იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკე თავნი არნეს;
რა ასმათმან დაინახნა, განაღამცა გაეხარნეს!
მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,
აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.
ასმათ თქვა: „ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,
შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;
გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!
დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!“
ტარიელ ეტყვის: „ჰე, დაო, მით ცრემლი აქამდინია,
საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდეს გაგვიცინია.
ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
ვა შენი ბრალი, დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!
სწყუროდეს, წყალსა ვით დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი.
ვა, წახდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!“
ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი;
იტყვის: „ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?
შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,
გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!
ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,
ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?
გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,
ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დაჰლეო“.
სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;
ასმათი შეჰყვა, შევიდა, ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა,
დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;
ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.
წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,
მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა,
მას შეეხვეწნეს: „ჭამეო“, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,
გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.
ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!
მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს,
ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,
იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი.
რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი;
ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.
ტარიელ ეტყვის: „რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?
რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა;
კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.
აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა;
მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა.
ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა,
წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა.
ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად;
რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
აწ ნობათი ხელობისა მომხდომია, მით ვარ ხელად“.
ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?
შენვე თქვი, ეგეა სიტყვა კაცისა ბრძნად სწავლულისა:
ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?
იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!
ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,
აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით!
სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით,
თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!
ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია!
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,
რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.
თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,
მოვახსენე: „რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,
არას ვარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნა რაღა მრავლად?“
მან მიბრძანა: „მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,
შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად“.
მისით კითხვით წამოსრულ ვარ, არ მთრვალი და არ მახმურად,
აწ შევიქცე, რა ვუამბო? რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?
მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი
მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!
სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,
გწადდეს - გულითა ბრძენითა, გწადდეს - ცნობითა შმაგითა;
მაგა ქცეეითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,
ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.
ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა
აქავ ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,
ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითა-მცა ძაღლი ყეფსა.
ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე,
ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე;
ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე,
მაშინ გწადდეს - იხარებდი, გწადდეს - ჭმუნვა გაიდიდე.
აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!
მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
არ, უთქმელობა არ ვარგ-ა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,
არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი“.
მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს,
არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;
თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,
ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.
არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა;
ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;
შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა,
უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!“
საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;
ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი;
შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,
ხვალ გაყრისა გონებამან სხვა მიჰმატა ჭირსა ჭირი.
ლექსთა მკითხველნო, თქვენნიმცა თვალნი ცრემლისა მღვრელია!
გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია!
დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს.
ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;
სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,
მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.
ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,
ასმათ ტირს, მოსთქვამს: „ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!
მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,
ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!“
მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,
ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,
არ გაიყარნეს მას ღამით, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,
ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.
ტარიელს ეტყვის ავთანდილ: „რუ გახმა ცრემლთა დენისა!
რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?
მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,
აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა“.
ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,
მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:
„აღმოსავლითკე წადიო, პირსა იარე ზღვისასა,
თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა“.
თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,
სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა;
მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.
ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.
ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს;
მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინნეს;
თვალთათ, ვითა წყაროს თვალნი, ცრემლნი ველთა მოადინნეს,
დიდხან დგანან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.
გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით;
ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით;
იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.
ვეფხისტყაოსანი — აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა — ორიგინალი ტექსტი
შოთა რუსთაველი · აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
ნაწილები
- პროლოგი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
- როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
- ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
- თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
- ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
- ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
- წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
- ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
- ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
- წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
- ტარიელის ტირილი და დაბნედა
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
- რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
- ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
- ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
- ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
- ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
- შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
- ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
- დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
- ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
- ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
- ლოცვა ავთანდილისა
- ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
- წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
- პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
- მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
- აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
- წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
- ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
- წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
- ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
- ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
- წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
- წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
- ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
- წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
- წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
- წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
- ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
- თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
- თათბირი ავთანდილისა
- თათბირი ტარიელისა
- ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
- ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
- სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
- ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
- ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
- ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
- ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
- ეპილოგი
ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი