prep.ge

ვეფხისტყაოსანი — ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო — ორიგინალი ტექსტი

შოთა რუსთაველი · ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო

ნაწილები
  1. პროლოგი
  2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
  3. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
  4. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
  5. თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
  6. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
  7. ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
  8. ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
  9. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
  10. ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
  11. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
  12. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  13. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  14. წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
  15. ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
  16. წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
  17. ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
  18. ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
  19. წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
  20. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
  21. ტარიელის ტირილი და დაბნედა
  22. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
  23. რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
  24. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
  25. ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
  26. ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
  27. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
  28. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
  29. ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
  31. დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
  32. ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
  33. ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
  34. ლოცვა ავთანდილისა
  35. ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
  36. წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
  37. პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
  38. მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
  39. აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
  40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
  41. ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
  42. წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
  43. ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
  44. ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
  45. წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
  46. წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
  47. ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  48. ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
  49. წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
  50. წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
  51. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
  52. წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
  53. წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
  54. ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
  55. თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
  56. თათბირი ავთანდილისა
  57. თათბირი ტარიელისა
  58. ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
  59. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
  60. სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
  61. ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
  62. ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
  63. ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
  64. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
  65. ეპილოგი
„ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა; საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა, იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა. „ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი. მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი. ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: „წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები“; ბრძანა: „წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები“; ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა, შესთვალა: „შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა“. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა: „ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან. აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა მამამან მშობელმან“. ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა. თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა. მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა; სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა. თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: „ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!“ ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა. ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა. ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემ ბრძანა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად. ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა. ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა; ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა; არა ჰგაოდის ფარსადანს ყოლა არა-სმა შვილისა. მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი“. ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: „შობა ქალი“. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი; თქვა: „მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი! წიგნი წიგნსა ეცემოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული - მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთვარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა; ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა. ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა. საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!“ ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა. თქვა: „ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა. მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი! იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა; ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა. ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემნი მნახავნი: „მსგავსია ედემს ზრდილისა“. აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა. მეფემან სახლი ააგო, შიგან საყოფი ქალისა: ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა თვალისა, პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა! დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა. თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა. მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან! მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დაჰლევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, და ებრძანა: „შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული. ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა“. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: „შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა“. ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრობელთა; უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა-მდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა, შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად, მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად. თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა, ვნაპირობდი, თუ ვინ იყვის მავნებელად ჩემთა სპათა, ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევქმნი მღერა-სმათა, სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქმნათა. აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუც არ დიადი წელია; გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია! ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია“.

ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი