი ერთგული კაცი რომ მომყვა ამირანის გოშებივით, სად დამიღუპეთ?

გულთამზე

როგორ არის დაწყობილი ლაშქარი?

ნაცარქექია

წესიერად.

გულთამზე

ძალა აქვთ?

ნაცარქექია

ამ ქალაქს სულ მიასწორ-მოასწორებენ.

გულთამზე

საით დგანან?

ნაცარქექია

ქალაქის აღმოსავლით.

ტიტე (მდივანს)

რა ვქნათ?!

მდივანი ( ტიტე ს ჩუმად)

ვაცნობოთ ახალ მთავრობას ესენი გზაზედ დააკავონ, საქმეს ვიშოვი.

გულთამზე (დაადებს მხარზე ხელს ნაცარქექიას)

შენ შეგიძლია იქ მალე მიმიყვანო?

ნაცარქექია

ასე მხარგადახვეული თუ წავალთ, გზას ვერც კი გავიგებთ, ისე მივალთ. (მიდიან).

ფარდა

მოქმედება მეოთხე

მაზრის რევკომის შენობა, აივნიდან კიბე ეშვება მოედანზე. პირველი და მეორე გლეხი მოედანზე შეხვდებიან მესამე და მეოთხე გლეხს.

პირველი გლეხი

რევკომი აქ სად არის?

მესამე გლეხი

ჩვენც ის გვინდოდა. აქ არის და შიგ ვერავინ ვერ ვნახეთ.

მეორე გლეხი

ეჰ, გლეხკაცის საშველი არ ყოფილა.

მესამე გლეხი

თქვენ სადაურები ხართ?

პირველი გლეხი

ქარიატიდან ამოვედით.

მეოთხე გლეხი

რა მოგივიდათ?

პირველი გლეხი

ტყეში დარჩენილ ბრბოებს მენშევიკებისაგან იარაღი შერჩათ და ახლა გვაწიოკებენ.

მეორე გლეხი

სწორედ გითხრათ, უსაშველო გვჭირს.

მესამე გლეხი

რა ვიცი, ასე გამიგია, რაზმი წამოვიდა თქვენკენ ყაჩაღების ასალაგმავადო.

პირველი გლეხი

ყვარყვარე თუთაბერმა ჩამოიარა, მარა რად გინდა, ვინც საწყალი ნახა, ზურგზე ბოლი ადინა და ყაჩაღებს კი თავზე ხელი გადაუსვა.

მესამე და მეოთხე გლეხი

როგორ?!!

მეორე გლეხი

ყველა თავის რაზმში მიიღო.

მეოთხე გლეხი

ეს რა საქციელია?!

პირველი გლეხი

თუ ძმა ხარ, არ გამაცხადო, ასე ამბობენ, ყაჩაღების თვითონ შეეშინდაო.

მესამე გლეხი

რა ვიცი, აქ რომ ძალიან ვაჟკაცობს?!

პირველი გლეხი

მაშ, ერთს გეტყვით.

მესამე და მეოთხე გლეხი

ჰო, თქვი, ნუ გეშინია.

პირველი გლეხი

იმ ყვარყვარეზე საჩივლელად მოვედით სოფლელები.

მესამე გლეხი

კარგი საქმეა, მაგრამ თავმჯდომარე ავად არის, ვისთან უჩივლებ?! (ხმაურობაა. შემოდიან მეხუთე და მეექვსე გლეხი)

მეოთხე გლეხი

მაქეთ რა ჩოჩქოლია?

მეხუთე გლეხი

ყვარყვარე მოდის, ხალხი დაუჭერია.

მესამე გლეხი

ეჰ, შეარცხვინა ღმერთმა. მაზრა ააწიოკაო, ამბობენ.

მეოთხე გლეხი

მაგის წამალი რევკომიდან გამოვა.

მეორე გლეხი

ეს როდის იქნება?!

მეექვსე გლეხი

სულ ერთია, ყვარყვარეს ვერავინ დააჭრის ყურებზე ხახვს.

მეორე გლეხი

რატომ?!

მეექვსე გლეხი

ხელმწიფე მაგას გადაუგდიაო.

მეხუთე გლეხი

კი, ასე ამბობენ, დიდი ბადეები გაუგლეჯიაო.

მეორე გლეხი

აბა, გავეცალოთ ამ მოედნიდან (გლეხები აჩქარებით გადიან. შემოდის ყვარყვარე, თავით ფეხებამდე შეიარაღებული).

ყვარყვარე (ეძახის)

დაურთეთ თოფის კონდახები, ისე მოსცხეთ, რომ დაწყნარდნენ. (ისმის ჩოჩქოლი.) ეს რა ღრიანცელია, კიდევ ატყდნენ! შენ, ჰეი, მაგას თავი გაუხეთქე და მაშინ შეუშვებს შიგ ახალ-ახალ ცხოვრების აზრს. ოო, შედენეთ იმ სარდაფში, კარი გამოუხურეთ. მორჩა (თავისუფლად ამოისუნთქავს). რა გლახაა ხალხის სიბნელე, რამდენიც არ უნდა უჩაჩქუნო თავში, ვერაფერს ვერ შეაგნებინებ. (შემოდის პირველი რაზმელი)

პირველი რაზმელი

ერთი ბებერი კაცია შეპყრობილი, მეწისქვილე ყოფილა. ასე იძახის, ყვარყვარე თუთაბერის ძველი მასპინძელი ვარ და ნუ მომკლავს, ღმერთი იწამოსო.

ყვარყვარე

იმ მეწისქვილეს უთხარი: აქ მალე მოგაკითხავს ქალიშვილი და შენს საქმეზე ჩემთან მოგოგმანდება-თქვა.

(პირველი რაზმელი მიდის. შემოდის ორი რაზმელი. ზურგზე ბარგი აქვთ მოკიდებული.)

მებარგე

ეს რევკომში შევიტანოთ?

ყვარყვარე

ეს ხომ ჩემი ამორჩეულია, სადაა სხვა საქონელი?!

მებარგე

იქაა მთელი ურემი.

ყვარყვარე

ჰოდა, ის შეიტანეთ რევკომში, ეს მე მაჩუქეს, მუშათა კლასს რომ ვემსახურები, იმისათვის... (ანჩხლად) და ჩემი საქონელი მიგაქვთ რევკომში, თქვე თვალდაფსებულებო?

მებარგეები

აბა, სად წავიღოთ?!

ყვარყვარე

თავ-აბრაგებს მიაბარეთ. მხოლოდ წვრილმა აბრაგებმა არ დაინახონ. (მებარგე აპირებს წასვლას.) დაიცადე, წადი ის ქურქი მოიტანე, თავადიშვილმა რომ მაჩუქა.

მებარგე

იმ ქურქს თავ-აბრაგები ერთმანეთში იყოფენ.

ყვარყვარე

რაო, ჩემს ქონებას იყოფენ ის პირძაღლები?! წადით, უთხარით, თავი თხლეზე არ დამაჭერინონ, თორემ ერთმანეთს ვერ გაასწრებენ, ჩქარა ორივე აქ მომგვარეთ.

მებარგეები

კი მარა, ეს სად წავიღოთ?!

ყვარყვარე

კარგი, მე თვითონ გაჩვენებთ მაგის ადგილს.

(ყველანი მიდიან. შემოდის გულთამზე და რევკომის თავმჯდომარე.)

გულთამზე

მამის დაპატიმრება მაცნობეს და გამოვეშურე. მაშინვე კი ვიგრძენი, რომ სრული გაუგებრობის მსხვერპლია ის საწყალი... რა უნდა შემთხვეოდა მოხუცს და, მართლაც, ვხედავ, მთელი მაზრა არეულია.

თავმჯდომარე

ცენტრში დამიძახეს, ამხანაგო გულთამზე, და გზაზე, აქეთობისას, ავად გავხდი, არაფერი არ ვიცი.

გულთამზე

ერთი ამხანაგი მოდის ამ ამბების გამოსარკვევად, ძველი მეგობარია, ფრონტზე ერთად ვეწეოდით ფარულ მუშაობას.

თავმჯდომარე

ეჰ, ყველაფერი ჩემი მოადგილის ბრალია. რაზმში ყაჩაღები მიუღია და ჩანს, თვითონაც მათი გავლენის ქვეშ მოექცა.

გულთამზე

ეტყობა, ეს თქვენი მოადგილე მათრახს უსამართლოდ ატრიალებს, ბევრ პარტიულ ამხანაგსა აქვს ზურგი აჭრელებული.

თავმჯდომარე

ვნახოთ, ვნახოთ, ყველაფერი გამოირკვევა. (შედიან რევკომში. შემოდის ყვარყვარე.)

ყვარყვარე

ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყემსე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება... თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა.

(შემოდის პირველი რაზმელი)

პირველი რაზმელი

იმდენი ხალხი ერთ სარდაფში არ ეტევა!..

ყვარყვარე

კარი ხომ მიუხურე!..

პირველი რაზმელი

როგორ არა!

ყვარყვარე

მაშ, თუ კარი მიუხურე, დაეტევა აწი, აპა რას იზამს?!

პირველი რაზმელი

სასუნთქავ ფანჯარას მაინც გავუღებ, თიორემ სულს ვერ ითქვამენ.

ყვარყვარე

მერე, იქედან რომ გადმოცოცდნენ? არა, მიხურე.

პირველი რაზმელი

ვინც სუსტი გულისაა, იმ სარდაფში მოკვდება!

ყვარყვარე

სუსტი გულის პატრონი პროლეტარიატს რად უნდა?! მეტ ტვირთად დააწვება, ახლა ეს მითხარი, გინდა პროლეტარიატი რომ შეწუხდეს?

პირველი რაზმელი

არ მინდა.

ყვარყვარე

აბა, დადექი შენს ადგილზე.

პირველი რაზმელი

კარგი, დავდგები (მიდის. მებარგეს შემოჰყავს პირველი და მეორე აბრაგი).

მებარგე

აი, ბატონო, ის აბრაგები მოვიყვანე!

ყვარყვარე (აბრაგებს)

აქეთ დადექით, ჩვენება უნდა ჩამოგართვათ.

აბრაგები

ბრძანეთ (მებარგე მიდის).

ყვარყვარე

ამ სოფელ-ქალაქს რომ მიდგომიხართ და ბუდეში კვერცხს არ უშვებთ, რას მიპასუხებთ?!

პირველი აბრაგი

შენი წყალობაა, რასაც ვჭამთ.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — პოლიკარპე კაკაბაძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.