prep.ge

ვეფხისტყაოსანი — წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი — ორიგინალი ტექსტი

შოთა რუსთაველი · წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი

ნაწილები
  1. პროლოგი
  2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
  3. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
  4. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
  5. თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
  6. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
  7. ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
  8. ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
  9. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
  10. ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
  11. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
  12. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  13. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  14. წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
  15. ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
  16. წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
  17. ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
  18. ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
  19. წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
  20. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
  21. ტარიელის ტირილი და დაბნედა
  22. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
  23. რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
  24. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
  25. ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
  26. ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
  27. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
  28. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
  29. ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
  31. დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
  32. ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
  33. ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
  34. ლოცვა ავთანდილისა
  35. ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
  36. წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
  37. პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
  38. მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
  39. აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
  40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
  41. ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
  42. წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
  43. ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
  44. ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
  45. წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
  46. წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
  47. ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  48. ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
  49. წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
  50. წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
  51. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
  52. წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
  53. წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
  54. ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
  55. თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
  56. თათბირი ავთანდილისა
  57. თათბირი ტარიელისა
  58. ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
  59. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
  60. სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
  61. ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
  62. ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
  63. ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
  64. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
  65. ეპილოგი
მიუწერა: „წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება. შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება“. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე! მიუწერა: „კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე, მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე“. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წა-ცა-ვიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: „ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა“. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: „ჰგავსო ეგე რასა?“ წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა. ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო-ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე-, ვითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი, დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა, გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა! გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!“ ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი; ფატმან შექმნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი; თქვა: „დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი. მოთსქვამს: „მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი. ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი“. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: „რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული? დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?“ დიაცმან უთხრა: „ჰე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა. ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა, ხვაშიადთა ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლთა მხვრეტსა. ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: მო-ვით-მე-ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით! მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო-ვით-გითხრა ცრემლთა ლამით? თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა. ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა, ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა! „ამა საქმისა ვერ-ცნობა, - თქვა, - ჩემი სიძუნტე არსა“. ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი არსა! ფატმანს უთხრა: „კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად; იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომარად ჩემად დარად, რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად“. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად, კვლავე შეჰყივლა: „ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად, მო-ვითმე-თუ-ჰკალ იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად“. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღვის პირსა სახლნი ნაგებნი დგა ქვითა წითელ-მწვანითა, ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა. მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა; ხმა-მდაბლად ჰკადრებს: „ისია სრა მისი, ეძებ რომელსა“. უჩვენებს, ეტყვის: „ჰხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა? იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა“. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა, თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურივა ტვინი თმასა. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა; ხელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა თუ, ვერცა ვცანითა, ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია, ზღვათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია, მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია. ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა. წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა! ესე მიკვირს, სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა! რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა. რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი, უბრძანა: „მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი. აწ მითხარ თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად“. ფატმან ფერხთა მოეხვია: „არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად, და გამიმრთელდა გული წყლული, აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრევა დავიქადენით, თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით“.

ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი