prep.ge

ვეფხისტყაოსანი — ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა — ორიგინალი ტექსტი

შოთა რუსთაველი · ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

ნაწილები
  1. პროლოგი
  2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
  3. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
  4. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
  5. თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
  6. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
  7. ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
  8. ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
  9. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
  10. ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
  11. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
  12. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  13. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  14. წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
  15. ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
  16. წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
  17. ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
  18. ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
  19. წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
  20. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
  21. ტარიელის ტირილი და დაბნედა
  22. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
  23. რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
  24. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
  25. ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
  26. ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
  27. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
  28. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
  29. ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
  31. დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
  32. ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
  33. ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
  34. ლოცვა ავთანდილისა
  35. ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
  36. წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
  37. პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
  38. მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
  39. აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
  40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
  41. ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
  42. წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
  43. ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
  44. ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
  45. წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
  46. წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
  47. ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  48. ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
  49. წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
  50. წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
  51. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
  52. წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
  53. წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
  54. ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
  55. თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
  56. თათბირი ავთანდილისა
  57. თათბირი ტარიელისა
  58. ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
  59. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
  60. სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
  61. ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
  62. ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
  63. ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
  64. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
  65. ეპილოგი
დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა, ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა, გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა. დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა, დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა, ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა, ბრძანა: „ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა“. ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი; გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი! ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი! ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი - შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმათა დაატკბობდეს; მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს. „ესეაო მეფე ჩვენი“, - იზახდიან, ამას ხმობდეს. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს; ღმრთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან: „თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი“, - მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, და სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა: „რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, - ერთსა წილსა, - ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა. ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსასურებდი, თავი შენი დაგვამონე!“ ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: „შენგან არის ჩემი ღონე, მონებისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?“ ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მიუდიოდის ძღვენია: რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია. ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა. უბრძანებდა: „გული შენი, განაღამცა მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა“. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: „წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედას-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა, თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“. მასცა უბოძა ფარმანი: „წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო“. ავთანდილს უთხრა: „უშენოდ რა-მცაღა გავიხარეო? და რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა. მიგელის ლომსა მთვარეო!“ როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები: „ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები“. ავთანდილ თქვა: „არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!“ ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი - წამღებელსა, ვერა თქვას, თუ: „ცუდად ვზიდე“, - ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: „მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი; ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან; მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს.

ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი