prep.ge

ვეფხისტყაოსანი — ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა — ორიგინალი ტექსტი

შოთა რუსთაველი · ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

ნაწილები
  1. პროლოგი
  2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
  3. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
  4. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
  5. თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
  6. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
  7. ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
  8. ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
  9. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
  10. ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
  11. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
  12. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  13. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  14. წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
  15. ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
  16. წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
  17. ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
  18. ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
  19. წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
  20. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
  21. ტარიელის ტირილი და დაბნედა
  22. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
  23. რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
  24. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
  25. ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
  26. ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
  27. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
  28. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
  29. ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
  31. დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
  32. ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
  33. ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
  34. ლოცვა ავთანდილისა
  35. ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
  36. წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
  37. პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
  38. მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
  39. აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
  40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
  41. ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
  42. წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
  43. ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
  44. ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
  45. წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
  46. წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
  47. ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  48. ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
  49. წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
  50. წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
  51. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
  52. წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
  53. წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
  54. ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
  55. თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
  56. თათბირი ავთანდილისა
  57. თათბირი ტარიელისა
  58. ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
  59. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
  60. სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
  61. ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
  62. ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
  63. ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
  64. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
  65. ეპილოგი
აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმას არ წავჰყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: „არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული, აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული. თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე? მართლად უთქვამს მეცნიერთა: „წყენააო ჭირთა ბადე“; ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე“. კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი: „შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი! კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!“ რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი. მან თქვა: „მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი“. რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; თქვა: „უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის“. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: „მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!“ რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი. კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად; მეფემან ჰკითხა: „წასრულა მზე დაუდგომლად, მთვარულად?“ მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო და რულად „მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!“ რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: „ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი? „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები, მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, მისთვის ენები? შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები! „ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა, აწ უშენოდ რა, გლახ, ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა? „ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?“ ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; თქვეს: „ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!“ რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა, უთხრა: „ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა! რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა, სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?“ ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ბრძანა: „იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?“ მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად, ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად. მოახსენა: „საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი; დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი; იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი. მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!“ რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!“

ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი