prep.ge

ვეფხისტყაოსანი — ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა — ორიგინალი ტექსტი

შოთა რუსთაველი · ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა

ნაწილები
  1. პროლოგი
  2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
  3. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
  4. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
  5. თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
  6. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
  7. ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
  8. ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
  9. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
  10. ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
  11. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
  12. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  13. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  14. წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
  15. ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
  16. წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
  17. ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
  18. ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
  19. წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
  20. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
  21. ტარიელის ტირილი და დაბნედა
  22. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
  23. რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
  24. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
  25. ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
  26. ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
  27. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
  28. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
  29. ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
  31. დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
  32. ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
  33. ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
  34. ლოცვა ავთანდილისა
  35. ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
  36. წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
  37. პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
  38. მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
  39. აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
  40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
  41. ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
  42. წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
  43. ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
  44. ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
  45. წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
  46. წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
  47. ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  48. ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
  49. წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
  50. წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
  51. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
  52. წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
  53. წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
  54. ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
  55. თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
  56. თათბირი ავთანდილისა
  57. თათბირი ტარიელისა
  58. ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
  59. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
  60. სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
  61. ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
  62. ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
  63. ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
  64. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
  65. ეპილოგი
ზღვათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი, შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი; ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი; მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია; ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია. მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე. თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა; მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასა-მცა სხვადღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!“ რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, - წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა, - მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა. ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არ-სიდიადე სათისა; ფატმან ჰყავს თანა, იარა სავალი დღისა ათისა; უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა, ქალი რა ნახა, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა. ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი; იტყვის: „ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი! ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი“. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი: „ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი, აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი“. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა; უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ-დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა. ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა, მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი, თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი, მოახსენეს: „მადლი რა ვთქვათ, სვიანმცა-ა დავლა თქვენი!“ ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა: „დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა, მერმე, აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა, ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგა ვქმენითა“. ზღვათა მეფე მოახსენებს: „ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო, მსგავსი თქვენი რა-მცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო! რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!“ ტარიელ ფატმანს უბრძანა: „მე თავი შენი მიდია; დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, და მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“. ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა: „მე მეფეო ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა. ახ, ნეტარძი მოხლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!“ ზღვათა მეფესა ეტყვიან სამნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი: „უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი, საჩანგ-დაფენი, მაგრა გაგვიშვენ, ჟამია, წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი. შენ იყავ ჩვენი მშობელი, ჩვენგან ღმრთად საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო“. მეფემან ბრძანა: „არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რათგან ისწრაფით, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!“ მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უვიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედა ბროლისა ფიცართა. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა - ნაომართა მათთა მთხრობლად: „მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი, აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად“. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა. მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომ ვეღარ გაჰხსნის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები. ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: „ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ-სიძვირით-ა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!“ ასმათ ჰკადრა: „მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდენ გნახენ მხიარულნი“. სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი. დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება: „რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება“. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის: „ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ - დიდებანი იასოცნეს. თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია“. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: „რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვის-მცა ივაგლახეს!“ ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა“. კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: „ნურათ იქმთ გამწარებასა, ღმერთი-მცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!“ ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: „თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა, რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა“. მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია, მოტყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია. შუკათათ მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია; შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია; მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია. გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი